უკრაინის ევთანაზია

    რა არის ევთანაზია (euthanatos)? ხელოვნური ინტელექტი გვიხსნის:

    „უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით. ევთანაზია შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, რომელიც ექიმის ან ახლობლების კომპეტენციაა”.

    ევთანაზიაზე არსებობს ორი პოზიცია: პირველი პოზიციის მიხედვით, ევთანაზია მკვლელობაა (დანაშაულია); მეორე პოზიციის მიხედვით, ევთანაზია ჰუმანური აქტია, რომელიც სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს ტანჯვისგან ათავისუფლებს, ამიტომ უნდა მოხდეს მისი დეკრიმინალიზაცია.

    სტატიის სათაურმა, რა თქმა უნდა, მიგახვედრათ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესს ევთანაზიას ვადარებ. მართებულია  ეს შედარება, ამით ხომ არ ვარღვევ ზოგად ეთიკას და ხომ არ გავდივარ ჟურნალისტისა და მწერლის ჩარჩოებიდან? ამ შეკითხვას თვითონ ვუსვამ საკუთარ თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხის ეს მხარე მხედველობიდან არ გამომრჩენია. საქმის ამ თვალსაზრისით გააზრების შემდეგაც ვიტოვებ უფლებას, რომ უკრაინის თემა ამ კონტექსტში განვიხილო. აქ გაჩნდება შეკითხვა – უკრაინას ხომ არ მოუთხოვია ევთანაზია? ეს ევთანაზიის აუცილებელი პირობაა. იგი პაციენტის დაჟინებული მოთხოვნით უნდა განხორციელდეს. თუკი უკრაინას ასეთი თხოვნა არ ჰქონია, რა უფლება აქვს ვინმეს, რომ სახელმწიფოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს? უკრაინელებს სიტყვით არ უთხოვიათ, ჩვენს სახელმწიფოს სიცოცხლე ევთანაზიით მოუსწრაფეთო, მაგრამ საქმით ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური ნაბიჯი (ე.წ. ფერადი რევოლუციები ანუ სახელმწიფო გადატრიალებები; ნატოსა და ევროკავშირის წევრობის აკვიატება; ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთის საზღვრებთან; ფაშისტური ტენდენციების გამოცოცხლება; რუსი ეროვნების მოსახლეობის დევნა; რუსული ენის აკრძალვა და სხვ.) თვითმკვლელობის მიმართულებით იყო გადაგმული. რატომ არის ეს ყველაფერი თვითმკვლელობის ტოლფასი, დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვინ ართმევს უფლებას, რომ თვითონ აირჩიოს კავშირი, სამხედრო ბლოკი, პოლიტიკური ალიანსი, რომელშიც სურს გაერთიანება? თეორიულად სწორია ასეთი მსჯელობა, მაგრამ პრაქტიკულად ეს ასე არ არის. უკრაინის ნატოში გაერთიანება მსოფლიოში სამხედრო ბალანსის რღვევის უკვე დაწყებული ტენდენციის გაგრძელება და იმ კონდიციამდე მიყვანა იქნებოდა, რომელიც რუსეთს ეგზისტენციური ხასიათის საფრთხეს შეუქმნიდა. გამოდის, რომ ეს საკითხი, მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობის კონტექსტში კი არა, მსოფლიო ბალანსის თვალსაზრისით ყოფილა განსახილველი. საბოლოო ჯამში რა მივიღეთ? უკრაინა თითქოს საკუთარი სუვერენიტეტის ფარგლებში რომ მოქმედებდა, სინამდვილეში მსოფლიო ძალთა თანაფარდობას არღვევდა და გლობალური კატასტროფის საფუძვლებს ქმნიდა. ეს სწორი საქციელია? ამას საიდანაც უნდა შევხედოთ, სწორ საქციელად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ რეაქცია მოქმედებაზე, რომელიც მსოფლიო სამხედრო ბალანსს არღვევს, მხოლოდ შეფასებით ვერ შემოიფარგლება, მას ქმედებები მოჰყვება. მოჰყვა კიდეც. რუსეთმა უკრაინის საბედისწერო შეცდომას (თუ დანაშაულს) სპეციალური სამხედრო ოპერაციით უპასუხა, რომელიც, მეხუთე წელიწადია, მიმდინარეობს და, რომელმაც არა მხოლოდ მილიონამდე უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა, არამედ უკრაინის სახელმწიფოს არსებობას შეუქმნა საფრთხე. საქმე ის არის, რომ უკრაინაში ვერც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე და ვერც მისი მიმდინარეობის პროცესში სწორი დასკვნა ვერ გაკეთდა. დევიზი, რომლის მიხედვითაც „უკრაინა უკანასკნელ უკრაინელამდე” იომებს, არამხოლოდ ჰიპერპოლიზებულ-პათეტიკური განცხადება, არამედ რეალური სამოქმედო გეგმა აღმოჩნდა. ეს თვითმკვლელობა არ არის?! ამ თვითმკვლელობამდე უკრაინა თვითონ არ მისულა, დასავლეთის კარნახით მივიდა. სანამ უკრაინა ამ ლოზუნგამდე მივიდოდა, იგი ფაშისტურ სახელმწიფოდ გადააქციეს, რომლიდანაც საბოლოოდ განიდევნა ყოველგვარი დემოკრატიული საწყისი (აზროვნების უფლება, პოლიტიკური პლურალიზმი) და მისი ადგილი რუსოფობიამ დაიკავა. დღევანდელ უკრაინულ ფაშიზმს იდეოლოგიურად ისევე კვებავს რუსოფობია, როგორც მეოცე საუკუნის გერმანულ ფაშიზმს კვებავდა ანტისემიტიზმი და სლავოფობია. სხვათა შორის, მეოცე საუკუნის გერმანული ფაშიზმიც სუიციდამდე მივიდა. არც გერმანიას უთხოვია ევთანაზია, მაგრამ ეს პროცესი განვითარდა. ევთანაზია, რომლითაც მესამე რაიხმა არსებობა დაასრულა, დასავლური პოლიტიკისა და იდეოლოგიის შედეგი იყო, რომელშიაც საბჭოთა კავშირმა იმ მედდის როლი შეასრულა, რომელმაც სასიკვდილოდ განწირულ გერმანულ სხეულში საინექციო ხსნარი შეიყვანა.

