Home ახალი ამბები ტაქსის მძღოლი: 70 წლის კაცი არ უნდა ტაქსაობდეს

ტაქსის მძღოლი: 70 წლის კაცი არ უნდა ტაქსაობდეს

2598
თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს.

მძღოლებს რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, ქალაქში მოძრავი ტაქსებისთვის სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ, ტაქსის მძღოლების ნაწილი დადებითად აფასებს.

“საქართველო და მსოფლიო”-სთან საუბრისას მძღოლები აცხადებენ, რომ დიდი ხანია ამ სფეროს მოწესრიგება სჭირდება, ვინაიდან არანაირი რეგულაცია ან მაკონტროლებელი მექანიზიმი აქამდე არ არსებობდა.

მივესალმები კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებას, რომ ყველა ტაქსი იყოს რეგისრიტირებული და მძოლს გააჩნდეს ამ საქმიანობის ნებართვა. მანქანას რომ ვმართავთ ხომ გვაქვს ამის დამადასტურებელი საბუთი „პრავა“ შესაბამისად მას ექნება ვალდებულება გამართოს მანქანა და კომფორტულად ატაროს მგზავრები. რეგიონიდან ჩამოსულმა მძღოლების უმეტესობამ, ვინც დედაქალაქში მუშაობენ თბილისის ქუჩები არც იციან და ძალიან ბევრჯერ უკმაყოფილო მგზავრები შემხვედრია. მეორე უკიდურესობა კიდევ ისაა, რომ 70 წლის კაცი არ უნდა ტაქსაობდეს“,- განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა.

აღნიშნულ საკითხზე „საქართველო და მსოფლიო“ საავტომობილო სფეროს ექსპერტს შალვა ოგბაიძეს ესაუბრა.

ექსპერტის განმარტებით, სატოქსომოტორო სფეროს ისევე როგორც სხვა სოციალურ სფეროს, მკაცრი დარეგულირება სჭირდება.

„სატოქსომოტორო სფეროს გააჩნია ორი სუბიექტი: მძღოლი, რომელიც გვემსახურება და მეორე ეს ვართ ჩვენ, რომელსაც გვემსახურებიან. ეს სფერო უნდა იყოს დარეგულირებული, როგორც ნებისმიერი სოციალური სფერო, იქნება ეს ვაჭრობა, საყოფაცხოვრებო მომსახურება, განათლების სერვისების მიწოდება თუ სხვა. ერთ მხარეს დგას ტაქსის მძღოლი, რომელიც თავისი ძალიან მძიმე შრომით არჩენს თავის ოჯახს და მოიპოვებს  თავის სარჩოს და მეორე მხარეს დგას ჩვენი თანამოქალაქეები, რომლის ლეგიტიმური და ბუნებრივი სურვილია, რომ ის გადაადგილდეს უსაფრთხოდ და  ტაქსს სიარულის დროს არ მოძვრეს ბორბალი, ასევე არ აფეთქდეს გაზზე გადაყვანილი გადამყვანი სისტემა, მძღოლს მინიმალური ჰიგიენური პირობები ჰქონდეს და იცოდეს დედაქალაქის რამდენიმე საკვანძო ადგილები – ეს არის ლეგიტიმური მოთხოვნა. ამ ორი სუბიექტის თანაარსებობისათვის“, –  განაცხადა ოგბაიძემ.

ექსპერტი თვლის, რომ  მკაცრი რეგლამენტი ერთობლივად უნდა შემუშავდეს, რომლის დაცვა სავალდებულო იქნება, როგორც მგზავრისთვის ასევე ტაქსის მძღოლისათვის.

„პირველი ნაბიჯი სწორია,რომ უნდა ვიცოდეთ რასთან და რამდენთან  გვაქვს საქმე. შემდეგი ნაბიჯი ეს იქნება, საკანონმდებლო აქტის მიღება ასეთი რეგულაციის შემოღების თაობაზე,ხოლო დეტალები მედიის საშუალებით, ჩვენი თანამოქალაქეების მიერ არჩეული დეპუტატების, ექსპერტების, ასევე სატოქსომოტორო სფეროში დასაქმებული ადამიანების და პროფკავშირების ჩართულობით, უნდა შემუშავდეს მკაცრი რეგლამენტი, რომელიც დასაცველი იქნება, როგორც ჩემთვის რიგითი მოქალაქისთვის, ასევე ყველა ტაქსის მძღოლისათვის“, -განაცხადა ოგბაიძემ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here