Home ახალი ამბები საქართველო გიორგი ახვლედიანი: კონფრონტაცია რუსეთთან _ ეს არის დამოკლეს მახვილივით მუდმივად დაკიდებული საფრთხე...

გიორგი ახვლედიანი: კონფრონტაცია რუსეთთან _ ეს არის დამოკლეს მახვილივით მუდმივად დაკიდებული საფრთხე ჩვენს თავზე

“რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა დღეს ჩვენთვის კარგის მომტანი არ არის, ისევე, როგორც სომხეთისთვის, უკრაინისთვის და ა.შ.”

395

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რამდენიმე დღის წინათ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, რა იქნება მოსკოვის შესაძლო პასუხი შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ძალების გაძლიერებაზე, ასე უპასუხა: “საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ტრადიციულად, ვრეაგირებთ ადეკვატურად…” მისი თქმით, კრემლში, უკვე დიდი ხანია, განიხილავენ ყველა შესაძლო ნაბიჯს, რომლებიც აუცილებლად გადაიდგმება ალიანსის მოქმედებების საპასუხოდ, თუმცა, მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი ნაადრევია. 

ზახაროვას ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და, როგორც ხელისუფლების, ისე ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა კრემლის მიმართ მწვავე კრიტიკა არ დაიშურეს. ბევრი ითქვა და დაიწერა, რომ ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს კრემლის ბოროტ ზრახვებს; რომ ეს უკვე კიდევ ერთი აშკარა სიგნალია დასავლეთისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრირების დაჩქარების აუცილებლობაზე და ა.შ. თუმცა არსად თქმულა, რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ნატო-რუსეთის დაპირისპირების ეპიცენტში ყოფნა.

ცნობისთვის: 23-24 მარტს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შემაშფოთებელია “რუსეთის მუდმივი სამხედრო გაძლიერება რეგიონში” (იგულისხმება შავი ზღვის რეგიონი), რაც საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას. მისი თქმით, ეს გამოიხატება ყირიმში პოზიციების გაძლიერებაში, წვრთნებსა და სამხედრო წარმომადგენლობის მუდმივ ზრდაში, ამიტომ ალიანსი ყველაფერს გააკეთებს, რათა ვითარების შესაბამისად გააძლიეროს კონტროლი ამ რეგიონზე (ამ განცხადებას საქართველოში პოლიტიკური ოვაციები მოჰყვა)…

რას ნიშნავს მარია ზახროვას სიტყვები: “ვრეაგირებთ ადეკვატურად” და რას უნდა ელოდოს ამერიკა-რუსეთის ახალი კონფრონტაციის ფონზე საქართველო _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ჟურნალისტი და ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი.

_ ბატონო, გიორგი, ბოლო პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას შავი ზღვის რეგიონში ქართული პოლიტიკური სპექტრი იმედით შეჰყურებს. ბევრი ფიქრობს, მათ შორის ხელისუფლებაშიც, რომ ამით ჩვენი უსაფრთხოება განმტკიცდება. არაფერს ვამბობ მოლოდინზე, რომ ეს სამხედრო წვრთნები თურმე კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსში ინტეგრირებასთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება ნატოს სამხედრო ძალების გადაადგილებას შავ ზღვაში და ამაზე აუცილებლად ექნება ადეკვატური რეაგირება. რა შეიძლება იყოს ეს რეაგირება და რა მოჰყვება მას ჩვენთვის?

_ ყოველთვის ასე იყო და, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება, რომ ჩვენს რეგიონში რუსეთსა და ამერიკას შორის ნებისმიერი სახის კონფრონტაცია პირდაპირ აისახება საქართველოზე. ეს გეოპოლიტიკის ერთგვარი აქსიომაა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამ რეგიონის ნაწილი და, გვინდა თუ არა, თავისთავად დამოკიდებული ვართ აქ არსებული პოლიტიკური დღის წესრიგის კონიუქტურაზე. რაც შეეხება შეკითხვას, რუსეთის მხრიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოქმედებებზე შესაძლო ადეკვატურ რეაგირებას, მსოფლიოს საზოგადოებრიობისთვის ცნობილია, უსაფრთხოების რა სტრატეგიული დოქტრინა აქვს დღეს რუსეთს. მას პირდაპირ უწერია კონცეფციაში, რომ უმნიშვნელოვანესი ამოცანა არის სასაზღვრო ზოლის დაცვა, ე.ი., რუსეთის საზღვართან არ უნდა იყოს მისდამი მტრულად განწყობილი სამხედრო შენაერთები. მორჩა… ცხადია, აქ საუბარია, უწინარესად, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც, თავის მხრივ, არ მალავს, რომ რუსეთი მისი უპირველესი მოწინააღმდეგეა. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს რუსეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართაც.

