Home რუბრიკები პოლიტიკა რუსეთის საიდუმლო ჩანაფიქრი ამოხსნილია

რუსეთის საიდუმლო ჩანაფიქრი ამოხსნილია

662

მართალია, ეს საახალწლო თემა არ არის, მაგრამ ისეთი საჩქარო და მნიშვნელოვანია, რომ მისი გადადება მომდევნო ნომრისთვის არაფრით შეიძლებოდა და ახლავე უნდა გავახაროთ ჩვენი მკითხველი.

საქმე ის არის, რომ ჩვენმა “ძალიან სპეციალურმა კორესპონდენტმა იქიდან” სიხარულით შეგვატყობინა საქართველოს თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი გონებრივი გამარჯვების შესახებ ჩვენს უშუალო მტერზე.

კონკრეტულად: თინა ხიდაშელმა დიდი ფიქრის, დაკვირვების, დაზვერვის მონაცემების ღრმა გაანალიზებისა და შინაგანი ხმის ყურისგდების შედეგად რუსეთის პრეზიდენტს ყველაზე დახურული კარტი გაუხსნა.

დიახ, როგორც კრემლის ერთ-ერთ შადრევანში ჩუმად შეპარული ჩვენი წყარო იუწყება, ვლადიმერ პუტინი შოკშია.

მისი ასეთი შოკური მდგომარეობის მიზეზი კი ჩვენი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელია, კერძოდ, მისი სენსაციური განცხადება: რუსეთს ამოცანად აქვს დასახული ნატოს გაფართოებისთვის პრობლემის შექმნა”. ეს ფრაზა ქალბატონმა თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს გასაგონად თქვა. ამის დამადასტურებელ ფოტო-”სქრინშოტსაქვე გთავაზობთ.

წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნება ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი! წლების განმავლობაში ასე გულდაგულ ნამალავი, გასაიდუმლოებული ჩუმი ჩანაფიქრის ასე უცებ და უდროოდ გამოაშკარავება განა იოლი გადასატანია?!

აქამდე ხომ მთელ მსოფლიოს ეგონა, რუსეთი და, კერძოდ, ვლადიმერ პუტინი მიესალმებოდა ნატოს გაფართოებას, მხარს უჭერდა ამ პროცესს და აღფრთოვანებით ელოდა დღეს, როდესაც ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსი სტრატეგიულ რაკეტებს ზედ რუსეთის საზღვართან განალაგებდა.

ეს ეშმაკი და თვალთმაქცი პუტინი თურმე თავს ისე იჭერდა და ისეთ სახეს იღებდა, გამოუცდელ თვალს ეგონებოდა, ერთი სული აქვს, ნატო როდის გაფართოვდებაო, მაგრამ ჩვენს გამოცდილ, გონიერ და ფენომენალური ქალური ინტუიციით დაჯილდოებულ თინამინისტრს რამეს გამოაპარებ?

აგე! აიღო და პირდაპირ ლეწა, _ რუსებს ნატოს გაფართოება არ უნდათო!

დადგეს ახლა ეს გაიძვერა ვლადიმეროვიჩი და ამტკიცოს, _ როგორ გეკადრებათ, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სწორედ ნატოს გაფართოებისთვის ვიღვწი და ვიხარჯებიო.

თინასგან ასეთი გაშიფვრის შემდეგ ვიღა დაუჯერებს?!

დაიმსხვრა, აგრეთვე, ის მითი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მსოფლიოში ყველაზე ხუმარა კაცის იმიჯი რომ ჰქონდა. ხომ გახსოვთ, სერგეი ლავროვი როდესაც გამოდიოდა ხოლმე პრესკონფერენციებზე, ყოველთვის პირდაპირ ამბობდა: “რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ნატოს გაფართოებას, ეს ჩვენს სტარეტგიულ ინტერესებში არ შედის და ყველა ხერხით შევეწინააღმდეგებით ამ სამხედრო ალიანსის გაფართოებასო”.

ალბათ, ისიც გახსოვთ, როგორ ხარხარებდნენ პრესკონფერენციებზე დამსწრენი ამის მოსმენისას და ლავროვიც თვალთმაქცობდა, თითქოს იხუმრა. მაგრამ უკვე ისიც გაშიფრულია და თინა ხიდაშელმა მსოფლიოს გააგებინა, რომ ლავროვის ამ გამოსვლებს სინამდვილეში იუმორთან საერთო არაფერი აქვს. ლავროვისხუმარაიმიჯი მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიოსთვის თვალის ახვევის საშუალება იყო და სხვა არაფერი.

სხვათა შორის, ექსპერტები უკვე აღარ გამორიცხავენ იმასაც, რომ ასევე გამართლდება პაატა ზაქარეიშვილის ამასწინანდელი განცხადება: მე მგონია. ვლადიმერ პუტინი მხოლოდ რუსეთის ინტერსებით მოქმედებსო”.

მართალია, ზოგიერთმა უგუნურმა ზაქარეიშვილს ამ განცხადების გამო დასცინა, მაგრამ საქმეს უკვე ისეთი პირი უჩანს, რომ სულ მალე მას ბოდიშსაც მოუხდიან.

ნამდვილად გაუმტყუნდებათ პროგნოზები იმ ექსპერტებს, რომლებსაც ეგონათ, რომ პუტინი პაკისტანის, ნიკარაგუის ან თუნდაც ტანზანიის ინტერესებით მოქმედებდა. აი, ნახავთ, სულ მალე ცხადი თუ არ გახდეს პაატა ზაქარეიშვილის მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად გამოთქმული ვარაუდი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ნამდვილად რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და არა სხვა რომელიმე ქვეყნის.

მერე რაღას იტყვით? კიდევ დასცინებთ ჩვენს ბრძენ მინისტრებს?

ნათქვამია, თუ მტრის ჩანაფიქრი იცი, ჩათვალე, რომ მტერი უკვე ნახევრად განადგურებული გყავსო.

ასე რომ, ძრწოდე და ცახცახებდე, კრემლო!

ჩვენმა გამჭრიახმა მინისტრებმა თქვენი ბედოვლათი მმართველების ჩანაფიქრები უკვე გაშიფრეს!

1 COMMENT

  1. ამდენი ჭკუის კოლოფი, სად შეკრიბა ბიძომ, მაგრამ თვითონაც მაგარია, თურმე მუსორიძე
    მსხვერპლი ყოფილა.

  2. MCXVENIA IM QVEYNIS ROMLIS WINAPREBZE LEGENDEBIA DAWERILI MATI MEOMRULI SULIS KVETEBIS MATI BRZOLEBIS SHESAXEB.DGES TAVDACVIS MINISTRI YAVS DIACI ERIS GAMYIDDVELI SXVA QVEYNIS INTERESEBIS GAMTAREBELI QVEYNIS DA MSOFLIOS DAMAQCEVARIS AMERIKIS.

  3. ნეტა ის დრო დადგებოდეს როცა ქართველი მინისტრებიც საქართველოს ინტერესებისთვის იმოღვაწევებდნენ

  4. რაღა დაგიმალოთ და , შოკში ვარ მინისტრების ერუდიციით . . . ნამდვილად ეკუთვნით 160 ლარიანი დანამატი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here