Home ახალი ამბები საქართველო რთულ წინადადებებში თავგზააბნეული ჟურნალისტები და პოლიტიკოსები

რთულ წინადადებებში თავგზააბნეული ჟურნალისტები და პოლიტიკოსები

255

ამ სათაურის წაკითხვის შემდეგ, ჩემო მკითხველო, ალბათ, ჩიქორთულად მოქართულე ჟურნალისტთა და პოლიტიკოსთა სახელების ჩამოთვლას ელოდი, მაგრამ ამჯერად უნდა გაგაწბილო, რადგან ისინი ძალიან ბევრნი არიან, თანაც არც საქმეს წაადგება რამეში მათი გვარსახელების გამომზეურება და არც შენ გაიკვირვებ: ამას რამე როგორ შეეშლებოდაო?!

 ჰოდა, ამიტომ ხელი ავიღოთ ამ განზრახვაზე და რთულ წინადადებებში დაკარგულ და თავგზააბნეულ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს გზის პოვნაში დავეხმაროთ.

მაშ, ასე:

* “უკრაინელი ტყვეების ნაწილი გადაიყვანეს იმ ადგილას, სადაც დღეს დარტყმა განხორციელდა”.

ამ წინადადებას ქართულ გრამატიკაში რთული ქვეწყობილი წინადადება ეწოდება. ის ორი წინადადებისგან შედგება: პირველი _ უკრაინელი ტყვეების ნაწილი გადაიყვანეს იმ ადგილას; მეორე _ სადაც დღეს დარტყმა განხორციელდა.                      

 პირველი მთავარი წინადადებაა, მეორე კი _ მასზე დამოკიდებული, წესისამებრ, დამოკიდებული წინადადება ხსნის ან აზუსტებს მთავარ წინადადებას ან მის რომელიმე წევრს და მთავარს უკავშირდება მაქვემდებარებელი კავშირით. მოცემულ შემთხვევაში ნაცვლად “სადაც” კავშირისა, უნდა იყოს “რომელზეც”. თუ რატომ, ამის შემოწმება მარტივია: დავუსვათ კითხვა მთავარის იმ წევრს, რომლის შემავსებელ ცნობებსაც გვაწვდის დამოკიდებული წინადადება: რომელ ადგილას? შესაბამისად პასუხში იქნება რომელზეც და არა სადაც.

სწორია:  უკრაინელი ტყვეების ნაწილი გადაიყვანეს იმ ადგილას, რომელზეც დღეს დარტყმა განხორციელდა.

მაგრამ თუ მთავარ წინადადებაში ასახსნელი წევრი იქნებოდა ადგილის გარემოება, ანუ მას დაესმებოდა კითხვა სად?”, მაშინ დამოკიდებული წინადადებაც მთავარს მიებმებოდა კავშირით სადაც და ეს წინადადება ასეთ სახეს მიიღებდა:

“უკრაინელი ტყვეების ნაწილი გადაიყვანეს იქ, სადაც დღეს დარტყმა განხორციელდა”.

ამას სკოლაში  (დიახ, სკოლაში და არა უმაღლეს სასწავლებლებში) ყველა მოსწავლეს (მიუხედავად იმისა, რა პროფესიას აირჩევს მომავალში) მხოლოდ იმიტომ ასწავლიან, გასაგებად და გამართულად რომ ისაუბროს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მსგავს შეცდომებს ძალიან ხშირად უშვებენ წერისას და ზეპირი მეტყველებისას როგორც სამეცნიერო ხარისხის მქონე თუ ჩინიანი ადამიანები, ასევე უჩინონი და განათლებაზე დიდი პრეტენზიის არმქონენიც.

* “განვლილი ათი წლის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით, რისი დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც პროფესიიდან, ასევე დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, ეს დრო სავსე იყო დიდი თუ პატარა მიღწევითა და წარმატებით და ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებით”.

პატივცემულმა აკადემიკოსმა, დარწმუნებული ვარ, შესანიშნავად იცის, რომ მანძილი დროს არ აქვს და არც მეტრებითა და კილომეტრებით იზომება, მაგრამ მაინც ამბობს “ათი წლის მანძილზეო. მართებულია თქმა: ათი წლის განმავლობაში.

და მივადექით ისევ მთავართან დამოკიდებული წინადადების დაკავშირებას:

“განვლილი ათი წლის ანძილზე იყო ბევრი გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით, რისი დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის…”

უნდა იყოს: “განვლილი ათი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით იყო ბევრი გამოწვევა, რომელთა დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის…”

იქვე:

“ყველა არსებული და ახალი მიდგომა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებსა და სამეცნიერო ფაქტებს. ამის გარანტია ეროვნული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაა, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კავშირი და უკუკავშირი, რასაც (უნდა იყოს რომლებსაც) ახორციელებს ჩვენი ცენტრი”.

