Home რუბრიკები პოლიტიკა ჯეფრი სილვერმანი: გრიპის ვირუსის აფეთქება საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, აგრეთვე, დონბასის რეგიონში...

ჯეფრი სილვერმანი: გრიპის ვირუსის აფეთქება საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, აგრეთვე, დონბასის რეგიონში ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს…

1267

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის შესახებ გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” არაერთი წერილი გამოქვეყნებულა. მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეებს უარყოფს მისი ხელმძღვანელობა, ამ დაწესებულების ირგვლივ დაარსების დღიდან არ წყდება მითქმა-მოთქმა. ამ თემაზე ჩვენს გაზეთთან ამერიკელმა ჟურნალისტმა, სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ჯეფრი სილვერმანმაც არაერთხელ ისაუბრა. მიმდინარე წლის იანვარში მან “საქართველო და მსოფლიოს” განუცხადა, რომ ორი წლის წინათ ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებიც კი მოიწამლნენ და ისინი პირველ კლინიკურ (ე.წ. არამიანცის) საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ინფორმაცია დღემდე მკაცრადაა გასაიდუმლოებული. ჯეფრი სილვერმანის განცხადებით, მას ეს ინფორმაცია მიაწოდეს საავადმყოფოს თანამშრომლებმა, რომლებსაც დაემუქრნენ, მომხდარზე არავისთვის არაფერი ეთქვათ. “ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ, ვინაიდან ლაბორატორიის მილგაყვანილობიდან მოხდა გაჟონვა. მადლობა ღმერთს, ყველა ცოცხალი გადარჩა. საავადმყოფოს ხელმძღვანელობაც გააფრთხილეს, ამ ამბის შესახებ არავისთან ესაუბრათ”, _ განაცხადა სილვერმანმა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ალექსეევკის მკვიდრი დაგვიკავშირდა და გვიამბო, რომ ლაბორატორიის თანამშრომლები 4 წლის წინათაც მოიწამლნენ და, სამწუხაროდ, ამ შემთხვევამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მან თვითონ გამოთქვა საუბრის სურვილი, მაგრამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე დაგვიკავშირდა და გვთხოვა, მისი სახელი და გვარი არ გვეხსენებინა, _ ჩემს ტელეფონს უსმენდნენ და თქვენთან საუბრის შემდეგ დამირეკეს და დამემუქრნენო, ამიტომ ინტერვიუს რესპონდენტის ინიციალებით გთავაზობთ:

..: _ ალექსეევკაში ლაბორატორიის პირდაპირ ვცხოვრობ. ჩვენს კორპუსში 4 წლის წინათ ლაბორატორიის 4 თანამშრომელი ცხოვრობდა, დაახლოებით 30-დან 40 წლამდე მამაკაცები, აზიური გარეგნობის. არ ვიცი, რა ხდებოდა ლაბორატორიაში, მაგრამ გეტყვით, რაც ჩემი თვალით ვნახე.

თითქმის ყოველ ღამეს ოთხივე ისე ცუდად ხდებოდა, რომ სასწრაფოს ვიძახებდით. ერთ დღეს კი ოთხივე მამაკაცი უგონოდ ვნახეთ, ძირს ეყარნენ და პირზე დუჟი ჰქონდათ მომდგარი. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, მაგრამ ორი მათგანი გარდაიცვალა.

მოვიდნენ ჟურნალისტები, უშიშროების სამსახურის თანამშრომლები… უშიშროების ჩარევის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ლაბორატორიაში მართლაც რაღაც საეჭვო ხდებოდა. როგორც ჩანს, ყველა გააფრთხილეს, ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. შემთხვევის ადგილიდან ჟურნალისტები გაყარეს და ეს ამბავი არსად გაშუქებულა. როგორც ვიცი, იმ 4 მამაკაციდან ორი გადარჩა, მაგრამ სად წაიყვანეს, დღემდე უცნობია, ლაბორატორიაში აღარ დაბრუნებულან და მას შემდეგ არც ერთი აღარ მინახავს.

