Home ახალი ამბები მსოფლიო რას გამოიწვევს ჰააგის  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება. ხუთი დასკვნა

რას გამოიწვევს ჰააგის  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება. ხუთი დასკვნა

ნიშანდობლივია, რომ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა იმავე დღეს, როგორც კი ოფიციალურად დადასტურდა სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში

280

ჰააგის  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერის გაცემა შეასუსტებს მათ პოზიციებს, ვინც მხარს უჭერს კომპრომისს უკრაინის ომში და გააძლიერებს მათ პოზიციებს, ვინც მხარს უჭერს „ომს საბოლოო გამარჯვებამდე”.  გარდა ამისა, თუ მსოფლიო ლიდერები, მათ შორის დასავლელი, განაგრძობენ პუტინთან კომუნიკაციას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა (რაც, სავარაუდოდ, ასე იქნება), ეს გამოიწვევს დასავლეთისა და  მისი ინსტიტუტების ავტორიტეტის კრახს, – იუწყება ინტერნეტგამოცემა strana.best-ი.

ჰააგის  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას თავისი შედეგები მოჰყვება.  ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრემლის ხელმძღვანელი სასამართლოს წინაშე წარდგება – ამისათვის ის ნამდვილად უნდა დააკავონ და ჰააგაში გადაიყვანონ, რადგან ICC არ ატარებს სასამართლო პროცესებს დაუსწრებლად.  ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი წავა იმ 123 ქვეყანაში, რომლებსაც რატიფიცირებული აქვთ  რომის სტატუტი  და  მისი დაპატიმრება სსს-ის ორდერის საფუძველზე შეუძლიათ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, უწინარესად,  ექნება პოლიტიკური და ინფორმაციული ხასიათის შედეგები:

1. ჰააგის  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება არის სიმბოლური დეკლარაცია იმისა, რომ დასავლეთი პუტინთან აღარ დაიჭერს საქმეს. ყველა ევროპულ  ქვეყანას რატიფიცირებული აქვს  რომის სტატუტი  და, შესაბამისად, ვალდებულია, დააპატიმროს პუტინი, თუ ის მათ ტერიტორიაზე შევა. ანუ,  ამ მიმართულებით პუტინისთვის დახურულია ნებისმიერი პირადი კონტაქტი ვიზიტის სახით;

2. ეს არის სიგნალი, რომელსაც დასავლეთი უგზავნის მსოფლიოს ყველა ლიდერს, მათ შორის არადასავლური სამყაროს, რომ პუტინი გარიყულია და მასთან ნებისმიერი კონტაქტი, ფაქტობრივად, იქნება კონტაქტი  სამომავლოდ ომის დანაშაულში ბრალდებულთან. ნიშანდობლივია, რომ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა იმავე დღეს, როდესაც ოფიციალურად დადასტურდა სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში. აგრეთვე,  ცოტა ხნის წინათ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი არ გამორიცხავს მის დასწრებას  მიმდინარე წელს G20-ის სამიტზე ინდოეთში  (აღსანიშნავია, რომ ინდოეთს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია). დაკავების ორდერი, რა თქმა უნდა, არ შეაფერხებს სი ძინპინის  ვიზიტს, მაგრამ საინფორმაციო ფონი დასავლურ მედიაში შესაბამისი იქნება;

3. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი რუსეთის ელიტებისთვის, რომ ომის შემდეგ პუტინი „ ვეღარ გაირეცხება”.   შესაბამისად, ეს არის სიგნალი იმისა, რომ, თუ რუსეთის ელიტას სურს დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენა, მაშინ  უნდა ჩამოაცილონ პუტინი პრეზიდენტობას და გადასცენ ჰააგას, როგორც ეს თავის დროზე  სერბებმა მილოშევიჩის მიმართ გააკეთეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა წინა სიგნალმა (მათ შორის უპრეცედენტო მასშტაბის სანქციებმა) ვერ  გამოიწვია რუსული ელიტის აჯანყება პუტინის წინააღმდეგ, დაკავების ორდერისგან რაიმე უფრო ძლიერი ეფექტი  მოსალოდნელი არ არის;

4.  უფრო გლობალური თვალსაზრისით, ეს არის დასავლეთის  სიგნალი ყველასთვის, ვინც სთავაზობს პუტინთან მოლაპარაკებას  უკრაინაში ომის დასრულების კომპრომისულ ვარიანტებზე. სხვათა  შორის, ეს არის სიგნალი თვითონ პუტინისთვის, რომ დასავლეთი მასთან „შეთანხმებაზე“ არ წავა.  შესაძლოა,  ამან შეასუსტოს რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში მყოფთა პოზიციები, რომლებიც უკრაინის ომში კომპრომისების მომხრენი არიან  ან  სურთ მისი დასრულება ზავის გზით არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ, როგორც ამას ჩინელები ვარაუდობენ; და გააძლიერებს მათ პოზიციებს, ვინც მხარს უჭერს “ომს საბოლოო გამარჯვებამდე“  ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებით, რადგან “დასაკარგავი უკვე არაფერია”;

5. თუ უკრაინაში ომის დასრულების კომპრომისული ვარიანტი მაინც განხორციელდება და მსოფლიო ლიდერები (მათ შორის დასავლური) განაგრძობენ პუტინთან კომუნიკაციას, თითქოს არაფერი მომხდარა, ეს ნიშნავს, რომ ზემოთ აღწერილმა ყველა სიგნალმა ვერ იმუშავა. ეს ასევე ნიშნავს ჰააგის  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს,როგორც საერთაშორისო სადამსჯელო ინსტიტუტის კრახს. ამის შემდეგ მის მიერ გაცემულმა  დაპატიმრების ორდერმა, ნაკლებად სავარაუდოა,  ვინმე შეაშინოს.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს ჰააგის  სისხლის სამართლის საერთაშორისო  სასამართლომ პუტინის და  რუსეთის ფედერაციაში ბავშვთა უფლებების დაცვის უფლებამოსილი პირის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა. სასამართლოს განცხადებით, პუტინი, “სავარაუდოდ,  პასუხისმგებელია, ომის დანაშაულზე -მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე”.  ანალოგიურ ქმედებაში  ეჭვმიტანილია ომბუდსმენიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  ჰააგის  სისხლის სამართლის საერთაშორისო  სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“.

„რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და დაპატიმრების შესაძლო „რეცეპტები“, რომლებიც მოდის საერთაშორისო სასამართლოდან, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება“,  –  განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://strana.today/news/428475-chto-oznachaet-order-na-arest-putina-5-hlavnykh-vyvodov.html    

                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here