არის ჭეშმარიტება, სიკეთე და სიყვარული, მაგრამ იქვე არის სიცრუეც, ბოროტებაც და სიძულვილიც. ვერ იარსებებს პირველი, თუკი არ იარსებებს მეორე. დაპირისპირებულთა ბრძოლა და ერთიანობა დიალექტიკის ერთ–ერთი ცენტრალური კანონია (დაპირისპირებულთა ბრძოლა და ერთიანობა). ეს ყველაფერი თეორია და ფილოსოფიაა, მაგრამ რა ხდება ცხოვრებაში, რეალობაში?
ადამიანებს საკუთარი თავი სხვებზე მეტად უყვართ. თანდათანობით მათ ეგოიზმი იპყრობთ და ცდილობენ, თავიანთი ინტერესები სხვათა ინტერესებზე მაღლა დააყენონ, რაც აჩენს წინააღმდეგობას, დაძაბულობას. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ და სხვათა მიმართ სიკეთით განიმსჭვალონ, ერთმანეთის მიმართ უვითარდებათ შუღლის, სიძულვილისა და მტრობის განცდა. ეს უარყოფითი ფსიქოლოგიური კატეგორიები ინდივიდის დონიდან სოციალურ დონეზე ადის და ადამიანთა შორის დაპირისპირება კლასთა შორის დაპირისპირებაში გადაჰყავს. ანალოგიური წინააღმდეგობები ჩნდება ერებისა და სახელმწიფოების ურთიერთობებშიც და, როცა დროთა განმავლობაში ჭეშმარიტებას სიცრუე, სიკეთეს ბოროტება, სიყვარულს კი სიძულვილი რაოდენობრივად გადაასწრებს, აღმოჩნდება, რომ რაოდენობას შინაარსიც შეუცვლია და თვისებაც (ეს დიალექტიკის მეორე ცენტრალური კანონია – რაოდენობრივი ცვლილების თვისებრივში გადასვლა). კაცობრიობის დეგრადაციის ამ გზაზე, საბოლოოდ, ჭეშმარიტებაზე, სიკეთესა და სიყვარულზე სიცრუე, ბოროტება და სიძულვილი იმარჯვებს და ცხოვრების წესად ყალიბდება. ეს სამი მონსტრი, მოიპოვებს რა უპირატესობას, ვითარდება და საზოგადოებრივი ყოფიერებიდან საზოგადოებრივ ცნობიერებაშიც გადადის, სამართლებრივ სივრცეშიც (კანონთა სისტემაში) ფეხს იკიდებს და, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, თანდათანობით ლეგიტიმაციასაც იძენს. ყალიბდება ისეთი ადამიანი და ისეთი სოციუმი, რომლისთვისაც ამორალური აღარ არის ამორალური, დანაშაული კი აღარ არის დანაშაული. ამას დიდი წინააღმდეგობა და ზიგზაგები ახლავს. აღზევებულ ბოროტებას ხშირად უკან დახევა და სახის შეცვლა უწევს, მაგრამ შემდეგ გაათმაგებული აგრესიით მოიწევს წინ (ეს დიალექტიკის მესამე ცენტრალური კანონია – უარყოფის უარყოფა).
