მე – პრორუსი…

    მე - პრორუსი...

    ,,პრორუსმა ვალერი კვარაცხელიამ ინტერვიუ აიღო ოთარ რომანოვ-ფარცხალაძისგან”, – იუწყებიან საინფორმაციო (სადეზინფორმაციო) საშუალებები. დააკვირდით: ჟურნალისტმა კი არა, პრორუსმა ვალერი კვარაცხელიამ. რა არის ეს პრორუსი – სპეციალობა? სახელი? გვარი? რასა? ეროვნება? სარწმუნოება? რას ნიშნავს პრორუსი და როგორ მოვიპოვე მე ეს „ტიტული”?

    დასაფიქრებელი საკითხია არა იმიტომ, რომ მე მეხება, არამედ იმიტომ, რომ ყველას გვეხება. პრორუსი, პროამერიკელი, პროევროპელი… გაისმის მიტინგებიდან, ტელეეკრანებიდან, პარლამენტის სხდომებიდან. ვინ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს თავსართი ,,პრო’’ მიაკერეს? ზოგიერთმა ,,პრო“-ს იარლიყიდან თავის დაძვრენის ყველაზე უბადრუკი (რაც კი ადამიანმა შეიძლება მოიფიქროს) ხერხი მოძებნა. – მე არც პრორუსი ვარ და არც პროამერიკელი, მე პროქართველი ვარ! – ერთგვარი რიხით აცხადებენ. ეს ხერხი უბადრუკია იმიტომ, რომ ამ ტერმინით საგარეო ორიენტაცია განისაზღვრება და არა – საშინაო. პრორუსობა ან პროამერიკელობა რუსეთის ან ამერიკის პოლიტიკის მხარდამჭერს ნიშნავს. ვინც ევროპული პოლიტიკის მხარდამჭერია, ანუ საქართველოს საგარეო ორიენტირად ევროპას განიხილავს, იგი პროევროპელია. შესაბამისად, რუსეთისკენ ორიენტირებული ადამიანი პრორუსია, ამერიკისკენ ორიენტირებული – პროამერიკელი და ა.შ. ერთი სიტყვით, „პრო” თავსართი არკვევს, ვისი სტრატეგიული პარტნიორობის მომხრე ხარ. სულ ეს არის მისი ფილოსოფია. აქედან გამომდინარე, ცნება „პროქართველი” სრული სისულელეა. როგორ შეიძლება ვინმე აცხადებდეს, რომ საქართველო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უნდა იყოს, ანუ საქართველომ საქართველოსთან უნდა იმეგობროს?!

    რაც შეეხება საგარეო ორიენტაციას (პრორუსული, პროამერიკული და სხვ.) რომელიც საქართველოს უკეთესი მომავლისთვის გვჭირდება, ზოგს ასე წარმოუდგენია და ზოგს ისე. ყველამ თავისი უნდა დაასაბუთოს და შესაბამისი არგუმენტაცია მოიტანოს. ეს იქნება ნორმალური პოლიტიკური (თანაც დემოკრატიული) პროცესი. ასეთ ვითარებაში პრორუსობა ან პროამერიკელობა წამოსაძახებელი არ იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ვითარება არ გვაქვს. გვაქვს ის ვითარება, რომ დასავლეთმა იმძლავრა, მისი ღია და ფარული აგენტურით გაავსო აქაურობა. პოლიტიკური, საინფორმაციო და საზოგადოებრივი ველი გაჯერებულია დასავლეთის „მეხუთე კოლონის” წარმომადგენლებით, რომლებიც განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო სასტიკად უსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს. სასტიკად გასწორების ერთი კონკრეტული გამოვლენაა „პრორუსი კვარაცხელიას” გაუთავებელი ტრიალი დასავლეთის აგენტურის საინფორმაციო საშუალებებში. პრორუს ჟურნალისტსაც აღარ მეძახიან, პრორუსი კვარაცხელიაო, გაჰკივიან. თავიანთი ჭკუით, ჟურნალისტის დიპლომი გამიუქმეს და კვალიფიკაცია წამართვეს. კი მაგრამ, ამ სფეროში ჩემს ნახევარსაუკუნოვან ნაშრომს ისტორიიდან ამოიღებთ? ათასობით ტელეგადაცემას წაშლით? პუბლიცისტური, მხატვრული, სამეცნიერო ნაშრომების ოცდაათტომეულს გააქრობთ? სხვა დიპლომებიც მაქვს – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, მაგასაც გამიუქმებთ და მხოლოდ და მხოლოდ თქვენ მიერ გამოწერილ „პრორუსის” დიპლომს დამიტოვებთ? უნდა გაგაოცოთ: პრორუსის დიპლომსა თუ იარლიყზეც თანახმა ვარ და, აი, რატომ:

