Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ლორთქიფანიძე: მალე მიიღებენ პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ხალხის დაკვეთაა,...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: მალე მიიღებენ პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ხალხის დაკვეთაა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველომ უარი უნდა თქვას ბიზნესპროექტებზე, სავაჭრო ურთიერთობებზე

“მსოფლიოში არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ორ ქვეყანას შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური პროცესი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდეს. ეს პრეცეტენდი საქართველომ და რუსეთმა შექმნეს”

319

რუსეთსაქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასა და რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე საუბარი, რამდენიმე თვეა, დაიწყო. ამ საუბარში, მართალია, ოფიციალური თბილისი არ მონაწილებს, მაგრამ სახალხო დიპლომატიამ თავისი გააკეთა. საქართველოდან რამდენიმეჯერ ჩავიდა წარმომადგენლობითი დელეგაცია რუსეთის დედაქალაქში. მაღალი დონის შეხვედრებმა შედეგი გამოიღო _ რუსეთი მზად არის, აღადგინოს უვიზო მიმოსვლა. ეს მისი კეთილი ნებაა. აგრეთვე, მზად არის, აღადგინოს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან, რომელსაც ქართული მხარის დასტური სჭირდება. ამ ფაქტმა საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას! იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობისა და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია”, _ განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების რეალური გაზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს შესაძლებლობას, მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განიხილონ დახმარების გაწევის შესაძლებლობა, საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში,” _ თქვა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ვინმე ანდრია კასიანოვმა.

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი კი ამბობს: “ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, ვიდრე ფრენების აღდგენა”. ოფიციალური თბილისი კი ჯერჯერობით დუმს

გვესაუბრება ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსეთში გამართული შეხვედრების ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ მსოფლიოში არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ორ ქვეყანას შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა და ამ დროს მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური პროცესი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდეს. ეს პრეცედენტი საქართველომ და რუსეთმა შექმნეს. ეს მიუთითებს რუსეთის ისტორიულ ინტერესებზე ჩვენს რეგიონში. საქართველოს ორგანული ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთის ბაზარი იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. საქართველოსა და რუსეთს 840 კმ-ის სიგრძის სასაზღვრო ზოლი აქვთ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც და ასევე, მნიშვნელოვანია რეგიონში ისეთი მოთამაშეებისთვის, როგორიცაა თურქეთი, ირანი, ინდოეთი, ამიერკავკასიის რესპუბლიკები. 

სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარება ახალი მსოფლიო წესრიგის მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომელსაც ეწინააღმდეგება ანგლოსაქსური გეოპოლიტიკა. სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი კომუნიკაციების  განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, იქმნება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელსაც უფრო მეტი მშპ ექნება, ვიდრე დღევანდელ გლობალურ დასავლეთს. საქართველო აღმოჩნდა გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის დამაკავშირებელი, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე სახელმწიფო, ჩვენ ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე ვართ.

ბუნებრივია, ამიერკავსასიაში ახალი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოცემულობის შექმნამ უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა დასავლეთში და იქ აამოქმედეს ყველა ბერკეტი, რათა რაც შეიძლება მეტად დაეშორებინათ საქართველო და რუსეთი ერთმანეთისგან. ამის ნათელი დადასტურება იყო სამოქალაქო ინტეგრაციის ჩაშლა ქართველებსა და ოსებს შორის, რომლის სათავეშიც რუსეთი უნდა მდგარიყო…

დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ყინული დაძრას ორ ქვეყანას შორის. ახლა, როდესაც პოლიტიკური და სახალხო დიპლომატია ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს, გლობალური დასავლეთი კვლავ ეწინააღმდეგება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას.

ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთიდან ვიზების გაუქმების საკითხი 2019 წელს მომწიფდა, რადგან იმხანად რუსეთიდან მილიონ-ნახევარი ტურისტი ჩამოვიდა საქართველოში, ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა იყო მილიარდ სამას ორმოცდაათი მილიონი. ამის შემდეგ ბუნებრივად დადგა რუსეთთან ვიზების გაუქმების საკითხი, რადგან სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს ურთიერთობები ინსტიტუციურ დონეზე. ვიზების გაუქმების საკითხი კი დადგა, მაგრამ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, ვიზების გაუქმების ნაცვლად, ფრენებიც შეწყვიტა რუსეთმა.

