Home ახალი ამბები საქართველო მოვიდოდი, მაგრამ…

მოვიდოდი, მაგრამ…

ნაცნობი "უცნობი", ანუ ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს

852

ბატონო ბიძინა!

მოახლოვდა 30 აპრილი. იმედი მაქვს, გამოცხადებული შეკრება შედგება, ომელი საქართველოს დაუძინებელ მტრებს დაუმტკიცებს, რომ ქართველ ხალხს, როდესაც ეს აუცილებელია, შეუძლია,  მტკიცედ დადგეს საკუთარი ღირსების დასაცავად. ამ ღონისძიებაზე ერთ რიგით ჯარისკაცად მეც მოვიდოდი, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე შინაგან წინააღმდეგობას, რომელიც გადაულახავ ბარიერად მეღობება და გასაქანს არ მაძლევს.

საქმე ის არის, რომ თქვენ გვერდით ყოველთვის ჩნდებიან და საპატიო ადგილებსაც იმკვიდრებენ ისეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ ადვილად იცვლებიან, ხურდავდებიან და იყიდებიან. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სარბიელს ვგულისხმობ, თორემ პირად მეგობრებთან  რა ხელი მაქვს. პოლიტიკაში თქვენი მოსვლიდან გასული თორმეტი წლის განმავლობაში უამრავი ასეთი ფაქტი ვიხილეთ –   დაწყებული ყბადაღებული კოაბიტაციით და დამთავრებული თქვენს გუნდში პირდაპირ “პორტირებული” ნაცფაშისტებით. თქვენი მოსვლის შემდეგ ვიხილეთ მიუტევებელი საკადრო შეცდომების  კასკადი. ყველას რა ჩამოთვლის, მაგრამ არ შემიძლია, აქვე არ გისაყვედუროთ ზოგიერთი იმ კონკრეტული ფაქტის გამო, რომელიც ქართველი ხალხისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო:

თავდაცვის მინისტრის პოსტზე დასავლეთის “მეხუთე კოლონის” ისეთი მამალი წარმომადგენლის დანიშვნა, როგორიც არის ირაკლი ალასანია, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო, მოგვიანებით კი ამავე პოსტის თინა ხიდაშელისთვის ჩაბარება მთელი ქვეყნის აბუჩად აგდებას ნიშნავდა;

საქართველოს პრეზიდენტად ვინმე გიორგი მარგველაშვილის მოყვანა, შემდეგ კი იმავე პოსტზე ვინმე სალომე ზურაბიშვილის ძალისძალად გათრევა ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხება იყო.

დღეს ჩვენი სამშობლო უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში აშშის აგენტების (აგენტოკრატია) მოყვანის საფრთხე, როგორც 2003 წელს საქართველოში, 2014 წელს კი უკრაინაში გააკეთეს.

ასეთი მძიმე განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხის ორგანიზება გადარჩენისა და მშვიდობის შენარჩუნების იდეის გარშემო, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს, მაგრამ ამ საპატიო მისიის შემსრულებლად “უცნობის” (გია გაჩეჩილაძე) გარდა ვერავინ იპოვეთ? (არავითარი კერძო და პირადული არ მალაპარაკებს. საბედნიეროდ, ამ კაცთან არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია, მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობ). მე მის შეფასებას არ შევუდგები, თვითონ გაცილებით უფრო ზუსტ და ამომწურავ შეფასებას მოგცემთ საკუთარი თავისა, ვიდრე ამას ნებისმიერი სხვა მოახერხებს. იმისთვის, რომ თქვენ ეს შეფასება მიიღოთ, მოგიწევთ ინტერნეტში შესვლა და საძიებო სისტემა “გუგლიში” ხუთი სიტყვის ჩაწერა: „რის სანაცვლოდ გაურიგდა “უცნობი” სააკაშვილს?” ეს ჯადოსნური სისტემა დაუყოვნებლივ მოგიძებნით და გადაგიშლით “უცნობის” ერთ აღსარებას, რომელიც მისი პიროვნების საუკეთესო დახასიათებაცაა: ინაუგურაცია 23 იანვარს იყო და ერთადერთი ადამიანი ვიყავი მე მაშინ, რომელიც არ ვწყნარდებოდი და არ ვეგუებოდი სააკაშვილის მოპარულ არჩევნებს. მომინახეს მეგობარი, რომელსაც დაარეკინეს ჩემთან. მან ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან. ჰოდა, ავედით სააკაშვილთან, მე და ბიძინა გეგიძე ვიყავით. რომ ავედით, იქ ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და .. მთხოვდა, რომ რა ვქნა, რა გავაკეთოო, ოღონდ ახლა შენ გაჩერდიო და პირდაპირ სიტყვებს მეუბნებამეტს აღარ ვიზამო. მეთქი, არ გიჯერებ მაგას, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე. კი ბატონო, წაიღეო. უბრალოდ კენია ხო არა ვართო, მილიონობით სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო. ახლა ავტეხოთ სისხლისღვრა, ერთი ამბავი?!  ხო იცი, რო შეგვიძლია ისე, რომ თან არც არავინ გააშუქებს,  რა მოხდაო, კარგიმეთქი,  სხვა რა გზა მქონდასიხშირე არ მიმიღია, გადამაგდო, მეორე დღესვე გადამაგდო“.