ადამიანიც და სოციუმიც, მთლიანობაში, არასწორად (მორალისა და სამართლის საწინააღმდეგო გზით) განვითარდა. ამის დასტურია ის, რომ კაცობრიობის ისტორია შრომის, შემოქმედებისა და ჰუმანიზმის ისტორია კი არ არის, ომებისა და სისხლისღვრის ისტორიაა; თავისუფლების ისტორია კი არ არის, დაპყრობისა და დამონების ისტორიაა. კი, განხორციელდა მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია, განსაცვიფრებელ სიმაღლეებს მიაღწია ხელოვნებამ, განვითარდა ფილოსოფიური აზრი, წინა პლანზე წამოიწია ჰუმანისტურმა იდეალებმა, მაგრამ ამით არც ადამიანი და არც საზოგადოება მორალურად არ გაუმჯობესებულა, ვინაიდან ამასთან ერთად (შესაძლებელია, უფრო მეტადაც) განვითარდა შეიარაღება და ადამიანთა მასობრივი განადგურების მექანიზმები – ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული. ამ მიმართულებამ საბოლოოდ აბსურდული ხასიათი მიიღო. კაცობრიობამ დააგროვა საკუთარი თავის მთლიანად მოსპობისთვის საკმარისი შეიარაღება. მეტიც, მან დააგროვა საკუთარი თავისა და პლანეტა დედამიწის რამდენიმეჯერ (!) მოსპობისთვის საკმარისი არსენალი, თითქოს ერთხელ მოსპობა საკმარისი არ იყოს. როგორ შეიძლება თქვა, რომ კაცობრიობა სწორი გზით ვითარდება, თუკი მისთვის საკმარისი არ არის ათასგვარი რელიგიური სწავლებები, ზნეობრივი სენტენციები, ხელოვნების შედევრები, რომლებიც ზნეკეთილობისკენ მოუწოდებენ და ამ მიმართულებით მათ აღზრდას ცდილობენ, მაგრამ იგი საბოლოოდ მაინც ძალმომრეობისა და გლობალური ომის მიმართულებით მიდის?! ფაქტია, რომ ადამიანში (სოციუმში) ერთმანეთს ებრძვის ორი საწყისი – ღვთაებრივი და სატანური, მაგრამ საკითხი ასე დგება ასე: ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს თუ ხელოვნურად არის წახალისებული და კულტივირებული? პროცესი ბუნებრივად თუ მიმდინარეობს, რელიგიას, მორალს, ჰუმანისტურ ტენდენციებს, მეცნიერებას, ხელოვნებას, პედაგოგიკას მისთვის კვალი უნდა დაემჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ სატანური საწყისი თანდათანობით უნდა დაეთრგუნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პირიქით ხდება, ღვთაებრივი საწყისი ითრგუნება, სატანური საწყისი კი აღმავალი ხაზით ვითარდება. ამას ერთადერთი ახსნა აქვს: ადამიანში (სოციუმში) ღვთაებრივი და სატანური საწყისების ბრძოლის პროცესში სატანა ხელოვნურად არის წახალისებული და მხარდაჭერილი.
სატანის ცნება და სახე წინარექრისტიანულ პერიოდში იღებს სათავეს, სადაც პატივს მიაგებდნენ პირქუშ და სასტიკ ღმერთებს. დათვლილია, რომ ბიბლიაში სატანა სხვადასხვა დასახელებით დაახლოებით ორასჯერ არის გამოყენებული – ლუციფერი, ბელზებელი, ასტაროტი, ლევიათანი და სხვ. ეშმაკის დათრგუნვის გზებს საუკუნეთა განმავლობაში ასწავლიდა მრევლს ქრისტიანული რელიგია. “იესოს სახელის ხსენებაზე ჯოჯოხეთი თრთის და კანკალებს, ბნელეთის თავადი კი იმალება. ეს სახელი უძლეველი იარაღია მის დასამარცხებლად“, – გვასწავლიან წმინდა მამები. წმინდა წიგნებში სატანასთან ბრძოლის მთელი იერარქიაა მოცემული: იესო, ჯვარი, ლოცვა, მარხვა, ზიარება, მორჩილება, წმინდანთა შეწევნა და სხვ. ხანგრძლივ და მიზანმიმართულ ბრძოლას სატანურ საწყისთან ადამიანში უნდა დაეთრგუნა ეშმაკი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. სატანამ, მასთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, მართალია, ადამიანის ცნობიერებიდან ქვეცნობიერ ფსიქიკურში გადაინაცვლა, მაგრამ დადგა დრო, მისი პოლიტიკური გააქტიურებისა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე (1948 წ.) აშშ–ში პირველი სატანისტური ორგანიზაცია გამოჩნდა, 1966 წელს კი პირველი ღია სატანისტური ეკლესია დაფუძნდა.
