სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი (ПМЭФ) 2025 წელს 28-ედ გაიმართება. როგორც ადრე, ის უცხოური და რუსული ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს. ფორუმზე იკრიბებიან რუსეთისა და სხვა ქვეყნების ბიზნესისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, შეთანხმებების დასადებად, ეკონომიკური საკითხების განსახილველად და გამოცდილების გასაზიარებლად. 2006 წლიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფორუმის რეგულარული მონაწილეა. ფორუმი მოიცავს პანელურ დისკუსიებს, მრგვალ მაგიდებსა და ბიზნესსაუზმეებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოფენას, სადაც რუსეთის რეგიონები და მსხვილი კომპანიები წარმოადგენენ თავიანთ მიღწევებსა და ინოვაციებს.
როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა და ПМЭФ-ის საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა მდივანმა ანტონ კობიაკოვმა აღნიშნა, თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი არა მხოლოდ მიმდინარე ცვლილებების განხილვის პლატფორმაა, არამედ გადაწყვეტილებების შემუშავების ადგილი. მისი თქმით, ეს არის სივრცე, სადაც წარმოიქმნება ახალი კონცეფციები და პრაქტიკები, რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრონ როგორც რუსეთის, ასევე მთელი მსოფლიოს მომავალი.
2025 წლის ფორუმი 18-იდან 21 ივნისამდე შედგება. საქმიანი პროგრამა მოიცავს 150-ზე მეტ სესიას, 5 ძირითადი ტრეკის გარშემო:
„მსოფლიო ეკონომიკა: გლობალური ზრდის ახალი პლატფორმა“;
„რუსეთის ეკონომიკა: ზრდის ახალი ხარისხი“;
„ადამიანი ახალ მსოფლიოში“
„სასიცოცხლო გარემო“;
„ტექნოლოგიები: ლიდერობისკენ სწრაფვა“.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იქნება საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ბოლო მონაცემებით, ფორუმზე ჩამოვა 92 სახელმწიფოსა და ტერიტორიის წარმომადგენელი. ბევრ მათგანთან დაგეგმილია ბიზნეს-დიალოგი, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების თემატიკისადმი მიძღვნილი. 2025 წლის ფორუმის მთავარ უცხოელ სტუმრად ბაჰრეინის სახელმწიფოა გამოცხადებული, თუმცა გლობალური სამხრეთის სხვა მდიდარი ქვეყნებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ფორუმის მუშაობაში: ბრაზილია, ვიეტნამი, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი… ასევე ჩამოვლენ სტუმრები აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებიდან.
საინტერესოა, რომ ПМЭФ-ის მუშაობაში რუსეთისთვის ე. წ. არამეგობრული სახელმწიფოების კომპანიებიც მიიღებენ მონაწილეობას – დასახელებულთა შორისაა აშშ-ის სავაჭრო პალატა, რომელიც, ზოგიერთ ამერიკულ კომპანიასთან ერთად, ფორუმის ფარგლებში მრგვალ მაგიდას გამართავს.
მერამდენე წელია, ევროკავშირზე მეოცნებე „ოცნების“ ხელისუფლება არ იმჩნევს ამ მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესების რეალიზებისთვის ზედგამოჭრილია. სამაგიეროდ, წელს უკვე აფხაზეთის პრეზიდენტი ბადრა გუნბა იქნება პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მონაწილე – იუწყება სააგენტო ТАСС, ფაქტობრივი პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
წყარო: პოლიტფორუმი