Home ახალი ამბები საქართველო გლოვა და აზროვნება

გლოვა და აზროვნება

520

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ღამის დავიწყებას არა მხოლოდ მისი უშუალო მომსწრენი, არამედ მათი შვილები და შვილიშვილებიც ვერ შეძლებენ, რადგან ძლიერი ტკივილი და ემოცია, რომელსაც ეს ბარბაროსობა იწვევდა, თაობიდან თაობას გადაეცემა, თუმცა ერთია ტკივილი და ემოცია, მეორე კი მოვლენის ანალიზი, მისი გამოძიება და მის არსში წვდომა, რაც ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. წელსაც იქნება გახსენება, ყვავილები, ცრემლები, პათეტიკა, მაგრამ წელსაც არ იქნება სიმართლე. რაკი არ იქნება სიმართლე, ესე იგი იქნება სიცრუე და სიყალბე. სიყალბე და სიცრუე იმაში მდგომარეობს, რომ ეს საზარელი ტრაგედია ვითომ საბჭოთა კავშირის გადარჩენისა და მისი შენარჩუნების მსურველმა ძალებმა ჩაიდინეს, როგორც ეს დღემდეა ცნობილი.

იქნებ ოცდათხუთმეტწლიანი დისტანციიდან მაინც შევძლოთ იმ საშინელი ტრაგედიისთვის განსხვავებული რაკურსით შეხედვა, იქნებ პოსტსაბჭოთა სივრცესა და მსოფლიოში მოვლენათა სრულიად ახლებური განვითარების ფონზე მაინც მოვახერხოთ იმ ტრაგედიის არსში წვდომა. საქართველოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მოვლენები იმხანად  ასე ჩანდა: საბჭოთა კავშირში სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეროვნული მოძრაობის ლიდერები, რომლებიც იმპერიის დასაშლელად იბრძოდნენ, და საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელები, რომლებიც იმპერიის გადარჩენას ცდილობდნენ. სწორედ ესაა სიცრუე და სიყალბე, რომლის  შესახებ საუბარს ამ სტატიაში შევეცდები. იმხანად ძნელი იყო ამის მიხვედრა, მაგრამ დღეს ხომ ყველასთვის ნათელია, რომ საბჭოთა კავშირის ლიდერებსა და ე.წ. საბჭოთა დისიდენტებს შორის არავითარი დაპირისპირება და წინააღმდეგობა არ არსებობდა, რადგან ერთნიც და მეორენიც საბჭოთა კავშირის დასაშლელად იღვწოდნენ. დღეს არა მგონია, ამ ფაქტს მტკიცება სჭირდებოდეს, მაგრამ მაინც შეგახსენებთ ედუარდ შევარდნაძის ერთ ნათქვამს, რომელიც პირდაპირი აღიარებაა იმისა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა ქვეყანას მიზანმიმართულად ანგრევდა: “საბჭოთა კავშირი რომ უნდა დანგრეულიყო, მე რადგან მოვლენათა შუაგულში ვტრიალებდი, რადგან ვიცოდი, რა ხდებოდა ბალტიისპირეთში, ვიცოდი, რა ხდებოდა უკრაინაში, ამიერკავკასიის სახელმწიფოებში, მე შეიძლებოდა, მცოდნოდა ეს ამბავი, მაგრამ 9 აპრილს იქ შეკრებილმა ხალხმა ეს არ იცოდა”.

