Home ახალი ამბები საქართველო “პატრიოტთა” თარეში

“პატრიოტთა” თარეში

847

ფსიქოპათი პატრიოტების თარეშმა მიიყვანა უზარმაზარი უკრაინა დაღუპვამდე. ფსიქოპათი პატრიოტების თარეში დაღუპავს პატარა საქართველოსაც, დროზე თუ არ ავლაგმეთ ეს მოურჩენელი ჭირი

Amnesty International-მა 29 ივლისს უკრაინის მთავრობას შეატყობინა იმ დასკვნის შესახებ, რომელიც ამ ორგანიზაციამ უკრაინის მხრიდან ომის წარმოებაში დაშვებული დარღვევების შესახებ გააკეთა. 6 აგვისტოს ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ადრე გაკეთებული დასკვნები სწორია და უკრაინის მხრიდან საქმე გვაქვს ომის წარმოებაში დაშვებულ უხეშ დარღვევებთან, კერძოდ, საუბარია საბრძოლო არსენალისა და მძიმე ტექნიკის მიზანმიმართულ განთავსებაზე სკოლების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, პირდაპირ ეზოებში. ამას პატრიოტული მოტივით აკეთებდნენ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ, თუკი რუსული არმია მათ ამ საბრძოლო არსენალზე იერიშს განახორციელებდა, ასეთ შემთხვევაში უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპებოდნენ, “პატრიოტინაცისტები კი მსოფლიოს გასაგონად იყვირებდნენ, რუსები მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენო. ასეთია ნაცისტური პატრიოტიზმის ბუნება და აზროვნების წესი.

ამ სტატიაში უკრაინის მოვლენებზე მეტად სწორედ პატრიოტიზმის არსზე მსურს საუბარი. სამშობლოს სიყვარული დაბადებიდანვე, ანუ, როგორც იტყვიან ხოლმე, დედის რძიდან დაჰყვება ადამიანს. სამშობლოა ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივაა, დედით დაწყებული და ცით, ზღვითა და მთებით დამთავრებული (“სამშობლოს მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა”, – ილია; “ცა -ფირუზ, ხმელეთ -ზურმუხტო”, – აკაკი).

განა შეიძლება ადამიანს არ უყვარდეს ის, რის შემადგენელ ნაწილსაც თვითონ წარმოადგენს?! განა შეიძლება ადამიანს არ უყვარდეს გარემო, რომელშიც სუნთქავს, ცხოვრობს, აზროვნებს, ფიქრობს, განიცდის, ოცნებობს, უყვარს, სწავლობს, შრომობს?! ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას, რუსთაველს ასე აქვს აღწერილი: თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან” უსამშობლოდ დარჩენა და ახლობელთაგან მოწყვეტით სიკვდილია ადამიანის ყველაზე დიდი უბედურება, – გვეუბნება ჩვენი დიდი წინაპარი. ამ სიტყვების თქმიდან შვიდი საუკუნის გასვლის შემდეგ, შინაგანი ჯანყით მოცული და ოცნების მერანზე ამხედრებული ტატო ბარათაშვილი, მართალია, ერთგვარი ქართული (ახალგაზრდული) დარდიმანდობითა და ხელგაშლილობით, მაგრამ ყველაზე დიდ დასაკარგად მაინც მამულს მიიჩნევს: რაა მოვშორდე ჩემსა მამულსა…” მისი ამბოხებული სული ამ თემას დიდხანს უტრიალებს, ამუშავებს, აშალაშინებს და საბოლოოდ იმავეს ამოიკვნესებს, რითაც დაიწყო: ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემსა წინაპართ საფლავებს შორის…”

