Home ახალი ამბები საქართველო სააკაშვილი – აშშ-ის მითითებების უსიტყვო შემსრულებელი და  ნელი მოქმედების ნაღმი, რომელსაც სურვილისამებრ...

სააკაშვილი – აშშ-ის მითითებების უსიტყვო შემსრულებელი და  ნელი მოქმედების ნაღმი, რომელსაც სურვილისამებრ ააქტიურებენ

სააკაშვილი იყო ჩვეულებრივი დიქტატორი და უგანდის ლიდერ იდი ამინისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ ადამიანების ხორცს არ ჭამდა, ანუ კანიბალიზმით არ იყო შეპყრობილი

349

მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ კლინიკაში  მიხეილ სააკაშვილისთვის გადაღებული კადრები გაავრცელა, მისმა მხარდამჭერებმა ერთი ამბავი ატეხეს, _ არ შეიძლება, რადგან ეს, პრაქტიკულად, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიაო. ამ ამბავში საინტერესო იყო ის, რომ მისი უახლოესი გარემოცვის წევრთაგან არც ერთს არ გაჰკვირვებია,  როგორ იქცეოდა მიშა, რადგან,  ერთი შეხედვით, მისი არანორმალური ქცევა მათთვის ძალიან ნაცნობი და, რაც მთავარია, მისაღებია.

 მაშინაც კი, როცა მიხეილ  სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და ხუშტურების გამო რამეს ვერ გადაათქმევინებდნენ, გიული ალასანიას უხმობდნენ  ხოლმე. როგორც იმხანად ამბობდნენ, დედა იყო ერთადერთი, ვისაც უჯერებდა და იმასაც ამბობდნენ, პატარა ბავშვივით, შუბლზე, წარბებს შუა, ცერა თითს ადებს დედიკო და ტუჩებით უპრუწუნებს  დასამშვიდებლადო. ასეთი მეთოდით  დამშვიდების რა გითხრათ, მაგრამ შემთხვევითი ნამდვილად არ არის ის, რომ მიშასთან დედა ყოველდღიურად დადის, რადგან ის ერთადერთია, ვისაც, ასე თუ ისე, უჯერებს და  მისი დამშვიდება ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული წამლების გარეშე შეუძლია. ეს ჩვენი მოგონილი არ გეგონოთ, პროკურორმა თქვა სასამართლო პროცესზე: სააკაშვილი დღეში ორ ბოთლ კონიაკსა და წამლებს სვამდა, ემოციები რომ მოეძალებოდაო და… ეს კაცი ქვეყანას ცხრა წელი მართავდა და მართავდა ერთპიროვნულად; ჰქონდა ყველაფრის უფლება, აბსოლუტურად ყველაფრის, ადამიანების დაჭერისა და მოკვლის ჩათვლით.

გარდა იმისა, რაც ყველამ ვიხილეთ, გავრცელდა კლინიკის ექთნის განცხადებაც, ის ამბობს: „რაც თქვენ ნახეთ, არაფერია. ხან თათბირებს ატარებს, ხან ტანსაცმელს იცვამს და სამიტებზე გაშვებას ითხოვს, განზრახ საწოლში შარდავს, საკუთარ ფეკალიებს ამრგვალებს, მერე გვესვრის და ამბობს, კალათბურთს ვთამაშობო…“ ამ განცხადების ავტორმა ანონიმურობა კი არჩია, მაგრამ საინტერესოა, რომ ოფიციალურად მისი გარემოცვა ამ ყველაფერს… არ უარყოფს. სააკაშვილის ძმა,  გიორგი სააკაშვილი კი გვიმტკიცებს, მიშას დემენცია აქვს და ამ დიაგნოზის პაციენტს ნებისმიერ ქვეყანაში პირდაპირ ათავისუფლებენო. და მაინც, რა არის დემენცია? მედიკოსები ამ დაავადებას შემდეგნაირად განმარტავენ: „დემენცია – სინდრომი, აღმოცენებული თავის ტვინის ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადების შედეგად, რომელიც ხასიათდება უმაღლესი ქერქული ფუნქციების (მათ შორისაა: მეხსიერება, აზროვნება, ორიენტაცია, შემეცნება, არითმეტიკული უნარი, დასწავლის უნარი, მეტყველება და კრიტიკული ფუნქციები) უმრავლესობის დარღვევებით. კოგნიტურ დარღვევებს ხშირად სდევს და ზოგჯერ წინაც უსწრებს ემოციათა კონტროლის უნარის დაქვეითება, სოციალური ქცევის ან მოტივაციის დარღვევები…“ განმარტებას გულდასმით თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ დემენცია სააკაშვილს მას შემდეგ სჭირს, რაც  საზოგადოებამ გაიცნო. „ემოციათა კონტროლის უნარის დაქვეითება, სოციალური ქცევის ან მოტივაციის დარღვევები“ – ეს როდის არ აწუხებდა ექსპრეზიდენტს?!  როდის არ უჭირდა ემოციების კონტროლი და, საზოგადოდ, რომელი მისი საქციელი გაჰკვირვებია ვინმეს ოდესმე?! უბრალოდ, ამ ყველაფერს დაცვა, გარემოცვა თუ პიარსამსახური კარგად  ფუთავდა და საზოგადოება მხოლოდ იმას ხედავდა, რაც ეპარებოდათ. სამაგიეროდ,  იყო კულუარული ამბები, რომლებსაც ვერავინ უარყოფდა, და იყო მინიშნებები მის აღვირახსნილობაზე, რმელიც  უკვე ოფიციალურად დადასტურდა, და  უარყოფას აზრიც აღარ აქვს…  ამ ყველაფრის პარალელურად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ თურმე სააკაშვილის ჯანმრთელობას გულდასმით აკვირდებიან და…

„ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის, სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას“, –  ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

წერილის დასაწყისში  ვახსენეთ, რომ პრეზიდენტობისას  სააკაშვილს ყველაფრის უფლება ჰქონდა, ადამიანების დაჭერის, წამებისა და მოკვლის ჩათვლით და ახლა ოფიციალურად ირკვევა, რომ ამ ყველაფერში მიშას მწვანე შუქი სწორედ დასავლეთმა, კონკრეტულად კი, ამერიკამ აუნთო. ვინმეს ახსოვს, იმ  9 წლის განმავლობაში, როცა ქვეყანას ნაციონალები მართავდნენ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მინიშნებით მაინც ეთქვას, –  ქართულ ციხეებში გარდაცვალების რაოდენობა ევროპაში ყველაზე მაღალია ან გაურკვეველი დაკავებები, სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები ეჭვს იწვევსო? პატიმრების სიკვდილის მაჩვენებლით ევროპაში მოწინავე ადგილზე რომ ვიყავით, მოსახლეობის ყოველ 100 000 სულზე, პატიმრების რაოდენობით  ევროპაში რომ ვლიდერობდით, 300 ათასი (ანუ ლამის ყოველი მესამე) ადამიანი პირობითი მსჯავრის ქვეშ რომ იყო, ამერიკამ ამოიღო ხმა და თქვა: დიქტატორი გმართავთ, გენოციდს გიწყობთო?  არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიშა შტატების ადმინისტრაციის მითითებების უსიტყვო შემსრულებელი იყო, სააკაშვილი იყო ნელი მოქმედების ნაღმი, რომელსაც სურვილისამებრ ააქტიურებდა ამერიკა და  ეს საკუთარ თავზე არაერთხელ ვიწვნიეთ. სწორედ დასავლეთისადმი უსიტყვო მორჩილების გამო, სააკაშვილი იყო ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი დიქტატორი და უგანდის ლიდერ იდი ამინისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ ადამიანების ხორცს არ ჭამდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ კანიბალიზმით არ იყო შეპყრობილი.

