Home რუბრიკები საზოგადოება ჭინჭრაქას ფეხებით დაჭერილი ცა

ჭინჭრაქას ფეხებით დაჭერილი ცა

345
ფეხებით დაჭერილი ცა

უკრაინაში მიმდინარე სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ერთი განსაკუთრებული თავისებურება გამოკვეთა, რომელსაც ცოტა ხნის წინათ მონდომებით მალავდნენ მიკერძოებული ისტორიაგრაფები.

უმარტივესად ეს აისახა სლოგანში _ “ვლადიმერ ილიჩ ლენინის სახელობის უკრაინა”. მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ნაბოძები ტერიტორიების წყალობით ჩამოყალიბდა იგი ევროპის უმსხვილეს სახელმწიფოდ და არა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების შემოქმედებითად განვითარების გზით.

ვისაც ასეთი ისტორია შეშურდება…

იოსებ სტალინის გულუხვობაც იგულისხმება, რა თქმა უნდა, ნეზალეჟნაიას მხარგაშლილობაში.

ხოლო ის, რაც სტალინმა დამხობილ გერმანულ ფაშიზმზე თქვა, ისტორიული შეფასების ამოსავალ კრიტერიუმად მიიჩნიეს ექსპერტებმა მთელი ქვეყნისა: “ჰიტლერები მოდიან და მიდიან, ხოლო გერმანელი ხალხი, გერმანული სახელმწიფო რჩება”. უკრაინისა და მისი ხელისუფლების ხვალინდელ დღეს მაინცდამაინც ამ ჭრილში ხედავენ პროფესიონალი ექსპერტები.

დღეს სტალინის სახელი რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებიდან სულ უფრო ხშირად ისმის. არ ერიდებიან უწინდებურად.

ერთი ლირიკული გადახვევაც მოუხდება ამ სერიოზულ მსჯელობას, რომელიც ომის თანმდევი ელემენტია. პლანეტარული არა, მაგრამ მიუწვდომლობის სივრცის არსებობის წამიერი განცდის მოულოდნელი გამოვლენა.

ორი ფაქტი, ორი მაგალითი ზეარსის ბუნებრივი წარმოშობის დასადასტურებლად. მათ შორის თითქმის ერთი საუკუნეა გასული: XX საუკუნის ოცდაათიანი წლები და XXI საუკუნის ოციანი წლები.

ეს _ დრო.

მანძილი _ ათასობით კილომეტრით დაშორება.

აქეთ _ საქართველო.

იქით _ მონგოლეთის სახალხო რესპუბლიკა.

მოვლენები: წითელი არმიის საბრძოლო ოპერაცია იაპონელი იმპერიალისტების წინააღმდეგ და სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის განსახორციელებლად.

ორივეგან: ადამიანი და სიკვდილის მსახვრალი ხელი.

ხალხინ-გოლის ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა წითელი არმიის კაპიტანი. ქართველი პოეტი ალექსანდრე საჯაია ლექსს უძღვნის გმირს (თუ ვინმეს დაავიწყდა, ალექსანდრე საჯაია ახალგაზრდა პოეტების იმ ბრწყინვალე კოჰორტის “მეთაურია”, რომლის წევრები იყვნენ ლადო ასათიანი, რევაზ მარგიანი, მირზა გელოვანი):

დაეცი, შენი ცა დაგნათის…
ნამიც ხომ იარებს გისველებს;
სისხლიან მაჯაზე საათი
წიკწიკებს, წიკწიკებს ისევე.
განა ჩვენ გაქცევა გვჩვევია, _
გავარღვევთ, გავშლით და გავიტანთ,
კაპიტან, სიცოცხლე ჩვენია,
ჩვენია სამშობლო, კაპიტან!..
დაღამდა. ძნელია ატანა;
იტირო _ ვარსკვლავნი გისმენენ.
დაღამდა. ისარი პატარა
წიკწიკებს, წიკწიკებს ისევე.
რა იყო, დღეს წამმა თითომა
იფეთქა და ხანძარს ვინ მოსთვლის…
დღეს იგრძნო პაწია ლითონმაც
გენია სამშობლოს სიცოცხლის,
რომ მარად, დღეა თუ ღამეა,
წამი წამს გაბმული არ იცდის,
რომ ერთი ძვირფასი წამია
სიკვდილი სამშობლო მხარისთვის…

ეს ერთი მაგალითი.

