Home რუბრიკები პოლიტიკა რესპუბლიკური პარტია მარტივ მამრავლებად დაიშალა

რესპუბლიკური პარტია მარტივ მამრავლებად დაიშალა

615

დავით უსუფაშვილმა 29 ოქტომბერს რესპუბლიკური პარტიის დატოვების შესახებ განაცხადა. მას მალევე სხვა მიმდევრებიც გამოუჩნდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მისთვის მიუღებელია რესპუბლიკური პარტიის ლიდერებისა და დამფუძნებლების თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე.

უსუფაშვილის განცხადებით, პარტიის მომავალი საქმიანობის შესახებ პარტიის თავმჯდომარეს, დამფუძნებლებს, მის ლიდერებს აღმოაჩნდათ ისეთი პოლიტიკური, ღირებულებითი, ტაქტიკური ხედვები, რომლებიც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა იმ მიზეზით, რომ მათ რეალიზებას პარტიაში ხელი არ შეეშალოს, პარტიიდან წამოსვლა არჩია. მან მადლობა გადაუხადა დავით ბერძენიშვილს, რომელმაც, უსუფაშვილის თქმით, მიიყვანა პოლიტიკაში და აღნიშნა, რომ განაგრძობს “ინდივიდუალურ რეჟიმში აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას”. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას აპირებს მისი მეუღლე, ასევე “რესპუბლიკური პარტიის წევრი” თინათინ ხიდაშელი, უსუფაშვილმა უპასუხა: “ქალბატონი თინა არ აპირებს ჩემს დატოვებას, პოლიტიკურად რას იზამს, არ ვიცი”.

მოგვიანებით, რესპუბლიკური პარტია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა დატოვა. “ვფიქრობ, ჩემი ხედვები სულ უფრო და უფრო აცდენილია პარტიის შიგნით ჩამოყალიბებულ ძირითად მეინსტრიმს. პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის პათოსი და პოსტსაარჩევნო განცხადებები, შეფასებები და სამომავლო ხედვები აღმოჩნდა ბოლო წვეთი. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს რესპუბლიკური პარტია, _ განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა. რესპუბლიკური პარტია ფრიდონ საყვარელიძემაც დატოვა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიიდან დიდი ხნის წინათ წავიდა, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებია. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ დავით უსუფაშვილმა პანდორას ყუთი გახსნა. მისი განცხადებით, დავით უსუფაშვილი რესპუბლიკურ პარტიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და გასაკვირი არ არის, რომ მას პარტიის სხვა წევრებიც გაჰყვნენ.

დავით უსუფაშვილის, თენგიზ შერგელაშვილისა და ფრიდონ საყვარელიძის შემდეგ, რესპუბლიკური პარტია თინა ხიდაშელმა და ვახტანგ ხმალაძემ დატოვეს. ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, პარტიაში არის უთანხმოება, როგორ უნდა გაგრძელდეს პარტიის მომავალი საქმიანობა. “არსებობს უთანხმოება იმ დონის, როდესაც ერთად საქმიანობის გაგრძელება მიზანშეუწონელია. ძირითადად, ეს ეხება იმას, როგორ უნდა გაგრძელდეს პარტიის შემდგომი საქმიანობა. ჯერჯერობით, ჩემი პროფესიული საქმიანობით ვიქნები დაკავებული, დანარჩენს დრო გვიჩვენებს”, _ განაცხადა ხმალაძემ.

1 COMMENT

  1. დაიშალნენ რეპები, დემოკრატები, ნაცები. დაშლამდე მმართველ პარტიაში ჩატოვეს და დღესაც შეჰყავთ თავიანთი ხალხი. 25 წელია კარგად ასრულებენ ინსტრუქციებს-დაიშალეთ, გაიშალეთ, შეერთდით. ოცნებავ-გაფრთხილდი. ახლა გამოჩნდება ხართ თუ არა სამშობლოს მოყვარულები.

  2. მე ვარ ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და მინდა ჩემი გულისტკივილი გავაგებინო ყველას ვინც ამას წაიკითხავს და გული შესტკივა სამართალსა და სამართლიანობაზე, კონტრაქტით 2012 წელს გვეკუთნოდა ბინები , რომელიც ბოლომდე დღემდე არ არის დარიგებული, რომ მივმართე თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებს გვითხრეს (ბინის რიგი შედგენილი იყო წელთა ნამსახურობის მიხედვით და როდესაც ჩემი რიგი მოვიდა და ბინამ არ მომიწია) გვითხრეს რომ რიგებში მოხდა სხვა რაღაც გაუგებარი პრიორიტეტების გათვალისწინება , რომლის მსგავსიც ხელშეკრულებაში არაფერი ყოფილა ჩაწერილი, მაინტერესებს თავდაცვის მინისტრისა და რევანდელი ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში, ნუთუ ასეთი გზიტ შევალთ ჩვენ ნატოში, ცემი თხოვნა და მოთხოვნაა ხელისუფლების მიმართ თუკი ვინმე წაიკითხავს ამას გააკეთონ თავიანთი კომენტარი ამ საკითხთან მიმართებაში,

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here