ქვეყანაში ასეთი ლაბორატორიის არსებობა უდიდესი დანაშაულია. მე მფრინავი ვარ, ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ანალოგიური ლაბორატორია პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ ყაზახეთში ვნახე, ისიც 120 კმით არის დაშორებული დასახლებული პუნქტიდან, ლუგარის ლაბორატორია კი თბილისში, ფაქტობრივად, შუა ქალაქში, ხალხით დასახლებულ ადგილზე ააშენეს. რადიაციის საკითხებში ვერკვევი და ვიცი, დასახლებულ ადგილზე ლაბორატორიის აშენება ყოვლად დაუშვებელია. ეს უდიდესი დანაშაული იყო.

_ ცნობილია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა ლაბორატორიის დაფუძნების გამო. ხელისუფლებას თუ მიმართეთ?

_ დიახ, მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან ბევრი უჩივის თავის ტკივილს, სისუსტეს, წნევას, მოთენთილობას და სხვ. აქ რომ ჩამოიაროთ და მცხოვრებლები გამოჰკითხოთ, გეტყვიან, რომ თითქმის ყველა ცუდად გრძნობს თავს. ეს, შეიძლება, ლაბორატორიის ბრალი არ არის, მაგრამ ფაქტია, არავინ არაფერს იკვლევს და ისიც ცხადია, რომ ასეთი ლაბორატორია ხალხით დასახლებულ ადგილზე არ უნდა აეშენებინათ. გაფიქრებაც არ მინდა, მაგრამ, მიწისძვრა რომ მოხდეს, დავიღუპებით…

ხელისუფლება სად გვყავს?! საჩივარიც შეიტანა ბევრმა, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. აქციებიც მოვაწყვეთ, ხალხი გამოვიდა, მაგრამ შედეგი არც ჩვენს პროტესტს მოჰყოლია.

_ ფიქრობთ, რომ ლაბორატორიაში საშიში ცდები მიმდინარეობს?

_ ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ასეა. შესაძლოა, ვირუსებზე დაკვირვებაც მიმდინარეობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახალ ვირუსების გამოყვანაზეც მუშაობენ”.

საქართველოში ცოტა ხნის წინათ ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) გავრცელებისას, რომელმაც, სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კვლავ ახსენეს ლუგარის ლაბორატორია. ამ ვირუსის გავრცელება მეზობელმა სომხებმა სწორედ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს დაუკავშირეს, ვინაიდან, მათი აზრით, ამ ადგილას ბიოლოგიური იარაღი იქმნება და ადამიანებსა და ცხოველებზე სახიფათო ექსპერიმენტები ტარდება. ლაბორატორიის ხელმძღვანელობა კი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს.

საქართველოში ვირუსული ინფექციების ანალოგიური “აფეთქება” ორიოდე წლის წინათაც მოხდა. იმხანად გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში”(#19 (254). 2014 წ.) გამოქვეყნდა სტატია სათაურით “რამ გამოიწვია ვირუსების უეცარი გავრცელება საქართველოში და უქმნის თუ არა საფრთხეს ქვეყანას ლუგარის ლაბორატორია?”. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში საქართველოში უცნობი დაავადებაც აღმოაჩინეს, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს…

ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე ამერიკელმა ჟურნალისტმა ჯეფრი სილვერმანმა არაერთხელ განაცხადა. ის შიშობდა, რომ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას აპირებდნენ.

ბატონი ჯეფრი ამჟამადაც ეჭვობს, რომ ვირუსების მასშტაბური გავრცელება სწორედ ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება.