მას შემდეგ რამდენიმე წელიწადი გავიდა, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის აღსადგენად ნაბიჯი არ გადადგმულა, მაგრამ სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვა გაიზარდა და  2,1 მლრდ-ს მიაღწია. ამას მოჰყვა უკრაინის კრიზისის ფონზე საქართველოს როლის გაზრდა სატრანზიტო გადაზიდვებში. გადაზიდვებმა მოიმატა ბაქო-თბილისი-ყარსის მონაკვეთზე, ამას დაემატა რუსეთის ფედერაციიდან მომავალი ტვირთები თურქეთის მიმართულებით; ასევე გაიზარდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მაჩვენებელი ენერგომატარებლებზე, რომელთა ერთ-ერთი გამტარი აღმოჩნდა ფოთის პორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასე რომ,საქართველოში რუსეთიდან იმპორტმა 438-ჯერ მოიმატა. ეს მოხდა იმიტომ, რომ რუსეთსა და ბულგარეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები არ დასრულებულა. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა, ევროპის კონტინენტი დამოკიდებულია რუსეთის ენერგომატარებლებზე, ბულგარეთში კი ეს ყველაფერი ჩვენი ტერიტორიიდან გადის. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა თხევადი აირისა და ბენზინის ფასი საქართველოში.

იქ, სადაც არის ეკონომიკური აღმავლობა, იწყება მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესებიც. საქართველოს ასეთი მდგრადობამ და ოაზისად გადაქცევამ გამოიწვია დიდი ინტერესი მთელი რიგი მიმართულებით ინვესტიციების განსახორციელებლად. პირველ რიგში, ეს არის აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთისა და უნგრეთის მნიშვნელოვანი, მეგაენერგეტიკული პროექტი.

არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც პროდასავლური მეინსტრიმული მედია არ საუბრობს. შავ ზღვაში კაბელი უნდა ჩაიდოს ფოთიდან კონსტანცას მიმართულებით. როგორ ფიქრობთ, ამ კაბელში რომელმა ელექტროენერგიამ უნდა გაიაროს _ აზერბაიჯანსა და საქართველოში აკუმულირებულმა? _ არა, რა თქმა უნდა, რადგან ამ ქვეყნებს არ აქვთ ამდენი ენერგია. ეს კაბელი ჩაიდება რუსეთის ჩარევით, რადგან ასეთი პროექტის განხორციელება შეუძლებელია რუსეთის გარეშე. ამაზე არ საუბრობენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გეოპოლიტიკას არც მორალი აქვს და არც სამართლიანი ხედვა.

საქართველოს მართებს პრაგმატული პოლიტიკის გატარება და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის პრემიერმა ეს უკვე გააკეთა. საქართველო დეკლარირებულად პროდასავლური იყო, მაგრამ დღეს გვაქვს ევროკავშირთან დეკლარირებული სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობა,  გვაქვს ჩინეთთან ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველო იწყებს უპრეცედენტო სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, რადგან უმაღლეს მწვერვალზე ასულმა სავაჭრო-ეკონომიკურმა ბრუნვამ მეზობელ ქვეყანასთან უნდა ჰპოვოს ასახვა პოლიტიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებშიც. ეს ურთიერთობა უნდა იყოს უვიზო მიმოსვლისა და ავიამიმოსვლის აღდგენა.

საქართველოსა და რუსეთის შორის ავიამიმოსვლას რამდენიმე კომპანია ახორციელებდა და მაინც არ იყო საკმარისი, რადგან მოთხოვნა დიდია. რუსეთში ქართველების მილიონიანი დიასპორაა. ამ ადამიანებს სურთ, დაბრკოლების გარეშე ჩამოვიდნენ სამშობლოში. დღეს საქართველოს მოქალაქეებს სამმაგი ფასის გადახდა უწევთ მგზავრობაში აქამდე ჩამოსაღწევად. გარდა ამისა, ქართულ ეკონომიკას ჟანგბადივით სჭირდება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა და ვიზების გაუქმება.

