Home ახალი ამბები საქართველო გამოვა თუ არა  სალომე ზურაბიშვილისგან ოპოზიციის ახალი ლიდერი  და  გარისკავს თუ არა...

გამოვა თუ არა  სალომე ზურაბიშვილისგან ოპოზიციის ახალი ლიდერი  და  გარისკავს თუ არა მოქმედი პრეზიდენტი ყოფილის შეწყალებას

ნებისმიერი რეფორმა, რომელსაც დასავლეთი მოითხოვს, გამჭვირვალე უნდა იყოს; უნდა ვიცოდეთ, რას გვთხოვენ სტატუსისა თუ ევროკავშირში გაწევრების სანაცვლოდ და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ, შარლ მიშელის პროგნოზით, საუკეთესო შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობისთვის მზად 2030 წელს ვიქნებით

265

ბევრმა შეიძლება  არ იცის, რომ, როცა გადაწყდა,  სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაესახელებინათ  და მისთვის მმართველ ძალასაც  დაეჭირა მხარი , „ქართული ოცნების“ გუნდში არაერთი ადამიანი გამოჩნდა, რომლებიც ამ არჩევანის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. ისინი ბიძინა ივანიშვილთანაც კი მივიდნენ, რათა ჩანაფიქრი გადაეთქმევინებინათ, მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან დასავლელ პარტნიორებს სჭირდებოდათ  დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი და, შეიძლება ითქვას, ქალბატონი სალომე ივანიშვილს გუგულის კვერცხივით ჩაუდეს.

ზურაბიშვილმა ორიოდე წლის განმავლობაში შეძლო სახის შენარჩუნება, რადგან თვითონაც კარგად ხვდებოდა, რომ  მმართველმა ძალამ არაფრისგან პრეზიდენტი შექმნა. პრეზიდენტი შექმნა ქალისგან, რომელსაც არ ჰყავდა მხარდამჭერები და რომელსაც რეალურად ხმების 1%-ის მოპოვებაც  კი არ შეეძლო.ზურაბიშვილი ვალდებულებას კი არ გრძნობდა, ის ხვდებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ისევე მარტივად შეეძლო მისი მოშორება, როგორც მოიყვანა. საპარლამენტო უმრავლესობას ეს  ერთ წელიწადში რომ მოესურვებინა, მარტივად მოახერხებდა, რადგან მხარს ოპოზიციაც დაუჭერდა. მას შემდეგ კი, რაც პრეზიდენტმა დაინახა, რომ მისი იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს პარლამენტში „ოცნება“ ვეღარ მოაგროვებდა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერებს დასავლეთში უთხრეს, სალომეს გვერდით დაუდექითო, პრეზიდენტმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, აიშვა. მან ყველა წითელი ხაზი გასულ კვირას გადაკვეთა, როცა ფრანგულ  გამოცემა le monde-სთან ინტერვიუში  ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და ისეთები ილაპარაკა, ოპოზიციასაც რომ უჭირს ხოლმე.

„არ ვიცი, მისი რეალური წონა ქვეყნის ეკონომიკაში, ეს არ არის გამჭვირვალე. რაც ნათელია, მას დომინანტური გავლენა აქვს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. „დეოლიგარქიზაციაზე“ პასუხი, მჯერა, მომავალ არჩევნებშია. 30 წელი ჩვენ ერთპარტიული სისტემა გვქონდა, დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება თავისუფალი არჩევნები  ჭეშმარიტი კოალიციით, პროევროპული ფრონტით. როდესაც ვბრუნდებოდი ხოლმე ევროკავშირიდან, ვეუბნებოდი, რას ვგრძნობდი იმის მიმართ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე ნამდვილი დიალოგი, არავინ იცის, რას ფიქრობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ადვილი მისახვედრია, რომ ევროპელებმა პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზეც ჩამოუგდეს სიტყვა და მართალია, ზურაბიშვილს  თავისი გადაფურთხებული („არა და არასოდეს“)  ჯერ არ აულოკავს, მაგრამ მისმა ძმამ, რომელიც ქართული პოლიტიკის ექსპერტად მონათლეს ოპოზიციურმა არხებმა, უკვე მიანიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული გზა სწორედ სააკაშვილის თავისუფლებაზე გადის. თვითონ ქალბატონი სალომე კი  ამბობს, რომ ივანიშვილი თურმე რუსეთზე დამოკიდებული თუ ჩამოკიდებული ოლიგარქია და ამას თავისებურად ხსნის.