გაგიკვირდებათ და, პოლონეთის სეიმმა მოიცალა და სააკაშვილის თაობაზე იმსჯელა. მეტიც, მათ მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც  ჩაწერეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიშა უნდა გაუშვას, მან უნდა იმკურნალოს საზღვარგარეთ და შემდეგ, როცა გამოჯანმრთელდება, ის კვლავ წარდგება ქართული მართლმსაჯულების წინაშე.  ვერ გეტყვით, პოლონელი დეპუტატები ასეთი გულუბრყვილოები არიან თუ, უბრალოდ, ისინიც ევროკავშირისა და ამერიკის დაკვეთას ასრულებენ (ამ ორიდან ერთ-ერთია), მაგრამ სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში, სამომავლოდ მისი დაბრუნება და  სასამართლოს წინაშე წარდგომა ისეთივე ზღაპარია, როგორ ზღაპარსაც იგივე ევროკავშირი და ამერიკა, აგერ მერამდენე ათეული წელია, გვიამბობს. ისე, საინტერესოა, იმავე პოლონეთის სეიმმა რატომ არ მოიცალა მოლდოვისთვის და რატომ არ მოუწოდა პრეზიდენტ მაია სანდუს, –  ქვეყნის ექსპრეზიდენტი რომ გყავს ციხეშ გამომწყვდეული, გაათავისუფლეო? თუ მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ფლობს და იქ პრეზიდენტის დაჭერის უფლებაც აქვს ამჟამინდელ მმართველს? არც ის მოსაზრება უნდა იყოს სიმართლისგან  შორს, რომ ლობისტ კომპანიებთან ნაციონალების მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება და სწორედ ამიტომ მიღებული თანხის გამომუშავებას „დასავლელი პარტნიორები“ სწორედ ახლა ჯიუტად ცდილობენ. მათ კარგად იციან, ახლა თუ იაქტიურებენ, თვის ბოლოს, შესაძლოა, ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს და დამატებითი შემოსავალი  თუნდაც ევროპარლამენტარებს რომ არ „აწყენთ“, ამ ორგანოს ვიცეპრეზიდენტმა  ევა კაილიმაც დაადასტურა, რომელიც კორუფციის ბრალდებით  გასული წლის დეკემბერში დააკავეს. თანაც, თვის ბოლოს, ნაციონალები ახალ თავმჯდომარეს ირჩევენ და დიდწილად ლობისტებთან ურთიერთობის გაგრძელება სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება – თუ ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, მის უკან მდგომი დავით კეზერაშვილი საქართველოს წაღლეტილი  ფულით ლობისტებს ისევ დაიქირავებს.

რეალურად , სააკაშვილს ერთადერთი რამ სჭირს:  ვერ ეგუება დახურულ სივრცეს, ვერ ეგუება ციხეს და ახლაც საავადმყოფოში ყოფნით თავს აჯერებს, რომ დაკავებული არ არის. პენიტენციალური სამსახური კი კანონს არღვევს, როცა პატიმართან ვიზიტორებს ყოველდღე უშვებს. ოფიციალურად, მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართლებულ პატიმართან ვიზიტი ორ კვირაში ერთხელ არის შესაძლებელი და ისიც მინის მეორე მხარეს.  მას ტელეფონით საუბარი შეუძლია,  3 თვეში ერთხელ კი გრძელვადიანი, ანუ 24-საათიანი პაემნის უფლება აქვს. მძმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულს კი სატელეფონო ვიზიტი თვეში ერთხელ ეკუთვნის, 24-საათიანი პაემანი – 6 თვეში ერთხელ და რატომ არის, რომ მიშასთან შედის ყველა, ვინც  მოისურვებს, რამდენჯერაც და რამდენი ხნითაც  მოისურვებს? ხომ არ არის დრო, რომ პატიმარი სააკაშვილი დაბრუნდეს ციხეში და სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც პატიმრები იხდიან?! ვინმემ დაგვისახელოს ერთი მიზეზი მაინც, რომლის გამოც სააკაშვილი ასეთ პრივილიეგურ მდგომარეობაშია?! სხვათა  შორის, გაბრაზებული მოსახლეობის  ის მცირე ნაწილი, რომელიც  პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა და ქალბატონ სალომეს შეუძახა, არ გაბედო სააკაშვილის შეწყალებაო, ახლა არ მალავს, რომ იმ საავადმყოფოსთან აპირებენ მისვლას, რომელშიც მიშაა, და უკვე იქ აპირებენ მოთხოვნას, რომ პატიმარი სააკაშვილი გადაიყვანონ  იქ, სადაც სასჯელს უნდა იხდიდეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ზუსტად იციან, რომ გაბრაზებული ადამიანების  რაოდენობა ძალიან დიდია და ამიტომ  ბოლომდე ვერ ჭიმავენ გასაწყვეტად გამზადებულ მოთმინების ძაფს, მაგრამ დასავლეთმა იცის, რომ სწორედ გაბრაზებული ხალხის ემოციებზე უნდა ითამაშოს და ეგებ მოხდეს ისეთი რამ, რაც საქართველოში ვითარებას არევს. ვითარების არევა არის ერთადერთი გზა, რომლის შემდეგ დასავლეთს შეეძლება ხელისუფლების შეცვლაზე რეალურად დაფიქრება, ამიტომ ყველაფერზე წავლენ და, როცა ვამბობთ ყველაფერზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში დასავლეთისთვის სააკაშვილიც უბრალო პაიკია საჭადრაკო დაფაზე .

ლევან გაბაშვილი                                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here