იობი მოითმენს, თქვენ რა გეშველებათ?!

    ურბნისისა და რუისის ეპარქიის მოტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგების დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემისკენ გაუხვია, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო – ხმალამოღებულ მომხრეებად და უკანმოუხედავ მოწინააღმდეგეებად. გაყოფა, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა, ანუ, ფაქტობრივად, ერთმანეთს ქოცები და ნაცები დაეძგერნენ. მორჩა, არავის აინტერესებს, რა თქვა მართალი ან რა შეეშალა მიტროპოლიტს. არც ერთ მხარეს არ აინტერესებს საკითხები, პრობლემები, რომლებიც მეუფე იობმა ქადაგებაში წამოსწია.

     – მეუფე იობი ჭეშმარიტებას ღაღადებს! – იხუვლა ნაცაგენტურამ.   

     – მეუფე იობი ხელისუფლების მტერია! – იღრიალა ქოცპროპაგანდამ.

    ნაცებს ჰგონიათ, რომ, ვინც ხელისუფლებას გააკრიტიკებს, ის მათი მომხრეა. ქოცები, თავის მხრივ, დარწმუნებულნი არიან, რომ, ვინც მათ გააკრიტიკებს, აუცილებლად ნაცია. მეუფე იობის ქოცობასა თუ ნაცობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ის კი უეჭველია, რომ საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ორივე მხრიდან პრინციპულად მცდარია. ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ავისა და კარგის გარჩევა არ შეუძლია და ყველაფერში ბოროტებას ხედავს, ოპოზიცია კი არ არის, მტერია, თანაც არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი ქვეყნის. ხელისუფლება კი, რომელიც კრიტიკული აზრის უკან მხოლოდ მტერს ხედავს, თვითონ არის მტერი, პირველ რიგში, საკუთარი თავის. ხალხი კი, რომელიც ამგვარად მოაზროვნე ხელისუფლებასა და ოპოზიციას არის აყოლილი, მხოლოდ ამგვარი პოლიტიკური სპექტრის ღირსია.

    ადამიანი თუ ხარ, მოქალაქე თუ გქვია და სინდისი თუ გაქვს, ხელისუფლების კრიტიკის გამო არც არავის უნდა ჩაეხუტო და არც არავინ უნდა ჩაქოლო, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ არ გაიაზრებ, რა არის მისაღები და რა – მიუღებელი იმ კრიტიკულ პათოსში, რომელიც გაისმა. საზოგადოებრივი და პოლიტიკური კულტურა მოითხოვს ამას, ბოლოს და ბოლოს, ელემენტარული ეთიკის ნორმები მოითხოვს ამას. როგორ შეიძლება, თვალდახუჭული ებრძოდე ან თვალდახუჭული იცავდე ვინმეს ისე, რომ საკითხში გარკვევის სურვილიც არ გიჩნდებოდეს?! ეს ჯოგის ინსტინქტი და ბრბოს ფსიქოლოგიაა.

     ამ მკვახე შესავლის შემდეგ მივყვეთ მეუფე იობის ქადაგებას და შევეცადოთ, გავერკვეთ, სად თქვა მან სიმართლე და სად სცოდა.

    მეუფე ქადაგებს:

    „დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და, როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება”. ხელისუფლებაში შეიძლებ, ზოგი ეკლესიური იყოს და ზოგი – არაეკლესიური. ჩვენს ეპოქაში არც ფარისევლობაა უცხო ხილი. ყველას ვერ მოსთხოვ ერთი დონის მორწმუნეობას. ასეთ ვითარებაში ძნელია ხელისუფლების ეკლესიურობის განსაზღვრა. მოდი, ამ საკითხს სხვა კუთხიდანაც შევხედოთ. პირველი პირი, რომელიც პოლიტიკურ ტონალობას განსაზღვრავს, არის ბიძინა ივანიშვილი. ხელისუფლების ეკლესიურობის დონეც, სავარაუდოდ, მისი პიროვნებიდან გამომდინარე უნდა განვსაზღვროთ, რადგან კადრების შემრჩევიც ისაა და მაგალითის მიმცემიც. ჰოდა, ეს თუ ასეა, სამების ამშენებლის მიმართ უხეშად ნათქვამი ხომ არ გამოდის, შენ მიერ დაკომპლექტებული ხელისუფლება ურწმუნო და არაეკლესიურიაო? ვფიქრობ, რომ კი.

