Home ახალი ამბები საქართველო მშვიდობის (მცირე) მანიფესტი

მშვიდობის (მცირე) მანიფესტი

მოშლილი კომპასი და არეული ვექტორები

902
მშვიდობის (მცირე) მანიფესტი

საქართველო ისტორიული შემობრუნების წინაშე დგას.

ცრუ პოლიტიკური პათოსი დასავლური ვექტორისა და ევროპულ სამოთხის შესახებ წარსულს ბარდება. ევროპის მიმართ ჩვენს ცალმხრივ სიყვარულს გამოძახილი არ მოჰყვა და ქორწინება ვერ შედგა. გაგვაბახეს და წიხლი გვკრეს.

კარზე კი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა გვიკაკუნებს, რომელიც დაასრულებს ერთპოლუსიანობის ეპოქას. ეს არც ვინმეს დამსახურება იქნება და არც ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება, ამას ისტორიის კანონზომიერება გადაწყვეტს და ბოროტებაზე სიკეთის უცილობელი გამარჯვების ზებუნებრივი მისტერია მოიტანს.

ზოგჯერ ხდება, რომ სიკეთე და ბოროტება ერთმანეთში ისე აირევა, გარჩევა შეუძლებელია. ზოგჯერ კი, პირიქით, თავისთავად ლაგდება ყველაფერი: სიკეთე ერთ მხარეს აღმოჩნდება, ბოროტება – მეორე მხარეს. დღეს, როდესაც დედამიწაზე გაჩნდა გეოგრაფიული და პოლიტიკური წერტილი, სადაც ნეოფაშიზმმა ისევე იფეთქა, როგორც გასული საუკუნის იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში, სიკეთე და ბოროტება ერთმანეთისგან ძნელი გასარჩევი აღარაა. მსოფლიო ბოროტებამ უკრაინის ფაშისტურ რეჟიმს დაუჭირა მხარი, რუსეთი კი უკრაინელი ხალხის განთავისუფლებას ცდილობს იმ უკიდეგანო ბოროტებისგან, რომელიც, უკრაინაში თუ გაიმარჯვა, მსოფლიო მასშტაბის აგრესიულ უწმინდურებად ჩამოყალიბდება. სწორედ უკრაინა იქნება ის გეოგრაფიულ-პოლიტიკური წერტილი, სადაც აღმოცენებული ჭირი შესაძლებელია მთელ პლანეტას მოედოს, ამიტომ რუსეთის ომი უკრაინაში არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ მსოფლიოს გადასარჩენად წარმოებული ომია.

ასე მარტივად და თავისთავად გაიმიჯნა ერთმანეთისგან სიკეთე და ბოროტება – ერთი ერთ მხარეს აღმოჩნდა, მეორე მეორე მხარეს. დღეს შეუძლებელია ვერშემჩნევა და არდანახვა ამისა, თუმცა “ყოვლისშემძლე” დასავლეთში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბოროტება სიკეთედ, სიკეთე კი ბოროტებად მონათლონ.

– რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. იგი ომს აწარმოებს. ყოველდღიურად ათასები იხოცებიან, განა ეს ბოროტება არ არის?! – გაჰკივიან სინდისთან მწყრალად მყოფი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ევროპასა და ამერიკაში.

– რუსეთი ბოროტებაა, იგი ბრძოლის ველზევე უნდა დავამარცხოთ! – გაისმის მათი კივილის ექო საქართველოში.

ომი ყოველთვის ბოროტებასთანაა წილნაყარი, მაგრამ შინაარსი მას ზოგჯერ სიწმინდეს სძენს. “წმინდა ომის” ცნება იცის მსოფლიოს ისტორიამ. სიკეთის მიერ ბოროტების წინააღმდეგ წარმოებული ომიც ომია, მაგრამ აუცილებელი და სამართლიანი (წმინდა) ომია. ომის აუცილებლობის შემთხვევაში, ომის წარმოება კი არა, ომზე უარის თქმაა დანაშაული. დააკვირდით, რა ღრმა აზრია ჩაქსოვილი ამერიკელი მწერლის რობერტ პენ უორენის ნათქვამში: “სიკეთე ბოროტებისგან უნდა შექმნათ, ვინაიდან სხვა არაფერი გაგაჩნიათ, რისგანაც მისი გამოძერწვა იქნებოდა შესაძლებელი!”

შესანიშნავია, დიდებულია, ბრწყინვალეა, ფილოსოფიურია!

