საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური მისი დაკითხვის თაობაზე არასამთავრობოების მოთხოვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორი ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა. დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის პირები, რომლებიც ფარულ ჩანაწერებში არიან ასახულნი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
“მე მოვუწოდე თანამდებობის პირებს, რომლებზეც შეიძლება არსებობდეს ასეთი კომპრომატები არამხოლოდ ამ ვიდეომასალაში, არამედ, საზოგადოდ, ნებისმიერი ფორმით, რამაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს, ასეთი თანამდებობის პირები უნდა განერიდონ ხელისუფლებას. ასე ხდება სრულიად მსოფლიოში… მოთხოვნა ჩემი დაკითხვის თაობაზე შანტაჟია იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, რადგან ცდილობენ, ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედება გადაფარონ”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.