12 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაფაროვმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა ყირგიზეთში “უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა” შესახებ კანონპროექტის გამო, გაუგზავნა წერილი, რომელშიც აშშ-ის მოქმედებები შეაფასა, როგორც ყირგიზეთის საშინაო საქმეებში ჩარევა. საქმე ის არის, რომ ყირგიზეთში გადაწყვიტეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღება, ზუსტად ისეთის, როგორიც არის ამერიკული FARA, რომლის მსგავსის მიღებას საქართველოშიც აპირებდნენ, მაგრამ ქვეყანაში მოქმედი მეხუთე კოლონის ძალისხმევით “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონს “რუსული კანონი” უწოდეს, არეულობა გამოიწვიეს და კინაღამ ქვეყანა ააყირავეს…
ყირგიზეთის პრეზიდენტი წერს, რომ “უცხო ქვეყნების წარმომადგენლების“ შესახებ კანონპროექტის კონცეფცია ახლოსაა აშშ-ში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის კონცეფციასთან, რომელიც ცნობილია, როგორც FARA და რომელიც მიიღეს 1938 წელს.
„როგორც ვიცით, კანონი FARA ითვალისწინებს უცხოური გავლენის აგენტის სტატუსს არა მხოლოდ მედიისთვის, არამედ სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისთვისაც. დარღვევები _ რეგისტრაციის გაჭიანურება ან რეგისტრაციაზე უარის თქმა _ გამოიწვევს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის სასჯელს, ამიტომ შეუძლებელია, არ გაჩნდეს კითხვა: რატომ არის ეს თქვენთვის შესაძლებელი, ჩვენთვის კი _ არა?
ჩვენ თანაბარუფლებიანი პარტნიორები ვართ. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველა სფეროში, მაგრამ მაქვს ერთი თხოვნა _ ჩვენს საშინაო საქმეებში ნუ ჩაერევით”, _ განუცხადა ბლინკენს სადირ ჟაფაროვმა.
საქართველოში ანალოგიური კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტის დასაწყისში კინაღამ სახელმწიფო გადატრიალება გამოიწვია… ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, შეპასუხებოდა ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს და იძულებული შეიქნა, კანონი უკან გაეწვია.
ყირგიზეთი, ისევე როგორც საქართველო, პოსტსაბჭოური ქვეყანაა. რატომ ვერ გაუბედა საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკას ის, რაც გაბედა ყირგიზეთის პრეზიდენტმა? _ ამ თემაზე გვესაუბრება ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე:
_ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში დასავლური დაფინანსებით მუშაობენ, ამერიკისა და ევროპის აგენტურას წარმოადგენენ. ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს.
უცხოელები არასამთავრობოებს აფინანსებენ, ჩვენ კი გვარწმუნებენ, რომ ეს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის კეთდება. სურთ, დაგვარწმუნონ, ფულს ხარჯავეენ იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი გვექნეს _ დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. ასე ხდება ყირგიზეთშიც და ყველგან.
ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეემოწმებინა, მუშაობენ თუ არა თავიანთი პროფილით არასამთავრობოები, ვისგან მისდით ფული, მაგრამ ამერიკამ მაშინვე პროტესტი გამოთქვა. აი ეს ფაქტი გვაძლევს დასკვნის გამოტანის საშუალებას _ არასამთავრობოები შექმნილია აგენტობისთვის, აგენტების გაშიფვრა კი არავის სჭირდება.
_ ანალოგიური რამ მოხდა ყირგიზეთშიც, მაგრამ გაბედა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ამერიკისთვის უარის თქმა, შეპასუხება, საქართველოს ხელისუფლებამ _ ვერა…
_ საქართველოში არასამთავრობოები გაცილებით ძლიერი არიან, ვიდრე ყირგიზეთში ან სხვა რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.
