Home ახალი ამბები EMC:10 თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე 30 ადამიანი დაიღუპა

EMC:10 თვის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე 30 ადამიანი დაიღუპა

728

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 2017 წლის 10 თვეში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობამ 30-ს მიაღწია.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტყიბულში გუშინ მომხდარი ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ შრომის უსაფრთხოების კონტროლი არ არსებობს და ამ მიმართულებით თანმიმდევრული პოლიტიკაა შესამუშავებელი.

“ზუსტად იმ შახტაზე, სადაც გუშინ დაიღუპა ადამიანი, რამდენიმე თვის წინ ასევე მოხდა შემთხვევა, როდესაც 4 ადამიანი დაიღუპა. არამარტო ტყიბულის შახტებში, სხვა ადგილებშიც ბევრი ფაქტია ცნობილი და თითქმის ყოველ კვირაში იღუპებიან ადამიანები. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის გულგრილი, სრულიად უპასუხისმგებლო იმ საკითხების მიმართ, რომლებიც აწუხებთ დასაქმებულ ადამიანებს. არცერთ შემთხვევაში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა მასშტაბი, სტატისტიკა, რაოდენობა და ამ შემთხვევების მიზეზი მეტყველებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკა და მექანიზმი უსაფრთხოება გააკონტროლოს.

ეს ადამიანები შემთხვევით არ იღუპებიან, ეს ადამიანები იღუპებიან იმიტომ, რომ სახელმწიფო არის გულგრილი”,- განაცხადა ირგანიზაციის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ.

რაც შეეხება გამოსავალს და მსგავსი ფაქტების პრევენციას, ღვინიანიძე ამბობს, რომ უმთავრესია შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულება.

“უნდა დადგინდეს უსაფრთხოების ისეთი სტანდარტები, რომელიც შესაბამისი იქნება კონკრეტული სამუშაო ადგილებისთვის. სახელმწიფომ ასევე უნდა შექმნას კონტროლის იმდენად ეფექტიანი მექანიზმები, რომ საწარმოებს აიძულებს გადახედონ უსაფრთხოების პოლიტიკა. მათ შორის შემოწმდეს ტექნიკა დანადგარები, სივრცე, რომელშიც ადამიანები მუშაობენ და ასე შემდეგ”,- აღნიშნა ღვინიანიძემ.

EMC-ის მონაცემებით შარშან, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო გარდაცვლილთა რაოდენობამ 57 ადამიანი შეადგინა.

ტყიბულის შახტაში გუშინ ერთი ადამიანი დაიღუპა წინასწარი ვერსიით, უბედური შემთხვევის მიზეზი სამთო მასის ჩამოშლა გახდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here