Home რუბრიკები პოლიტიკა კვირიკაშვილის მთავრობა და მოთმინების ფიალა

კვირიკაშვილის მთავრობა და მოთმინების ფიალა

846

ხელისუფლების მდგომარეობა რთულდება _ მთავრობის ავტორიტეტი სწრაფად ეცემა, რაც მკაფიოდ აისახება მასმედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ კერძო საუბრებში. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს და პრობლემის ანატომიის დაკვირვება, ალბათ, საინტერესო და დროული იქნება.

ახლაც აჟრიალებს

პირველი და მთავარი მიზეზი მაღალჩინოსნების მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლების უცოდინარობაა. მაგალითად, როდესაც 13 დეკემბერს ლარი ისევ სწრაფი ვარდნის რეჟიმში გადავიდა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა: “დეტალებს და მიზეზებს ვერ გეტყვით. ლარის გაუფასურება არ დაიჯეროთ. ყველაფერი კარგად იქნება” (სააგენტო “პირველი”). შესაძლოა, თაბუაშვილმა იგულისხმა, რომ რყევა დროებითია და, ისევე, როგორც 1 დეკემბერს, მას სერიოზული შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ მისმა ფრაზამ უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. საბოლოო ჯამში, თაბუაშვილმა საკუთარი თავი წარმოაჩინა არაკომპეტენტურ პირად, რომელიც პანიკაში ჩავარდნილ მოსახლეობას დასცინის.

განსხვავებული, მაგრამ ხელისუფლებისთვის ასევე უსიამოვნო რეაქცია მისი შეფის _ დიმიტრი ქუმსიშვილის რეპლიკას მოჰყვა. მან დეპუტატებს მოუთხრო, როგორ იყიდა სუვენირები სვანეთში: “მე ქალბატობს ასლარიანი გავუწოდე, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა. ქალბატონო ადა, ამოიღო ფულის ბღუჯა! ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი. ეს არის ტურიზმის გავლით, ოღონდ ეს სხვანაირად არ კეთდება”. ცხონებული ზიგმუნდ ფროიდი ამ მონოლოგზე, ალბათ, საინტერესო კომენტარს შემოგვთავაზებდა. ზოგიერთ მაძღარ და დალაგებულ ქვეყანაში ფინანსთა მინისტრის მიერ კომიკოსის როლის შეთავსებას, ალბათ, მშვიდად მიიღებდნენ, მაგრამ საქართველო დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ მსგავსი ეპიზოდები კი არ ანეიტრალებს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგად წარმოქმნილ ნეგატიურ განწყობას (პიარის პრაქტიკაში ნამდვილად არის ასეთი ხერხი), არამედ ამძაფრებს მას. როგორც ჩანს, ფინანსთა მინისტრის სავარძელი მართლაც “დათარსულია” _ ნოდარ ხადურის იმიჯს ამ პოსტზე უდიდესი ზიანი მიადგა, რაც ცუდად აისახა ხელისუფლების ავტორიტეტზე, და ქუმსიშვილი, როგორც ჩანს, იმავე გზას დაადგა. შესაბამისად, გაიზარდა იმის ალბათობა, რომ მომავალში მას “განტევების ვაცად” აქცევენ.

მოსახლეობის გაღიზიანების მეორე მიზეზი შედარებით რთულ ფსიქოლოგიურ მოტივებს ეფუძნება. ბევრმა ამომრჩეველმა ხმა “ქართულ ოცნებას” მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის რესტავრაცია არ დაეშვა და ამის გამო მმართველმა პარტიამ მიიღო უფრო მეტი ადგილი პარლამენტში, ვიდრე მოსალოდნელი იყო. “ოცნების” ბევრ ძველ ამომრჩეველს სურდა, რომ 4 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომებისთვის ხელისუფლება ამა თუ იმ ფორმით დასჯილიყო და არა პირიქით _ დაჯილდოებულიყო საკონსტიტუციო უმრავლესობითა და ფაქტობრივი ერთპარტიულობით. ნეგატიური დამოკიდებულება მთავრობის მიმართ, დიდი ალბათობით, ასე სწრაფად სწორედ ამ ადამიანების გამო იმატებს, რადგან სრულიად ოპოზიცია კოლაფსშია, მის შიგნით თავისებური “სამოქალაქო ომი” მიმდინარეობს და მრავალსვლიანი საინფორმაციო კამპანიების წარმოების თავი არ აქვს. ყოველივე ამას სიტუაციის რეალური გაუარესება ამძიმებს, ხოლო ახალი წლის შემდეგ, როდესაც ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის აწევას ფასების გარდაუვალი მატება მოჰყვება, მთავრობა ალყაშემორტყმულ გარნიზონს დაემსგავსება, რომელიც შეტევების მოგერიების რეჟიმში იცხოვრებს. ეს არის დაუმსახურებელი გამარჯვების და მის შედეგად მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობის ფასი.

