Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთში  მიხვდნენ, რომ  ეს ოთხეული, შესაძლოა, „დაუკრეფავში“ გადავიდეს და ისეთებიც თქვას, წინ...

დასავლეთში  მიხვდნენ, რომ  ეს ოთხეული, შესაძლოა, „დაუკრეფავში“ გადავიდეს და ისეთებიც თქვას, წინ ევროპელი ელჩები გარბოდნენ და უკან დეგნანი მისდევდეს

ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ არის რეალურად მეგობარი და პარტნიორი და ვინ მტერი

442

დასავლეთის სანქციების ფონზე  რუსეთის ფედერაცია ცდილობს, თავისი პროდუქცია გაიტანოს ყველა ქვეყანაში, თუკი ამის სურვილი ექნებათ და, რაც მთავარია, გაყიდოს ევროპულ და ამერიკულ პროდუქტზე იაფად. ამით ბევრი ქვეყანა სარგებლობს, ისინი არ უყურებენ დასავლურ სანქციებს და იქცევიან ისე,   საკუთარ მოსახლეობას მეტი შეღავათი რომ მისცენ და საყოველთაო კრიზისის ფონზე ნებისმიერი სახის პროდუქცია იაფად მიაწოდონ.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ რადენიმე დღის წინათ პრესკონფერენცია გამართა. ოპოზიციური სატელევიზიო არხების ჟურნალისტებმა ლექვინაძეს ლამის თვალები დასთხარეს, რუსეთიდან საწვავის შემოტანა რატომ გაიზარდაო.

„მიმდინარე წელს საწვავის იმპორტის 40% რუსეთიდან ხორციელდება, 30% შემოდის რუმინეთიდან, შემდეგ მოდის ბულგარეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთიდან ძალიან მცირე ნაწილი. რუსეთიდან იმპორტი კი იმიტომ  გაიზარდა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე იაფი საწვავის წყაროა, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი იაფი საწვავი მნიშვნელოვანია. რუსული საწვავის ღირებულება ევროპულთან შედარებით დაახლოებით 30-40 თეთრით იაფია“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, იმასაც გეტყვით, რომ ლექვინაძემ პირობა დადო, საწვავის ფასის მოკვლევის  შედეგებს წლის ბოლოსთვის გაცნობებთო. ბატონო ირაკლი, როცა თვეში ჯამაგირის სახით 5 ათას ლარზე მეტს იღებთ,  უნდა აჩქარდეთ და მეტი მოინდომოთ, თორემ, დეკემბერში რომ გვეტყვით, რატომ იყო საწვავი კატასტროფულ ფასად ივნისსა და ივლისში, დიდი ვერაფერი შეღავათია. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას…

იმით დავიწყოთ, რომ არც ისე  დიდი ხნის წინათ  ხელისუფლების წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ: რა რუსეთი, საწვავის უდიდესი ნაწილი, ლამის 90% აზერბაიჯანიდან შემოდის და სწორედ ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებულიო. ახლა კი ირკვევა, რომ აზერბაიჯანი სამეულშიც კი არ არის და იქიდან დაახლოებით 10%  შემოდის. ვის და რისთვის სჭირდებოდა ეს ტყუილი, ვერ გეტყვით. მხოლოდ ვივარაუდებთ, რომ  აზერბაიჯანის დასახელებით ოპოზიციისა და დასავლეთის კრიტიკა აირიდა ხელისუფლებამ, რუსეთიდან საწვავს ნუ ყიდულობთო.