    ამის შემდეგ მეუფე იობი სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსების საკითხს ეხება და ვფიქრობ, რომ საინტერესოდ მსჯელობს: „ძალიან რთული არის, სულიწმიდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს, ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და მრევლისთვის რთული გასაგებია, ქადაგებ, რომ გაჭირვებაა; ქადაგებ, სიღარიბე დაითმინო; ქადაგებ, ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ – აი, როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები. ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში შერწყმით ხელისუფლებასთან. არაფრით არ შეიძლება“,

    ეს არ არის მარტივად გადასაწყვეტი საკითხი, მაგრამ, პრინციპულად თუ ვიმსჯელებთ, საქმეს ასე უნდა მივუდგეთ. ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფილი თუ უნდა იყოს, ანუ იმ პრინციპით ცხოვრება თუ სურს, რომელსაც „სახელმწიფო სახელმწიფოში” ჰქვია, ასეთ შემთხვევაში დაფინანსებასაც არ უნდა იღებდეს, რადგან დაფინანსების მიღების ვითარებაში სახელმწიფოსგან გამოყოფა სრული ფიქცია გამოდის. მესმის, რომ აქ გათვალისწინებულია მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც დედაეკლესიის როლი, რის შემდეგაც სახელმწიფოს მხრიდან მეურვეობა ბუნებრივიცაა და გასაგებიც, მაგრამ ამ ვითარებაში ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფა, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, არანაირად არ გამოდის. ეს თემა სერიოზულ გააზრებას მოითხოვს.

     მეუფე ამის შემდეგ ხელისუფლების საკითხს ეხება და ამბობს: „ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა, გასაგებია. გადაირჩია ერმა. ხალხმა გადაირჩია, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის  ნარკოტიკების გავრცელება, ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი განარკომანდა. გაძლიერდა ლუდომანია კაზინოების დაარსებითა და მისი ხელშეწყობით. სწორი თქვა მისმა უწმინდესობამ, რომ ყველანაირი საშუალებით არ შეიძლება გამდიდრება, გამდიდრებას, შესაბამისად, სასჯელიც მოჰყვება  ღვთისგან”. ვინ გაამტყუნებს მეუფეს იმაში, რომ კაზინოების გზით სამოთხეში ვერ შევალთ?! რას ითხოვთ მისგან, მეუფემ კაზინოები და ბორდელები გიკურთხოთ? საგანგაშო ისაა, მეუფეები ამ თემაზე ლაპარაკისგან თავს რომ იკავებენ. ეს ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ აქაც მაქვს ერთი შენიშვნა: მეუფე იმას თუ ბრძანებს, რომ ნარკომანიის პრობლემა ამ ხელისუფლების დროს დადგა, ეს არ არის სწორი. ნარკომანია ე.წ. დამოუკიდებელი საქართველოს უდიდესი პრობლემაა. მოხმობილი ციტატის სინტაქსური ანალიზის შედეგად კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მეუფემ ჯოხი  სწორედ დღეს მოქმედ ხელისუფლებაზე გადატეხა, რაც არ იყო რეალობის ობიექტური შეფასება.