მგონი, გადავაჭარბე. რა ციტატები და ფილოსოფიური განსჯა სჭირდება იმას, რომ სამშობლო უპირველესია (“სანამ გმირმა შენთვის სული დალია, თქვა: სამშობლო უპირველეს ყოვლისა!” – გალაკტიონი), მაგრამ, მიუხედავად ამისა, არის ერთი რამ, დიახაც, რომ სჭირდება განსჯა: ჯერ ეს შეკითხვა დავსვათ: ადამიანს პატრიოტობა სხვა ადამიანური მოვალეობებისგან ათავისუფლებს? როგორი წარმოსადგენია პატრიოტი, რომელსაც წაქცეულისთვის ხელის შეშველება არ ევალება ან ქურდობა არ ეკრძალება? ოგორ საზოგადოებას მივიღებთ, პატრიოტობის გამო ადამიანს შეღავათები რომ დავუწესოთ ან მისგან იურიდიული და მორალური კანონების შესრულება არ მოვითხოვოთ?! იცით, რატომ ვტკეპნი სათქმელს? ძალიან ბევრი ვიგინდარა სწორედ იმ შეღავათის გამო მიეტმასნა “პატრიოტიზმს”, რომელსაც აქედან მოელის. ინგლისელმა მწერალმა სამუელ ჯონსონმა მომდევნო თაობებს ანდერძივით დაგვიტოვა მწარე ნათქვამი: პატრიოტიზმი ვიგინდარათა უკანასკნელი თავშესაფარია!” დაახლოებით იგივე პათოსი იკითხება საბჭოთა უკრაინაში დაბადებული ებრაელი მწერლის იგორ გუბერმანის ნათქვამში, რომელშიც ღრმა აზრია ჩადებული: პატრიოტიზმი შესანიშნავი გრძნობაა, რომელიც არ არსებობს მისთვის, ვინც მას ხმამაღლა წარმოთქვამს“. რაღა შორს მივდივართ, ჩვენი დიდებული გურამ დოჩანაშვილიც ხომ ასე ამბობდა: ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება. სამშობლოს სიყვარულით წარამარაობა არ შეიძლებაო, პატრიოტიზმის შესახებ განცხადებების ნაცვლად პატრიოტული ქმედებები წამოწიეთ წინა პლანზეო.

ჰოდა, რანაირი პატრიოტიზმია ის, რამაც უკრაინელ ნაცისტებს მძიმე სამხედრო ტექნიკა საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში შეათრევინა ან ხალხმრავალ ქუჩებში ჩააყენებინა იმ გათვლით, რომ რუსი სამხედროების მიერ მათზე იერიშის განხორციელების შემთხვევაში უდანაშაულო მოქალაქეები დაღუპულიყვნენ?! ამას შეიძლება პატრიოტიზმი ეწოდოს? ან როგორ მოიქცეს ასეთ შემთხვევაში ის პატიოსანი უკრაინელი, რომელსაც სამშობლოც უყვარს, მაგრამ სიმართლესაც ვერ გაურბის, რა თქვას, უკრაინის ხელისუფლება სწორად იქცევაო? თითქოს სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვისო, მარკ ტვენი ამბობს: პატრიოტი თუ ხარ, უნდა თქვა და იმეორო, – ეს ჩვენი სამშობლოა, მიუხედავად იმისა, მართალია იგი თუ არა. განა სრულიად ნათელი არ არის, რომ ამ წინადადებით უკვე შეურაცხყოფ სამშობლოს?პატრიოტობა განა იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც, როდესაც შენი სამშობლოს სახელით მიღებული გადაწყვეტილება არამხოლოდ უსამართლო, არამედ საზიანოცაა შენი ხალხისთვის, იძახო და იმეორო, ეს სწორი გადაწყვეტილებააო? იქნებ პირიქით არის, სამშობლოს სიყვარული უვარგისი გადაწყვეტილების მიმღებთა მხილებასა და იმ სიმართლის თქმაშია, რომელიც შესაძლებელია იმ დროისთვის სულაც არ იყოს პოპულარული. ალბათ, ასეა. სხვანაირად შეუძლებელია, რომ იყოს. ჩემი ამ პოზიციის სისწორეს შარლ ლუი დე მონტესკიეს მიერ სამი საუკუნის წინათ ნათქვამი ეს აზრიც ადასტურებს: ყოველი მოქალაქე ვალდებულია, მოკვდეს სამშობლოსთვის, მაგრამ არავინ არ არის ვალდებული, იცრუოს მისთვის“. მე დავამატებდი: უზნეობისა და უსაქციელობის გამართლება სამშობლოს სიყვარულით ორმაგი უზნეობა და უსაქციელობაა.

