Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის კულტურის სამინისტრომ  განსაზღვრა თემები კინემატოგრაფში, რომელთა გადაღებასაც სახელმწიფო წაახალისებს და დააფინანსებს...

რუსეთის კულტურის სამინისტრომ  განსაზღვრა თემები კინემატოგრაფში, რომელთა გადაღებასაც სახელმწიფო წაახალისებს და დააფინანსებს 2023 წელს

87

რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ 2023 წლის კინოწარმოების სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის 17 პრიორიტეტული თემა განსაზღვრა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2023 წელს შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესები და პირობები 2022 წლის დეკემბრის ბოლოს იქნება ცნობილი, _ იუწყება  ria.ru.

თემების ჩამონათვალში, პირველ რიგში, შევიდა ანგლოსაქსური სამყაროს ქვეყნების ნეოკოლონიური პოლიტიკა, ევროპის დეგრადაცია, მრავალპოლუსიანი სამყაროს ფორმირება; მეორე _ შეიარაღებულ ძალებში მსახურების პოპულარიზაცია; მესამე _ ისტორიული კინო, ისტორიის გაყალბების მცდელობების წინააღმდეგ; მეოთხე _ ცხოვრებისეული ფასეულობებისა და ორიენტირების ჩამოყალიბება მოწიფულობის ეტაპზე. ფილმები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ, პირველ რიგში, იქნება ნაციზმისა და ფაშიზმის იდეოლოგიის თანამედროვე გამოვლინებების წინააღმდეგ, აგრეთვე, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას რუსი ჯარისკაცების გმირობისა და თავგანწირვის შესახებ.

კინოწარმოების დაფინანსების კონკურსის დაწყებამდე ვაქვეყნებთ თემების ჩამონათვალს და ვიმედოვნებთ, რომ რეჟისორები პროექტების შემუშავებისას გაითვალისწინებენ კინოწარმოების სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტებს. კულტურის სამინისტრო განაგრძობს საზოგადოებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი თემების მხარდაჭერას, როგორიცაა ოჯახური ღირებულებების დაცვა, პატრიოტული განათლება, რუსეთის რეგიონების ტრადიციების შენარჩუნება, სამამულო მეცნიერების წარმატებები, ინჟინრისა და მასწავლებლის პროფესიების პოპულარიზაცია”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ რეალობაში აუცილებელია ფოკუსირება „ისტორიის გაყალბებისა და ნაცისტური იდეოლოგიის გამოვლინებების მცდელობებზე, საუბარი სპეცოპერაციის დროს რუსი ჯარისკაცების გმირობასა და თავგანწირვაზე, ფრონტის ბრიგადებისა და მოხალისეების მუშაობაზე”. პრიორიტეტულ თემებს შორისაა “რუსეთის კულტურა: ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება, შექმნა და გავრცელება”, “რუსეთის მეცნიერება: ინოვაციები, ტექნოლოგიები, პრიორიტეტები”, აგრეთვე, ისტორიული კინო, კლასიკის ადაპტაცია და ფილმები გამოჩენილი პიროვნებების შესახებ. კიდევ ერთი თემა ეძღვნება “რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის ხელშეწყობას, საზოგადოების გაერთიანებას ჯარის მხარდაჭერის გარშემო (ფრონტის ბრიგადები, მოხალისეები), სამხედრო პროფესიის სტატუსის გაძლიერებას ისტორიული მოვლენებისა და თანამედროვე ისტორიის მაგალითებზე”.

რიგი თემებისა განსაზღვრულია შესაბამისად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებებისა: “ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ”; “რუსეთის ფედერაციაში ბავშვობის ათწლეულის გამოცხადების შესახებ”; „რუსეთის ფედერაციაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ათწლეულის გამოცხადების შესახებ“; “რუსეთის ფედერაციაში პედაგოგისა და დამრიგებლის წლის შესახებ”.

