Home ახალი ამბები საქართველო ოპოზიციაც და დასავლეთიც ერთ ხმაში ცდილობენ, გმირად წარმოაჩინონ ადამიანი, რომელმაც  პოლიციელის ცოცხლად...

ოპოზიციაც და დასავლეთიც ერთ ხმაში ცდილობენ, გმირად წარმოაჩინონ ადამიანი, რომელმაც  პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა

გვამი ან „ორი გვამი“ სჭირდება, როგორც ოპოზიციას, ისე დასავლეთს, რათა ხელისუფლება შეირყეს და მისი შეცვლა რეალურად შეიძლებოდეს

237
ლაზარე გრიგორიადისი

რუსთაველის გამზირზე მარტში გამართულ აქციებზე ყველაზე დასამახსოვრებელი იყო სამართალდამცავების მისამართით ნასროლი მოლოტოვის კოქტეილები და პოლიციის ალმოდებული მანქანა. ცეცხლმოკიდებული პოლიციელების ხილვა  საამო საყურებელი ნამდვილად არ გახლდათ და, საბედნიეროდ, ყველა მათგანი გადარჩა, მაგრამ არაერთმა დამწვრობა მიიღო და რამდენიმეს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ჰოდა, სწორედ მაშინ, როცა გვეგონა, რომ არა მხოლოდ უკლებლივ ყველა ქართველი პოლიტიკოსი დაგმობდა ამ ქმედებას, არამედ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატებიც იტყოდნენ, რომ ასეთი რამ დაუშვებელია, ოპოზიციამ ტაში შემოსცხო, – ახალმა თაობამო ევროპული პროტესტი ისწავლაო, და დასავლეთმაც კვერი დაუკრა. თურმე პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა დასავლური პროტესტის ფორმა ყოფილა და, რაც მთავარია, მისაღები და ძალიან კარგი. ისე, დასავლურ ღირებულებებს რომ გვტენიან ცხვირში, გამოდის, სამართალდამცველის მოკვლაც დასავლური ღირებულების ნაწილია და მშვიდად უნდა მივიღოთ.

საბედნიეროდ, ძალოვნებმა მოახერხეს დანაშაულში ეჭვმიტანილი ახალგაზრდის, ლაზარე გრიგორიადისის, დაკავება და მთავარი ამბავიც ამის შემდეგ დაიწყო. სანამ პოლიციელები დამნაშავის ვინაობას გაარკვევდნენ, ოპოზიციის ლიდერები ერთ ხმაში ამბობდნენ, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და ავტომობილის დაწვა, „ქართული ოცნების“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო და ამას მათი მხარდამჭერი არ იკადრებდა.  მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ მოლოტოვის კოქტეილი სწორედ ოპოზიციის მხარდამჭერმა ისროლა, ერთხმად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ის გმირია. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ, თუ ქართველი პოლიციელები ვერ მოახერხებდნენ გრიგორიადისის იდენტიფიკაციას, ოპოზიცია ბოლომდე „მიაწვებოდა“ ვერსიას, რომ  პროვოკაცია „ოცნებამ“ მოაწყო.

დააკავეს გრიგორიადისი და პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო ადვოკატად დაუდგა. მეტიც, მის მხარდასაჭერად აქციები გაიმართა და პლაკატებიც გამოჩნდა: „ლაზარე გმირია“.  არასამთავრობოები და ოპოზიციის ლიდერები გმირად აცხადებენ ადამიანს, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა დააპირა და ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ უბრალოდ „არ გაუმართლა“ და ისინი გადარჩნენ. გმირად აცხადებენ პირს, რომელმაც სახელმწიფოს პოლიციის მანქანის დაწვით 40 ათასი ლარის ზარალი მიაყენა. ოპოზიცია გაოცებას ვერ მალავდა, როცა სასამართლომ  გრიგორიადისს  წინასწარი პატიმრობა  შეუფარდა, აქაოდა, ლაზარე გმირია, დაპატიმრება როგორ გაუბედესო. მისი ადვოკატების არმიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა…  საბედნიეროდ, სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ  საჩივარი დაუშვებლად ცნო; საბედნიეროდ იმიტომ, რომ, სააპელაციოს საჩივარი რომ მიეღო და დაეკმაყოფილებინა, ეს იქნებოდა პირდაპირი მინიშნება ყველასთვის, რომ საქართველოში სამართალდამცველთა მკვლელობა, ავტომობილების დაწვა და ნებისმიერი სხვა ქმედება დაუსჯელი დარჩება, თუ ამ ყველაფერს ოპოზიციის სახელით გააკეთებ. არაერთხელ დაგვიწერია, რომ ოპოზიციის სახელით ჩადენილ დანაშაულებზე (მსხვილმანსა თუ წვრილმანზე) ხელისუფლება თვალს ხუჭავდა, დაუსჯელობის სინდრომს აღვივებდა და მივედით გრიგორიადისის საქმემდე – მან ადამიანების ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა და არა მხოლოდ შინაგანად იყო დარწმუნებული, რომ არ დაიჭერდნენ, არამედ ახლაც თავისუფლებისთვის იბრძვის და ისეთ პრეტენზიებს უყენებს ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ბოდიშის მოხდას ელოდება.