მეორე:

ფრონტული ინფორმაცია ლუგანსკიდან: გათავისუფლებული სოფლის ორ მკვიდრს, რომლებიც ადგილობრივ მაღაზიაში შესვლას აპირებენ, ავტომატის ჯერი მოცელავს. ВГТРК-ას სამხედრო კორესპონდენტი იუწყება: “ორი ადამიანის ცხედარი მიწაზეა დასვენებული… ერთ-ერთის მობილური ტელეფონი დიდხანს რეკავს. განუწყვეტლივ”.

ავის მომასწავებლად.

საათის წიკწიკი და მობილური ტელეფონის დაჟინებული ზარი _ სისხლიანი ომის ორი ეპიზოდი.

საოცარი მეტაფორა _ სიკვდილს ასხლეტილი სიცოცხლის ექო…

აქ დავამთავროთ თვითგვემა და ობიექტური თვალით შევხედოთ შეიარაღებულ კონფლიქტს უკრაინაში, ჟურნალისტების სუბიექტური მიდგომებით მეტ-ნაკლებად გამრუდებულს, რომელმაც სრულად მოიცვა უკრაინა და საერთაშორისო ურთიერთობების უაქტუალურესი პრიორიტეტების პირველ პლანზე გამოიყვანა.

დღის თემა ესაა. რომლის დასრულებას, მოლოდინის წინააღმდეგ, ბოლო არ უჩანს. დასრულების ვადაზე საუბარს ვლადიმერ პუტინიც კი თავს არიდებს.

ამას ობივატელი არ ელოდა: სად რუსეთის არმიის ძლევამოსილება და სად უკრაინის ახალშექმნილი სამხედრო ძალების შედარებით მორიდებული პოტენციალი!

რა ხდება?

ამ შეკითხვას პირდაპირ რადიოეთერში უპასუხებს “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებისთვის კარგად ნაცნობი, ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე იაკობ კედმი.

ინტერვიუ ანალიტიკოსს რადიოპროგრამა “სრულმა კონტაქტმა” ჩამოართვა.

_ ხდება ის, რაც ერიხ მარია რემარკს თავისი რომანისთვის სათაურად აქვს გამოტანილი _ “დასავლეთის ფრონტზე მდგომარეობა უცვლელია”, _ უპასუხებს კედმი და ეღიმება, რადგან თავს უფლება მისცა, თავისი თვალსაზრისის გადმოცემა რემარკის გენიალური ნაწარმოების საზომით დაეწყო.

_ თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარეობს უკრაინის დენაციფიკაციის და დემილიტარიზაციის გეგმური სამხედრო ოპერაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. არის მხოლოდ ტაქტიკური ცვლილებები დასავლეთის მიმართულებით. ამჟამად მოქმედება თანმიმდევრობით ვითარდება იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც ამ მიზნების განსახორციელებლად მობილიზებულ სამხედრო დანაყოფებს აქვთ დასახული.

რუსეთის არმიას ერთბაშად არ უნდა დაერტყა ყველა წერტილისთვის. მაშინ მალე დამთავრდებოდა, მაგრამ იქნებოდა თუ არა უფრო ეფექტიანი, ვერ გეტყვით, რადგან მთავარი მიზანი, როგორც ჩანს, მოწინააღმდეგის ამა თუ იმ პოზიციის დაკავება და მისი შეიარაღებული წინააღმდეგობის ნეიტრალიზაცია იყო, როგორც ჯარისკაცების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურად მშვიდობიანად გადარჩენის პირობებში. სწორედ ეს განსაზღვრავს ტემპს, დღეების რაოდენობას, ამა თუ იმ საშუალებათა გამოყენებას და ა.შ.