ვებგვერდმა  culturavrn.ru რფის კულტურის სამინისტროს მიერ დასახელებული პრიორიტეტული თემების ჩამონათვალი გამოაქვეყნა:

1. რუსეთის კულტურა _ ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნება, შექმნა და გავრცელება;

2. ბავშვობის ათწლეული _ ოჯახი, ბავშვები, მათი დაცვა და მხარდაჭერა;

3. რუსეთის მეცნიერება _ ინოვაციები, ტექნოლოგიები, პრიორიტეტები;

4. ისტორიული კინო _ ისტორიის გაკვეთილები, ხსოვნის გაკვეთილები. წინააღმდეგობა ისტორიის გაყალბების მცდელობების მიმართ. რუსეთის სამშვიდობო მისია. რუსეთის ისტორიული გამარჯვებები. დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი. საბჭოთა ჯარისკაცის განმათავისუფლებელი მისია. თაობათა კონფლიქტი, თაობათა მემკვიდრეობითობა;

5. რუსეთი _ თანამედროვე, სტაბილური და უსაფრთხო სახელმწიფო, რომელიც იძლევა განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობებს;

6. გმირები ჩვენ შორის _ თანამედროვე რუსეთის ძლიერი პიროვნებების ისტორიები. მასწავლებლის პროფესიის ხელშეწყობა. სკოლა და ინსტიტუტი, როგორც საზოგადოებაში ადაპტაციისა და პიროვნული ორიენტაციის მნიშვნელოვანი ეტაპები. პედაგოგებისა და დამრიგებლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში;

7. ახალგაზრდების მოტივაცია მუშისა და საინჟინრო სპეციალობების დასაუფლებლად. მუშისა და ინჟინრის სოციალური სტატუსის ამაღლება;

8. კინომატიანე _ რუსეთის რეგიონების ამჟამინდელი მდგომარეობა, კულტურა და ტრადიციები. შორეული აღმოსავლეთისა და არქტიკის განვითარება. ცხოვრება პატარა ქალაქებსა და სოფლებში, ცხოვრება პროვინციებში. მალოროსია, როგორც რუსეთის ისტორიული ოლქი;

9. რუსული კლასიკური ლიტერატურის ნაწარმოებების ეკრანიზაცია, მათ შორის ანიმაციური საშულებების გამოყენებით;

10. ფილმები ისტორიის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის გამოჩენილ პიროვნებებზე. ექიმის პროფესიის პოპულარიზაცია. ფილმები სპორტული მიღწევებისა და გამარჯვებების შესახებ;

11. ნაციზმისა და ფაშიზმის იდეოლოგიის გამოვლინებების მიმართ წინააღმდეგობა. სპეციალური სამხედრო ოპერაციისას რუსი ჯარისკაცების გმირობისა და თავგანწირვის პოპულარიზაცია;

12. რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურების პოპულარიზაცია _ საზოგადოების გაერთიანება ჯარის მხარდაჭერის გარშემო (ფრონტის ბრიგადები, მოხალისეები). სამხედრო პროფესიის სტატუსის განმტკიცება ისტორიული მოვლენებისა და თანამედროვე ისტორიის მაგალითებზე;

13. რუსეთის მოქალაქეების სულიერზნეობრივი და პატრიოტული აღზრდა _  ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. თანამედროვე ახალგაზრდების სახეები, ქცევის ნიმუშები და შემოქმედებითი მოტივაცია. სულიერი ლიდერები. მოხალისეთა მოძრაობა რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში _ მოხალისეობის საერთაშორისო ხელშეწყობა;

14. ანგლოსაქსური სამყაროს ქვეყნების ნეოკოლონიური პოლიტიკა. ევროპის დეგრადაცია. მრავალპოლუსიანი სამყაროს ფორმირება;

15. საზოგადოება საზღვრებს გარეშე _ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითრეალიზაცია. მოხალისეობა რუსეთში. აქტიური დღეგრძელობა;

16. ფილმები მოზარდებზე _ ცხოვრებისეული ღირებულებებისა და ორიენტირების ჩამოყალიბება მოწიფულობის ეტაპზე. საკუთარი აზროვნების ჩამოყალიბება;

17. თანამედროვე საზოგადოება _ მორალურ-ეთიკური არჩევანი. სამოქალაქო პოზიცია. საზოგადოების გაერთიანება.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here