ბატონებო, ფიქრობთ, რომ  ხალხის მოთმინების ფიალა არ აივსება?!

    ვიღაცას კენტნომრიანი მანქანა რომ ჰყავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე რომ გამოუჩნდება, გგონიათ, გარეთ არ გამოვა?

    საქართველოს დედაქალაქში ავტომობილით გადაადგილება უკვე, პრობლემა კი არა, ნამდვილი წამებაა. აღარავის უკვირს რამდენიმესაათიანი საცობები. საწვავის გაძვირების  ფონზე მოსახლეობა უკვე დაუფარავად საუბრობს პრობლემაზე. ისიც ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს, კონკრეტულად თბილისის პრობლემა, საცობები პრაქტიკულად ყველა ქვეყანაშია, მაგრამ… ისე ჩანს, თითქოს თბილისში ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული და ქართული ხასიათიდან გამომდინარე მოძრაობის წესების სრული დაცვა ვერ ხერხდება; ბევრი ცდილობს, წესი დაარღვიოს, ტროტუარზე გადავიდეს ან ისე გაძვრეს, სხვას ჩაუკეტოს გზა და იწყება დედის გინება, მანქანების გაუთავებელი სიგნალები.

    1920-იანი წლების დასაწყისში, როცა თბილისში ერთადერთი სატვირთო მანქანა დადიოდა, იმ სატვირთომ ცნობილი ბოლშევიკი სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო იმსხვერპლა და, ხომ წარმოგიდგენიათ, იმხანად ამდენი ავტომობილი რომ ყოფილიყო, რამდენ კამოს გაიტანდა… ანუ, იმის თქმა გვსურს, რომ დედაქალაქში ავტომობილების მოძრაობის პრობლემა ყოველთვის იდგა. მეტიც, 1980-იან წლებში, როცა მანქანების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, თბილისის ხელმძღვანელებმა ისიც კი თქვეს, ხომ არ მივიღოთ კანონი, რომლის მიხედვით კვირის ერთ დღეს კენტნომრიანი  ავტომობილები იმოძრავებენ, მეორე დღეს – ლუწნომრებიანიო.

    დიახ, ის, რაც ახლახან განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, ლამის ნახევარი საუკუნის წინათ  ითქვა, მაგრამ ეს იდეა ჩანასახშივე მოკლეს. მიზეზად ის დასახელდა, რომ  პრობლემა ასე ვერ მოგვარდებოდა, ამიტომ გზების გაფართოებასა და ქალაქის უფრო გონივრულ განაშენიანებაზე დაიწყეს ფიქრი, რაც ახლა, სამწუხაროდ, არ კეთდება და ვეღარც გაკეთდება. იმდენ არასწორ ადგილას დგას საცხოვრებელი კორპუსი თუ კომერციული ობიექტი, მათ დანგრევაზე ფიქრიც კი არ შეიძლება. სამწუხაროდ, არც გზის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა დღევანდელი თბილისი  და ჩანს, რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ. ჰოდა, ამ „სხვა“-ზე კალაძემ ილაპარაკა: მერია რიგ მკაცრ რეგულაციებზე მუშაობს და მათ შორის ერთ-ერთი კენტი და ლუწი ნომრების კომბინაციააო. ახლა იმის ახსნას შევეცდებით, რატომ არ გაამართლებს ეს ინიციატივა და რატომ უნდა გაუქმდეს ის ჩანასახშივე.

    „ჩემი აზრით, კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტიანობაზე არაერთი კვლევა გამოქვეყნდა, ჩვენთან არ უნდა შემოვიღოთ.  კვლევების დასკვნა ასეთია: მსგავსი შეზღუდვები არ აუმჯობესებს გზებზე შექმნილ მდგომარეობას. ბევრი სხვა საკითხის გადაჭრასთან ერთად, საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების გაცილებით სწრაფი, ეფექტიანი და, რაც მთავარია, პრაქტიკული განვითარება“, – განაცხადა საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ.