რაც ჩვეულებრივია.

_ მაგრამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დანაკარგის მინიმიზაციაზე ზრუნვა იშვიათობაა, უცნაური ფორმულირებაა.

_ დასავლეთის არმიების უმრავლესობისთვის ეს მართლაც არ არის ჩვეულებრივი ამბავი, მაგრამ რუსეთის არმია სწორედ ასე იბრძოდა სირიაში. ამავე მეთოდებით. ვერ იტყვი, რომ იქაური მოსახლეობა მისდამი მტრულად არის განწყობილი, მაგრამ ვერც მეგობრულს იტყვი, განსაკუთრებით _ ტერორისტების მიერ დაკავებულ რაიონებში. მაგრამ რუსეთი უკრაინის მოსახლეობას მტრად არ მიიჩნევს, უკრაინას კი მტრულ _ ქვეყნად, ამიტომ, რაც მიზნად აქვთ დასახული, სავსებით ბუნებრივია.

მეორეც, ადამიანის სიცოცხლისადმი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში დასავლეთისა და რუსეთის არმიებში განსხვავებულია. მოსახლეობას რუსები არ ეომებიან. უკრაინას რუსეთი არასოდეს განიხილავდა, როგორც მტრულად განწყობილ სახელმწიფოს. პირიქით! ასეთია, დღეს, როგორც ჩანს, რუსეთის არმიის მორალური ბაზა.

_ თქვენ პირადად ხომ არ შემოგიტიეს?

_ მე თითქმის არავინ თავს არ მესხმის.

სამამულო ომის დროს საბჭოთა კავშირში შემოგდებული იყო აბვერის აგენტურა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ჭორების გავრცელება იყო. მაშინ ინტერნეტი არ არსებობდა და მოარული ხმებით ვრცელდებოდა ყველაფერი _ ცრუ თუ მართალი ამბები. და მიმდინარეობდა მიზანმიმართული ბრძოლა ამ ხმების გავრცელების წინააღმდეგ იმ დროში მიღებული პრინციპების თანახმად.

მოარული ხმებით ივსებოდა მაშინ მთელი მოსკოვი. მახსოვს, ჩემი ცხონებული დედა მიყვებოდა მოსკოვის იმდროინდელ ჭორებს, უსაშინელესსა და ველურს, რომლებიც არ განსხვავდებოდა იმისგან, რითაც სავსეა დღეს ინტერნეტი.

თანდათან დაიხვეწა ცხოვრებისეული ამბების აღქმის ორი საშუალება: პირველი, რეალური ინფორმაციის მიღების და, მეორე, ფეიკის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები.

რა მაკვირვებს, იცით?

ხომ არსებობს ე.წ. ინფორმაციის მიღება-გავრცელების თავისუფალი საშუალებები? არსებობს. ხომ დაუწესეს ცენზურა? დაუწესეს. აშშ-ის პრეზიდენტსაც კი დაუწესეს. სხვა ნებისმიერს რომ დაუწესონ, გაგიკვირდებათ?

სრული ანარქიაა ამ სფეროში _ ყველა ისე ირჯება, როგორც მოესურვება. არც წესი იციან, არც კანონი. სისტემა მოწესრიგებული არ არის, მსოფლიომ არ იცის, როგორ იცხოვროს ამ ქაოსში, როგორ ებრძოლოს, მაგრამ დალაგდება. თავის დროზე პასპორტებიც არ არსებობდა, მაგრამ, როგორც კი ადამიანებმა გადაადგილება დაიწყეს, გაჩნდა პასპორტები. ორასიოდე წლის წინათ.

