გულბაათ რცხილაძე: საქართველო არათუ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას გეგმავს რუსეთთან, არამედ პოლიტოლოგთა შორის დიალოგზეც არ არის თანახმა

    გულბაათ რცხილაძე

    უკვე თვეზე მეტია, საქართველოში გროვდება ხელმოწერები რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების მოთხოვნით. ასეთი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდია, რაც იმედს აჩენდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხის აზრს გაითვალისწინებდა…

    რამდენიმე დღის წინათ კი ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: “ცოტა ხნის წინათ რუსეთში გახლდით. ისედაც ვხვდებოდი, მაგრამ ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ მეჩტა ახლო მომავალში არათუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აპირებს რუსეთთან, არამედ ექსპერტთა შორის დიალოგისთვისაც არ არის მზად. ეს რუსულ მხარეს პირდაპირ უთხრეს…”

    რა იყო პოლიტოლოგების შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზი და საით მიჰყავს საქართველო “ქართულ ოცნებას”?

    გვესაუბრება გულბაათ რცხილაძე:

    _ რამდენიმე დღის წინათ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ვიყავი. იქ კომპეტენტურ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა და მომაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ვარაუდით კი ვიცოდი, მაგრამ მეეჭვებოდა _ ქართული მხარე არათუ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ გეგმავს რუსულ მახრესთან, არამედ პოლიტოლოგთა შორის დიალოგზეც არ არის თანახმა. ქართველმა საზოგადოებამ არ იცის, რომ იგეგმებოდა ქართველი და რუსი პოლიტოლოგების შეხვედრა. ეს ინფორმაცია ცნობილი იყო ვიწრო წრისთვის, ეს მე კოლეგებისგან ვიცოდი, მაგრამ გაირკვა, რომ ქართული მხარე ამაზეც უარს ამბობს…

    _ მიზეზი რა არის?

    _ ამ შეხვედრის ჩაშლის მიზეზი საქართველოში უნდა ვეძებოთ. კარგია, თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰკითხავთ…

    _ ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენ არ გვესაუბრებიან, მაგრამ ესაუბრებიან დესტრუქციულ ტელევიზიებს…

    _ მართალია, “ტვ პირველს” ესაუბრებიან, მაგრამ არ ესაუბრებიან ნამდვილ ჟურნალისტებს, არ ესაუბრებიან საკუთარ ხალხს, სამაგიეროდ, ცდილობენ, როგორმე “დალაგდნენ” ამერიკელებთან… თანამდებობებიდან მოხსნეს სანქცირებული ადამიანები, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და ცდილობენ, გაურიგდნენ ამერიკელებს. ეძებენ გზებს, რათა ამერიკელებს თავი მოაწონონ, ჰგონიათ, ურთიერთობა ისეთივე იქნება, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ასე აღარ იქნება.

    _ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარების მომხრეა. ამას უგულებელყოფენ?

    _ არ ვიცი, ხალხს რას ეტყვიან, რას მოიმოქმედებენ. კრეტინები არიან… ბევრმა ფულმა იცის რეალობის გაცნობიერების უნარის დაკარგვა, უშრომელი შემოსავალი აშტერებს ადამიანებს.

    _ რეალობის უნარი მართლაც დაკარგული აქვს ხელისუფლებას, ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული და ამაზე თქვენ ხშირად წერთ ხოლმე სოციალურ ქსელში… მაგალითად, ექიმები ძველებურად ჯიბეს წევენ იმისთვის, რომ პაციენტმა ფული ჩაუდოს …

    _ ექიმები კი არ არიან კორუფციონერები, არამედ სისტემის შემქმნელები. სახელმწიფო კლინიკა აღარ არსებობს, სისტემა არ არის გამართული. საყოველთაო დაზღვევა საყოველთაო მათხოვრობაა. ადამიანი შეიტანს განაცხადს ჯანდაცვაში, რაღაცას გადმოუგდებენ იქიდან და სულ ეს არის… ხალხს ატყუებენ დაზღვევით, ეს საყოველთაო ტყუილია. ვიღაც ბანდიტის კლინიკაში ექიმს კაპიკებს რომ უხდიან, ბუნებრივია, ის ექიმი ჯიბეს გამოწევს და ფულსაც ჩაიდებს… ნორმალური ექიმიც არ ჰყავს ქვეყანას, დიაგნოზის დასმაც არ შეუძლიათ…

    _ საით მიდის საქართველო?

    _ ჯერ არ იკვეთება ჩვენი ქვეყნის გზა და გეზი. რაც ჩანს, ეს არის ბოსტანი… კორუფციაში ჩაფლულმა წურბელებმა თავიანთი ხალხი დასვეს მაღალ თანამდებობებზე. დიდძალი ფულის პატრონები მრჩევლებად არიან დასაქმებულები რაღაც სამსახურებში და ეს ამბავი გახეთქა “ტვ პირველმა” _ ყველაზე ნაძირალა ტელევიაზიამ. მოკლედ, “ქართული ოცნება” იკავებს იმ ადგილს, რომელიც ჰქონდათ ნაცებს 2010-2012 წლებში. Uუკვე გაჩნდნენ პოლიტპატიმრები, შეზღუდეს აზრის გავრცელება, ახლა სიმართლის სადარაჯოზე გამოვა სწორედ ის “ტვ პირველი”, რომელშიც ბოროტმოქმედები არიან, და ხალხის გულს მოიგებენ…

    “ოცნებამ” შეიძლება ერთი-ორ წელიწადს გაძლოს, მაგრამ აუცილებლად ჩამოიშლება, რადგან მყარი საფუძველი არ აქვს. გარე ფაქტორები მის დამხობას ხელს შეუწყობს, ამას კი ჩვენი ქვეყანა გადაჰყვება…

    ჩვენი საზოგადოება გამოქლიავებული დადის, ნახირად ვიქეცით _ “ფეისბუქზე” ბოლს გამოვუშვებთ და ამით სრულდება ყველაფერი. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here