    შეიძლება,  ვინმემ თქვას, მელაძე კომპეტენტური არ არისო, მაგრამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სწორედ მან არაერთხელ განაცხადა მოსალოდნელი საავტომობილო კოლაფსის შესახებ და მართალიც აღმოჩნდა. საქართველოში (და არა მხოლოდ დედაქალაქში) საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული რომ არ არის, ყველა თანხმდება. მეტიც, თბილისის მერმა  გაიხსენა, როცა კიევის “დინამოდან“ მილანში გადავედი სათამაშოდ,  გუნდის პირველ ვახშამზე ჩემი “პორშეთი“ მივედი, მაგრამ ავტომობილის გაჩერებას 40 წუთის განმავლობაში ვცდილობდი და დამაგვიანდა, დაგვიანებით მისულს კი მთელმა გუნდმა დამცინა, რადგან ყველა ან ველოსიპედით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით იყო მისულიო. ახლა  წარმოიდგინეთ საქართველოში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეროვნული ნაკრების რომელიმე ფეხბურთელი ან რესტორანში ველოსიპედით მისული იმავე ნაკრების წევრი. ხომ ძნელი წარმოსადგენია? ეს იმიტომ, რომ, თუ ფული გაქვს, აუცილებლად პრესტიჟული  მანქანა უნდა გყავდეს და ეს მანქანა უნდა ნახოს ყველამ, განსაკუთრებით „ობივატელმა“, რათა იცოდეს, როგორი მაგარი ტიპი ხარ. მგონი, მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეშია, ძვირად ღირებულ პრესტიჟულ  მანქანაში ჯდომა მაგარ ტიპობასთან რომ ასოცირდება, თორემ არაერთი პოლიტიკური ლიდერი თუ მილიარდერი (მაგალითად, ,,ფეისბუკის“ დამფუძნებელი  მარკ ცუკერბერგი) ველოსიპედით გადაადგილდება.

     საქართველოში ავტომობილის შეძენა პრობლემა პრაქტიკულად აღარავისთვისაა. 3-4 ათას დოლარად შეიძლება ისეთი ავტომობილი იყიდო, რომელიც ა-დან ბ პუნქტამდე უპრობლემოდ მიგიყვანს. შესაბამისად, ლუწი და კენტი ნომრებით სხვადასხვა დღეებში მოძრაობის დაწესება იმას მოიტანს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყიდის მეორე ავტომობილს, აიღებს სხვა  ნომერს და…  დასვამს წერტილს. შედეგად, ავტომობილების რაოდენობა კი არ შემცირდება, არამედ მოიმატებს და ავტომობილის დაყენების პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ამან შეიძლება გაამართლოს, რადგან ძველი ავტომანქანები საბოლოოდ ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება, ახლის შეძენას კი ბევრი ვერ მოახერხებს, მაგრამ ამ ბევრში არ შევლენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და ისე გამოვა, რომ კანონი მხოლოდ ქვედა ფენისთვის იმუშავებს. ჰო, აკრძალვა არ შეეხება იმ კატეგორიას, რომელსაც მანქანის ნომერში 10 ათასი ლარი აქვს გადახდილი და სანომრე ნიშანზე მხოლოდ სახელი უწერია. ასეთებიც არ არიან ცოტა და გვერწმუნეთ, ზემოხსენებული რეგულაციის დაწესების შემთხვევაშ, ასეთების მიმართ რიგითი ადამიანების აგრესია მოიმატებს. როცა აგრესიაზე ვსაუბრობთ, არ ვაჭარბებთ – გროვდება ხალხში ეს აგრესია და, ერთხელ თუ იფეთქა, გვერწმუნეთ, მის შეკავებას ვერც სპეცდანიშნულების რაზმი მოახერხებს და ვერც ჯარი.