ჩვენ ვნახეთ, რა მოჰყვა, როგორც თვითონ დაარქვეს, ე.წ. რუსული კანონის მიღების მცდელობას _ ამ ამბავს კინაღამ ქვეყანა გადაჰყვა, ცოტაც და სახელმწიფო გადატრიალება მოხდებოდა. ხელისუფლებამ ვერაფერი მოიმოქმედა, რადგან მიხვდა, რომ არასამთავრობოებს ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერით იმავეს გაკეთება შეეძლოთ, რაც 2003 წელს მოხდა.
_ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც რომ ეთქვათ ბლინკენისთვის ის, რაც ყირგიზეთის პრეზიდენტმა განუცხადა _ ქვეყნის საშინაო საქმეებში ნუ ჩაერევითო, არასამთავრობოები მაინც მოახერხებდნენ ქვეყნის არევას? გეოპოლიტიკურად საქართველო ხომ უფრო მეტად სჭირდება ამერიკასა და ევროპას, ვიდრე ყირგიზეთი? ჩვენები ამერიკელებს რომ შეპასუხებოდნენ, იქნებ დაენებებინათ თავი და არასამთავრობოები არეულობის მოწყობას ვერ გაბედავდნენ…
_ მაინც გაბედავდნენ არასამთავრობოები ვითარების არევას, რადგან ისინი დამკვეთებს ემორჩილებიან.
ამერიკა-ევროპისთვის ყირგიზეთი არ არის იმ დონის ინტერესის სფერო, როგორიც საქართველოა, და სწორედ ეს არის საქმე. იქ ამერიკელებმა შეიძლება მიიღონ უარი ყირგიზებისგან და დაანებონ თავი, მაგრამ აქ ამას არ დაუშვებენ. ყირგიზეთს არ ჰყავს ჩვენნაირი ძლიერი არასამთავრობოები. იქ არ აქვთ ჩადებული უცხოელებს იმდენი ფული, რამდენიც ჩვენთან. ყირგიზეთში არეულობის მოწყობის ძალა არ აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იქ აგენტურა ძლიერი არ არის. საქართველოს ხელისუფლება ფრთხილია აგენტურასთან.
ჩვენს პრობლემას მალე მოაგვარებს ამერიკაში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან იქ სხვა ძალები მოვლენ ხელისუფლებაში. ამაში დარწმუნებული ვარ. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორი პარლამენტი გვეყოლება 2024 წლის ბოლოს, რადგან მალე სხვა რეალობაში გავიღვიძებთ.
_ ცვლილება, რომელზეც თქვენ საუბრობთ, იგრძნო ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ჩვენმა ხელისუფლებამ _ ვერა…
_ ჩვენებიც გრძნობენ, მაგრამ განსხვავება არის ის, რომ აგენტურას საქართველოში ხელისუფლების დამხობა შეუძლია, ყირგიზეთში კი ამას ვერ მოახერხებენ. აქ ვერ გაანეიტრალეს არასამთავრობოები ისე, რომ სახიფათო აღარ იყვნენ. ხელისუფლების დანაშაული არის ის, რომ ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების, ამ აგენტების საპირწონე ვერაფერი შექმნა 12 წლის განმავლობაში. აგენტების გაძლიერება მეორე მხარის არარსებობამ განაპირობა. ხელისუფლებას არ ჰყავდა კვალიფიციური კადრები, პასუხი რომ გაეცა “აგენტების შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეებისათვის.
სახელმწიფოს ქვეყნის შიგნით უნდა შეექმნა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც თვითონ დააფინანსებდა და რომლებიც ქვეყნის ინტერესების დასაცავად იბრძოლებდნენ. ეს ორგანიზაციები უნდა ყოფილიყვნენ იმაზე ძლიერი, ვიდრე გარედან დაფინანსებულები. ბიზნესი უნდა გაეთავისუფლებინათ გადასახადებისგან და მათ დაეფინანსებინათ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. რატომ არ გააკეთა, ამაზე თვითონ უნდა გაგვცენ პასუხი.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი