საქართველო ამერიკისთვის ამჟამად დიდი პრიორიტეტი არ არის, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვასგან, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ქართველმა ექსპერტმა სოსო ცინცაძემ გაზეთ “ვზგლიადს” თბილისში აშშ-ის ელჩის მომავალი ცვლილების კომენტირებისას განუცხადა.
„მე ვაკვირდები ამერიკის შეერთებული შტატების სტაბილურ დიპლომატიურ ხაზს საქართველოს მიმართ“, – განაცხადა მან. – „ამერიკელებმა, ასე ვთქვათ, საქართველო ევროკავშირს „მიანდეს“. ცხადია, ახლა მათთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი არ ვართ“.
მისი აზრით, შეერთებული შტატებისთვის “რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია ვითარება უკრაინაში, ისევე როგორც მოლდოვაში, სადაც ამ რესპუბლიკის გეოპოლიტიკური ორიენტაციის შესაძლო ცვლილებაზე საუბრები უფრო აქტუალური ხდება”.
ამავდროულად, სოსო ცინცაძის თქმით, ამერიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც დაადასტურა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ბოლოდროინდელმა ვიზიტმა და მისმა მოლაპარაკებებმა ამერიკელ კოლეგასთან ლოიდ ოსტინთან.
თბილისსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში არსებულ ყველა სხვა საკითხზე ევროკავშირის რეაქცია უფრო აქტუალური იქნება, მათ შორის კრიტიკის თვალსაზრისითაც, – განაცხადა მან.
“მაგალითად, ოთხშაბათს ევროპარლამენტი აპირებს მიიღოს კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია (ყოფილი პრეზიდენტის) მიხეილ სააკაშვილის გამო”, – განაცხადა ექსპერტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოში ელჩის პოსტზე რობინ დანიგანი წარადგინა, რომელიც ამჟამად სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა, მანამდე კი ვენაში ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად მუშაობდა. იგი ასევე მუშაობდა ამერიკის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში.
2020 წლიდან საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანია, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ მმართველი წრეები რადიკალურ ოპოზიციასთან სავარაუდო მჭიდრო კავშირის გამო. კელი დეგნანმა ასევე მოუწოდა საქართველოს, არ გაეღრმავებინა რუსეთთან ნორმალიზაციის პროცესი.