Home რუბრიკები პოლიტიკა ევროვიზა თუ ევროაუზი?

ევროვიზა თუ ევროაუზი?

574

ვის და რისთვის დასჭირდა ქართველი მაყურებლისა და მოსახლეობის ასეთი გამასხარავება?!

რა კავშირი აქვს ვიზას აუზთან? პირდაპირ _ არანაირი, მაგრამ ირიბად და თანაც ქართულ სინამდვილეში მათი დაკავშირება ძალიან კარგად გამოგვივა, თუკი ერთ ძველ ანეკდოტსა და ერთ ახალ სატელევიზიო სარეკლამო რგოლს ერთმანეთს შევადარებთ.

ანეკდოტი:

ფსიქიატრიული საავადმყოფოდან პაციენტი ოჯახს წერილს სწერს: “აქ ძალიან კარგი პირობებია. არ ინერვიულოთ, ძალიან კარგად ვარ. კარგად გვექცევიან. ერთი თვის წინათ საცურაო აუზიც გაგვიხსნეს და მაგრად ვერთობით. უკვე ისე ძალიან მივეჩვიეთ, რომ აუზში თავითაც კი ვხტებით ხოლმე. დირექტორი დაგვპირდა, თუკი კარგად მოიქცევით, მალე წყალსაც ჩაგისხამთო!”

სატელევიზიო რეკლამა:

სასიამოვნო გარეგნობის სტიუარდესას ფორმაში გამოწყობილი გოგონა გამოდის და ლაპარაკობს: “ევროპაში უვიზოდ მიმოსვლისთვის საჭიროა…” და რამდენიმე წუთს ანდომებს ევროპაში უვიზოდ გასამგზავრებელი დოკუმენტაციის ჩამოთვლას… შემდეგ: “აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ევროპაში უვიზოდ შეგიძლიათ დაჰყოთ 180 დღე. წინაწარ უნდა დაჯავშნოთ სასტუმრო. უნდა გქონდეთ ჯანმრთელობის დაზღვევა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი”.

მაყურებელი იფიქრებს, _ არიქა! ავშენდით, ვეცეთ ახლა აეროპორტის სალაროებს, დავჯავშნოთ სასტუმროს ნომერი და ყოველგვარი საელჩო-საკონსულოების გარეშე მოვედოთ ევროპასო… მაგრამ იგივე სტიუარდესა რაღაცნაირი ღიმილით რეკლამის ბოლო ფრაზით გვამცნობს: გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო გახდება ერთიანი ევროპული ოჯახის, ევროკავშირის წევრი!”

ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კარგად მოვიქცევით, წყალსაც ჩაგვისხამენ!”

ხვდებით ახლა, რა კავშირია ევროვიზასა და ევროაუზს შორის?

არ ვიცი, მეჩვენება თუ ნამდვილად ასეა, მაგრამ მგონია, რომ ამ რეკლამის ბოლო ფრაზის წარმოთქმისას სტიუარდესა ირონიულად გვიღიმის…

მართლაც საინტერესოა, ვის და რისთვის დასჭირდა ქართველი მაყურებლისა და მოსახლეობის ასეთი გამასხარავება?!

რა საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან ხალხის საჯარო დამოძღვრა _ რა დოკუმენტები და რა ჯავშნები თუ ბილეთები დასჭირდება ევროპაში უვიზოდ სამოგზაუროდ, მაშინ, როდესაც არათუ კონკრეტული თარიღი არ ვიცით იმისა, როდის გახდება ეს შესაძლებელი, არამედ იმასაც არავინ გვეუბნება, ოდესმე გვაღირსებს კი ევროოჯახი თავის მაღალ ყურადღებას და დაგველაპარაკება ტოლად და სწორად.

მანამდე კი ჩვენიფრანგი მილიარდერი”, ჩვენიმილიარდერის პრემიერმინისტრიდა ჩვენილიბერალპრეზიდენტიმოგვიწოდებენ, თავით ვიხტუნაოთ ცარიელ აუზში, რომლის ფსკერზეცევროკავშირისდროშა არის დახატული.

წყალს რაც შეეხება… კი, ისინი თითქოს ცდილობენ, წყალიც ჩაგვისხან, მაგრამ ფაქტია, რომ “შლანგებზე”, “ვენტილებზე”, “ბრანდსპოიტებზე” ან წყლის რამე სხვა მუდმივ და მძლავრ წყაროზე მათ ხელი არ მიუწვდებათ და მხოლოდ წვეთ-წვეთად ან, მაქსიმუმ, ძირგახვრეტილი ვედროებით ცოდვილობენ “ევროაუზის” წლით შევსებას…

დიდუ აგირაია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here