    ამ იარლიყის მოწებებას ორი მხარე აქვს – ადამიანური და არსობრივი. ადამიანური ურთიერთობების მიღებული წესებიდან გამომდინარე, ამ იარლიყის მოწებება ნიშნავს კულტურის, ზრდილობის, კოლეგიალობის დეფიციტს, მაგრამ ამაზე, დაე, თვითონ იდარდონ. არსობრივად კი ჩემთვის ეს ტერმინი არც მიუღებელია და არც შეურაცხმყოფელი, რადგან მე საქართველოს გადარჩენისა და განვითარების პერსპექტივას მართლაც რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაში ვხედავ. დავაზუსტებ – რუსეთთან არა უბრალოდ სტრატეგიულ, არამედ სამხედო-სტრატეგიულ პარტნიორობაში.

    საქართველოში დასავლური პოლიტიკის გატარებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვა:

    * ქვეყანა სამ ნაწილად დაიშალა;

    * უამრავი ლტოლვილი გაჩნდა, რომლებიც ადგილს ვერ პოულობენ;

    * ეკონომიკა მოიშალა;

    * სამრეწველო პოტენციალი და მთელი მისი ინფრასტრუქტურა განადგურდა;

    * მოსახლეობის დიდი ნაწილი საარსებო მინიმუმს მიღმა აღმოჩნდა;

    * შრომითმა მიგრაციამ გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია;

    * პარლელურად, ქვეყანას უამრავი უცხოელი მოაწყდა, რომლებიც იაფ ნედლეულსა და მუშახელს დახარბდნენ;

    * ქართველთა მასობრივმა გადინებამ და უცხოტომელთა ასევე მასობრივმა შემოდინებამ დემოგრაფიული დისბალანსი შექმნა, რაც კატასტროფით გვემუქრება;

    * მოირყა კულტურა და ზნეობა;

    * განადგურდა მწერლობა, კინო, თეატრი;

    * უსახურმა და უგემოვნო მშენებლობამ წალეკა ქართული ქალაქები;

    * საცხოვრებელი ბინების უცხოელებისთვის უპრაგონოდ მიყიდვის დამანგრეველმა პრაქტიკამ ფასები მიუწვდომელი გახადა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის;

    * დაეცა ცხოვრების დონე;

    * დაისადგურა საყოველთაო უიმედობამ და უპერსპექტივობამ.

    ამ არასრულ ჩამონათვალშიც კი ჩანს, რა მოიტანა ოცდათხუთმეტწლიანმა ეპოქამ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გამოვიარეთ.

    რა ეპოქაა ეს?

    * ეს არის რუსეთის ისტორიულ მტრად და დასავლეთის სტრატეგიულ მოკავშირედ გამოცხადების ეპოქა;

    * ეს არის დასავლური შაბლონებისა და სტერეოტიპებისთვის კარის ფართოდ გაღების ეპოქა;

    * ეს არის დასავლური დირექტივებით ცხოვრების ეპოქა;

    * ეს არის ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით სვლის ეპოქა, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა.