_ გრიპის ვირუსის აფეთქების დრო საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში, აგრეთვე, დონბასის რეგიონში ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს, _ აცხადებს ჟურნალისტი, _ ახლა უკვე ცნობილია, რომ ლუგარის ლაბორატორიის პროექტი უკავშირდება აშშ-ის სამხედრო სამსახურს, ხოლო ლაბორატორიაში მომუშავე უცხოელი პერსონალი, როგორც ჩანს, თავის საქმეს “კარგად” აკეთებს.

_ დღეს ვირუსით დაავადებული ბევრი ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა და ამის შესახებ ინფორმაციაც გავრცელდა. რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ცდილობს ინფორმაციის დამალვას?

_ ოფიციალური სტატისტიკა _ რამდენი ადამიანია ავად და რამდენი გარდაიცვალა, ჩვენთვის უცნობია. რეალურ რაოდენობას მალავენ. მაგალითად, მე ვესაუბრე მედიცინის დოქტორს (ის ჩემი სტუდენტია), რომელიც სახელმწიფო ჰოსპიტალში მუშაობს. მან მითხრა, რომ გრიპის ვირუსის გართულების შედეგად რამდენიმე პაციენტი დაიღუპა კიდეც, მაგრამ მათი სიკვდილი ოფიციალურად არსად გახმაურებულა. ასე რომ, გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა იყოს და არამხოლოდ თბილისის მასშტაბით.

მახსოვს ახალგაზრდობაში ჩემი სამხედრო სამსახურში დანიშვნა აშშ-ის ხელისუფლების მიერ. ჩემი საქმიანობა დაკავშირებული იყო ბიო და ქიმიურ იარაღთან და ვიმყოფებოდი ირაღის სპეციალურ საწყობში. მიჰყევით ჩემს ჰიპოთეაზას და მიხვდებით, რატომ მალავენ სიმართლეს. ამ ვირუსების გავრცელება საქართველოში მხოლოდ ნაწილია რეგიონში განსახორციელებელი დიდი სამხედრო ოპერაციებისა.

შესაძლოა, ეს იყოს უკრაინისა და თურქეთის დაზვერვის სამსახურების კომბინირებული ოპერაცია “ღორის გრიპის” ვირუსის მიღების მიზნით. ამით შეიძლება აიხსნას ვირუსის “აფეთქება” უკრაინაში. მხოლოდ კიევში ათი დღის წინათ 200 კაცი გარდაიცვალა, ხოლო დონბასში გარდაცვლილთა რაოდენობა დაუთვლელია. საყურადღებოა ვირუსების გავრცელება რუსეთსა და სამხრეთ თურქეთში მცხოვრებ ქურთ მოსახლეობას შორის… და მოსალოდნელი აფეთქება ჩრდილოეთ სირიაში, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც თურქეთის მოსამზადებელი ეტაპი ქურთების წინააღმდეგ.

ეთერ სიხარულიძე, ალექსეევკის დასახლებაში მცხოვრები:

_ ჩემი და ბევრი ამ უბნის მაცხოვრებლის ჯანმრთელობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გუარესდა. ამ ქუჩაზე ყველას ერთი და იგივე დაავადება გვაწუხებს. მაგალითად, ხუთიოდე დღის წინათ ისე ცუდად ვიგრძენი თავი, იძულებული შევიქენი, კარდიოლოგი გამომეძახებინა. ვუჩივი თავის ტკივილებს, თავბრუს ხვევას, მაღალ წნევას. ისეთი საშინელი სუნია უბანში, ზაფხულის განმავლობაში ფანჯარა თითქმის არ გაგვიღია. თუ ქარია, ეს სუნი განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა ხოლმე.

_ ამ ყველაფერს რატომ უკავშირებთ ლაბორატორიას?

_ ყოფილი ბორტგამცილებელი ვარ და არასდროს არაფერი მაწუხებდა, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ ბოლო ორი წელია, ძალიან გამიჭირდა. ყველაფერი ერთად დამემართა. მხოლოდ მე რომ მჭირდეს, ვიტყოდი, მეჩვენებამეთქი, მაგრამ ამ უბანში თითქმის ყველა ასეა. ბავშვებიც კი თავს ცუდად გრძნობენ, მოხუცებულებზე საუბარიც აღარ არის. 65 წლის კაცს მეორედ დაემართა წითელა ბატონები და გადაჰყვა კიდეც ავადმყოფობას.