შემცირება და დამცირება

ხელისუფლებას მალე გამოუჩნდება არაერთი ახალი ოპონენტი. აღმასრულებელ სტრუქტურებში შემცირებები მიმდინარეობს და გარეთ დარჩენილი საჯარო მოხელეები, სავარაუდოდ, ივანიშვილის ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ მოწინააღმდეგეებად ჩამოყალიბდებიან. ზოგი მიიჩნევს, რომ შედარებით მაღალი ხელფასის გამო, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ასე თუ ისე, უმტკივნეულოდ გადააგორონ პერიოდი ახალი სამსახურის პოვნამდე, მაგრამ საქმე ის არის, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი, რომელსაც მაღალი სტაბილური შემოსავალი აქვს, პრაქტიკულად, დაუყოვნებლივ იღებს კრედიტს (მაგალითად, ბინის შესაძენად), ამიტომ თუნდაც ერთი ან ორი თვე ხელფასის გარეშე მას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს. დღეს, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო რგოლში, მაღალჩინოსანთა დიდი ნაწილი შეშინებულია, ზოგი ინტრიგებს ხლართავს, რათა სამსახურში დარჩენის გარანტია მოიპოვოს, ზოგი კი, უბრალოდ, ელოდება ზემდგომთა გადაწყვეტილებას.

მინისტრები ცდილობენ, მაქსიმალურად შეარბილონ ამ პროცესთან დაკავშირებული რიტორიკა. “ჩვენს სამინისტროში მიმდინარეობს რეორგანიზაცია და არა შემცირება”, _ აცხადებს რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე (ეს სწორედ ის ალავიძეა, თავის დროზე “ნაცმოძრაობას” 35000 ლარი რომ შესწირა, შემდეგ ამ ფაქტის დამალვა სცადა და ახლა სამინისტროს სააკაშვილის რეჟიმის “გამოჩენილი” წარმომადგელებით ავსებს), ქუმსიშვილი ოპტიმიზაციას ახსენებს და ა.შ. უარს ხარჯების შემცირებაზე მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს. როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილსა და მის გარემოცვას ქვეყნის გასაჭირი საერთოდ არ ანაღვლებს. საზოგადოდ, შტატები მართლაც მეტისმეტად გაბერილია, მაგრამ საქმე ის არის, რომ “ოპტიმიზატორები” ხშირად ვერ ამჩნევენ იმ ხვრელებს, რომლებიდანაც ასიათასობით ლარი გაედინება.

კონკრეტული მაგალითი: ეკონომიკის სამინისტრო, ძველი შენობის 9 450 000 დოლარად გაყიდვის შემდეგ, ბელინსკის ქუჩაზე გადავიდა, სადაც შპს “ტიფლის ბიზნეს ჯგუფისგან” (100%-ის მფლობელი ცაცა კვირიკაშვილი) თვეში 75 ათას დოლარად ბიზნეს-ცენტრი იქირავა, რაშიც აპრილიდან დღემდე 675 ათასი დოლარი დაიხარჯა. ეს პრაქტიკა, დიდი ალბათობით, მომავალ წელსაც გაგრძელდება. თავის დროზე განიხილებოდა სახელმწიფოს კუთვნილ რომელიმე ძველ შენობაში გადასვლის ვარიანტი, მაგრამ ამის გაკეთება, როგორც ჩანს, არ ისურვეს. მას შემდეგ, რაც შედგა გარიგება ძველი შენობის გაყიდვის თაობაზე, შესაძლებელი იყო სამინისტროსთვის ახალი კორპუსის მშენებლობის დაწყებაც, მაგრამ საბოლოოდ შეირჩა ყველაზე წამგებიანი ვარიანტი, რომელმაც ნამდვილად შეიძლება დააფიქროს დამკვირვებლები მერკანტილური ინტერესების არსებობაზე. აი, ასე გამოიყურება ხარჯების ოპტიმიზაცია კვირიკაშვილის მთავრობის შესრულებით.