    შემდეგ: „სწორედ ამ ხელისუფლების პერიოდში მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელზეც მისი უწმინდესობა, ცხონებული ილია მეორე ამბიონიდან ამბობდა,  რომ არ შეიძლება უკანონობის კანონად დაკანონება. არ შეიძლება”, – ბრძანებს მეუფე იობი. ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა არსებობდეს, აბა, დისკრიმინაციას ხომ არ დავაკანონებთ, მაგრამ გააჩნია, რას ვიგულისხმებთ ამ კანონის არეალში და სად გამოვიყენებთ მას. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინააღმდეგ, პირველ რიგში, ხალხის ის დიდი ნაწილი გამოდის, რომელიც ტრადიციულ ეროვნულ ღირებულებათა დამცველია და რომლისთვისაც მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა, ვინაიდან ანტიდისკრიმინაციულ კანონს ისინი მოხერხებულად ეფარებიან. მეუფე იობს, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასთან ერთად, კონსტიტუციაში ჩაწერილი დეფინიციაც უნდა გახსენებოდა, რომლის მიხედვით ოჯახი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაა. ეს ხომ „ქართული ოცნების” ხლისუფლებისა და იმდროინდელი პრემიერმინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის  დამსახურებაა. ეს არ უნდა დავიწყებოდა მეუფეს.

    ამის შემდეგ მეუფე ეხება მიწის გაყიდვის უაღრესად მტკივნეულ საკითხს. იგი კვლავ ილია მეორეს იხსენებს და ამბობს: „მისი მოწოდება იყო, რომ არ შეიძლება მიწების გაყიდვა. არც მეფეს, არც ხელისუფლებას, არც პატრიარქს არ აქვთ უფლება, ქართული მიწები გაყიდონ. იყიდება მიწები და ე.ი., ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება”.

    ამ ეპიზოდიდან იგრძნობა, რომ მეუფე აშკარად გაღიზიანებულია; ისეთი გაღიზიანებული, რომ მშვიდობის თემა ცუდად (უდიერად) მოიხსენია. საქართველოში, რომელიც მცირემიწიანი ქვეყანაა, ჩემი აზრით, მიწა არ უნდა იყიდებოდეს არც უცხოელზე და, სხვათა შორის, არც ადგილობრივზე. მიწა საერთოდ არ უნდა იყოს ყიდვა-გაყიდვის საგანი. შეუძლებელია, ამ საკითხში მეუფე იობს არ დავეთანხმოთ, მაგრამ, რა საჭირო იყო სავსებით სწორად გამოთქმული ამ აზრისთვის ასეთი წინადადების დამატება: „იყიდება მიწები და ე.ი. ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება”, როგორც ვთქვი, ამაში მაღალი იერარქის გაღიზიანება გამოსჭვივის, მაგრამ განა ეს აქარწყლებს მიწის გაყიდვით საქართველოს მომავლისთვის შექმნილი საშიშროების სიმძიმეს? არავითარ შემთხვევაში! რა ვქნათ ახლა, მეუფემ სიტყვა რაკი ვერ მოზომა და ნათქვამი მკვახე გამოუვიდა, მის მიერ წამოწეულ უმწვავეს საკითხს მიწის გაყიდვისა წავუყრუოთ და მივაფუჩეჩოთ? სრულიად არაფრის მომცემი ეს ქოც-ნაცური კაფიაობა უფრო მნიშვნელოვანია თუ ქართული მიწის გაყიდვის საკითხი?!

    მეუფემ ერთხელ კიდევ ახსენა მშვიდობის თემა ხელწამოკვრით: „კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაცებზე… ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა უცხოეთში, სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში”.

    გაცილებით მართებული იქნებოდა მეუფის პოზიცია, სწორედ მშვიდობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი საკითხით თუ დაიწყებდა მსჯელობას, მაგრამ სამწუხაროდ, მან სხვა გზა აირჩია, რაც იმ გაღიზიანების შედეგი მგონია, რომელიც ზემოთ ვახსენე. კი არ ვამართლებ ამ გადაცდომას, ახსნას ვცდილობ. არც ახსნა გამოდგება ალიბად, მაგრამ იმაში მაინც გაგვარკვევს, ეს ქადაგება სამშობლოს გამო გულისტკივილის ანარეკლი იყო თუ ხელისუფლებასთან პოლიტიკური დაპირისპირებისა.

