საქართველოში ხშირად უსვამენ ხაზს ბოლო ოცდაათ წელიწადში ამერიკელების მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებას. შევარდნაძე და სააკაშვილი ამაყობდნენ ამ დახმარებით, რადგან ერთიც და მეორეც ამას საკუთარ დამსახურებად ასაღებდა. აშშ–ის აწ უკვე ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა კი უტაქტოდ და უტიფრად დაგვაყვედრა “დახმარება“, რომელსაც მისი ქვეყანა გვიწევდა: „ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება გავუწიეთ”.
საინტერესოა, მართლა რამდენი დახმარება გაგვიწია ამ ქვეყანამ და რას მოხმარდა ეს თანხა? „რადიო თავისუფლების“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ მასალაში წერია: “4 348 400 000 (ოთხი მილიარდ სამასორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი) – ეს არის ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც საქართველომ აშშ–ისგან 28 წლის განმავლობაში მიიღო. ამის შესახებ „კონგრესის კვლევითი სამსახურის” ანგარიშშია საუბარი“.
უნდა ვიფიქროთ, რომ ეს რეალური თანხაა. კელი დეგნანის მიერ დასახელებული თანხაც (ექვსი მილიარდი), ალბათ, რეალურია, ვინაიდან მისი განცხადება სამი წლით გვიან (2023 წელს) არის გაკეთებული. რას მოხმარდა და სად წავიდა ეს თანხა?
აქედანვე შევთანხმდეთ ერთ რამეზე: ჩვენ ამ თანხის ბუღალტრული რევიზია კი არ გვაინტერესებს, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამერიკელთა მიერ ჩვენთვის გაწეული დახმარების ფილოსოფიაზე უნდა დავფიქრდეთ. ფილოსოფიისკენ “სოციალური ქსელების ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა მიბიძგა. აი, ისიც:
“ამერიკა 30 წელიწადში დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით “დაგეხმარათო”. კი, ბატონო, გავყოთ 4 მილიარდი 30-ზე და მივიღებთ 133 მილიონს წელიწადში, ახლა 133 მილონი გავყოთ საქართველოს დაახლოებით 4 მილონ მოქალაქეზე და მივიღებთ 33 დოლარს საქართველოს ერთ მოსახლეზე წელიწადში. ქრისტეც დაახლოებით მაგ ფასად გაყიდა იუდამ, ბატონებო და ქალბატონებო! ავღანეთში 20 წელი იყო ამერიკის ჯარი, ეს ამერიკელებს ერთი ტრილიონი დოლარი დაუჯდათ და შედეგი მიიღეს ნული, ვერ აქციეს ავღანელი ხალხი პროამერიკელებად, ქართველების ყიდვა კი წელიწადში 33 დოლარად უნდათ? 33 დოლარს გვამადლის ამერიკის ელჩი? თუ მოკავშირედ გვთვლიან, მაშინ ადეკვატური დახმარება გამოგვიყონ და არა 33 დოლარი წელიწადში, ანუ თვეში 2,75 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე!”
დასახელებული თანხა მთლიანად ხალხისთვის რომ დაერიგებინათ, ჩვენს შემოსავლებს ყოველთვიურად თურმე 2 დოლარი და სამოცდათხუთმეტი ცენტი დაემატებოდა. აჰა, სიგრძე და განი ამერიკის მიერ ქართველი ხალხისთვის გაწეული დახმარებისა. აი, რას გვაყვედრიან პრეზიდენტები, მთავრობები, ელჩები და სხვები და სხვები.