რატომ ეფერება ხელისუფლება ოპოზიციასა და დასავლეთს, ვერ გეტყვით და რატომ არ ეუბნება, რას ნიშნავს რეალურად 30-40 თეთრით იაფი საწვავი. არადა,  ეს არის გაიაფებული მგზავრობა და გაიაფებული საკვები (და არამხოლოდ) პროდუქტი, რადგან მისი ტრანსპორტირება გაცილებით იაფი ჯდება. ხელისუფლება არც იმას ამბობს, რომ მეზობელ თურქეთს რუსეთთან გაცხოველებული ვაჭრობა აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სწორედ ამ პერიოდით ისარგებლოს და არამხოლოდ მუდმივად ყიდულობს პროდუქციას, არამედ მარაგსაც იქმნის. ასეულობით მილიონი გამოყო თურქეთის მთავრობამ იმისთვის, რომ სწორედ რუსული პროდუქციის მარაგი შექმნას და, რაც მთავარია, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი იაფად იყიდოს. თანაც, ჩვენგან განსხვავებით, თურქეთი ნატოს წევრიც არის და 20 წელზე მეტია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც აქვს, თუმცა აღიარებს, რომ ეს სტატუსი არაფერში სჭირდება.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების  ერთადერთი შანსი სოციალური აფეთქებაა და სწორედ ამიტომ აკეთებენ აქცენტს რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტაზე.  ასეთ შემთხვევაში ეს არ იქნება ფასების ზრდა მხოლოდ საწვავზე, ეს იქნება საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტი და მათ შორის, უპირველესად, პურის დეფიციტი. აგერ, ევროპის არაერთმა ქვეყანამ ბელორუსს უკვე ოფიციალურად მიმართა და შეშის შეძემნაზე დაიწყო საუბარი. ხვდებით, რას ნიშნავს, 2022 წელს ევროპული ქვეყანა ზამთრის დადგომამდე შეშას რომ იმარაგებს? ჩვენთან 1990-იან წლებში რომ იყო, იმაზე უარესის მოლოდინში არიან ევროპელები და ყველაზე საინტერესო არის ის, რომ თუნდაც ბელორუსიდან შეშის გატანა რუსეთის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება, რადგან ტყის მასივების ძირითადი ნაწილი ხელშეკრულებით სწორედ რუსეთს აქვს სარგებლობაში, შეშა  კი ბუნებრივ  აირზე იაფი ნამდვილად არ არის. ძალიან, ძალიან გაუჭირდება ევროპას ამ ზამთრის გადატანა და, ვინც გადაიტანს, აუცილებლად გაღარიბდება, იმიტომ, რომ არარეალურ რესურსებს წაიღებს ზამთარი. აი, ეს გათვლა აქვს ოპოზიციას, იმავე დღეში ჩავცვივდეთ, როგორც დღეს არის ევროპა და იმის გათვალისწინებით, რა დანაზოგი და ხელფასები აქვთ ევროპელებს და რა დანაზოგი და შემოსავალი გვაქვს ჩვენ, ადვილი მისახვედრია, რას გვიმზადებენ.

სხვათა შორის, ოპოზიცია მას შემდეგ უფფო გათამამდა, რაც ამერიკის ელჩმა ხმამაღლა განაცხადა, – ხელისუფლება უფრო მკაფიოდ გაემიჯნოს იმ ოთხეულს, რომელიც ამბობს, რომ დასავლეთსა და კონკრეტულად ამერიკას, საქართველოში ომი უნდაო. ელჩმა ისიც თქვა, ეს ოთხეული სიმართლეს არ ამბობსო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომელი განცხადება შეიცავს ტყუილს.  საზოგადოდ, გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად კი უარყო დასავლეთმა, მაგრამ ძალიან, ძალიან არადამაჯერებლად. მათ უფრო მეტი ნერვიულობა დაეტყოთ, ვიდრე მოსმენილით გაოცება, რადგან მიხვდნენ, რომ სწორედ ეს ოთხეული, შესაძლოა, „დაუკრეფავში“ გადავიდეს და ისეთებიც თქვას, წინ ევროპელი ელჩები გარბოდნენ და უკან დეგნანი მისდევდეს. ყველას გაუჩნდა  განცდა, რომ ოთხი დეპუტატი ბოლომდე არ ამბობს სიმართლეს, მაგრამ დასავლეთს მიახვედრებს,  რომ, თუ რიტორიკას არ შეიცვლის და მეორე ფრონტის გახსნისკენ პირდაპირ თუ ირიბ მოწოდებებს თავს არ დაანებებს, მეტს იტყვის. სწორედ ეს მეტია საინტერესო და  ხალხს აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე; იცოდეს, ვინ არის საქართველოს მეგობარი და პარტნიორი და ვინ მტერი.