რა შეუძლია მოსკოვს ალიანსის მოქმედებების საპასუხოდ: დავიწყოთ იმით, რომ ამხელა სახელმწიფო, ამხელა რესურსებითა და შესაძლებლობებით კონცეფციას, მით უმეტეს, უსაფრთხოების, ტყუილად არ წერს. რადგან წერს და მკაფიო ფორმულირებას აკეთებს, ე.ი., მას, აუცილებლობის შემთხვევაში, გარკვეული მოქმედებების პროტოკოლიც გააჩნია. რა მოხდება, თუ ალიანსი გააძლიერებს კონტროლს შავ ზღვაში? რა თქმა უნდა, რუსეთიც გაზრდის იქ სამხედრო წარმომადგენლობას, გაახშირებს სამხედრო წვრთნებს და ეს ყველაფერი მიიღებს კამპანიურ ხასიათს. ჩემი აზრით, ამისთვის ორივე მხარე მზად არის გარკვეულ დონემდე. თუმცა, ჩვენთვის აქ მთავარია, როგორ აისახება ეს საქართველოზე.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ 2008 წელს კარგად დავინახეთ, რა შეუძლია რუსეთს და რაზეა წამსვლელი, როცა რეგიონში მისი სტრატეგიული ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შეგახსენებთ, რომ ამ ომს წინ უძღოდა ბუქარესტის სამიტი, რომელზეც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გაწევრდებოდა ნატოში, თუმცა რამდენად რეალური იყო ეს გზავნილები იმ პერიოდში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სხვა საკითხია. ახლა გავიხსენოთ უკრაინის მოვლენები. როგორც კი უკრაინა გადავიდა პროდასავლური და განსაკუთრებით პრონატოური მოთხოვნების შესრულების აქტიურ ფაზაში, რითაც კიდევ უფრო მეტად დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს, სტრატეგიული ინტერესები, კრემლი ომსაც არ მოერიდა 40-მილიონიან სახელმწიფოსთან. შედეგი, ისევე, როგორც საქართველოს შემთხვევაში, იყო ერთი _ უკრაინა დაისაჯა ტერიტორიების დაკარგვით. კონფლიქტი კი დღემდე გრძელდება. მოკლედ, რუსეთი, მოგვწონს თუ არა და გვინდა თუ არა, საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რეგიონულ დონეზე კი უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორია. გამომდინარე აქედან, რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლობა დღეს ჩვენთვის კარგის მომტანი ნამდვილად არ არის; ისევე, როგორც სომხეთისთვის, უკრაინისთვის და ა.შ.

_ როგორი პოლიტიკის გატარება იქნება მართებული იმისთვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ არ აღმოჩნდეს რუსეთ-ამერიკის დაპირისპირების ეპიცენტრში, მით უმეტეს ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში?

_ არა მხოლოდ საქართველო, მთლიანად სამხრეთი კავკასია ისტორიულად იყო იმპერიების ინტერესთა ეპიცენტრი. აქ იკვეთებოდა სპარსეთ-ოსმალეთის, ოსმალეთ-რუსეთისა და სხვათა ინტერესები. თუმცა ჩვენი მხრიდან გატარებული კონიუნქტურული პოლიტიკა ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა ამ ჭიდილის შედეგად მოსალოდნელი ზიანის მინიმუმადე დაყვანაში. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, რთული სათქმელია, დღეს რამდენად ზუსტად იცავს საქართველო ბეწვის ხიდზე გავლის ურთულეს პოლიტიკურ პრინციპებს და კანონზომიერებებს. ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ისევ ვართ პოტენციური ეპიცენტრი დიდი შეჯახებისა და ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა ამ შესაძლო შეჯახების ერთ-ერთ მხარესთან არ გვაქვს, პრაქტიკულად, არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა. ეს არის არსებული ვითარების უარყოფითი მხარე, რომელიც აუცილებლად გამოსასწორებელია.