ეს რას ნიშნავს? იმას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ გადაწყვეტილება 9 აპრილამდე  მიღე. ასეთ შემთხვევაში სხვა შეკითხვა იბადება: საბჭოთა კავშირს თუ ანგრევდნენ, ვითომ მისი გადარჩენის მოტივით რა საჭირო იყო უდანაშაულო ხალხის დახოცვა? აქ სხვა ვერაგობა იმალებოდა. საბჭოთა სახელმწიფოს დანგრევას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, როგორც ხალხში, ასევე მის უმაღლეს ეშელონებშიც, ამიტომ საჭირო იყო ეროვნებათა შორის დიდი სიძულვილის გაჩენა-გაღვივება. ამის გარეშე ძნელი იქნებოდა საბჭოთა კავშირის დაშლა, რომლის შესახებ გადაწყვეტილება არა საბჭოთა ლიდერებმა, არამედ მათმა პატრონებმა და შეფებმა მიიღეს, რომლებიც აშშ-ის სპეციალურ სამსახურებში ისხდნენ. დაკვეთას ისინი იძლეოდნენ, საბჭოთა ლიდერები მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ, რომლებიც ამერიკული პროექტის განხორციელების პროცესში ე.წ. საბჭოთა დისიდენტებსა და ეროვნულ მოძრაობებს ინსტრუმენტებად იყენებდნენ. ამჯერად თავს შევიკავებ მათი საქციელის შეფასებისგან, რადგან ამან შეიძლება ისევე შეგვიშალოს ხელი ფაქტების სწორად დალაგებასა და გაანალიზებაში, როგორც ქართველ ხალხს უშლიდა ხელს ამის გაკეთებაში მთელი ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში. უმჯობესია, ედუარდ შევარდნაძის კიდევ ერთი განცხადება გავიხსენოთ, რომელიც მან, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ თბილისში ჩამოსულმა, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე გააკეთა: ამ დღეებში ჩვენ წინ ჩაიარეს ადამიანებმა, რომლებმაც ზოგმა დროშასავით, ზოგმა მახვილივით  ჩაატარეს საჭირბოროტო პრობლემები. ისინი ლაპარაკობდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თვითგამორკვევა, ეროვნული დამოუკიდებლობა, პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტი. თანაც ლაპარაკობდნენ საქმის ცოდნითა და ჩვენთვის ადრე წარმოუდგენელი ერუდიციით. იგრძნობა, რომ ეროვნებათაშორისი ურთიერთობა ის პრობლემაა, რომელიც უაღრესად მწვავეა და საზოგადოების გამახვილებული ყურადღების ცენტრში დგას; რომ ადამიანები ისწრაფვიან, გაიაზრონ იგი, როგორც საზოგადოებრივი ცნობიერებისა და საზოგადოებრივი ყოფიერების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი; რომ საჭიროა, მომზადდეს ახალი ძირითადი კანონი, რომელიც შესაბამისობაში მოვა რესპუბლიკათა კავშირის, ხალხთა კავშირის ნამდვილ და არა ყალბ, მოჩვენებით რეალობასა და მოთხოვნილებებთან.

პოლიტბიუროს წევრმა და საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყალბი და მოჩვენებითი უწოდა ეროვნებათაშორის ურთიერთობებს საბჭოთა სახელმწიფოში. დისიდენტებიც სხვას არაფერს ამბობდნენ, ამასვე გაიძახოდნენ. რაც შეეხება ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა დახასიათებას, მათ საქმიანობას თვით ეროვნული მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდიაც კი ვერ შეაფასებდა მეტი თანაგრძნობით, პატივისცემითა და სიყვარულით, ვიდრე ეს ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა. ეროვნულ მოძრაობის წარმომადგენლებს ეს დახასიათება იმ კაცმა მისცა, რომლის მიმართაც უკიდურესი სიძულვილი ამ მოძრაობის უმთავრესი ტრენდი იყო. როგორი ძნელიც უნდა იყოს წარმოსათქმელად, საგანთა და მოვლენათა ლოგიკას ამ მიმართულებით მივყავართ: საბჭოთა ხელმძღვანელობა და ეროვნული მოძრაობა ერთი ბანაკი იყო  აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საბჭოური ბანაკი, რომელში ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებოდნენ ედუარდ შევარდნაძეც, ზვიად გამსახურდიაც და დანარჩენი ლიდერებიც. ეს საქმე საბჭოთა კავშირის ანუ, როგორც თვითონ უწოდებდნენ, “ბოროტების იმპერიის” ნგრევა იყო. მიუხედავად იმ უზარმაზარი დაპირისპირებისა, რომელიც შევარდნაძესა და საბჭოთა დისიდენტებს შორის ერთი შეხედვით არსებობდა, ეროვნული მოძრაობა შევარდნაძის უმთავრეს საყრდენს წარმოადგენდა იმ უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო ავანტურაში, რომელსაც საქართველოსთვისაც და მთლიანად საბჭოთა კავშირისთვისაც დიდი უბედურება მოჰქონდა. საქართველოს იმდროინდელმა პირველმა პირმა ჯუმბერ პატიაშვილმა, რომელზეც, როგორც საბჭოთა ლიდერებმა, ასევე ეროვნულმა მოძრაობამ უსინდისოდ დააპირეს ხელს შეხოცვა, 9 აპრილის მოვლენების ჯოჯოხეთურ დღეებში ასე იწინასწარმეტყველა: ეს არ არის ეროვნული მოძრაობა. ჩვენ თუ ისე ვივლით, როგორც მათ აქვთ წარმოდგენილი, ეს უარესი იქნება, ეს დამღუპველი იქნება!”