ბატონო ბიძინა, ინტერნეტში იმდენი ტყუილ-მართალი ტრიალებს, რომ შესაძლებელია, ეჭვიც გაგიჩნდეთ: სხვის მიერ დაწერილი ხომ არ არის ეს ყველაფერი? ეს ეჭვი იმავე წამს გაგიქრებათ, რა წამსაც “იუთუბზე” ჩაწერთ სიტყვებს, რომელიც წეღან “გუგლიში” ჩაწერეთ: “რის სანაცვლოდ გაურიგდა “უცნობი” სააკაშვილს?” “იუთუბი” გაგიხსნით ვიდეომასალას, სადაც “უცნობი” საკუთარი პირით მოგითხრობთ იმას, რაც თქვენ ეს-ესაა წაიკითხეთ. ერთი სიტყვით, ეს “უცნობი” საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი კაცია და იგი ზუსტად ისეთი პიროვნებაა, როგორც თვითონ აღწერს საკუთარ თავს. ჰოდა, აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ შეკითხვას, რომელიც წეღან დაგისვით: ამ საპატიო მისიის შემსრულებლად “უცნობის” გარდა ვერავინ იპოვეთ?

2018 წელს, როდესაც თქვენ პრეზიდენტობის კანდიდატად სალომე ზურაბიშვილი შემოგვთავაზეთ, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ იმაზე უარეს შეცდომას უშვებდით, რა შეცდომაც ხუთი წლით ადრე გიორგი მარგველაშვილის შემოთავაზებისას დაუშვით. მიუხედავად ამისა, ნაციონალების კანდიდატს რომ არ გაემარჯვა, საჯაროდ, ტელევიზიით დავუჭირე მხარი ქალბატონ ზურაბიშვილს, თუმცა ხმის მისაცემად არ მივსულვარ, რადგან საკუთარ თავს ვერ გადავაბიჯე და სინდისთან კომპრომისზე ვერ წავედი.

თქვენ და თქვენმა გუნდმა ამჟამადაც ანალოგიურ ვითარებაში ჩამაყენეთ. იძულებული ვარ, საზოგადოებას ღონისძიებაზე მოსვლისკენ მოვუწოდო, მაგრამ მე თვითონ ვერაფრით ვერ მოვალ იმ შეკრებაზე, რომლის თავკაცად “უცნობი” გვევლინება. არ მსურს, ახლო მომავალში ისევე მრცხვენოდეს ამ ნაბიჯის გამო, როგორც ახლა მრცხვენია სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერის გამო.

რამდენიმეჯერ ვთქვი ტელევიზიით და აქაც გავიმეორებ: ქართველმა ხალხმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას საქართველოში ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება. ისტორიისთვის უმოკლეს პერიოდში მათ საქართველოში რამდენიმე გადატრიალება განახორციელეს და ახლაც მავეს გეგმავენ. მათ ეს საქართველოში უკრაინული სცენარის გასამეორებლად სჭირდებათ, რაც კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, გაამართლეთ თუ არა ის იმედი, რომელიც ქართველმა ხალხმა თორმეტი წლის წინათ თქვენზე დაამყარა, დღეს თქვენი ხელისუფლება უნდა გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ხალხის გასაკეთებელი არ არის. მმართველი პარტია და მთავრობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაემიჯნოს მედროვეებს, სულგაყიდულებს, მოღალატეებს, უცხო სახელმწიფოთამეხუთე კოლონას“, რომლებიც აგრესიულად აქტიურობე და იქ, სადაც კარს მიუხურავენ, ფანჯრიდან ძვრებიან.

“უცნობმა” ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ას მისნაირ მედროვეს მოუყაროს თავი ხელისუფლების მხარდასაჭერად, მაგრამ თქვენ გვერდით მისი დგომა ასი ათასს დააფრთხობს და გაფანტავს, ამიტომ არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ. ის, რის შესახებაც ახლა მოგახსენებთ, მხოლოდ “უცნობს” რომ ეხებოდეს, სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა, მაგრამ ათასი სხვაა მისი მსგავსი. თქვენ საკადრო შეცდომების ყველა ლიმიტი ამოწურული გაქვთ. მეტის უფლებას ხალხი არ მოგცემთ. არანაირი თამაში და ფლირტი ნაცხროვასა და მათ ყოფილ თუ ახლანდელ სატელიტებთან, მათუცნობებთანთუ ნაცნობებთან აღარ გამოვა.

კარგად ბრძანდებოდეთ!

ვალერი კვარაცხელია                                                                               

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here