     სამშობლოზე დარდი ჩანს  მეუფის ამ ნათქვამში: „შევეხოთ დემოგრაფიულ საკითხებს, რა ხდება საქართველოში, სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას. განსაკუთრებით, იმ რეგიონებშია მატება, რომლებშიაც არაქართველები ცხოვრობენ. არამართლმადიდებლები ცხოვრობენ. თუ სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებთ, დავრწმუნდებით, რომ ნახევარი ნახევარზე არის. ნახევარი ქართველები არიან, ნახევარი –  უცხოტომელები. იმასაც თუ მივათვლით, გვარგადაკეთებულ ხალხს, შეიძლება უმცირესობაშიც ვიყოთ ქართველები. თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება რამდენიმე წელში უმცირესობაში აღმოვჩნდეთ”.

    ქოცებსა და მათ უნიჭო პროპაგანდისტებს ვეკითხები: რა უფრო მნიშვნელოვანია –  მეუფის მიერ ხელისუფლების კრიტიკა, რომელსაც ასე შეუშინებიხართ და წონასწორობიდან გამოუყვანიხართ, თუ დემოგრაფიის უმძიმესი საკითხი, რომელსაც იგი აყენებს?! ხელისუფლებას ეს საკითხი ბოლომდე გააზრებული რომ არ აქვს, ამაზე მრავალი ფაქტორი მეტყველებს, ამიტომაც განაგრძობს მეუფე: „განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება… რატომ შენდება ამდენი კორპუსი, მშენებლობების ბუმია საქართველოში. ვისთვის? თუ არ ვმრავლდებით, ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში, უცხოტომელები?”

    როგორ ფიქრობთ, მტრის ნათქვამია ეს თუ მოყვრის? ეკლესიისგან მარტო ლოცვა-კურთხევის მიღება გსურთ და არავითარ შემთხვევაში რჩევის, შეგონების, პრობლემის წამოწევის? პოლიტიკაში რატომ გადადიხარო, – საყვედურობენ მეუფეს. როდის აქეთ ეკრძალებათ სასულიერო პირებს პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა? ეს ხომ იგივეა, საერო პირებს ეკლესიაში შესვლა და სანთლის ანთება ან პირჯვრის გადაწერა აგვიკრძალონ?! მიჭირს, დავიჯერო, რომ მართლა ასე ფიქრობთ. პროპაგანდისტების დანაშაულს უფრო ვხედავ ამაში, მაგრამ ისინიც თქვენი შერჩეულები არ არიან? პრეზიდენტების შერჩევა გეშლებათ, პრემიერმინისტრების შერჩევა არ გამოგდით, უშიშროების შეფები არ გივარგოდათ, რამდენი ნამინისტრალი გყავთ ციხეში და, ღმერთმა იცის, კიდევ რამდენია დასაჭერი, პროპაგანდისტები მაინც შეგერჩიათ გონიერებასთან ოდნავ ახლოს მყოფნი. ჰოდა, გითხრათ მეუფემ ამ პრობლემის შესახებაც: „ვტრაბახობთ, რომ ას მილიარდამდე გაიზარდა შემოსავლები საქართველოში, ვის ხმარდება? ხომ ხედავთ, რა ხდება – კორუფცია ყვავის, აღებ-მიცემობაა და იჭერენ, თითქმის მთელი მთავრობა ციხეში ჰყავთ – პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, სუს-ის უფროსი”.