სატანიზმის მიმდევრებს ძირითადად ოთხი ნიშნით განასხვავებენ:
* მოყვარული სატანისტები (ძირითადად, ახალგაზრდები, რომლებიც წიგნების, ფილმების და, საზოგადოდ, მასკულტურის გავლენით, წამხედურობითა და მიმბაძველობით მოქმედებენ);
* ფსიქოპატი სატანისტები (სულით ავადმყოფები, პათოლოგიური ცნობიერების მქონე ადამიანები);
* რელიგიური სატანისტები (ძალადობისა და სისხლიანი რიტუალების რწმენით შეპყრობილი ადამიანები);
* შავი სატანისტები (საიდუმლო გაერთიანებები, რომლებიც სატანიზმის ადეპტთა მემკვიდრეები არიან და ოკულტიზმის ყველაზე შემაძრწუნებელ ფორმებს მისდევენ).
მოცემული კლასიფიკაცია სატანიზმისა, მეცნიერული თვალსაზრისით, შესაძლებელია, მართებულიც იყოს, მაგრამ სრულყოფილი ვერ იქნება თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მასში მხედველობიდან არის გაშვებული უმთავრესი მომენტი – პოლიტიკა. სწორედ პოლიტიკაა საზოგადოებრივი ცნობიერების ის სფერო, რომელსაც შეუძლია ბუნებით ბოროტმოქმედნი და ბუნებით კეთილშობილნი ისე გააერთიანოს და საერთო მიზანს დაუქვემდებაროს, რომ მათ მცირეოდენი ეჭვიც კი არ შეეპაროთ ამაში, რადგან პოლიტიკა ყოვლისმომცველია. იგი ყველგან შედის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა კუთხე-კუნჭულში – მეცნიერებაში, ხელოვნებაში, რელიგიაში, კულტურაში, სპორტში და ა.შ. იგი შედის არათუ ლეგალურ ორგანიზაციებში, არამედ არალეგალურ ორგანიზაციებშიც. იმიტომ კი არა, რომ ამ ორგანიზაციებს სჭირდებათ პოლიტიკა, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკას სჭირდება ეს ორგანიზაციები. იქ, სადაც არის სატანიზმი, პოლიტიკა იყენებს მას; ხოლო იქ, სადაც არ არის სატანიზმი, პოლიტიკა ქმნის მას, ისევე, როგორც ათასი ჯურის სექტებს, კლუბებს, გაერთიანებებს, ისევე, როგორც ტერორიზმს. უსამართლო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემებში სახელმწიფოც უსამართლოა და ხალხის დიდი ნაწილიც; გარყვნილ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემებში სახელმწიფოც გარყვნილია და ხალხის დიდი ნაწილიც. საუკუნეთა განმავლობაში, უსამართლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის პირობებში დასავლეთი გაირყვნა. დასავლური სისტემა ვერ ებრძოდა საზოგადოებაში გავრცელებულ უარყოფით მოვლენებს და წავიდა ამ მოვლენათა დაკანონების გზით. დაკანონებული დანაშაული აღარ არის დანაშაული. ნარკომანია, პროსტიტუცია, სპეკულაცია, მექრთამეობა დანაშაულად ითვლება მანამ, სანამ იგი არ არის დაკანონებული, მაგრამ, როგორც კი დაკანონდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი არსი არ შეცვლილა, იურიდიულად აღარ არის დანაშაული. დასავლეთში დანაშაულისთვის დანაშაულის იურიდიული კვალიფიკაციის მოხსნით, დანაშაულის ლიკვიდაციის ნაცვლად, მისი ლეგალიზაცია მოხდა და უკიდეგანო გასაქანი მიეცა. ეს რთული თემაა და ამ სტატიის დანიშნულებას სცილდება, მაგრამ საზოგადოება და