ცნობისათვის: გრიგორიადისის ადვოკატებმა საჩივარი შეიტანეს, ჩვენს კლიენტს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თმა გადაპარსეს, მას კი ამის სურვილი არ ჰქონიაო. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო და ეს იმის მიუხედავად, რომ… „დაწესებულებაში მიღებისას, ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგელობის უფლებას. მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით“, – ეს განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა და თვითონ  დაკავებულის ხელმოწერით დასტურდება, მაგრამ მტკიცებით ფორმაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადვოკატებთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, პროტესტი გამოეთქვა და ყურადღება მიეპყრო, რაც გამოუვიდა კიდეც. ამის გამო ოპოზიციაც აღშფოთდა, აქაოდა, ხელისუფლება განსხვავებულ ვარცხნილობას ვერ იტანს და პიროვნებას დევნისო(?!). არც ერთ მათგანს არ გახსენებია ის, რომ ნაციონალების მმართველობის პერიოდში გლდანის ციხეში 1 სანტიმეტრზე მეტად გაზრდილი თმა ცემით ისჯებოდა, 2 დღის გაუპარსავი წვერი ცემით ისჯებოდა და ახლა ითხოვენ, გრიგორიადისს პარფიუმერია შეუტანეთ, სახე რომ მოიხატოსო. თმის გადაპარსვაზე ნებართვა კი არა, ნაციონალების დროს პატიმრებს სარკეს არ აძლევდნენ და ერთმანეთს პარსავდნენ თმასაც და წვერსაც, ციხის ჯალათებს რომ არ ეცემათ… ახლა  ტანსაცმელი რომ შემოიხიეს ევროპარლამენტარებმა და ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი აქციაზეც კი მივიდა, – გრიგორიადისი არ დამიჩაგროთ, გმირია ეგ ბიჭიო, ნაციონალების მმართველობის პერიოდში სად იყვნენ? მაშინ რატომ არ ამბობდნენ, პატიმრებს პირუტყვივით ცემენ და ეგებ ვუშველოთო? მაშინ რატომ არ გადიოდნენ ოპოზიციის აქციებზე და რატომ არ უდგებოდნენ გვერდით? სად იყვნენ 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევისას, სისხლში რომ აბანავეს მთელი ერი? პრინციპში, 26 მაისს რუსთაველზე იყვნენ, სააკაშვილთან ერთად გამარჯვების აღლუმი ჩაიბარეს, როცა საკუთარ ხალხზე გამარჯვებას ზეიმობდა დიქტატორი. ქალბატონი ვიოლა პარიზში რატომ არ ჩავიდა (გერმანიიდან საფრანგეთი უფრო ახლოსაა) და რატომ არაფერი თქვა, მაკრონის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის 400-ზე მეტი მონაწილე რომ დააკავა, გმირები არიან და გამოუშვითო? მათაც დაწვეს მანქანები („მოლოტოვის კოქტეილები“  სამართალდამცავების მხარეს არ უსვრიათ), ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციას და სწორედ ამის გამო დააკავეს. თუ საფრანგეთს აქვს უფლება, სამართალი აზეიმოს და დამნაშავე გისოსებს მიღმა ჩასვას, ჩვენ კი სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებული ყოფილი პრეზიდენტით დაწყებული,  ქუჩის ხულიგნით დამთავრებული, არავის დაკავების უფლება არ გვაქვს, რადგან ისინი ოპოზიციის სახელით მოქმედებენ. ყველაზე საგანგაშო  არის ის, რომ ოპოზიციაც და დასავლეთიც ერთ ხმაში ცდილობენ, გმირად წარმოაჩინონ ადამიანი, რომელმაც პოლიციელის მკვლელობა, მისი ცოცხლად დაწვა სცადა. მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილი“  სასიკვდილოდ არ დააზიანებდა ერთ ან რამდენიმე სამართალდამცველს, რომ ცოცხლად არ დაწვავდა იმ ადამიანებს, რომლებიც სხვების და თვითონ გრიგორიადისის უსაფრთხოებას იცავდნენ იმ საღამოს. ასეთ ადამიანზე გვეუბნებიან დასავლელი პარტნიორები, რომ გმირად უნდა შევრაცხოთ და ციხიდან უნდა გამოვუშვათ, რათა სხვა დროს გამართულ აქციებზე უკვე ერთი კი არა, ათი და ასი გრიგორიადისი იყოს და ას „მოლოტოვის კოქტეილს“ აუცილებლად მოჰყვება მსხვერპლი. გვამი  ან „ორი გვამი“ სჭირდება, როგორც ოპოზიციას, ისე დასავლეთს, რათა  ხელისუფლება შეირყეს და მისი ცვლილება რეალური გახდეს. ეს კარგად იცის ოპოზიციამ, ისიც კარგად დაინახეს, რომ, თუ ახალგაზრდებს მოატყუებს და ქუჩაში საპროტესტოდ გამოიყვანს, ლაზარეს მსგავსი  ასი პროტესტანტის შემთხვევაში, არეულობის მოწყობა ძალიან მარტივი იქნება, მერე კი ზუსტად ისე გაშლიან ხელებს, როგორც ახლა გაშალეს – ჩვენ მშვიდობიანი აქცია გვქონდა, უბრალოდ, ახალგაზრდებმა ვერ შეიკავეს თავი და ასე მძაფრად გააპროტესტესო.