რას აკეთებენ ამ ლაბორატორიაში კაცმა არ იცის, დახურული სივრცეა. რამდენიმე წლის წინათ ლაბორატორიის ოთხი თანამშრომელი ცხოვრობდა ჩვენს უბანში, ფილიპინელები იყვნენ, სწორედ მე დავეხმარე, ბინა ექირავებინათ. სულ ცუდად იყვნენ და ორი მათგანი გარდაიცვალა კიდეც, დარჩენილი ორი უცებ გააქრეს. მართალია, ლაბორატორიის ხელმძღვანელობა აცხადებს, საშიში არაფერიაო, მაგრამ ასე იმიტომ ამბობენ, რომ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ამ ლაბორატორიის ასაშენებლად დიდძალი ფულია გადახდილი. ნუთუ არ შეიძლება ამ ლაბორატორიის დახურვა?! შეიძლება ითქვას, რომ უიარაღო ომი მიმდინარეობს

ირმა ნაკანი, ალექსეევკის დასახლებაში მცხოვრები:

_ რაც ეს ლაბორატორია აშენდა, ფანჯრებს ვერ ვაღებთ, რადგან უბანში საშინელი სუნი ტრიალებს. უბანში მცხოვრებთაგან ბევრია სიმსივნით დაავადებული, რომლებიც დასნეულებას სწორედ ამ ლაბორატორიას აბრალებენ. მე თავბრუ მეხვევა, საშინელი თავის ტკივილები დამეწყო და ყველაფერს ამ სუნს ვაბრალებ.

_ ლაბორატორიის წინააღმდეგ მოსახლეობამ საპროტესტო აქციებიც გამართა, ვინმე თუ გამოგეხმაურათ ან ხელისუფლებიდან ან ლაბორატორიიდან?

_ რეაგირება არავისგან ყოფილა. მართალია, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე შეგვხვდა, მაგრამ ფაქტია, ლაბორატორია ისევ განაგრძობს მუშაობას. სხვათა შორის, ამ უბანში სხვა ორი პატარა ქარხანაც იყო და ყოველდღიურად დიდი შავი გამონაბოლქვი ტრიალებდა ჰაერში, მაგრამ ჩვენი პროტესტის გამო, იძულებული შეიქნენ, დაეკეტათ, ლუგარის ლაბორატორიას კი ვერაფერი მოვუხერხეთ. როგორც ჩანს, განსაკუთრებით ღამე მუშაობენ, რაღაც ხმები გამოდის ხოლმე. როდესაც საპროტესტო აქცია გავმართეთ, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები დაგვემუქრნენ, _ იმდენი ფულია გადახდილი, ამ ლაბორატორიას არავინ დახურავს და ისეთი ხალხი დგას მის უკან, ბიძინა ივანიშვილი კი არა, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვერავინ შეეხებაო.

დავუკავშირდით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს, რომელმაც ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხის შესახებ კატეგორიულად უარყო.

_ ბატონო ამირან, ლუგარის ლაბორატორიის დაარსების დღიდან მითქმამოთქმა არ წყდება. ალექსეევკის დასახლებაში მცხოვრებნი ამბობენ, რომ უჩივიან სისუსტეს, თავის ტკივილს, ცუდ სუნს და ამ ყველაფერს ლაბორატორიას უკავშირებენ. ამის გამო მათ საპროტესტო აქციებიც კი გამართეს

_ ასეთ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ყველაფერი სიცრუეა. ლუგარის ლაბორატორია _ ეს არის უმაღლესი დონის ბიო-სამედიცინო კვლევების სამეცნიერო ცენტრი, რომლის მსგავსიც რეგიონში არ არსებობს. რა სუნზეა ლაპარაკი?! ეს ლაბორატორია ქვეყნის სიამაყეა, იქ ისეთი კვლევები მიმდინარეობს და ისეთი სამეცნიერო მიღწევები გვაქვსვიღაც სილვერმანს ვუსმინოთ, რომელსაც ამით უნდა პოპულარობის მოპოვება და თავის გამოჩენა საქართველოში და თქვენც ხელს უწყობთ?!