სახელმწიფო, რომელიც უშვებს, რომ გვერდიგვერდ, ლეგალურად არსებობდნენ მილიარდერები და უპოვარნი, სატანიზმის გზას ადგას. ღმერთი არ უშვებს უთანასწორობას, მაგრამ სატანა ქმნის მას. უთანასწორობის იდეოლოგია სატანის იდეოლოგიაა. აქედან იწყება ყველა უბედურება, რომლებსაც კი შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს საზოგადოებაში. მხოლოდ უთანასწორო საზოგადოებებში შეიძლებოდა წარმოშობილიყო ნაციზმი, მხოლოდ უთანასწორო საზოგადოებას შეეძლო შეექმნა ტერორიზმი. დასავლეთის პირმშოა ერთიც და მეორეც. დასავლეთი საკუთარ თავს ცივილიზებულ სამყაროს უწოდებს, მაგრამ იგი დღემდე არ ერიდება იმ ბარბაროსული იდეოლოგიის აღორძინებასა და კულტივაციას, რომელსაც ფაშიზმი ჰქვია. გარყვნილების პროპაგანდა, რომელსაც ე.წ. ლგბტ მიმართულებით დასავლეთი აწარმოებს, წმინდა წყლის სატანიზმია, რადგან იგი ერთნაირად არის მიმართული, როგორც ღვთაებრივი, ასევე ადამიანური საწყისის წინააღმდეგ. ეს ვითარება სწორად შეაფასა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა: “ჩვენ ვხედავთ, რომ ევროატლანტიკური ქვეყნებიდან ბევრი საკუთარ ფუძეს მოსწყდა, მათ შორის ქრისტიანულ ღირებულებებსაც, რომლებიც დასავლური ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველს წარმოადგენდა. ისინი დაუპირისპირდნენ ზნეობრივ საწყისებს და ტრადიციულ იდენტობას – ეროვნულს, კულტურულს, რელიგიურს, ასე განსაჯეთ, სამართლებრივსაც კი, როდესაც აწარმოებენ პოლიტიკას, რომელიც ერთ დონეზე აყენებს მრავალშვილიან ოჯახებს და ერთნაირსქესიანთა პარტნიორობას, ანუ რწმენას ღმერთისა და რწმენას სატანისა”.
მეორე მსოფლიო ომი თუ ფაშისტური ომი იყო, დასავლეთს ახლა კაცობრიობა უფრო მაღალ სტადიაში, სატანისტურ ომში შეჰყავს. გერმანული “ლეოპარდებისა” და ამერიკული “აბრამსების” სახით დასავლური სატანა დაიძრა არამხოლოდ რუსეთის, არამედ მთელი კაცობრიობის წინააღმდეგ. ეს გაცილებით უკომპრომისო ომი იქნება, ვიდრე დიდი სამამულო ომი იყო, ვინაიდან სატანა ათი თავით მაღლა დგას ადამიანის მიერ შექმნილ ნებისმიერ ბოროტებაზე, მათ შორის, ფაშიზმზეც. ფინელი კომპოზიტორი ვილე ვალო ამბობდა: “სატანა იმდენად ცბიერია და იმდენ ნიღაბს იყენებს, რომ ბევრს დღემდე არ სჯერა მისი არსებობა“. ახლა ეს ვითარება შეიცვალა. გადამწყვეტი ომის წინ სატანამ ნიღაბი მოიხსნა და ამაყად განაცხადა: “ძრწოდეთ, მე ვარ, სატანა!”
ვალერი კვარაცხელია
P. S. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 30 იანვარს სეულში ყოფნისას განაცხადა: “გაფართოებული შეკავების ამერიკული მექანიზმი ვაშინგტონის მოკავშირეთა ინტერესების დასაცავად უმნიშვნელოვანეს ამოცანას ასრულებს რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქმედებათა ფონზე“. მისი თქმით, მოკავშირეებს სჭირდებათ “ბირთვული ქოლგა“, რომელიც მათ საფრთხისგან დაიცავს. ერთადერთი, რაც კომენტარის სახით შემიძლია ვთქვა, ეს არის: სულ გაგიჟდნენ.
ვ.კ.