აქაც იგივე მოხდება: არის ეთერი, არის ტექნიკური საშუალებები, მაგრამ ინტერნეტში ის წესებიც არ არსებობს, რომლებიც ეთერისთვისაა დაწესებული. მოჩვენებითი ანონიმურობა კი ნებას რთავს ადამიანებს, მოიქცნენ უპასუხისმგებლოდ და თავგასულად. არავითარი კონტროლი! ასეთ ვითარებაში ადამიანის მხეცური ინსტიქტები სრულად ამოქმედდება: იგი იკადრებს უკადრებელს. ურთიერთობის ფორმები საზოგადოების შიგნით კი ჩამოყალიბდა, მაგრამ არასრული სახით.

_ როგორი იქნება, თქვენი აზრით, იმ სანქციებზე რეაგირება, რომლებსაც განუწყვეტლივ თავს ახვევენ რუსეთს და რომლებიც ფსიქოლოგიურად უკიდურესად არასასიამოვნოა?

_ ფსიქოლოგიური მდგრადობა არა მხოლოდ არმიისა და სპეცსამსახურების, არამედ, საერთოდ, წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და თანამედროვე ცხოვრებაში თავს იჩენს ამა თუ იმ ფსიქოლოგიური ზემოქმედების სახით. რეალური ზემოქმედების არსი, ჩემი აზრით, ორგვარია. შეიძლება, სამგვარიც:

პირველი ტრადიციული დისკრედიტაციაა, ადამიანური არსის გამოცლა რუსეთის ხელისუფლებისათვის და, საერთოდ, ყველასი, ვინც კი რუსეთში ცხოვრობს.

მეორე მორიგი შეკითხვაა, რომლითაც ყოველთვის მომმართავენ რუსეთში ყოფნისას: პუტინი რეაგირებს ამაზე? გაუძლებს ასეთ წნეხს? ეს ხომ ვნებს მის ქვეყანას? მიაჩნიათ, რომ ასეთი ზემოქმედება შეასუსტებს ხელისუფლებას და აიძულებს, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილებები.

ძირითადი მიზანია მოსახლეობაზე გავლენის მოხდენა.

მესამე _ ნიადაგის მომზადება მომდევნო რაუნდისთვის.

დასავლეთში მიიჩნევენ, როგორც ვატყობ, რომ უკრაინა წაგებულია.

მოსალოდნელია, რომ რუსეთი ხელთ იგდებს ყველა საომარ წერტილს, ყველა პოზიციას და ხელისუფლება გაძლიერდება.

ამიტომ ცდილობენ, ნაღმები ჩაუწყონ ახალი უკრაინის ახალ ხელისუფლებას, რათა ხელი შეუშალონ მოვლენათა ისეთ განვითარებას, როგორიც რუსეთს უკრაინისთვის სურს _ დენაციფიკაციას, დემილიტარიზაციას, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის, ნორმალური ცხოვრების ასაწყობად.

პროპაგანდისტულ ახალ ტალღას დაეკისრა ნიადაგის მომზადება ბრძოლის მომდევნო რაუნდისთვის, მათი მეშვეობით, რომლებიც მცირერიცხოვან დემონსტრაციებში მონაწილეობენ. ამ პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც თითქოს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ზელენსკი და მისი ხროვა ჩამოცილდება უკრაინის ხელისუფლებას ან უკრაინას საერთოდ.

სხვა ხელისუფლების დამყარება სხვა უკრაინაში არის ძირითადი მიზანი, რომლის განსახორციელებლად მიმართულია ყველა არსებული რესურსი. ეს კი ბევრად არის დამოკიდებული ფსიქოლოგიურ სიმტკიცესა და მიზანსწრაფვაზე ყველაფრის მიუხედავად.

ზოგჯერო, _ განაგრძობს კედმი _ ინტერნეტში ამა თუ იმ საიტს რომ ვეცნობოდი, მომინდა ნაცისტური ქრონიკის ნახვა.