_ ამ ყველაფერზე არა მხოლოდ ჯეფრი სილვერმანი, არამედ მოსახლეობაც საუბრობს. ისინი ამბობენ, რომ ლაბორატორიის თანამშრომლები მოიწამლნენ და ორი მათგანი გარდაიცვალა კიდეც

_ როგორ გეკადრებათ, რა ზღაპრებია, ხალხს ნუ აგიჟებთ. ასეთი დონის უმაღლესი ბიო-სამედიცინო კვლევების ლაბორატორია რეგიონში მხოლოდ საქართველოშია და ეს უნდა გვეამაყებოდეს.

 ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული სამი ლაბორატორია, რომლებშიც მიმდინარეობს ახალაღმოჩენილი ვირუსების, ბაქტერიული ინფექციების დროული დიაგნოსტიკა, გენომის კვლევები… ეს ვიღაცებს შურთ და სწორედ ამის გამოა ამხელა აჟიოტაჟი ატეხილი.

ბატონი ამირან გამყრელიძისგან განსხვავებით, მოსახლეობის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია აქვს თბილისის საკრებულოსადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციისკომისიის თავმჯდომარეს _ გულიკო ზუმბაძეს. როგორც ქალბატონი გულიკო ამბობს, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ლაბორატორიის შესახებ მას მართლაც შესჩივლეს.

გულიკო ზუმბაძე:

_ როცა მოსახლეობას მათ პრობლემებზე სასაუბროდ შევხვდი, ლუგარის ლაბორატორიაზეც შემომჩივლეს. იქ მცხოვრებთა აზრით, მათი ავადმყოფობის მიზეზი სწორედ ეს ლაბორატორიაა. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია და, როგორც გავარკვიე, ლუგარის ლაბორატორია მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

  ამას გარდა, მახსოვს, რომ წლების წინათ ამ ლაბორატორიის მშენებლობას “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე აპროტესტებდა, მაგრამ ის დღეს ხელისუფლებაშია და ჩუმადაა, რადგან, როგორც ჩანს, ლაბორატორიის არსებობის უვნებლობაში ისიც დარწმუნდა.

ვფიქრობ, ადამიანებს უნდობლობა და რწმენა, რომ ლაბორატორია მათ ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებას ახდენს, იმიტომ გაუჩნდათ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სანიტარული ზედამხედველობის სისტემა, ქვეყანას მთავარი სანიტარი არ ჰყავს. ადამიანები უნდობლად არიან განწყობილი, რადგან არ აქვთ ინფორმაცია. არადა, მოსახლეობას, კანონმდებლობის თანახმად, უფლება აქვს, კომპეტენტური ორგანოსგან მოისმინოს სარწმუნო განცხადება, თუ რას წარმოადგენს ეს ლაბორატორია და არის თუ არა საფრთხის შემცველი საზოგადოებისთვის.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. ისეა თუ ასეა,ხომ უდავოა,რომ მსგავსი ლაბორატორიები მოსახლეობის შუა გულში არ უნდა შენდებოდეს,ეს აქსიომაა.ასე რომ,იგი უსათუოდ უნდა დაიხუროს და მისი გახსნისათვის ინიციატორებმა პასუხიც უნდა აგონ…

  2. ამდენი დაღუპულიაო რომ ამბობთ, ერთი გვარი მაინც დაასახელეთ რომ უფრო სარწმუნო გახდეს თორემ ისე ზღაპარს ჰგავს ყოველივე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here