    უკრაინაში ლოზუნგს ლოზუნგი ემატებოდა, ეს სუიციდურ განწყობას ქმნიდა და აძლიერებდა (ცნობილია, რომ ქმედებას შესაბამისი ფსიქოლოგიური განწყობა უძღვის – დიმიტრი უზნაძე). უკრაინაში ამგვარი განწყობის შესაქმნელად იქმნებოდა ზემოხსენებული ლოზუნგი, რომელიც უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლას ეხებოდა. მეორე დანაშაულებრივი ლოზუნგი „ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხება” იყო, რომელიც, არათუ უკრაინას, მთელ დასავლეთსა და ნატოს არ შეუძლია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უკრაინელებს გამარჯვების ცრურწმენას უქმნიდა. ამას დაემატა დრონებით (ახლა უკვე რაკეტებითაც) რუსეთზე მიტანილი იერიშები, რომლებიც პირდაპირ ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხების ილუზიას აძლიერებს, მაგრამ რა ხდება ამ დროს ბრძოლის ველზე და ფრონტის ხაზზე? უკრაინა, კარგა ხანია, განდევნილია აზოვის ზღვიდან, ახლა უკვე შავი ზღვიდანაც. უკრაინა თანდათანობით ქრება პოლიტიკური და ფიზიკური რუკიდან.

    დღევანდელ  ვითარებას ბრიტანელი ანალიტიკოსი ალექსანდრე მერკურისი ასე გვიხატავს: „უკრაინის შეიარაღებული ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების კრიტიკულ დეფიციტს განიცდიან, ამიტომ კიევის ხელმძღვანელობა იძულებულია, ბოლო გადარჩენილი საზენიტო კომპლექსები  საკუთარი თავშესაფრების დასაცავად გამოიყენოს. კიევის განკარგულებაში არსებული რაკეტა-გადამჭერების მარაგები სწრაფად იწურება და მათ აღარ შესწევთ უნარი, სერიოზული გავლენა იქონიონ საჰაერო ვითარებაზე. უკრაინისთვის გადაცემული საჰაერო თავდაცვის საშუალებები სწრაფად იხარჯება. ისინი ხელს ვერ უშლიან რუსებს, უკრაინა ძალიან დააზიანონ. უკრაინის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი საჰაერო თავდაცვის საშუალებებით აღარ არის დაცული“. ანალიტიკოსმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ უკრაინამ Patriot-ის კომპლექსებისთვის განკუთვნილი დეფიციტური PAC-3 რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიღო. მისი აზრით, თუ კიევმა ამ ტიპის საბრძოლო მასალის მცირე პარტიის მოპოვება მაინც შეძლო, მათ მხოლოდ ქვეყნის ხელმძღვანელობის დასაცავად უფრთხილდებიან.