    ტყუილია ეს? არ არის ტყუილი! მაშ, რამ გაგაბრაზათ, იმან რომ მართალი ითქვა? სიცრუის გამო გაბრაზება ნორმალური რეფლექსია, მაგრამ ხელისუფლება სიმართლის გამო გაბრაზებას როცა იწყებს, მას რაღაც ცუდი უახლოვდება. თუ დაფიქრდებით ამ ნათქვამზე, თქვენთვისვე იქნება კარგი, თუ არადა, შეგიძლიათ ჩემზეც ისევე გაბრაზდეთ, როგორც მეუფე იობზე ხართ გაბრაზებული, მაგრამ გარწმუნებთ, არც ერთი საკითხი ამით არ მოიხსნება და არც ერთი პრობლემა ამით არ მოგვარდება.

    ორიოდე სიტყვა მათაც უნდა ვუთხრა, მეუფე იობის მიერ ხელისუფლების კრიტიკამ ასე რომ გაახარა: მეუფე იობის ქადაგებაში არაფერია ე.წ. ოპოზიციისთვის ხელის მოსაკიდებელი. მან ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა, მაგრამ ის კი არ უთქვამს, ქვეყანა აგენტურამ უნდა მართოსო. მას არ უთქვამს, მაგრამ მე გეუბნებით, ყველა ის პრობლემა, რომელთა შესახებაც მეუფე საუბრობდა, პრინციპში აგენტურის მმართველობის შედეგია. დიდი ხანია, რაც საქართველო გარედან იმართება. ეროვნული მოძრაობის გამარჯვებაც, სახელმწიფო გადატრიალებაც, აფხაზებსა და ოსებთან კონფლიქტებიც, „ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნობილი მეორე სახელმწიფო გადატრიალებაც გარედან მართული პროცესები იყო. გარედან მართული პროცესია სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადებაც, ახლა რომ მიმდინარეობს. ე.წ. დამოუკიდებლობის პერიოდში რა უბედურებაც დაგვატყდა თავს, ყველაფერი გარედან (დასავლეთიდან) იყო მართული, ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთის მონაწილეობითაც, ვინაიდან ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის ხელისუფლების სათავეშიც დასავლეთის აგენტურა იყო მოკალათებული. არ არის ადვილი ამ რთულ ვითარებაში გარკვევა, მაგრამ ის მაინც უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკა აისბერგივით არის – მისი მცირე ნაწილი ჩანს, უფრო დიდი ნაწილი კი დაფარულია. ხილულზე გაცილებით მნიშვნელოვანი დაფარული ნაწილია. ხალხი პოლიტიკის ხილული ნაწილით აპელირებს მუდამ, კულისებში მოქმედმა ძალებმა ეს, რა თქმა უნდა, იციან, ამიტომაც არის, რომ  დიდ დროს, ენერგიასა და ფინანსებს სანახაობაზე ხარჯავენ, რათა საზოგადოებრივი აზრი მუჭში ჰყავდეთ მომწყვდეული, დანარჩენს კი ხან ხელისუფლებას აკეთებინებენ, ხან – ოპოზიციას. ეს, რომ იტყვიან, პოლიტტექნოლოგიის საქმეა.

    ვალერი კვარაცხელია

    P. S. ბიბლიურ იობს ღმერთმა გამოცდა მოუწყო და უდიდესი განსაცდელი მოუვლინა. იობს ღმერთის სამდურავი არ დასცდენია, გასაოცარი თმენით იტანდა თავს დამტყდარ ყველა უბედურებას. ღმერთმა მას მოწყალე თვალით გადმოხედა და განსაცდელები აარიდა.

    თქვენ მეტყვით, ბიბლიური იობის ოთხი ათასი წლის წინანდელი ისტორია რა შუაშიაო. გიპასუხებთ: მეუფე იობის მიმართ მისი ბიბლიური მოსახელის გახსენება უფრო ლოგიკურია, ვიდრე რუსული შეგინების მოშველიება, თუნდაც იგი ფონეტიკურად ერთი ერთში ემთხვეოდეს იობის სახელს.

    იობი მოითმენს, თქვენ რა გეშველებათ?!  

    ვ. კ. 

                                                                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here