აჰა, უაღრესად უსიამოვნო სათქმელსაც მივადექი:

ბიჭო, ქართველო, თბილისში ჩამოსულ რუს ბავშვს, დედის მიერ ნაყიდ ხაჭაპურზე რომ დაუფურთხე, ეს სამშობლოს სიყვარულმა ჩაგადენინა? შენ, პატრიოტად კი არა, ქართველადაც ვერ ჩაითვლები იქამდე, სანამ ვერ გაიაზრებ, რომ ის, რაც ჩაიდინე, სამშობლოს სიძულვილია, ვინაიდან შეუძლებელია, ადამიანმა საკუთარ ქვეყანა იმაზე მეტად დააზიანოს ვიდრე შენ დააზიანე!

ვერც რუსეთისა და ვერც რომელიმე სხვა ხალხის სიძულვილი ვერ იქნება სამშობლოს სიყვარულის საზომი, ეს მხოლოდ საკუთარი დაცემულობის საზომია. ისტორიის არც ერთ მონაკვეთში არც ერთ ხალხს არ მიუყენებია იმდენი ზიანი სხვა ხალხისთვის, რამდენიც ფაშისტურმა გერმანიამ _ საბჭოთა ხალხს, მაგრამ სტალინს გულშიც არ გაუვლია, საზოგადოებაში გერმანელი ხალხის სიძულვილი ან გერმანული კულტურის მიმართ ზიზღისა და მიუღებლობის  დანერგვა. პირიქით, მან ასე თქვა: ჰიტლერები მოდიან და მიდიან, გერმანელი ხალხი და გერმანული სახელმწიფო კი რჩება“.

ვაჟაფშაველამ ჯოყოლას პირით ნათქვამი ეს ლიტერატურული და ზნეობრივი შედევრი დაგვიტოვა: დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა…” გესმის, ჩემო ვერშემდგარო ქართველო? შენ სტალინის თანამემამულე ხარ, შენ ვაჟას თანამემამულე ხარ. მართალია, სულაც არ გევალება, მათ სიმაღლეს სწვდებოდე, მაგრამ ის კი, დიახაც, გევალება, საკუთარი ერის ზნეობრივი სულისკვეთება და მიმართულება გესმოდეს. იმ რუს ბავშვს შენ უდიდესი შეურაცხყოფა და მოუშუშებელი ტრავმა მიაყენე. გეკითხები: რით დაიმსახურა მან ასეთი სასტიკი მოპყრობა, იმით, რომ რუსია? ან იქნებ იმით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული? შენ ხომ იცი, რომ ამაში შენ მიერ დაჩაგრული უსუსური მოზარდის დანაშაული არ ურევია და არც შეიძლება ერიოს, ამიტომ შენ მიერ გამოვლენილიპატრიოტიზმიმთელი ჩვენი ერისთვის ჩირქის მომცხები, სამარცხვინო მოვლენაა.