    ამ რეალობის გათვალისწინებით არ არის ძნელი იმ დასკვნის გაკეთება, რომ ყველა ქართული უბედურების სათავე რუსეთისთვის ზურგის შექცევასა და დასავლეთისკენ სწრაფვაშია. ამ ფორმულაში არის ერთი ნამდვილი და ერთი ყალბი დებულება: ნამდვილი იყო რუსეთისთვის ზურგის შექცევა და მისი ისტორიულ მტრად გამოცხადება, ხოლო ყალბი იყო დასავლეთისკენ სწრაფვა, ვინაიდან დასავლეთი რელურად არასდროს გეგმავდა მის წიაღში ჩვენ ინტეგრირებას. ეს მისთვის, გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ შენაძენთან ერთად, ტვირთი და პასუხისმგებლობა იქნებოდა, რომლის აღებაც არ სურდა. ამის გამო მოიგონეს ფორმულა – ნატოსა და ევროკავშირის კარი თქვენთვის ღიაა, ოღონდ განუსაზღვრელ პერსპექტივაში. ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში გვატყუეს ამ ფორმულით. ახლა კი ირკვევა, რომ გაფართოებაზე უარს ამბობენ. მეტიც, ორივე სტრუქტურის ბედი ბეწვზე კიდია, რადგან ორივეს დაშლა ემუქრება.

    რა ჰქნას საქართველომ? საით მიმართოს საგარეო ვექტორი? სად ეძებოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო დასაყრდენი? ეს შეკითხვები ჩემი მოფიქრებული არ არის, თავად ცხოვრების მიერ არის დასმული მთელი სიმწვავით. მეტსაც მოგახსენებთ: ეს შეკითხვები ახლა კი არ დაისვა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იდგა ჩვენ წინაშე. თითზე ჩამოსათვლელი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ამას იმთავითვე ვაცნობიერებდით, რადგან დასავლური დეზინფორმაციის ნიაღვარში მოყოლილ საზოგადოებას მოვლენათა დაფარულ არსში წვდომას ვერ მოსთხოვდი.

    ეს – იმ დროს, ახლა კი, როდესაც ეს ყველაფერი გაცხადებულია, დანაშაულის ტოლფასია ამის დაუნახაობა. მიუხედავად ამისა, დღესაც დიდია დაბნეულობა და გაურკვევლობა. გონების სიზანტეს შეუპყრია საზოგადოების დიდი ნაწილი. ინფორმაციის დახარისხების უუნარობა და აზროვნების მოუქნელობა უდევს საფუძვლად ამას. ლამაზად შეფუთულმა სიცრუის მიმზიდველობამ აჯობა მკაცრი სიმართლის მოთხოვნილებასა და მიმღებლობას. გაიყო საზოგადოება და დაუპირისპირდა ერთმანეთს. 35 წელიწადია, ვცდილობ, ავუხსნა ჩემს ხალხს, რომ გამოგონილია რუსეთის ისტორიული მტრობა, სიცრუეა დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორობა და დამანგრეველია დასავლეთთან მიჯაჭვულობის ჩვენთვის გარედან თავსმოხვეული ტენდენციები. პრორუსია ეგ, პრორუსი! – სისინებენ გველები და ქვეწარმავლები აგენტურის ტელეარხებიდან. მეც ვუდასტურებ: – კი, პრორუსი ვარ, რადგან რუსეთი მართლმადიდებელი სამყაროს ბურჯია, ანუ ქრისტიანული ზნეობის ციტადელია, სადაც ვერ აღწევს დასავლური პოლიტიკური სიბინძურე, რომელმაც გადაფარა მთელი მომხიბვლელობა დასავლეთისა, სიდიადე მისი კულტურისა, ფილოსოფიისა, მწერლობისა, ხელოვნებისა… იმძლავრა ხრწნამ და გადაგვარებამ, სიცრუემ და ფარისევლობამ, უარყოფამ საკუთარი თავისა და გარყვნამ ყოველივე ამაღლებულისა, რომლითაც გაჟღენთილი იყო ბებერი კონტინენტი ანტიკური ეპოქიდან რენესანსამდე და რენესანსიდან ფრანგულ განმანათლებლობამდე, გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიამდე, ინგლისურ საპარლამენტო დემოკრატიამდე. დღეს სხვა რეალობაა – მდაბალი, სამარცხვინო, დამცრობილი, მამათმავლური.