თქვენს ქვეყანაში (რუსეთში) ნაცისტური პროპაგანდა აკრძალულია, მადლობა ღმერთს!

მაგრამ, თუ რომელიღაც ციფრული კომპანია მაინც უწევს პროპაგანდას, იგი ისე უნდა დაჯარიმდეს, რომ დაეკარგოს გამეორების სურვილი. ასეთი რეკლამით ხომ ფულს აკეთებენ! უნდა აცნობოთ, რომ ვერ მოგატყუებენ და უდიდესი ჯარიმები უნდა დაუწესოთ. დაარტყით ყველაზე მგრძნობიარე ადგილზე _ ჯიბეზე, თანაც არა სიმბოლურად.

უნდა მოიქცეთ ისე, როგორც, მაგალითად, ისრაელშია მიღებული, სადაც ყოველგვარი პრონაცისტური პროპაგანდა აკრძალულია და ყველა ციფრული კომპანია ემორჩილება ამ აკრძალვას, ფიქრადაც ვერავინ გაივლებს, მაგალითად, მოუსმინოს ნაცისტების ერთ-ერთ ჰიმნს _ ჰორსტ ვესენს, რომელიც მთავრდება სიტყვებით _ “ებრაელთა სისხლი ჩამოსწვეთს ჩვენი ხანჯლებიდან”.

ვოლოდიმირ ზელენსკი – როგორიც არის

წარმოუდგენელია!

_ რასაკვირველია.

_ თუ საჭირო იქნება, მიიღეთ დამატებითი გადაწყვეტილებები. ძირითადი, უძნელესი სამუშაოს დრო მალე დადგება. არმია თავის საქმეს გააკეთებს. ძველი სპარსული ანდაზა გვასწავლის _ “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”. თუ ქარავანი თავის მარშრუტს შეცვლის, ან რაიმე ფორმით უპასუხებს ძაღლების ყეფას, ან ტურების ჩხავილს აჰყვება, ვერასოდეს მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე.

_ ზელენსკიმ იცის, რეალურად რა მდგომარეობაა ფრონტზე?

_ რა განსხვავებაა, იცის თუ არ იცის. იგი მოკლებულია ყოველგვარ ფუნქციას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იცის თუ არ იცის, მაგრამ ჭეშმარიტია თუ არა ინფორმაცია, ფრონტებიდან რომ იღებს? თუ ამ ადამიანს ძალა არ შესწევს, მიიღოს გადაწყვეტილება, რა მნიშვნელობა აქვს, სწორია თუ არა ინფორმაცია, რომელსაც აწვდიან? მან არ იცის ინფორმაციასთან მუშაობა, ვერ არჩევს, რომელია სწორი, რომელი _ არა. მაინც სხვას შეეკითხება, რა უნდა გავაკეთოო.

ასე რომ, როგორ იგებს, რას ფიქრობს, რას ლაპარაკობს ზელენსკი, დღევანდელი დღისთვის მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება მასალად გამოადგეს სასამართლო პროცესს, რომელიც მის წინააღმდეგ გაიმართება არცთუ შორეულ მომავალში. დღეს უკრაინის პრეზიდენტი უფუნქციოდ არის დარჩენილი.

* * *

ამასობაში სანქციები, რუსეთის წინააღმდეგ ღვთის რისხვად რომ წარმოგვიდგენდნენ ამერიკელები, დააწესეს, მაგრამ არ შეშინდა რუსეთი, არ დაიბნა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე არც უფიქრია. მოლაპარაკებებიც კი დაიწყო უკრაინის მხარესთან, თუმცა საეჭვოა, ეს შეხვედრები შეთანხმებებით დაგვირგვინდეს, რადგან პრაქტიკამ დაგვანახვა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები, რომელთა გახსნაზეც შეთანხმდნენ, ვერ განახორციელეს.

უკრაინის ხელმძღვანელობას იმის ძალაც არ ჰყოფნის, რომ უზრუნველყოს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის უშიშროების დაცვის ამ მარტივი ღონისძიების ორგანიზება.