მეტსაც გეტყვი: ეს ის დანაშაულია, რომელიც არა მხოლოდ ჩამდენს ან მის მშობელ ერს ახასიათებს უარყოფითად, არამედ თვითონ პატრიოტიზმს, როგორც კონკრეტულ ადამიანთა უფაქიზეს გრძნობას და, თუ გნებავს, როგორც ფილოსოფიურ კატეგორიას ანგრევს და აცამტვერებს. აი რას წერდა ბრიტანელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი ამგვარი “პატრიოტიზმის” შესახებ: “პატრიოტიზმი ეს არის მზადყოფნა, მოკლა ან მოგკლან ტრივიალური მიზეზით.” ამ დამახინჯებულ “პატრიოტიზმზე”  უფრო მკვეთრი აზრი აქვს გამოთქმული ალბერტ აინშტაინს: “მე ისე ვერ ვიტან უაზრო სისასტიკესა და მთელ გულისამრევ ნონსენსს იმისა, რაც ერთიანდება სიტყვა პატრიოტიზმში, რომ მზად ვარ, ამკუწონ და დამანაწევრონ, ვიდრე ვიქცე ნაწილად ამგვარი აქციისა.” პატრიოტიზმის ამ გადაგვარებულ ფორმას განზოგადებულ ფილოსოფიურ ჩარჩოში სვამს იოჰან ვოლფგანგ გოეთე: “პატრიოტიზმი აფუჭებს მსოფლიო ისტორიას.” ბერნარდ შოუ კი უფრო შორს, თითქმის დაუნდობლობამდე მიდის: პატრიოტიზმი არის დამანგრეველი, ფსიქოპათიური ფორმა იდიოტიზმისა“. წრეგადასული და საკუთარი თავის საწინააღმდეგო მოვლენაში გადასული “პატრიოტიზმის” შეფასებაში ყველაზე მეტ სისასტიკეს ოსკარ უაილდი იჩენს: “პატრიოტიზმი დიდი გაცოფებაა. იგი მისი შინაარსით აგრესიაა, პატრიოტები კი ბოროტი ადამიანები არიან”. მიხვდი, ჩასწვდი რამეს, ვერშემდგარო პატრიოტო და კიდევ უფრო ვერშემდგარო ქართველო? მეტი არაა ჩვენი მტერი, შენ რამეს მიხვდე, მაგრამ მე თავს მაინც ვალდებულად ვთვლი, ეს გითხრა, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩემი ნათქვამი შენთან ერთად სხვებსაც ესმით.

სამწუხაროდ, ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში “პატრიოტიზმით” გაცოფებულ და გაბოროტებულ ადამიანებს ვუყურებთ, რომლებმაც, სიძულვილის გარდა, ყველა სხვა გრძნობა და თვისება დაკარგეს და ერისთვის მოუშორებელ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჭუჭყად და სიბინძურედ ჩამოყალიბდნენ. ისინი სწორედ პატრიოტიზმის ქურქში გახვეულნი დათარეშობენ  ქვეყანაში და ხან ეთნოკონფლიქტებისკენ, ხან სამოქალაქო ომისკენ, ხან სხვა სახელმწიფოებთან ომისკენ ახლაც ისევე მიგვაქანებენ, როგორც ადრე მიგვაქანებდნენ. ისინი, კოლექტიური დასავლეთის სპეცსამსახურების დავალებით, წლების განმავლობაში აღვივებენ რუსოფობიას, ისევე, როგორც ამას ადოლფ ჰიტლერი აკეთებდა ებრაელების, სლავების, ბოშების და სხვა ხალხების მიმართ.

რუსოფობია, რომელიც რუს ხალხს არაფრით არ დაუმსახურებია, დასავლეთის სპეცსამსახურების ლაბორატორიებში ხელოვნურად გამოყვანილი ის საშიში ვირუსია, რომელიც შეიძლება გლობალურ კატასტროფას დაედოს საფუძვლად. დასანანია, რომ ეს ვერაგი ბაცილა ისტორიული ტოლერანტობით განთქმულ საქართველოშიც იკიდებს ფეხს და არასასურველ მასშტაბებს იძენს. კვლავ ბერნარდ შოუს თუ მივუბრუნდებით, სწორედ ფსიქოპათი პატრიოტების თარეშმა მიიყვანა უზარმაზარი უკრაინა დაღუპვამდე.

ფსიქოპათი პატრიოტების თარეში დაღუპავს პატარა საქართველოსაც, დროზე თუ არ ავლაგმეთ ეს მოურჩენელი ჭირი და უბედურება.

ვალერი კვარაცხელია

P.S. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინას მოუწოდებს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დაცვისკენ, _  ასე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი სტეფან დიუჟარიკი Amnesty International-ის მოხსენებას, სადაც უკრაინელი სამხედროები დაადანაშაულეს ომის წარმოების პროცესში საერთაშორისო სამართლის ნორმები უხეშ დარღვევაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here