ომის დროს მხოლოდ ომისგან იძერწება მშვიდობა – ბოროტების ამლაგმავი ომისგან! ვის შეუძლია ამის გაკეთება? მხოლოდ სიკეთეს, ვინაიდან, ბოროტებას ვინმე თუ აღუდგება, ის უკვე სიკეთეა! სიკეთეს თუ აღარ ძალუძს ბოროტებას აღუდგეს, ის უკვე აღარაა სიკეთე, მეტიც. ნახეთ, რა კარგად მსჯელობს დიდი ინგლისელი მწერალი ოსკარ უაილდი: “დაუძლურებული სიკეთე უკვე ბოროტებაა!”

საბჭოთა კავშირი (სოციალური სამართლიანობის განმახორციელებელი და ევროპული ფაშიზმისთვის აღვირის ამომდები ზესახელმწიფო) თავისთავად იყო სიკეთე, მაგრამ დაუძლურებული საბჭოთა კავშირი (მიხეილ გორბაჩოვის ეპოქა) ბოროტებად იქცა; რუსეთი მისი განმათავისუფლებელი იდეითა და მესამე რომის მისიით თავისთავად იყო სიკეთე, მაგრამ დაუძლურებული რუსეთი (ბორის ელცინის ეპოქა) ბოროტებად ჩამოყალიბდა.

დღევანდელი რუსეთი (ვლადიმერ პუტინის ეპოქა) თუკი ისე დაჩაჩანაკდებოდა, რომ უკრაინას, როგორც დასავლური ნეოფაშიზმის ციტადელს, ვერ დაუპირისპირდებოდა, იგი ბოროტების შემადგენელ ნაწილად, უარეს შემთხვევაში კი, მის უბადრუკ დანამატად გადაიქცეოდა თავადაც. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. რუსეთს, მატერიალურ რესურსთან ერთად, იმის სულიერი პოტენციალიც აღმოაჩნდა, რომ კოლექტიურ დასავლეთს (ერთად აღებულს) აღუდგეს და შეაკავოს!

ეს მებრძოლი სიკეთეა!

ეს მშვიდობის მომტანი სიკეთეა!

დასავლეთი ჟონგლიორობს თავისუფლებით, დემოკრატიითა და ადამიანის უფლებების დაცვით, მაგრამ მოაქვს მონობა, ძალმომრეობა და გარყვნილება!

ეს მებრძოლი ბოროტებაა!

ეს ომის მთესველი ბოროტებაა!

ომსა და მშვიდობაზე გადის სიკეთისა და ბოროტების ზღვარი. ომით იწყება საზოგადოებრივი უბედურება, მშვიდობით იწყება საზოგადოებრივი ბედნიერება! მშვიდობა სუბსტანციური მოვლენაა, რომელზეც უნდა დაფუძნდეს საზოგადოებრივი კეთილდღეობა, განვითარება და ბედნიერება! ომიც სუბსტანციური მოვლენაა, რომელზეც ფუძნდება სისხლისღვრა, ნგრევა, ქაოსი და საზოგადოებრივი უბედურება.

ბედნიერებაა ის, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა ერთხმად ირჩევს მშვიდობას. დასავლეთისა და მისი აქაური წარმომადგენლების მცდელობა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნისა, რომელიც არამხოლოდ სისხლისღვრისა და ნგრევისთვის, არამედ ბოროტების გვერდით დგომისთვის ქვეყნის გაწირვა იქნებოდა, უკვე ჩაფლავდა!

საქართველომ მშვიდობის გზიდან არ უნდა გადაუხვიოს. მშვიდობის წყურვილისა და მშვიდობისადმი ერთგულების შედეგად ზიანი თუ მოგვადგება, ეს ყოფილა ჩვენი ხვედრი. ამ ხვედრს, როგორიც უნდა იყოს იგი, ცოდნა იმისა, რომ მშვიდობას ვემსახურეთ, რწმენა იმისა, რომ სიმართლეს ვემსახურეთ, შეგვიმსუბუქებს. ვის გვერდით, რომელი სახელმწიფოსა თუ რომელი გაერთიანების მხარდამხარ აღმოვჩნდებით ამ ცოდნის, ამ რწმენისა და ამ პოზიციის გამო, იქ ყოფილა ჩვენი ადგილი!

საქართველოს არამხოლოდ აწმყოს, არამედ მომავლის მტკიცე საყრდენი აქვს და ამ საყრდენს მშვიდობა ჰქვია, მშვიდობა მოშლილ კომპასსაც გაასწორებს და არეულ ვექტორებსაც დაალაგებს!

ვემსახუროთ მშვიდობას და გადავრჩებით!

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here