„ის არის ოლიგარქი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა და რომლის მენტალიტეტზე გავლენას ახდენს  წარსულის გამოცდილება. დღეს სამყარო ორადაა გაყოფილი. ის ერთ-ერთია, ვისაც რუსეთის მარცხი ვერ წარმოუდგენია და ამიტომ ცდილობს, წინასწარ მოემზადოს რუსეთის გამარჯვებისთვის, რადგან  რუსეთი, შესაძლოა, იყოს კიდევ უფრო აგრესიული. მთავრობაში მყოფი ახალგაზრდები – ევროპაში განათლებამიღებულები, მისი გავლენის ქვეშ არიან. ისინი ავლენენ სისუსტეს და მაამებლურ დამოკიდებულებას რუსეთისადმი, რაც ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის მცდარი გაგებაა“, – ამბობს ზურაბიშვილი.

როგორც ჩანს, პრეზიდენტს ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა უთხრეს, რომ ფსონის გაკეთებას მასზე აპირებენ და ის წინასაარჩევნოდ უფრო უნდა გააქტიურდეს. სავარაუდოდ, ქალბატონი სალომე ისე დააჯერეს, რომ მან არ დაიზარა, არც მოერიდა და თქვა: „ქართველ ხალხს მივმართავ, დაეთანხმოს პოლიტიკას, რომელსაც მე მივყვები – ვიცი, რომ ეს ის პოლიტიკაა, რომელსაც ქართველი ხალხი მიჰყვება. მე ქართველების ძალიან დიდი უმრავლესობის შეხედულებას წარმოვადგენ. ჩვენ ვაგროვებთ ასობით, ათასობით ხელმოწერას, რომ კომისიის ეს რეკომენდაცია უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გავამყაროთ…“

ანუ, ზურაბიშვილი ცდილობს,  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება დაიბრალოს და, რაც მთავარია, ამბობს, რომ მოსახლეობამ  მხარი დაუჭიროს პოლიტიკას, რომელსაც ის მიჰყვება. დაახლოებით 20 წელია, რაც ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო და ერთადერთხელ ჰქონდა შანსი, მართლა ლიდერი გამხდარიყო, როცა იპოდრომზე ხალხი შეკრიბა, მაგრამ მერე არაფერი გამოუვიდა და მას შემდეგ ასი კაცის შეკრებაც ვერ მოახერხა. ჰოდა, რომელი ხალხის სახელით საუბრობს ეს ქალი და, საერთოდ, რატომ ჰგონია, რომ ქართველი ხალხი მას უნდა გაჰყვეს? ანუ, ის ხვდება, რომ სწორად იქცევა და, მხოლოდ 100 მხარდამჭერი რომ ჰყავს, ისინი არიან მართლები და ყველა დანარჩენი სულელი?  სხვათა  შორის, კოალიციური მთავრობა მხოლოდ ზურაბიშვილს არ უხსენებია. ევროპარლამენტარები აქტიურად საუბრობენ ამ თემაზე და არსებობს დიდი ეჭვი (მათ შორის მმართველ გუნდშიც), რომ დეკემბერში, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემის ბედი უნდა გადაწყდეს, დასავლელი პარტნიორები ხელისუფლებას სწორედ კოალიციური მთავრობის შექმნას მოსთხოვენ, დაეს იმის მიუხედავად, რა შედეგით დასრულდება არჩევნები. ჰო, დასავლელებს  არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი და არჩევანი, მათთვის მთავარი საკუთარი ინტერესია და, თუ გახსოვთ, წინა საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებას“ ბარიერიც კი დაუწესეს: თუ 43%-ზე მეტს ვერ აიღებთ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავთო, ანუ მათ მოსახლეობის 43%-ის აზრი  არ აინტერესებდათ და მერე რა, რომ იმ მოცემულობაში, ეს 43%-იც საკმარისი იქნებოდა, დამოუკიდებლად ჩამოეყალიბებინა მმართველ გუნდს მთავრობა და პარლამენტშიც უმრავლესობაში ყოფილიყო. ახლაც ანალოგიური სცენარის გათამაშება სურთ, მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ დღევანდელ მოცემულობაში „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, იმდენი ხმა აიღოს, აქამდე რომ არ აუღია, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას გამორიცხავს. ის, რომ ოპოზიციას ელექტორატული  რესურსი არ გააჩნია, საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევის მოთხოვნაშიც ჩანს, ანუ ოპოზიციური პარტიების  უმრავლესობას არ სჯერა, რომ მოსახლეობის 5%-ის მხარდაჭერა მაინც ექნება და ამიტომ სურს, 2%-ზე „იჭიდაოს“, მაგრამ ამ 2%-საც კი ბევრი პარტია ვერ მოაგროვებს.