NDI-მ მორიგი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა და, სხვადასხვა რამესთან ერთად, ისიც იკითხა, უნდა გააღრმავოს თუ უნდა გაწყვიტოს საქართველომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებიო. 29 %-მა უპასუხა, რომ უნდა გაწყვიტოს. გვერწმუნეთ, ამ 29 %-ში არასამთავრობოებისა და დასავლეთის მიერ შეგულიანებული ადამიანები ჭარბობენ, თორემ რეალურად მათი რიცხვი 10 %-საც არ აღემატება. სწორედ ისინი არიან, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა ქვეყანაში არეულობისა და სოციალური აფეთქებისთვის სჭირდება, დანარჩენები კი… ის დანარჩენები ქუჩაშიც გამოჩდნენ, როცა სტატუსი არ მოგვცეს, ეგონათ, დასავლური ღირებულებების სადარაჯოზე იდგნენ, მერე მიხვდნენ, რომ ოპოზიციის სადარაჯოზე იყვნენ გამოსული და შინ წავიდნენ. წესითა და რიგით, გასული დრო საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, თეთრი და შავი გაერჩიათ, მიმხვდარიყვნენ, რა ხდება რეალურად და რა მიზანი აქვს დასავლეთს ოპოზიციასთან ერთად. ოპოზიციამ ისიც ზუსტად იცის, რომ დასავლეთს, ევროპა-ამერიკას, მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ტერიტორია აინტერესებს და ამ ტერიტორიაზე რაც უფრო ცოტა ადამიანი იქნება, მით უკეთესი, აი, საერთოდ თუ არ იქნება, ხომ გადასარევი. არავის სჭირდება ბარგად აკიდებული საქართველო, მერე ამერიკის ელჩიც აღარ დაგვამადლის, – 30 წლის განმავლობაში, 6 მილიარდი დაგახარჯეთ და თქვენ კი ჩვენს მხარეს მაინც არ ხართო. ამ 6 მილიარდის  უდიდესი ნაწილი არასამთავრობოების ჯიბეში წავიდა და წავიდა იმიტომ, რომ დასავლურ-ლიბერალური ხაზი გაეტარებინათ. აკი ხელისუფლებამაც თქვა, რომ სამ არასამთავრობოს ათეულობით მილიონი ლარი ჩაერიცხა და ამ თანხების დიდი ნაწილი საპროტესტო აქციების მოწყობას მოხმარდა. ჩარიცხული თანხის ასი პროცენტი სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან მოდიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები სტრატეგიულად და მეგობრულად აფინანსებდნენ აქციებს, არეულობის დაწყებას უწყობდნენ ხელს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოვიდა. ჰო, ჯერჯერობით, რადგან პროცესი გრძელდება და არავის აუღია ხელი იმაზე, რომ თავის ნებაზე ათამაშოს საქართველო, მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობაც არ მოხსნილა დღის წესრიგიდან და ეს თუ ზამთარში მოხდება, ძალიან კარგი იქნება.

გასულ კვირას, მაღაზიებში მზესუმზირის ზეთი გაიაფდა და გაიაფდა საგრძნობლად. რატომ? იმიტომ, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ მოახერხა და რუსეთიდან დიდი ოდენობით შემოიტანა, შემოიტანა იაფად და მოსახლეობაც ხეირობს. კიდევ გავიმეორებთ, რომ იმავეს გაკეთება შეიძლება პრაქტიკულად ყველაფერზე, რძის პროდუქტებზეც კი, რომლებიც მალფუჭებადია, მაგრამ შესაბამისი ხაზის აწყობის შემთხვევაში რუსეთიდან შემოტანილი რძის პროდუქტები ბევრად იაფი იქნება, ვიდრე ადგილზე წარმოებული.

რატომ? იმიტომ, რომ სოიო და ათასი რამ, რაც წველადობას ზრდის, ევროპიდან შემოგვაქვს და ძვირი ღირს, რუსეთს კი საკუთარი აქვს. ამ პროდუქციის შემოტანაც შეიძლება რუსეთიდან, ადგილობრივი წარმოება რომ გაიაფდეს, მაგრამ… მერე ხომ დასავლეთი გაბრაზდება და ოპოზიცია დაგვანამუსებს. როდის ვისწავლით საკუთარ თავზე ფიქრს, ვერ გეტყვით, მაგრამ აშკარად დროა, ამის კეთება დავიწყოთ.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here