არ ჰგავდა ადეკვატურ ადამიანს ამ დღეებში ტელეეკრანზე გამოჩენილი პრეზიდენტი ზელენსკი, ვოლოდიმერი _ აშკარად რაღაცით გაბრუებულის და უნებისყოფო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, _ შენიშნავენ ექსპერტები და იხსენებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიერ პირდაპირ ეთერში ჰალსტუხის ღეჭვის სამარცხვინო ფაქტს.

შეგეშინდა, ბარაშკაჯან?

ზელენსკის ორგანიზატორული ნება და უნარი არ ვრცელდება უკრაინაზე სრულად. მაგალითად, ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ნაცბატალიონების დედაქალაქად იქცა, ფეხებზე იკიდებენ ხელისუფლების, მით უფრო, მხარეთა შეთანხმებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.

ერთმანეთშიც ვერ მოუძებნიათ საერთო ენა, _ გვარწმუნებენ პროფესიონალი მიმომხილველები. გვეუბნებიან, რომ მთელი ამ ისტორიის მთავარი წარმატება სამხედრო ძალის გამარჯვება კი არ იქნება, არამედ გამოცდა მშვიდობიანობით და შემდგომი ურთიერთობა რუს და უკრაინელ მოსახლეობას შორის.

ახალაღიარებული რესპუბლიკების სამხედრო დაპირისპირებებს დაშორებული დანარჩენი უკრაინის მოსახლეობა განსხვავებულად აღიქვამს შექმნილ მდგომარეობას. თუ პირველები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცეცხლის წინა ხაზზე ცხოვრობდნენ, უკრაინის ხელისუფლების გავლენიდან გამოსვლას გათავისუფლებად მიიჩნევენ; სხვა ოლქები, რომლებიც არ იყვნენ ომში ჩართული, რვა წლის განმავლობაში ცდილობდნენ, სხვათა კირთება არ შეემჩნიათ. ამ მეორე უკრაინამ უცებ აღმოაჩინა, რომ ჩართულია ომში და, რა თქმა უნდა, განსხვავებულად რეაგირებს იმაზე, რაც მის გარეშე ხდება. ეს რეაგირება ყოველთვის არ ემთხვევა რუსეთის მიზნებსა და ამოცანებს.

ასეთი გაორებაც დასალაგებელია, სამხედრო წარმატებასთან ერთად. დროც მეტი სჭირდება და ძალისხმევაც.

დღევანდელი კიევის სიმბოლო

უკრაინა-რუსეთის ურთიერთობით დაინტერესებულ პოლიტელიტას ესმის, იგებს და თანაუგრძნობს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კანონიერი შურისძიების აღსრულებას მოითხოვს ნაცების მიერ თავსდატეხილი უბედურების საკომპენსაციოდ, რომელიც 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში.

სამხედრო დამნაშავეებმა შესაფერისად უნდა ზღონ, პასუხი უნდა აგონ კანონის მთელი სიმკაცრით, მაგრამ ის გარემოება, რომელიც ზელენსკის ხელისუფლებამ შექმნა მოსახლეობაში იარაღის უკონტროლო დარიგებით, იოლი დასაძლევი არ არის, დასჭირდება წლები და ფილიგრანული მუშაობა ორივე დაპირისპირებული მხარის ამბიციური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მუდმივად ღია ჭრილობად რომ არ დარჩეს.

დაველოდოთ, მოაგვარებენ ჩვენი მატრაკვეცული ჩარევის გარეშე, რასაც ასე ტუტუცურად მოითხოვს გაუნათლებელი, ორპირი ქართული ოპოზიცია.

* * *

ამათი ფაფხური იმას ჰგავს, ჭინჭრაქამ ქვეყნის გადარჩენა რომ მოინდომა: გულაღმა დაწვა _ ცა რომ ჩამოიქცეს, ფეხებით დავიჭერო.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here