არსებობს ერთი არაქართული სიტყვა – ტრაქტატი, რომელიც ორას ორმოცდასამი წელიწადია, ორგვარი ჟრუანტელის მომგვრელია ქართველებისთვის: ერთნი ნეტარებით ლულავენ თვალებს, მეორენი შიშითა და უსიამოვნებით იძაგრებიან.
საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ამასწინანდელ განცხადებას ლამის სამოქალაქო ომი მოჰყვა. განცხადება ასეთი იყო: „განსაკუთრებით პარადოქსულია, როდესაც დღეს ფსევდოლიბერალები ერეკლე მეორეს იმ გადაწყვეტილებისთვის აკრიტიკებენ, რომელმაც საქართველოს ისტორიული არსებობისა და შემდგომი სახელმწიფოებრივი განვითარების, მათ შორის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის, შესაძლებლობა შეუნარჩუნა“.
ამ ნათქვამში ყველაფერი მართალია, გარდა პირველი სიტყვებისა: „განსაკუთრებით პარადოქსულია, როდესაც დღეს ფსევდოლიბერალები ერეკლე მეორეს იმ გადაწყვეტილებისთვის აკრიტიკებენ”. არანაირი პარადოქსი ფსევდოლიბერალების ამ პოზიციაში არ იკითხება, პირიქით – ყველაფერი რეალობასთან შესაბამისია ანუ ლოგიკურია. ჯერ ერთი, მათთვის ლიბერალების (ან ფსევდოლიბერალების) დარქმევით საკითხს ვართულებთ. ეს არის დასავლეთის „მეხუთე კოლონა”, რომელიც „აზროვნებს” და მოქმედებს დასავლეთიდან მიღებული დირექტივით: „ყველაფერი, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული, ცუდია, ყველაფერი, რაც დასავლეთთან არის დაკავშირებული, კარგია!”
დასავლეთს სურს, რუსეთი ყველა მიმართულებით შეავიწროოს, მის ირგვლივ ანტირუსული განწყობის შექმნით ჯერ მის განეიტრალებას, შემდეგ კი დაჩოქებასა და დაშლას მიაღწიოს. არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს აშშ-ის ამ ჩანაფიქრის საფუძვლებში გარკვევა. პირველი არის რუსეთის, როგორც კონკურენტისა და ერთ-ერთი გეოპოლიტიკური პოლუსის, განეიტრალება; მეორე კი – მისი უკიდეგანო ტერიტორიისა და ულევი სიმდიდრის დაუფლება. ამას, რა თქმა უნდა, ემატება, ერთი მხრივ, რუსეთის გარშემო არსებული სახელმწიფოების (პოსტსაბჭოთა სივრცის) ათვისების, მეორე მხრივ კი, ამ ათვისებული სივრცის რუსეთის საწინააღმდეგო სტრატეგიულ პლაცდარმად გამოყენების კონკრეტული მიზანი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც რუსეთთან გვაკავშირებს ისტორიული თუ თანამედროვე თვალსაზრისით, უნდა გამოცხადდეს უარყოფით მოვლენად. ყველაზე დიდი პოლიტიკური აქტი სწორედ გეორგიევსკის ტრაქტატი იყო, რომელიც ყველა დროის მედასავლეთეთათვის უპირველესი სამიზნეა:
გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველო დაღუპა და მას დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივა მოუსპო! – გაჰკივიან ისინი.
შესაბამისად, საზოგადოების მეორე ნაწილისთვის გეორგიევსკის ტრაქტატი დასავლური საფრთხისგან (ისევე, როგორც თავის დროზე აღმოსავლური უბედურებისგან) თავის დახსნის ერთადერთი გზაა:
გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველო ფიზიკური განადგურებისგან იხსნა! – აცხადებს ეს მხარე.