_ ოფიციალურ თბილისს ამ თემაზე ჯერ განცხადება არ გაუკეთებია, მხოლოდ რამდენიმე პარლამენტარმა ისაუბრა, ისიც, საკმაოდ მოკრძალებულად. საქართველოს პრეზიდენტმა კი საერთოდ უარყო მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის წინააღმდეგია ამერიკის ელჩიც და უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ვინმე კასიანოვიც

_ ორი მნიშვნელოვანი რამ დგას დღის წესრიგში: ვიზების გაუქმება რუსეთის მხრიდან და ავიამიმოსვლის აღდგენა. ვიზების გაუქმება რუსეთის პრეროგატივაა და სხვა არავისი, ხოლო პირდაპირი ავიამიმოსვლა ქართული მხარის დასტურის გარეშე ვერ მოხდება. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, პარლამენტარმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა, რომ ქართული მხარე მიესალმება პირდაპირ ავიამიმოსვლას რუსეთთან, მაგრამ მთავრობასა და პარლამენტს ოფიციალურად კერ არ  დაუსვამს ეს საკითხი. ამის მიზეზი კი დასავლეთისა და ამერიკის მხრიდან ზემოქმედებაა. ამერიკის ელჩმა გადაწყვიტა, რუსეთის ჯარის ყოფნა, აფხაზეთის საკითხი და ავიამიმოსვლა ერთმანეთთან დაეკავშირებინა. მე მას მივწერე,  რომ ჩვენი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ამ გზაზე ყველა დიპლომატიური ნაბიჯი მოსაწონი და მხარდასაჭერია…

უმძიმესი მოსასმენი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება. მან თქვა, რომ არ მიესალმება რუსეთთან პირდაპირ ავიამიმოსვლას. სალომე ზურაბიშვილი იმ მომენტში საფრანგეთის ყოფილ ელჩს უფრო ჰგავდა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც არაფრით განსხვავდება ამერიკის ელჩისგან. აგრეთვე, მძიმე მოსასმენი იყო უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კასიანოვის განცხადებაც. მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვის საქართველო, რადგან მტრული განცხადება გააკეთა ჩვენი ქვეყნის მიმართ, როდესაც თქვა, რომ რუსეთან ავიამიმოსვლა უკრაინის მოქალაქეებს არეალს შეუზღუდავს და იძულებულნი იქნებიან, ურაინის მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელონ. მისმა ამ განცხადებამ თვით ზელენკის მხარდამჭერებიც კი შეაშფოთა საქართველოში.

_ ქართული მხარის ინერტულობით შეიძლება შეფერხდეს დაწყებული საქმე, გადაიდოს უვიზო რეჟიმის აღდგენა და გაქრეს პირდაპირი ავიამიმოსვლის სურვილიც?

_ ძალიან მალე მიიღებენ პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ხალხის დაკვეთაა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველომ უარი უნდა თქვას ბიზნესპროექტებზე, სავაჭრო ურთიერთობებზე. რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას ნატრობდა ამერიკა, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილმა 2010 წელს საზღვრები გადმოწია ფსოუდან ენგურამდე, როკიდან გორამდე და რუსეთი შევიდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში. საქართველომ იმხანად ამერიკის დაკვეთით დათმო კეთილდღეობა, საქართველომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლას მხარი დაუჭირა. ეს ფაქტი ყველას ახსოვს.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს უყურადღებოდ არ დარჩენიათ რუსეთის ფედერაციაში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სწორედ ამიტომ თქვა, რომ საქართველოს შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის შემოტევას. რუსეთში დადებითად აფასებენ იმასაც, რომ ჩვენმა ქვეყანამ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე, უარი თქვა სამხდრო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობაზე. საქართველო არ აღმოჩნდა არამეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებს შორის.  დღეს საქართველოსთვის რუსეთი მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here