აქციია მონაწილეებმა  პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

ამინდის გამოსვლასთან ერთად, ოპოზიცია გრძელვადიანი აქციებისთვის ემზადება, ღამით ქუჩაში დარჩენით, ცეცხლის დანთებით… მათ იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდებს ისევ გამოიყვანენ გარეთ და ყველაზე კრიტიკულ მომენტში სწორედ მათი ხელით შეეცდებიან, უკვე მერამდენედ, რუსთაველის ცეცხლის ალში გახვევას. მერე რა, რომ ამ ყველაფერმა, შესაძლოა, არა ერთი და ორი ადამიანი იმსხვერპლოს… მთავარი ხომ ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების აღებაა, მერე კი… მერე, დასავლეთი ზუსტად ისე დახუჭავს თვალს ყველანაირ ძალადობასა და ადამიანების უფლებების დარღვევაზე, როგორც მანამდე ხუჭავდა, რადგან  დასავლეთისთვის მთავარი ყოველთვის იყო საქართველოს პოლიტიკური კურსი  და არა კონკრეტული ადამიანების ბედ-იღბალი. ჰო, დასავლეთი მზად არის, უკრაინის შემდეგ სამსხვერპლოზე აიყვანოს საქართველო, ამიტომ დასავლეთს  ძალიან არ მოსწონს, რომ საქართველო  ამისთვის მზად არ არის –  მოქმედ ხელისუფლებას არ სურს ომში ჩართვა და ქვეყნის ცეცხლის ალში გახვევა. დასავლეთისთვის უკვე ნერვების მომშლელია მშვიდობა, გამყარებული ეროვნული ვალუტა, რუსეთთან გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები,  ეკონომიკის ზრდა, სოციალური კეთილდღეობა. ეს არ შედის მათ გეგმაში, რადგან ადამიანებს უჩნდებათ დოვლათი და აქვთ  მისი დაკარგვის შიში, ანუ ისინი ომს დასავლეთის უდიდესი ძალისხმევის შედეგადაც კი არ დაიწყებენ… ამიტომ აქვთ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს მძაფრი რეაქცია ნებისმიერ რამეზე, ამიტომ ცდილობენ, შექმნან ფონი, რომ ოპოზიციაში ყოფნა დაუსჯელობის ტოლფასია და კონკრეტული ადამიანები არ დაისჯებიან ზუსტად ისე, როგორც არ ისჯებოდნენ, როცა ხელისუფლებაში ნაციონალები იყვნენ და მათ  აქტივს  ყველაფრის უფლება ჰქონდა… მკვლელობისაც კი…

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here