როდესაც ათასობით ადამიანი სამსახურის დაკარგვის შიშით მუდმივი სტრესის პირობებში ცხოვრობს, დანარჩენები კი ასეთივე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში გარდაუვალ გაძვირებას ელოდებიან, “რეპორტიორის” პრესკლუბში გამოდის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ჭიჭინაძე და აცხადებს: “პრინციპში, თუ ავიღებთ პრაქტიკულად ამერიკის ეკონომიკური განვითარებისა და წახალისების პროგრამას, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი, ძალიან ახლოს არის ჩინეთისაც, სხვათა შორის”. ამის შემდეგ, ალბათ, ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოსახლეობის ნერვებზე თამაშის ყველა რეკორდი მოხსნა.

გაუფასურების საფასური

“2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ”, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი ზოიძემ და გასული კვირის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამონათქვამების რეიტინგის ტოპხუთეულში შევიდა. პარლამენტის მიერ (102 ხმით 10-ის წინააღმდეგ) დამტკიცებულმა ბიუჯეტმა კი შეიძლება გაგვახსენოს ცუდი მხედარმთავრის მცდელობა _ ძალთა სიმცირის მიუხედავად, ყველა ქალაქი შეინარჩუნოს. ასეთი იყო, მაგალითად, პოლონელების თავდაცვითი გეგმა 1939-ში. ალბათ, საჭირო იყო მთელი რიგი მიმართულებით ხარჯების რადიკალური შემცირება და პრიორიტეტებზე კონცენტრირება, მაგრამ ამ შემთხვევაში იძულებულნი ვართ, კვირიკაშვილის მთავრობას მუშაობა ვაცალოთ, რადგან მხოლოდ მომავალი წლის მეორე ნახევარში რეალურად გამოჩნდება, გონივრულად შეადგინა თუ არა მან ბიუჯეტი.

ვინაიდან აჟიოტაჟი ლარის მდგომარეობის გამო 1 დეკემბრიდან დღემდე წამითაც არ დამცხრალა, პრემიერმა საჭიროდ ჩათვალა, ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო კომენტარი გაეკეთებინა: “იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელშიც ვიმყოფებით, პრაქტიკულად, ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ყველა ვალუტა გაუფასურებულია და ამ საკითხზე ჩვენი ოპონენტების განცხადებები აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციებია. ეს იყო 100%-ზე მეტად გაუფასურება ყველა ძირითადი ვალუტის, საუბარი მაქვს თურქულ ლირაზე, ასევე, უკრაინულ გრივნაზე, რომელიც 200%-ით არის გაუფასურებული; საუბარი მაქვს რუსულ რუბლზე _ დაახლოებით 90%-ის ფარგლებში მოხდა გაუფასურება, აზერბაიჯანულ მანათზე _ 100%-ზე მეტია გაუფასურება… 2012 წელზე იყო საუბარი და 2012 წლის შემდეგ ქართული ლარი გაუფასურებულია, დაახლოებით 60-დან 65 %-ის ფარგლებში” (“ინტერპრესნიუსი”).

ყველაფერი ეს სწორია, მაგრამ საქმე ის არის, რომ მოსახლეობა ძალიან ნერვულად აღიქვამს ლარის მდგომარეობის მცირეოდენ გაუარესებასაც კი. ეს ხდება იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობამ” და მისმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოახერხეს, მიკროსკოპული რყევებიც კი ეროვნულ კატასტროფად წარმოეჩინათ და მთავრობამ ამას ვერაფერი დაუპირისპირა. ის ნერვული მოლოდინები, რომლებსაც ახლა უკვე ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს და ლარის კურსზე უშუალო გავლენას ახდენს, მთავრობის უნიათო საინფორმაციო პოლიტიკის, საზოგადოებასთან არასწორი ურთიერთობის პირდაპირი შედეგია და დაშვებული შეცდომების გამოსწორება დღეს, ძალიან რთული თუ არა შეუძლებელი ჩანს, მით უმეტეს, ლარის კურსის ხელოვნური “გაყინვა” პრაქტიკულად შეუძლებელი და სახიფათოც კი შეიქნა.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here