ამ საქმეს სხვა განზომილებაც აქვს. კერძოდ ის, რომ ეს თანხა ქართველი ხალხის დასახმარებლად არ იგზავნებოდა, მას გარკვეული ინფრასტრუქტურული დანიშნულება ჰქონდა. ეს ინფრასტრუქტურული წრე ძირითადად სამი რგოლისგან შედგება – იდეოლოგია, უშიშროება, სამხედრო სფერო. ეს ის სფეროებია, რომლებიც საქართველოში ფუნქციობენ, მაგრამ სრული ასი პროცენტით აშშ-ის ინტერესებს ემსახურებიან. ვფიქრობ, ახსნა არ სჭირდება იმას, რომ ქვეყანაში, სადაც ნატოს ინტერესებია შემოსული, უშიშროება და სამხედრო ინფრასტრუქტურა მთლიანად ამერიკელთა ხელშია. რა თქმა უნდა, ასეთივე მდგომარეობაა იდეოლოგიაშიც, მაგრამ ამ რთულ მიმართულებას გააჩნია ერთი განშტოება, რომელსაც, მე პროვოკაციის სფეროს ვუწოდებ. ეს არის ყველაზე ვერაგული იარაღი მტრის ხელში, რომელიც არამხოლოდ წამლავს საზოგადოებას, არამედ ყოველ ნაბიჯზე უაღრესად საშიშ ხაფანგებს აგებს მისთვის. ეს ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც ასეულობით მილიონს იღებენ ქართული ცნობიერებისა და ყოფიერების რღვევის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ისინი ებრძვიან რელიგიას, კულტურას, ტრადიციებს, წესებს, ადამიანური ურთიერთობის ფორმებს, ეროვნულ სულს, ეროვნულ ხასიათს, ეროვნულ ნიშან–თვისებებს, მთლიანად ეროვნულ იდენტობას. ისინი აშშ–ის “მეხუთე კოლონას” წარმოადგენენ და ეწევიან ძირგამომთხრელ საქმიანობას.
იმ მილიარდების დიდი ნაწილი, რომელიც აშშ-დან წლების განმავლობაში შემოედინება, სწორედ ამ ძალის (“მეხუთე კოლონის”) დაფინანსებას, მის გაძლიერებასა და მოვლა-პატრონობას ხმარდება. ნუ იქნებით ქართველები ისეთი გულუბრყვილოები, რომ ამერიკელების მიერ სხვისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად თუნდაც ერთი ცენტის დახარჯვა დაიჯეროთ. სჯობს, საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა: ეს საქართველოსთვის გაწეული დახმარებაა თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის ლეგალიზებული ფორმა? ეს შეკითხვა რიტორიკულია, ვინაიდან საკუთარ თავშივე შეიცავს მკაფიო პასუხს: აშშ–იდან საქართველოში წლების განმავლობაში შემოსული თანხები საქართველოს სამტროდ არის გამიზნული, ვინაიდან იგი ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ შემუშავებული პროექტებისა და ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ მომართული პიროვნებების დასაფინანსებლად იხარჯება.
ამას წინათ საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” შეიმუშავა კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელმაც დიდი ალიაქოთი გამოიწვია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. საქმე ისაა, რომ კანონპროექტი საზღვარგარეთიდან შემოსული თანხების ხარჯვის მიმართულებებისა და ქართველი ხალხის ინტერესებთან მისი შესაბამისობის შესწავლისა და კონტროლის ფორმების დანერგვას ითვალისწინებს.
კანონპროექტი შეფასდა, როგორც ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა. რატომ? ევროინტეგრაციული პროცესი უცხოური თანხების უკონტროლო შემოდინებასა და “მეხუთე კოლონის” შეუფერხებელ პარპაშს ნიშნავს? აბა, სხვას რას ითხოვენ ის ადამიანები, რომლებიც, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე მის შეგნით, ასე უკიდეგანოდ აღშფოთდნენ:
ჰუბერტუს იანი, რუსეთისა და კავკასიის ისტორიის პროფესორი, კემბრიჯის უნივერსიტეტი: “აღნიშნული პოლიტიკა პირველად მიიღეს და გამოიყენება რუსეთის ფედერაციაში და შედეგს ყველა ხედავს. ამან რუსეთში გამოიწვია დემოკრატიული და სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების სრული დემონტაჟი და ავტოკრატიული და კორუფცირებული დიქტატურის აღზევება, რასაც ახლავს მრავალი შეუზღუდავი სასჯელი და უდანაშაულო პირების დაპატიმრება… ეს, ფაქტობრივად, გააჩერებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში ახალგაზრდა და განათლებულ თაობაზე, რომელთაგან ბევრმა, შესაძლოა, ქვეყნიდან წასვლა მიიჩნიოს გამოსავლად”.
სტივენ ჯონსი, ქართული კვლევების ცენტრის დირექტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტი: „ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც ანადგურებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თავისუფლებას, იმოქმედონ მთავრობის წნეხის შიშის გარეშე და გამოხატონ განსხვავებული აზრი… ეს არის საშინელი მინიშნება საბჭოთა დროზე, როდესაც „უცხოობა” სახიფათო იყო. ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მისწრაფებას დემოკრატიული ღიაობისკენ და ძირს უთხრის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მიზანს”.
