ფრიდონ ინჯია: წინააღმდეგი ვარ აზარტული თამაშების, ნარკომანიისა და სიგარეტის მოწევისაც კი!

    ,,ეს საკითხი რეფერენდუმზეა გასატანი და ხალხი თავის სათქმელს რეფერენდუმის საშუალებით იტყოდა...… თუ ათასობით ადამიანს გამოვკითხავთ, არა მგონია, უმეტესობამ თქვას, რომ კაზინოები უნდა დავუშვათ; თუ საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა, ხალხის ნება უნდა აღსრულდეს”

    პარლამენტმა სასწრაფოდ განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შემდეგ სამორინეების მფლობელებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა მიეცემათ. ცვლილებები ამ მიმართულებით ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ“ კანონსა და კიდევ ოთხ კანონში შედის.

    კანონპროექტის თანახმად, აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირი განისაზღვრება, როგორც თამაშობა, რომელსაც სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელი ატარებს და რომელშიც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. პროექტით დგინდება, რომ, თუ ორგანიზატორი კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად იყენებს და ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, ორგანიზატორი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს არ გადაიხდის. ცვლილებით ასევე დგინდება შესაბამისი პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც 50 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება. არაუფლებამოსილი პირის მიერ აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირის მოწყობის წესის დამრღვევი 150 ათასი ლარით დაჯარიმდება. პროექტის ერთ–ერთმა ინიციატორმა,  ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა განმარტა, რომ  აზარტული თამაშების  საერთაშორისო ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის და ასეთი შეჯიბრება ევროპის არაერთ ქალაქში ტარდება. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი არატურისტულ სეზონზე ტურისტული სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.

    ზემოაღნიშნულმა ინფორმაციამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, აღმოჩნდა, რომ ეს ინიციატივა ბევრს არ მოსწონს…

    ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი რატომ მიდის ხალხისა და ამომრჩევლის წინააღმდეგ? არის თუ არა ეს ხელისუფლების შიგნით საბოტაჟი?  ვიღაცას ხელისუფლების დისკრედიტაცია სურს? _ ამ საკითხებზე  გვესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია. 

    _ ბატონო ფრიდონ, საინტერესოა თქვენი მოსაზრება სამორინეების მფლობელთათვის აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირების მოწყობის შესაძლებლობის მიცემის შესახებ…

    _ აზარტული თამაშები ჩემთვის მიუღებელია, წინააღმდეგი ვარ აზარტული თამაშების, ნარკომანიისა და  სიგარეტის მოწევისაც კი. ჩემთან მოსულ სტუმართან ნარდს ან ჭადრაკს სიამოვნებით  ვითამაშებ, აზარტული თამაშების კი წინააღმდეგი ვარ. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება აზარტული თამაშების,  როგორც ბიუჯეტში შემოსავლის წყაროს, დაშვების შესახებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში მოიძებნება სხვა ისეთი დარგები და საქმე, რომლებიც შეავსებს ბიუჯეტს.

    საქართველოს ბიუჯეტში ფულის შეტანა შეუძლია სოფლის მეურნეობას, ტურიზმს, მრეწველობას… მართალია, ახლა აღარ გვაქვს მრეწველობა და ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ პატარა ფაბრიკებისა და საკონსერვო ქარხნების აშენება ხომ შეიძლება?! ჩვენ უნიკალური ხილი გვაქვს და, თუ მას მივხედავთ, ფული აუცილებლად შევა ბიუჯეტში. თუკი ვცდით იმ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ ბიუჯეტში საკმარისი თანხა მაინც ვერ შევა, აი, მაშინ შეიძლება ფიქრი აზარტული თამაშებით ბიუჯეტის შევსებაზე.

    სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია, რამ განაპირობა აზარტული თამაშებით ბიუჯეტის შევსების აუცილებლობა, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ქვეყნის დოვლათის წყალობით შევსებულიყო. ჩვენ სრულად არ გვაქვს ათვისებული ჩვენი დოვლათი _ ღვინო, ხილი, ბოსტნეული……

    20 წლის წინათ აუთვისებელი გვქონდა სახნავ-სათესი მიწის 12 ათასი კვადრატული კილომეტრი… ახლა დაახლოებით 200 ათასი კვადრატული კილომერტია ყამირად ქცეული, რაც გულდასაწყვეტია. არადა, ქართული მიწის მოსავალი  ძვირფასია…

    აზარტულ თამაშებში სულ უცხოელები თუ იქნებიან ჩართულნი, კიდევ შეიძლება გავიგო, მაგრამ ასე ხომ ვერ იქნება, ჩვენებიც ჩაერთვებიან ამ ყველაფერში და ეს არის მიუღებელი.

    _ ბათუმი წალეკა კაზინოებმა, რომელთა მეპატრონეები, ძირითადად, არიან ჩეჩნები, არაბები, თურქები, აზერბაიჯანელები… მუსლიმური ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს დიდძალი ფული აქვთ და ბევრ რამეს ბედავენ. ნუთუ კიდევ ეს სჭირდებოდა საქართველოს?

    _ თუ ეს ყველაფერი ბიუჯეტის შესავსებად არის გაკეთებული, მაშინ ამოვწუროთ ყველა საშუალება… ისე, ეს საკითხი რეფერენდუმზეა გასატანი და ხალხი თავის სათქმელს რეფერენდუმის საშუალებით იტყოდა…

    _ ხელისუფლება არაპოპულარულ ნაბიჯებს დგამს. მაგალითად, ასეთი იყო პლასტმასის ბოთლების აკრძალვა, რომელიც შემდეგ შეჩერდა. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას შიგნიდან მტრობენ… მტრობენ პრემიერ კობახიძესაც და ივანიშვილსაც…

    _ შთაბეჭდილება როგორია, არ ვიცი, მაგრამ ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ. თუ ათასობით ადამიანს გამოვკითხავთ, არა მგონია, ბევრმა თქვას, რომ კაზინოები უნდა იყოს დაშვებული.  თუ საქართველო საპარლამენტო ქვეყანაა, ხალხის ნება უნდა აღსრულდეს. მე ვამბობ, რომ  ამოვწუროთ ყველა საშუალება, რომლებიც ბიუჯეტის შესავსებად არის კარგი…

    მე სიგარეტის მწეველსაც კი არ ვიღებდი სამსახურში, ამით შეიძლება   მათ უფლებას ვარღვევდი, მაგრამ არ მომწონს და რა ვქნა?! არ მომწონს აზარტული თამაშები და მოთამაშეები, არ მომწონს და ვერასოდეს მივიღებ ნარკომანიას!..

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here