_ ბეწვის ხიდზე გავლის პოლიტიკა ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად პრონატოურია, ჯდება ამ კონტექსტში?

_ მოდი, პირდაპირ ვთქვათ: პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელსაც ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს, საქართველო კიდევ უფრო დამოკიდებული გახადა ევროპაზე. ჩვენ ისევ მიბმული ვართ დასავლურ საფინანსო ინსტიტუტებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და ა.შ. აი, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს, ფაქტობრივად, არჩევანიც არ გვაქვს. რაც შეეხება მოუგვარებელ ურთიერთობებსა და დაძაბულობას რეგიონში, კონფრონტაცია რუსეთთან _ ეს არის დამოკლეს მახვილივით მუდმივად დაკიდებული საფრთხე ჩვენს თავზე, რომელიც აფერხებს როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ისე პოლიტიკურ სტაბილურობას. მაგრამ ობიეტურობისთვის აქ ერთიც უნდა ითქვას: ურთიერთობების მოსაგვარებლად არ არის საკმარისი მხოლოდ პოლიტიკური ნება საქართველოს მხრიდან, ამისთვის აუცილებელია, გარკვეული ნაბიჯები გადმოდგას რუსეთმაც, რაც ჯერჯერობით არ ხდება. საერთოდ, ვფიქრობ, რომ დღევანდელ რუსულ პოლიტიკურ სპექტრშიც, ისევე, როგორც საქართველოში, არიან ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად აფერხებენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას. ახლა არ მინდა, დავაკონკრეტო, რომელი ლობი და რატომ აკეთებს ამას, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ მიმართულებითაც სერიოზული სამუშაოა. თუმცა, არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ რა დონეზეც უნდა წავიდეს ურთიერთობებში პრობლემების მოგვარების პროცესი, პირველივე შეხვედრაზე დაიწყება ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარი. ცხადია, ეს ამ ეტაპზე არ და ვერ მოხდება. უბრალოდ, აქ შეიძლება საუბარი იყოს სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტზე და ა.შ. საერთოდ, ჩემი აზრით, გაცილებით ფართო მასშტაბის უნდა იყოს აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ფორმატიც, ვიდრე მხოლოდ ჰუმანიტარული ან კულტურული საკითხებია…

_ დასასრულ, დასავლეთის ფაქტორზეც შეგეკითხებით: ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსულ-ქართული ურთიერთობები რეალური გაუმჯობესებისკენ წავა და ამ მიმართულებით პერსპექტივა გაჩნდება, გარკვეული დასავლური ძალები მას ხელს შეუშლიან?

_ რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესს გარკვეული მოწინააღმდეგეები გამოუჩნდებიან, მათ შორის ლობისტების სახითაც, მაგრამ, ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, მომხრეც ბევრი იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც არაერთ სამუშაო შეხვედრაზე მომისმენია, რომ საქართველომ უნდა მოახერხოს და განმუხტოს, თუნდაც ნაწილობრივ, რუსეთთან კონფრონტაციული რეჟიმი. თუმცა, რაგორიც უნდა იყოს ბალანსი ამ ურთიერთობების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, მთავარი, რა თქმა უნდა, არის ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები. აი, ეს არის რეალობა. დღეს საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელმაც შეიძლება ძალისმიერ პოლიტიკაზე გააკეთოს გათვლები. საქართველომ უნდა ეძებოს გზა იმისთვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს თავის ტერიტორიაზე იმპერიათა ინტერესების შეჯახების საფრთხე და მაქსიმალურად განამტკიცოს მშვიდობა. ყველას გვესმის, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული და ყველა ფაქტორი, ყველა გარემოება, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს, თავის წილ ზემოქმედებას ახდენს აქ მიმდინარე პროცესებზე.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here