ვფიქრობ, საკმარისია ჩვენი უცხოელი დამრიგებლებისა და ჭკუის მასწავლებლების ციტირება. ისინი იმდენად ბევრი არიან, რომ დავიღლებით მათი მოთქმა-გოდებისთვის ყურისგდებით.
ამ საკითხის მიმართ შინაურების დამოკიდებულებაც ანალოგიურია, მაგრამ რამდენიმეს მაინც წარმოგიდგენთ იმის საილუსტრაციოდ, რა მწარედ განიცადეს მათ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობით მიღებული შემოსავლების დაკარგვის საფრთხე.

ვანო ჩხიკვაძე, “ღია საზოგადოების ფონდი”: “გადაწყვეტილება დიდწილად შეეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაცია #10-ს, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვას გულისხმობს”.
გია ნოდია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი: “ეს კანონი არსებითად იმეორებს რუსეთისა და მისი სატელიტების თუ მიმბაძველების მსგავს კანონმდებლობას, რომლის მიზანია, აღმოფხვრას დასავლურ ქვეყნებთან დაკავშირებული ორგანიზაციების საქმიანობა მათ ქვეყნებში”.
შემაშფოთებელი ვითარებაა. ეს არის ყოვლად უსინდისო და თავხედური შემოტევა საქართველოზე.
* როგორ თუ უნდა გვაკონტროლოთ?
* როგორ თუ აწყობილი დასავლური მექანიზმის რევიზიას იწყებთ?
* როგორ თუ ჩვენ მიერ დაქირავებული პირების შეზღუდვას ბედავთ?
* როგორ თუ თავისუფლად პარპაშის უფლებას არ გვიტოვებთ?
* როგორ თუ… როგორ თუ…
თავის დასაცავად ხელის განძრევის უფლებას არ გვაძლევენ. მათ მიერ ყოვლად უკანონოდ შემოღებულ “წესებში” ცვლილების შეტანის გზებს უხეშად გვიკეტავენ და ყველაფერ ამას იმით ხსნიან, რომ, მათი თქმით, ეს რუსული კანონების გადმოწერა ყოფილა. ისინი თეორიულადაც კი არ დაუშვებენ იმას, რომ შესაძლებელია, რომელიმე რუსული კანონი უფრო სწორი, სამართლიანი და გამართული იყოს, ვიდრე დასავლური. არა, ამას ისინი არასოდეს აღიარებენ, მაგრამ რა ვუყოთ იმ მოღაღადე ფაქტს, რომ განსახილველ საკითხზე კანონი რუსეთში სულ რამდენიმე წლის წინათ მიიღეს და საბაზო მოდელად აშშ–ში მოქმედი ანალოგიური კანონი გამოიყენეს, რომელიც 1938 წელს არის მიღებული. The Foreign Agents Registration Act (FARA) – ასე ეწოდება ამ კანონს.
ასეთ შემთხვევებში იტყვიან: ბნელა?! კანონს, რომელიც რუსეთმა ახლახან მიიღო, ამერიკაში კი თითქმის საუკუნეა მოქმედებს, რა სინდისით უწოდებთ რუსულს? აშშ-ში მოქმედი კანონი თუ კარგია (თქვენი ლოგიკით, როგორ შეიძლება, იქ რომელიმე კანონი ცუდი იყოს), იგივე კანონი რუსეთსა და საქართველოში რატომ არის ცუდი, არადემოკრატიული და მიუღებელი? ბნელა?!
სამწუხაროდ, ბნელა საქართველოში. ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ბნელა. მას შემდეგ, რაც “უოლ სტრიტის განგსტერებმა” (კონსტანტინე გამსახურდია) საბჭოთა კავშირი დაშალეს, სოციალისტური სისტემა დაანგრიეს და სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან ერთად საქართველოსაც შემოესივნენ, ბნელა. სიბნელე ქურდებს, ყაჩაღებს, მძარცველებს და, საზოგადოდ, დამნაშავეებს უყვართ, რადგან იგი კვალის დაფარვის საუკეთესო საშუალებაა.
ვალერი კვარაცხელია