საბედისწერო ნაბიჯი

    საბედისწერო ნაბიჯი

    ერთიმეორის მიყოლებით ჩაიარა უმნიშვნელოვანესმა მოვლენებმა. ჯერ იყო პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ალიასკაზე, შემდეგ ჩინეთში თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის სამიტი და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების ოთხმოცი წლისთავის აღსანიშნავი გრანდიოზული აღლუმი, რომელზე ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთა შეხვედრამ და ჩინეთის მიერ ბირთვული ტრიადის დემონსტრირებამ ახალ გეოპოლიტიკურ ერას დაუდო სათავე. ეჭვგარეშეა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის კონტურები იკვეთება, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გლობალური ომის საფრთხე, რომლის წინაშეც კაცობრიობა იდგა, მოხსნილია? ეს არის შეკითხვა, რომელიც დღეს დედამიწაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აწუხებს.

    შეკითხვის დასმა დროულია, მაგრამ პასუხის გაცემა შეიძლება ნაადრევი იყოს. საქმე ის არის, რომ ზემოთ დასახელებული და მათთან ერთად გლობალური მნიშვნელობის მქონე სხვა პროცესები კი დაიწყო, მაგრამ მათი შედეგები ჯერ არ ჩანს, ხოლო ინერცია პროცესებისა, რომლებიც გაცილებით ადრე დაიწყო -საბჭოთა კავშირის დაშლა, ერთპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბება ანუ პლანეტაზე აშშ-ის ჰეგემონიის გავრცელება – ჯერ კიდევ მოქმედებს. პირველი დაიწყო, მაგრამ მეორე ჯერ არ შეჩერებულა ანუ კრიზისი კრიზისად რჩება. კრიზისის ქვეშ, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის მოვლენებს მოიაზრებენ, მაგრამ რეალურად კრიზისი სხვაგან არის საძებნი, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის მოვლენები არსებული დიდი კრიზისის კონკრეტული შედეგებია და არა მათი წარმომშობი და განმაპირობებელი ფაქტორები. დიდი კრიზისი კოლექტიური დასავლეთის ღია ომია რუსეთთან, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში დასავლეთის ფინანსებისა და შეიარაღების მონაწილეობა გასაიდუმლოებული არ არის, გაშუალებული (პროქსი) ხასიათი აქვს და პირდაპირი (უშუალო) სამხედრო შეხების ფორმა ჯერ არ მისცემია ანუ ნატოსა და რუსეთის ჯარისკაცები ომის პოლიგონზე ღიად ჯერ არ გადაკვეთილან. საკითხი ასე დგას: ალასკისა და ჩინეთის პროცესების შემდეგ დასავლეთის დაპირისპირება რუსეთთან მოიხსნა თუ გრძელდება? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: დაპირისპირება არ მოხსნილა, პირიქითშესაძლებელია, იგი გარკვეული თვალსაზრისით გამწვავდა კიდეც. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ამერიკელებმა ვერ შეძლეს რუსეთსა და ჩინეთ ურთიერთობაში განხეთქილების შეტანა, პირიქითგაზსადენის ახალმა მაგისტრალმა („ციმბირის ძალა 2”) ეს ორი ზესახელმწიფო ისე დააკავშირა ერთმანეთთან, რომ მათ ურთიერთობაში ბზარის გაჩენა ახლა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან რუსეთი ჩინეთის ზემძლავრი ეკონომიკისთვის მაცოცხლებელ არტერიად იქცა, ჩინეთი კი რუსეთისთვის შეუცვლელ ენერგეტიკულ ბაზრად ჩამოყალიბდა. წელიწადში 100 მილიარდ კბ.მ-ზე მეტი ბუნებრივი აირის გარანტირებული მიწოდება იმას ნიშნავს, რომ ევროპული სიგიჟის შედეგად დაკარგული ბაზარი მთლიანად ჩანაცვლდა. ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთისთვის შეუცვლელ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ.

    ანალიტიკოსები ყოველთვის ამბობდნენ და დღესაც ამბობენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის დაახლოება და მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება (რაც უკვე ფაქტია) აშშ-ისთვის გეოპოლიტიკური კატასტროფის მომასწავებელია. ჯერ კიდევ ზბიგნევ ბჟეზინსკი აფრთხილებდა მათ, რომ ეს არ უნდა დაეშვათ, ახლა ჯეიკობ სტოუქსი და ალექსანდრე სალივანი აცხადებენ, რომ „ამერიკის პოლიტიკა, რომელმაც საქმე აქამდე მიიყვანა, საფუძველშივე მცდარია” („Foreign Affairs”). ზოგიერთი ექსპერტის აზრით (მაგალითად, ჯოზეფ ნაი), ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა არის „ქორწინება ანგარებით”, მაგრამ ეს უფრო თავის დამშვიდებას ჰგავს, ვინაიდან ბევრი მიმომხილველი ვითარებას სხვაგვარად აფასებს. მაგალითად, სწავლული პრინსტონიდან, გილბერტ როზმანი, აცხადებს, რომ „ჩინეთისა და რუსეთის პარტნიორობა შეიძლება ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის მომასწავებელი იქნეს, რომელიც „ცივი ომის” შემდეგ ჩამოყალიბდება”. არის მათგან განსხვავებული მოსაზრებაც, კერძოდ, თეორეტიკოსი ჯონ მირშაიმერის აზრით, „უბიძგო რუსეთსა და ჩინეთს, რომ ერთმანეთს ჩაეხუტონ, პირველი კლასის სტრატეგიული სისულელეა, მაგრამ ახლა პანიკის დრო არ არის. ცუდ მაგალითს, როგორც ჩინეთის, ასევე რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა უნდა შეხვდეს, მათ შორის ძალისმიერი პოზიციიდანაც. ეს ის ლოგიკაა, რომელსაც რუსეთსა და ჩინეთს შორის ახალი კავშირები ვერ ცვლის. სწორედ ამგვარ მიდგომას შეუძლია, აშშ გამარჯვებამდე მიიყვანოს, როგორც ეს „ცივი ომის” დროს მოხდა”.