* “პრემიერმინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნა წერილი, (რომელი წერილი?) სადაც უარყოფდა (უნდა იყოს: რომელშიც უარყოფდა), რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი და არაფორმალური მმართველია; ასევე, ქართული ოცნების ( ბრჭყალებში უნდა ეწეროს) ზოგიერთმა წარმომადგენელმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა დაიწყეს თავდასხმა და აგრესიული რიტორიკა, როგორც დასავლური ინსტიტუტების, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ს (ნათესაობითი ბრუნვის ნიშანია სუფიქსი ის, ამიტომ უნდა ეწეროს აშშის)  ელჩების, კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის, მიმართ”.

* “მტერი ცდილობს (,) განაახლოს შეტევა დონეცკი-პესკის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება…

მათივე ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება”.

აჯობებდა ეს აზრი ასე ჩამოეყალიბებინა: უკრაინაში სამხედრო  და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ ემუქრება.

* “იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის 7 ივნისის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, “ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე”.

რომელი წერილი მიიღო?

სადაც ევროპარლამენტის 7 ივნისის რეზოლუციაზეა საუბარი _მოცემულ კითხვაზე  ეს პასუხი არ ივარგებს, შეცდომაა.  სწორი კი აი ეს არის: რომელშიც ევროპარლამენტის 7 ივნისის რეზოლუციაზეა საუბარი.

 * “ქართული ოცნების დამფუძნებლის უფლებადამცველების განცხადებით, წარმოიშვება ლოგიკური დასკვნა, რომ ათზე მეტი გამომცემლობის, ტელევიზიისა და რადიოს უარის მიღმა შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რაც “მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი” იქნებოდა შვეიცარიიდან”.

ბატონებო და ქალბატონებო, დაიმახსოვრეთ:

დასკვნა, რაც უნდა ლოგიკური იყოს, ვერ წარმოიშვება ვერაფრისგან! დასკვნა უნდა გამოიტანოთ, გააკეთოთ.

და კიდევ: შეიძლება სხვა საფუძველი არსებობდეს, რომელიც (და არა რაც)  “მორიგი სამწუხარო, იმედგამაცრუებელი სიგნალი” იქნებოდა შვეიცარიიდან”.

* “უკრაინის მიწაზე სწორედ ასეთ ჯახს ვუყურებთ, რაც (უნდა იყოს რომელიც)  წლის ბოლოს, დიდი ალბათობით, ამ ქვეყნის დაშლით დამთავრდება და არ არის გამორიცხული, უკრაინა, როგორც  სახელმწიფო, მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან გაქრეს”.

* “ეს ძალიან ახარებს სწორედ  იმ ძალებს, ვისი (უნდა იყოს რომელთა) ინიციატივითაც იწყება ომები, ეწყობა რევოლუცია-გადატრიალებები და, რომელთა მიზანიც, თითქმის უკვე მიღწეულ მსოფლიო ბატონობასთან ერთად, დეპოპულაციაც არის”.

* და ბოლოს _ “საუკეთესო ნიმუში” რთული ქვეწყობილი წინადადების სწორად “აგებისა”:

 “მე, როდესაც კონკრეტულ ძალებზე ვსაუბრობ და ვერიდები მეტ კონკრეტიკას, სწორედ ამას ვგულისხმობ, ერთ მხრივ შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ მეორე მხარეს იმხელა ინტერესია და მეორე მხრივ, მარტივი ამბავია, როდესაც ამხელა დარტყმას გეგმავ ქვეყანაზე თუ კონკრეტულ ადამიანებზე და აქაც აღარ წავალ მეტ კონკრეტიკაში, რაღაცის უზრუნველყოფის მიზნით, ელემენტარულად კარგად უნდა შეისწავლო ადამიანები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011-2012 წლებში საკუთარი თავი და ოჯახი გადადო და ახლა შანტაჟი ფინანსური კუთხით რამდენად არასერიოზული და უშანსოა ალბათ მარტივად ხვდებით”.

აღარ წავალ მეტ კონკრეტიკაშიო, _ ასე საუბრობს პოლიტიკოსი, რომლის “კონკრეტიკას” ჩვენც მოვერიდებით, მაგრამ მისნაირები როგორ დაიცავენ ენას მამულს და სარწმუნოებას?! მაშ, არ არის გამოსავალი? გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება: მართალია, სკოლაში მათი შებრუნება დაგვიანებულია, მაგრამ წიგნის ხელში აღება არასდროსაა გვიან!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here