ჰოდა, ამიტომ გვგონია, რომ ევროკავშირის პირობა ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში  კოალიციური მთავრობის შექმნა იქნება და იმ მთავრობაში ერთ-ერთი  ვიოლინო სწორედ მოქმედი პრეზიდენტი უნდა იყოს – მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი. რა შედეგამდე მიგვიყვანს კოიალიციური მთავრობა, ადვილი მისახვედრია. ოპოზიციონერი მინისტრები საბოტაჟს მოაწყობენ ნებისმიერი მიმართულებით და  მივალთ რიგგარეშე  საპარლამენტო არჩევნებამდე. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი – სტატუსის მოცემის შემდეგ დასავლეთი ისეთი რეფორმების გატარებას შემოგვთავაზებს, რომლებიც  მოსახლეობის უმრავლესობას არ მოსწონს, მაგრამ იმას კი არ იტყვიან, თქვენ რამე არ მოგწონთო, არამედ იმას, რომ ევროკავშირში გვსურს საქართველოს მიღება, მაგრამ ხელისუფლება საჭირო რეფორმებს არ ატარებს და შესაცვლელიაო.

 რეალურად, ოპოზიციისთვის ასე სანატრელი და სასურველი სტატუსი, ადრე თუ გვიან,  ერთი დიდ ხაფანგად იქცევა და ამის მაგალითი  მეზობელ თურქეთში იყო, როცა ერდოღანს,  სხვა რაღაცებთან  ერთად, ლგბტ თემის პროპაგანდა და მათთვის ხელშეწყობა მოსთხოვეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა და მოსახლეობამაც მხარი დაუჭირა. ამით იმის თქმა გვსურს, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომელსაც დასავლეთი მოითხოვს, გამჭვირვალე უნდა იყოს; უნდა ვიცოდეთ, რას გვთხოვენ სტატუსისა თუ ევროკავშირში გაწევრების სანაცვლოდ და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ შარლ მიშელის პროგნოზით, საუკეთესო შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობისთვის მზად 2030 წელს ვიქნებით. გამოვა თუ არა  ზურაბიშვილისგან ოპოზიციის ახალი ლიდერი  და  გარისკავს თუ არა მოქმედი პრეზიდენტი ყოფილის შეწყალებას, მალე ვნახავთ. მანამდე კი, ცხადია, რომ ქალბატონმა სალომემ არამხოლოდ  ოპოზიციურ ფლანგზე გადაინაცვლა, არამედ ივანიშვილის ოლიგარქად  მონათვლის შემდეგ მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ.  საუბარი არ არის მხოლოდ სააკაშვილისა და ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე, არც ის არის  გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა ევროკავშირს კონკრეტული პირების სანქცირება მოსთხოვოს, აქაოდა, ჩემ მიერ არჩეულ გეზს ხელს უშლიანო. ჰო, მის მიერ, რადგან ის უკვე  ხალხის სახელით საუბრობს და მოგვიწოდებს:  მე გამომყევით, სხვას არ დაუჯეროთ, მე ვიცი, რა და როგორ გინდათო.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here