Home რუბრიკები საზოგადოება ლადო სადღობელაშვილი: ხიდაშელისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანია ჯარში მაინც იყო ნამყოფი

ლადო სადღობელაშვილი: ხიდაშელისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანია ჯარში მაინც იყო ნამყოფი

556

ახალგაზრდული ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არაპროფესიონალი კადრების დანიშვნა არ დაუშვას. 

ეს იქნება კატასტროფა, ეს არის ნონსენსი, ეს არის პოლიტიკური აპოკალიფსი, ეს არის წარმოუდგენელი რამ! ვაპირებ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ამ საკითხის აღსაკვეთად, რატომ? იმიტომ, რომ ეს მეფარშე, ეს ხორცის დისტრიბუტორი, ეს ხორცის მაღაზიის მფლობელი და საერთოდ გარტყმაში რომ არ არის არაფრის, არანაირად არ იმსახურებს, რომ ჯერ გენინსპექციის უფროსი ყოფილიყო, მერე _ შს მინისტრის მოადგილე, მერე _ სუსის, პრაქტიკულად, რუხი კარდინალი და ახლა კიდევ _ შს მინისტრი, დაგვცინით?” _ წერს ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში. რატომ აღმოჩნდა კატეგორიულად მიუღებელი სუსის უფროსის პირველი მოადგილის კანდიდატურა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე და საერთოდ, რატომ ინიშნებიან არაპროფესიონალი კადრები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე? _ ამ და სხვა საკითხებზე, “საქართველო და მსოფლიოსლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

_ ბატონო ლადო, შინაგან საქმეთა მინისტრად იოსებ გოგაშვილის შესაძლო დანიშვნას კატასტროფა უწოდეთ. რატომ არის თქვენთვის მიუღებელი გოგაშვილის კანდიდატურა?

_ საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და თავდაცვის სამინისტრო სპეციფიკური და საპასუხისმგებლო სამსახურებია და იქ ხელმძღვანელ თანამდებობებზე “ქუჩიდან მოსული” ადამიანები არ უნდა ინიშნებოდნენ. მე მხოლოდ სოსო გოგაშვილზე არ ვსაუბრობ. თინა ხიდაშელზეც შეიძლება იგივე ვთქვათ. სრულიად საქართველო ხედავს, რომ ეს ქალბატონი თავდაცვის სამინისტროს ვერ მართავს და ეს უწყება თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. აქედან გამომდინარე, ვაპროტესტებდი გოგაშვილის დანიშვნასაც. როდესაც ადამიანს სამინისტროს დაბალ რგოლში არ უმუშავნია, როგორ შეიძლება, პირდაპირ მინისტრად დანიშნონ?! არ მესმის, ამ ხალხს საიდან აქვთ ასეთი ამბიციები, რომ ჰგონიათ, შეუძლებელს შეძლებენ?!

_ რაკი იყო შს მინისტრის მოადგილე, გენინსპექციის უფროსი, ამჟამად სუსის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა, სოსო გოგაშვილს გარკვეული გამოცდილება მაინც აქვს, განსხვავებით თინა ხიდაშელისგან, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, დღეს თავდაცვის მინისტრია. ამ ფონზე რატომ არის წარმოუდგენელი გოგაშვილის დანიშვნა?

_ რა თქმა უნდა, არც ხიდაშელის გამინისტრება იყო მართებული. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობა უფრო გასაგები იყო ჩემთვის, ომში მაინც იყო ნამყოფი. როგორ შეიძლება, მაგალითად, ფიზიკოსი ან ქიმიკოსი უცებ შს სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე დანიშნო?! ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სრულიად სხვა საქმიანობით იყო დაკავებული, როგორ შეძლებს თუნდაც მინისტრის მოადგილეობას?! საბჭოთა კავშირის არსებობის დროსაც კი, რომელიც ასე მიუღებელი იყო ჩვენთვის, ადამიანი ვერც ერთ სამსახურში ხელმძღვანელად ვერ დაინიშნებოდა, თუ დაბალ თანამდებობაზე არ ჰქონდა ნამუშევარი.

_ ეს ყველაფერი დადებითად არც ხელისუფლების იმიჯზე აისახება. ამის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება, ვინ არის დაინტერესებული არაპროფესიონალი კადრების დაწინაურებით?

_ როგორც ჩანს, ეს მათ ინტერესებშია, ვისაც ხელისუფლების შიგნით რაღაც მაფიის ჩამოყალიბება სურს. გასაგები იყო, რომ, მაგალითად, თინა ხიდაშელის დანიშვნა ამერიკელების შემოთავაზებითა და ბრძანებით მოხდა და, ამას, ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილისადმი პატივისცემის გამო, შეეგუა საქართველო.

რთულია, როდესაც უყურებ, შენს ქვეყანაში ადამიანი, რომლის კარიერაც 2012 წლიდან იწყება, როგორ ხდება მინისტრი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად სოსო გოგაშვილის მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ ხმების გავრცელებით ვიღაცამ ნიადაგი მოსინჯა, ხალხის რეაქციას დააკვირდა, მისაღები თუ იქნებოდა ეს კანდიდატურა. ვერ გავიგე, რა ხდება ამ ქვეყანაში

ამიტომ მივმართავ და ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს ამ მხრივ მოაგვაროს ქვეყანაში სიტუაცია.

_ გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილსაც მიმართეთ და ერთგულება გამოუცხადეთ, როგორ ფიქრობთ, მისი ნებართვის გარეშე ხდება ამ ადამიანების დაწინაურება?

_ მისი ნებართვის გარეშე ხდება თუ არა ეს დანიშვნები, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილთან არ მაქვს პირადად ურთიერთობა, მაგრამ მისი ინტერვიუებიდან და განცხადებებიდან ხშირად მომისმენია, რომ ყოფილი პრემიერის _ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართაც მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდა და ღარიბაშვილი ზოგჯერ უჯერებდა და ითვალისწინებდა მის აზრს და ზოგჯერ _ არა.

2016 წლის არჩევნები მოდის და ბევრი რამ არ არის მოგვარებული ქვეყანაში. მე ამ მთავრობის გულშემატკივრის პოზიციიდან ვსაუბრობ, რადგან ჩემი და ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან დაკავშირებული არც ერთი ორგანიზაცია ხელისუფლებაში არ მოვიდეს.

_ არის დღეს ამის საფრთხე?

_ კი, ძალიან ბევრ საფრთხეს ვხედავ. აქვე მოგაწოდებთ ინფორმაციას, რომელიც ჯერ არ გავრცელებულა მედიაში. ზონდერებისგან დაკომპლექტებული გასამხედროებული ჯგუფი “თავისუფალი ზონა”, რომელიც დაშლილი გვეგონა, რადგან მისი წევრები “ნაციონალებისა” და “გირჩის” ოფისებში იყვნენ გადანაწილებულები, დღეს კვლავ აღორძინდა. სამი თვის შემდეგ უეცრად მათი ვებგვერდიც ამოქმედდა და გამოქვეყნდა მოწოდება: დაგვეხმარეთ, მუშაობის გაგრძელება რომ შევძლოთო. მათი მუშაობა კი რაც იყო, ვიცით. დღეს ხელოვნურად ხდება ამ ორგანიზაციის აღზევება და ამას არავინ, მათ შორის, არც ხელისუფლება, ყურადღებას არ აქცევს. ამ ორგანიზაციას ფულს, ბუნებრივია, სააკაშვილი უხდის და მისი წევრები “ნაციონალების” ყურმოჭრილი მონები არიან.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here