    მეზობელი სახელმწიფოები, დიდი ხანია, განიხილავენ უკრაინული ტერიტორიების მიერთების საკითხს და ყველა თავის წილის განსაზღვრით არის დაკავებული, ანუ მიმდინარეობს უკრაინის ევთანაზიის პროცესი, რომლის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-მა, ევროკავშირმა და ნატომ ერთობლივად მიიღეს. ამ საქმეში რუსეთი (ისევე, როგორც მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირი) იმ მედდის როლს ასრულებს, რომელსაც ევთანაზიისთვის საჭირო საინექციო ხსნარი შეჰყავს უკრაინული სახელმწიფოს მომაკვდავ სხეულში.

    ევთანაზიასთან დასავლეთის დამოკიდებულების შესახებ ხელოვნური ინტელექტი ამგვარ ინფორმაციას გვაწვდის:

    * ევროპაში ევთანაზიისა და ასისტენტირებული სუიციდის (ექიმის დახმარებით სიცოცხლის შეწყვეტა) ლეგალიზაციის სტატუსი ქვეყნების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება, რადგან ევროკავშირს ამ საკითხზე ერთიანი კომპეტენცია არ გააჩნია. 2026 წლის მონაცემებით, კონტინენტზე სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომლებშიც აქტიური ნებაყოფლობითი ევთანაზია  ლეგალურია, თუმცა ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ტენდენციები ლიბერალიზაციისკენ იცვლება;

    * აშშ-ში ევთანაზია (როდესაც ექიმი პირდაპირ ასრულებს პაციენტის სიცოცხლის მოსპობის აქტს) ოფიციალურად აკრძალულია ყველა შტატში, თუმცა ნებაყოფლობით ექიმის დახმარებით სიკვდილი (Physician-Assisted Suicide), რომელსაც სამედიცინო დახმარება სიკვდილისას (Medical Aid in Dying – MAID) ეწოდება, კანონიერია თოთხმეტ იურისდიქციაში. განსხვავება ისაა, რომ ამ დროს პაციენტი ლეტალურ მედიკამენტს საკუთარი ხელით იღებს.

    ასეა თუ ისე, დასავლეთში ევთანაზია შემოდის, მაგრამ – მძიმედ. მას მრავალი ბარიერი ეღობება – ზნეობრივი, საზოგადოებრივი, საკანონმდებლო. ეს  ეხება ადამიანებს, პაციენტებს. რაც შეეხება სახელმწიფოებს, ამაზე  დასავლეთში არც მსჯელობენ, თუმცა, სადაც მიზანშეწონილად ჩათვლიან, ამ ხერხსაც მიმართავენ. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი მათ ევთანაზიით დაამთავრეს (1991 წ.); ევთანაზიით დაამთავრეს იუგოსლავიაც (1999 წ.). მცდელობები სხვაგანაც ჰქონდათ და დღემდე აქვთ. საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიისგან განსხვავებით, უკრაინის ევთანაზია დასავლეთის თვითმიზანს არ წარმოადგენს. მათი მიზანი რუსეთის დაშლა ან (სულ ცოტა) მისი დასუსტებაა. უკრაინა, ამ შემთხვევაში, მასალაა, საზარბაზნე ხორცია, პროპაგანდის ანკესს წამოგებული მსხვერპლია, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. უკრაინის ევთანაზია სრული სვლით მიმდინარეობს. სამწუხაროდ, კაცობრიობა ამ მძიმე ფაქტს უყურებს, მაგრამ მისი შეჩერების არც სურვილს ავლენს და არც ძალას.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                            

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here