    აი, სად მივადექით ვითარების გამწვავების ტენდენციას. საქმე ისაა, რომ ასე მხოლოდ თეორეტიკოსები და პოლიტიკური მიმომხილველები როდი მსჯელობენ. პრეზიდენტი ტრამპიც შეშფოთებულია ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობით. მან ჩინეთში მიმდინარე პროცესს შეთქმულება უწოდა. აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის განცხადებით, დონალდ ტრამპმა გასცა დავალება, რომ აშშ-ის არმია რუსეთისა და ჩინეთის შესაკავებლად მოამზადონ. ამის შესახებ ჰეგსეტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. პიტ ჰეგსეტის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის არაკომპეტენტურობამ ხელი შეუწყო რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებასა და აშშ-ის პოზიციების შერყევას მსოფლიოში: პრეზიდენტმა ტრამპმა თავდაცვის დეპარტამენტს დაავალა, მზად იყვნენ ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიული გზით გადაწყობისთვის, რათა აღდგეს საბრძოლო სული და აღდგეს შეკავება“, – განაცხადა ჰეგსეტმა. მისივე თქმით, ვაშინგტონი არ მიისწრაფვის კონფლიქტისკენ, მაგრამ ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საშუალება ამერიკელების დასაცავად: „ჩვენ ეს მკაფიოდ გავაგებინეთ ჩინეთს, რუსეთსა და სხვებს, მზადყოფნა ახდენს ომის პრევენციას. ძალა იძლევა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიას. სამხედრო აღლუმები ნორმალურია, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტებში“, – განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა. როგორც ჰეგსეტმა აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს აშშ-ის უპირატესობის შენარჩუნებას კოსმოსში, ჰაერში, ზღვასა და წყალქვეშ. ამასთანავე, ჰეგსეტმა ახსენა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა „ოქროს გუმბათი“, რომლის მსგავსის შექმნაც ჩინეთს ჯერ არ შეუძლია.

    ეს უკვე ვითარების გამწვავებას ნიშნავს და არა დეესკალაციას. ნატოს წევრი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ მზად არიან, უპასუხონ სამხედრო წვრთნა „დასავლეთი 2025”-ს, რომელიც რუსეთსა და ბელარუსს ერთად აქვთ დაგეგმილი. ამას იუწყება გამოცემა „Politico”. გამოცემა „Time” ერთ წინადადებაში ატევს ჩინეთში განვითარებული პროცესის მთელ ფილოსოფიას: „ჩინეთმა მსოფლის დასანახად გამოფინა სამხედრო ტექნიკა დამეგობრები”. ეს მართლაც ასეა და ძალიან ძნელია განსაზღვრო, რა უფრო თავზარდამცემია აშშისა და კოლექტიური დასავლეთისთვის: 2025 წლის 3 სექტემბერს სი ძინპინის მიერ ტიანანმენის მოედანზე გამოტანილი ახალი თაობის მძიმე სამხედრო ტექნიკა და ბირთვული ტრიდა თუ მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც „Time”- ტერმინს თუ გამოვიყენებთ, იქვე იყვნენ გამოფენილი.

    საბოლოოდ მაინც აშშის პოზიციაზეა დამოკიდებული ყველაფერი. შეურიგდება თუ არა იგი ბედს, რომ მსოფლიოზე მისი ერთპიროვნული ჰეგემონია დამთავრებულია? ჯერჯერობით არც ტრამპის პოლიტიკა და არც მისი პიროვნული ფსიქოლოგიური პორტრეტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გადაწყვეტილად ვიფიქროთ, რა როგორ იქნება. ტრამპის პოლიტიკაც და მისი პიროვნული მახასიათებლებიც წინააღმდეგობრივია. მას არ აქვს ჩამოყალიბებული იდეოლოგია, პოზიცია, მსოფლმხედველობა, მიზანი. იგი ვიღაცას (დიფ ეითს) ებრძვის, მაგრამ ამავე დროს იმ ვიღაცის გაკვალულ გზასაც ვერ თმობს; მას თითქოს არ სურს მსოფლიოზე ბატონობა, მაგრამ არც ეთმობა ეს როლი; მას სურს რაღაცის შეცვლა, მაგრამ თვითონაც არ იცის, საბოლოოდ რა შედეგი უნდა მოჰყვეს ცვლილებებს, რომელთა განხორციელებასაც ცდილობს. მის პიროვნებაში ერთანეთს ებრძვის ნოვატორი და კონსერვატორი, დემოკრატი და დიქტატორი, მშვიდობის ქურუმი და ძალმომრეობის მოციქული. ტრამპის გაორებული ბუნება აშშში იწვევს გაორებულ განწყობებსა და მიდგომებს, რომლეიც სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ გადის და, მთელ მსოფლიოს თუ არა, მის გარკვეულ ნაწილს გაორების გაურკვევლობაში ხვევს. ამიტომაა, რომ ზოგი ისე ამბობსა და ზოგი ასე. ზოგიერთისთვის გლობალური ომის საფრთხე გადავლილია, ზოგისთვის პირიქით, ამ საფრთხეს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით, ნაბიჯით, რომლიც ერთმანეთისგან ყოფს ომსა და მშვიდობას, ანუ საბედისწეროა.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here