ბატონ ჯუმბერ პატიაშვილს იმხანად ჯერ კიდევ არ შეეძლო სცოდნოდა, რომ პოლიტბიურო (საბჭოთა კავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანო) და ეროვნული მოძრაობა ერთი წერტილიდან იმართებოდნენ და ერთ საქმეს ემსახურებოდნენ. მაშ, რას ეფუძნებოდა მისი ეს წინასწარმეტყველური განცხადება, რომელიც, როგორც შემდგომ ვნახეთ, სრულად ახდა?! მას, როგორც ერის წინამძღოლსა და პირველ პირს, რომელსაც მხრებზე საქვეყნო ტვირთი აწვა, ალბათ, ქვეყნის წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და მამულიშვილური ალღო კარნახობდა, რომ ქვეყანა ე.წ. ეროვნული მოძრაობის ხელით, თავისუფლების ლოზუნგით, დასავლურ ღირებულებებზე აპელირებითა და ჟორდანიას მენშევიკური დროშის ფრიალით ეთნოკონფლიქტების, სამოქალაქო ომის, უმძიმესი ტერიტორიული დანაკარგებისა და ეკონომიკური, სულიერი, ზნეობრივი ნგრევა-გაპარტახების გზაზე შეაყენეს… ეს იყო საქართველოს ერთერთი ყველაზე კრიტიკული პერიოდის ლიდერის საქვეყნო დარდი და ტკივილი, მაგრამ კომუნისტური საქართველოს ლიდერს ვინ მოუსმენდა, როცა დასავლური პროპაგანდის საშუალებები და თვით საბჭოთა პრესა-ტელევიზია საბჭოთა კავშირსა და სოციალისტურ სისტემას ებრძოდა?! ჯუმბერ პატიაშვილი აიძულეს, თანამდებობა დაეტოვებინა. მისი ადგილი სახელმწიფოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი გუმბარიძემ დაიკავა. მართვის სადავეებისგან პატიაშვილის ჩამოცილება და მის ნაცვლად გუმბარიძის მოყვანა ხელისუფლებაში ეროვნული მოძრაობის მოსვლას ნიშნავდა. ეს აშშ-ის ცენტრალური სამმართველოს ანტისაბჭოური პროექტის ტრიუმფი და ედუარდ შევარდნაძის გზის საბოლოო გამარჯვება იყო. გივი გუმბარიძემ გარდამავალი ფიგურის როლი შეასრულა, რომელმაც ზუსტად წელიწად-ნახევარში ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას გადააბარა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდია ამერიკულ პროექტს რამდენადმე გაუძალიანდა, მაგრამ გვიანი იყო. ამერიკელებისთვის უკვე არანაირ სიძნელეს აღარ წარმოადგენდა გამსახურდიას დამხობა და მის გილზე ედუარდ შევარდნაძის მოყვანა, რომელთანაც ურთიერთობაში პრობლემა არ შეექმნებოდათ, მაგრამ, თუ შეექმნებოდათ, მასაც გამსახურდიასავით ადვილად ჩაანაცვლებდნენ. ასეც მოხდა. 2003 წელს, ამერიკელთა სამსახურში ოცდაათწლიანი დაუღლელი დგომის შემდეგ, შევარდნაძის თავიდან მოცილების ჟამმაც დაჰკრა და მის ადგილზე ყოველგვარი ადამიანურობისგან ბოლომდე დაცლილი, უჯიშო და უგვარტომო, მანიაკი მიხეილ სააკაშვილი მოიყვანეს.