    ისე, ერთ-ერთ ტელესიუჟეტში თქვა მოქალაქემ: ავტომობილების ნაკადი 5 ლარამდე გაძვირებულმა  საწვავმა ვერ შეამცირა და არა მგონია, ეს ლუწ-კენტობანას თამაშმა მოახერხოსო. ჰო, თამაშმაო და მართლა  თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი. მერე, ლუწისა და კენტის გარდა, მოვიფიქროთ, რომელი ავტომობილის სანომრე ნიშანშიც ხმოვანი ასო არ არის და მხოლოდ თანხმოვნებია, მან საერთოდ არ იაროს; მერე ფერებზე გადავიდეთ;  მერე ყურებიანი ქუდი რომ არ ეხურება ვინმეს, იმაზე მოვთხოვოთ პასუხი და ა.შ.

     ერთხელ მაინც ხომ შეიძლება, ისეთი რამ მოვიფიქროთ, რომ მოსახლეობას არ გაეცინოს და, რაც მთავარია, ამ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჰქონდეს განცდა, რომ ცვლილება  მათ სასარგებლოდ ხდება, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი მხოლოდ საკუთარ თავზე  არ ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს, თორემ…

    მოსახლეობამ უკვე იცის, რომ სახელმწიფოს შეუძლია გააძვიროს ბუნებრივი აირისა  და წყლის გადასახადები; იცის, რომ სახელმწიფო  ვეღარ ერევა სურსათის ფასების რეგულირებაში და ამას მონოპოლისტები საკუთარი ნება-სურვილით წყვეტენ. ახლა კი სახელმწიფო აპირებს, მოსახლეობის ერთ მესამედს (სწორედ ამდენი ცხოვრობს თბილისში) აუკრძალოს კონკრეტულ დღეებში საკუთარი ავტომობილით სარგებლობა და აიძულოს, იმგზავროს მეტროპოლიტენით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს.  როგორ გგონიათ, ბატონებო, ვიღაც, კენტნომრიანი მანქანა რომ ჰყავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე რომ გამოუჩნდება, გარეთ არ გამოვა? და საპატრულო ეკიპაჟი რომ გააჩერებს ან ვიდეოჯარიმა რომ მიუვა, კარგ განწყობაზე დადგება და იმ აგრესიას, რომელიც ახლა აქვს (და დაგვიჯერეთ, აქვს), კიდევ არ დაემატება აგრესია? გგონიათ, ხალხის მოთმინების ფიალა არ აივსება?! პრინციპში, რაღა ფიალა, სათლი უდგას უკვე მოსახლეობას, თორემ ფიალა აქამდე უკვე  ათჯერ  აივსო. ცეცხლთან თამაშია ეს, ბატონებო, და, თუ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს  იფეთქებს, გვერწმუნეთ,  გამოწვეული არ იქნება არც პოლიტიკური შურისძიებითა და არც ქვეყნის საშინაო თუ საგარეო კურსზე ფიქრით.  ეს იქნება ცუნამი, რომელიც გზად  ყველაფერს წალეკავს. არ გიფიქრიათ, რომ ასეთ შემთხვევაში გაბრაზებული ხალხის ავანგარდში შეიძლება სამღვდელოება ჩადგეს; ის სამღვდელოება, რომელიც ძალიან გაღიზიანებულია  თუნდაც იმით, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს შეღავათები დაუწესეთ? მღვდლებს არ აქვთ აღსარებების გამჟღავნების უფლება, მაგრამ თვითონ  ხომ იციან, რამდენი  უჩივის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას და  ამის გამო ღუპავს საკუთარ თავსაც და ოჯახსაც... მოდი, გაიხსენეთ  ისეთი კვირა, როცა თბილისში, სადაც ასეთი უცნაური რეგულაციების დაწესებას აპირებთ, არ მომხდარა სისხლიანი დაპირისპირება და არ მოუკლავთ ვინმე. ვერ გაიხსენებთ… ათწლეულზე მეტი გავიდა და,  ყველა რომ არ ყვირის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ არაფერი იცის და ვერავინ ვერაფერს ხვდება.

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here