    ვინმე თუ არის მსოფლიოში, ვისაც შეუძლია აღუდგეს დასავლური სიბინძურისა და დამანგრეველი პოლიტიკის ამ ექსპანსიას, ეს რუსეთია. რუსეთი ფაქტორია, რომელიც თავისთავად, ყოველგვარი ქმედების გარეშე (მხოლოდ მისი არსებობით) უზრუნველყოფს საქართველოს არსებობას, იცავს მას მეზობელი თუ არამეზობელი სახელმწიფოების ხელყოფისგან.

    საქართველო რუსეთის ბუნებრივი პარტნიორია; მასშტაბით, შესაძლებლობით, რესურსითა და სამხედრო ძლიერებით სრულიად განსხვავებული, მაგრამ რწმენით, კულტურით, ზნეობითა და საერთო ინტერესებით დაკავშირებული ორი ქვეყანა ავსებს ერთმანეთს.

    კაცობრიობა რთული ალტერნატივის წინაშე დგას – ან ახალი გადანაწილება და ახალი მსოფლიო წესრიგი, ან ბირთვული აპოკალიფსი. ვიმედოვნებ, პირველ გზას დავადგებით, ანუ ახალი გადანაწილება გარდაუვალია. როგორ და რანაირად შეიძლება, საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში არ დარჩეს და დასავლეთის გავლენის ქვეშ მოექცეს? ეს შეუძლებელია, რადგან არაბუნებრივია და პოლიტიკურადაც და გეოპოლიტიკურადაც გაუმართლებელი. მიზეზი მსოფლიო კრიზისისა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, სწორედ აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვის ხელოვნური ტენდენციების გაჩენასა და დასავლეთის მიერ საერთო საბნის თავისკენ გადაქაჩვის მცდელობაშია საძებნი. ამას წერტილი უნდა დაესვას (საქმეც იქით მიდის) და დაესმება კიდეც.

    ჩემი პოლიტიკური მსოფლმხედველობის სწორედ ეს ნაწილი არის ის, რის გამოც დასავლეთის ღია აგენტურამ ყველა ტიტულისგან, ყველა დიპლომისგან და ყველა რეგალიისგან ჩემი გაძარცვა მოისურვა. ამ აზრის გამო ვარ მე პრორუსი.

    ჩემი ბოლო ნამუშევარი (სატელევიზიო ინტერვიუ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან), რომელიც მოსკოვში ჩავწერე, 6 ნოემბერს გავიდა ეთერში. ინტერესი უზარმაზარი იყო. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ამ საკითხზე ვიმსჯელეთ ღიად, პატიოსნად, გულწრფელად. მე არ მრცხვენია ჩემი აზრის, ჩემი ნამოქმედარის, ჩემი ნაშრომ-ნაღვაწის გამო, პირიქით – ეს ჩემი ავლა-დიდებაა. მე სხვა სახის ქონების დაგროვებით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული. ათასობით სატელევიზიო გადაცემა და ის ლიტერატურული შემოქმედებაა ჩემი სიმდიდრე, ჯერჯერობით ოცდაათტომეულში რომ მაქვს ჩატეული. არ ვიცი, კიდევ რამდენს გამოიმეტებს ღმერთი ჩემთვის, მაგრამ, ჩაფიქრებული ორიოდე წიგნის ბოლომდე მიყვანას თუ დამაცლის, სულ ეს იქნება ის, რაც ჩემგან მომავალ თაობებს დარჩება. არ ვიცი, ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებას მომავალი თაობები რას დაარქმევენ, მაგრამ, დღევანდელობა ამას პრორუსობას თუ არქმევს, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ვინაიდან მთელი ჩემი გზა დასავლური პოლიტიკის სიბინძურის ალტარნატივის ჩვენება და ქადაგება იყო. ყველაფერს, რაც მითქვამს და დამიწერია, აუცილებლობის შემთხვევაში ერთხელ კიდევ მოვაწერ ხელს, თანაც გარკვეული სიამაყით, მე – პრორუსი…

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here