ამერიკული პროექტი გრძელვადიანი იყო და იგი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის დაშლასაც გულისხმობდა. მოკავშირე რესპუბლიკებს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში, რუსეთის დაშლაშიც უზარმაზარ მისიას აკისრებდნენ. ამან გამოიწვია უკრაინის სისხლიანი ბატალიები. ანალოგიური ვითარების შექმნა სურთ საქართველოშიც, მაგრამ ვინაიდან ჯერჯერობით ამას ვერ აღწევენ, სახელმწიფო გადატრიალების მზადებას შეუდგნენ და, როგორც ხედავთ, ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებსაც დგამენ.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ეროვნულ ნიადაგზე შუღლისა და დაპირისპირების გასაღვივებლად თესლი დიდი ხნის წინათ ჰქონდათ ჩაყრილი. 1989 წლის 9 აპრილიც ამ მიმართულებით მუშაობის ერთი კონკრეტული გამოხატულება იყო. ბინძური მიზნის მისაღწევად დატრიალებულ ამ ტრაგედიას ქართველ და რუს ხალხებს შორის გაუცხობის, სიძულვილისა და მტრობის ატმოსფერო უნდა შეექმნა. ყველაფერი სწორად გათვალეს და მიზანსაც მიაღწიეს. იმდროინდელი საკავშირო უზენაესი საბჭოს სესიაზე 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი მოხსენებით გამოსულმა დეპუტატმა, აკადემიკოსმა თამაზ გამყრელიძემ ზუსტად გათვალა,  თუ რა შედეგები მოჰყვებოდა ამ საშინელ ტრაგედიას: “აცნობიერებენ კი ადამიანები, რომლებიც ალესილი ნიჩბებისა და მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების ბრძანებებს გასცემენ, რომ ამით ისინი კლავენ მთელი თაობის, მთელი ხალხების სულს და გამოუსწორებელ დარტყმას აყენებენ ეროვნებათა შორის ურთიერთობებს, რაც უმძიმეს უარყოფით შედეგს გამოიღებს მომავალში?!” აკადემიკოსმა გამყრელიძემ სწორად განჭვრიტა,  სად და როგორ გამოვლინდებოდა 9 აპრილის ვანდალური დარბევის დამანგრეველი შედეგები, მაგრამ მას არ შეეძლო წარმოდგენა იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელები, როდესაც ამერიკელთა დავალებით უსასტიკეს სამხედრო დანაშაულს  სჩადიოდნენ, სწორედ იმ მიზანს ისახავდნენ, რომლისაც ასე ეშინოდა ამ გამოჩენილ მეცნიერსა და შესანიშნავ ქართველს. 9 აპრილის ტრაგედია რუსოფობიის გასაღვივებლად იყო მოწყობილი, იმიტომაც მოქმედებდნენ ისინი ასე ხაზგასმული სისასტიკით, რომ ხალხებს შორის სამუდამო და გაუნელებელი სიძულვილი ეთესათ.

ვინც დღემდე ფიქრობს, რომ იმ შავბნელი ეპოქის მთავარ აქტორთაგან ვინმე ან რესპუბლიკების თავისუფლებისთვის ან საბჭოთა კავშირის გადარჩენისთვის იღწოდა, ცდება. ყველა ამერიკელთა ბინძურ ინტერესებს ემსახურებოდა, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შეეწირა, რომ არაფერი ვთქვათ, ეკონომიკაზე, დემოგრაფიაზე, კულტურაზე, ზნეობაზე, საბოლოო ჯამში, პერსპექტივასა და მომავალზე, რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდა.

მას აქეთ ოცდათხუთმეტი წელიწადი გავიდა, მაგრამ ქართველი ხალხის უმრავლესობას ჯერ კიდევ აინუშიაც არ მოსდის ის ამბავი,  რა ვერაგობა იმალებოდა 9 აპრილის ტრაგედიის უკან, რომელსაც დროა, ფარდა აეხადოს. გლოვამ აზროვნების უნარი არ უნდა წაგვართვას და აზროვნებამ გლოვის უნარი არ უნდა დაგვიბლაგვოს. ვიგლოვოთ საქართველოს მიერ 9 აპრილს გაღებული მსხვერპლის გამო, მაგრამ პარალელურად ვიაზროვნოთ კიდეც, თუნდაც იმიტომ, რომ ანალოგიური ტრაგედიები მომავალშიც არ განმეორდეს.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here