ეს დაპირისპირება და ჭიდილი არ დასრულდება, სანამ არ დასრულდება საქართველოს გადაქაჩვის მცდელობა ან ერთ, ან მეორე მხარეს. არავის აინტერესებს ჭეშმარიტება, ისტორიული სიმართლე, ობიექტური რეალობა, პირუთვნელი მიდგომა. აბსოლუტური უმრავლესობა (არ აქვს მნიშვნელობა, მეცნიერია, პოლიტიკოსია, პუბლიცისტია თუ ვინმე სხვა) საკუთარი ამოცანების შესაბამისად, საკუთარი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე ერთვება ამ დისკუსიაში, ამიტომ ვინმე მართლა მეცნიერული და ისტორიული სიმართლის პოზიციებიდან თუ იტყვის რამეს, მყისვე შეირაცხება მხარედ, დაინტერესებულ პირად, სიცრუის ტირაჟირებაში ჩართულ პერსონად, რომელიც ფაქტებს აყალბებს და ვითარებას მისთვის ხელსაყრელი პოზიციებიდან წარმოაჩენს. ასე იქცეოდნენ კომუნისტები, ასე იქცეოდნენ ე.წ. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები. ორმოცდასამი წლის წინათ კომუნისტი შევარდნაძის მთავრობა და პროპაგანდისტული მანქანა გეორგიევსკის ტრაქტატის ორას წლისთავს ზარ-ზეიმით აღნიშნავდა, დოკუმენტს საქართველოს მხსნელ ისტორიულ დოკუმენტად წარმოაჩენდა და ისტორიულ ფილმს („წიგნი ფიცისა” – რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე) იღებდა. საქართველოს ტელევიზია კი (თავმჯდომარე – ნუგზარ ფოფხაძე) ამ დოკუმენტისა და ამ თარიღის გაუთავებელი პროპაგანდით იყო დაკავებული. კომუნისტები ასე იქცეოდნენ, რადგან კრემლიდან და პოლიტბიუროსგან შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიღებული. ეს იყო 1983 წელი. იგივე შევარდნაძე და ფოფხაძე ერთი წლის შემდეგ (1984 წელს), როგორც თვითონვე ამბობდნენ, პარტიზანულად იღებენ თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიებას”, რომლითაც ლახვარი ჩასცეს რუსეთსაც, საბჭოთა კავშირსაც და გეორგიევსკის ტრაქტატსაც. რატომ გააკეთეს ეს? იმიტომ, რომ მათ ახალი დავალება მიიღეს აშშ-ის სპეცსამსახურებისგან, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურებთან ერთად ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას (ერთპოლუსიანი მსოფლიო) უყრიდნენ საფუძველს, რომელშიაც აშშ პლანეტის ერთპიროვნულ მბრძანებლად უნდა ჩამოყალიბებულიყო და ჩამოყალიბდა კიდეც.
1983 წელს (გეორგიევსკის ტრაქტატის მე-200 წლისთაზე) შევარდნაძის კომუნისტური მთავრობა ამ დოკუმენტის განდიდებით თუ იყო დაკავებული, პროდასავლური ოპოზიცია და „ეროვნული მოძრაობა” გეორგიევსკის ტრაქტატში საქართველოს უბედურების სათავეს ხედავდა. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა გეორგიევსკის ტრაქტატის მე-200 წლისთავის აღნიშვნის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. თავიანთ ანტისაიუბილეო წერილებსა და არალეგალურ პროკლამაციებში ისინი ამტკიცებდნენ: „1783 წლის შეთანხმება იყო არა ორმხრივი ძმობის აქტი (როგორც ამას საბჭოთა პროპაგანდა ახმოვანებდა),არამედ საქართველოს ანექსიის დასაწყისი”.
შევარდნაძე ერთნაირად ტენდენციური იყო იმ დროსაც, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატს მხსნელად გვისახავდა, და მაშინაც, როდესაც „მონანიების” გადაღებით იყო დაკავებული. გამსახურდიას გეორგიევსკის ტრაქტატის მიმართ პოზიცია არასოდეს შეუცვლია, მაგრამ სწორი პოზიციაც არასდროს ჰქონია. მას არ აინტერესებდა ამ დოკუმენტის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. გამსახურდიასთვის გეორგიევსკის ტრაქტატი პოლიტიკური სპეკულაციის საგანი იყო ყოველთვის. არავითარ ეჭვს და აზრთა სხვადასხვაობას არ უნდა იწვევდეს ის, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი დიდებული აქტი იყო, რომელმაც საქართველოს ფიზიკური და სულიერი არსებობა შეუნარჩუნა. ის, რომ რუსეთმა ტრაქტატით გათვალისწინებული პირობები დაარღვია, ტრაქტატის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არის. შეიძლება ეს რუსეთის ისტორიული იმიჯის შემლახველია, მაგრამ ტრაქტატის მნიშვნელობას ვერ აკნინებს. რომელიღაც გენერალი ღალატს თუ ჩაიდენს, ცუდი ისტორიული ფაქტია, მაგრამ ამას სახელმწოფოებსა და ხალხებს შორის ურთიერთობებზე მაღლა ვერ დავაყენებთ. მეტსაც გეტყვით: რომელიღაც კონკრეტული მეფე ან იმპერატორი შეთანხმების პირობებს თუ დაარღვევს, ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს ისტორიული (ობიექტური) კანონზომიერებები განაპირობეს და არა – სუბიექტური (თუნდაც მეფის დონიდან მომდინარე) გუნება-განწყობილება.
გეორგიევსკის ტრაქტატის გამო ხმაური პრემიერმინისტრ კობახიძის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის ფრაგმენტი ამ სტატიის დასაწყისში მოვიტანე. თითქოს ამას ელოდნენ, ატყდა ვაი-უშველებელი.
ერთ-ერთი ავტორი (დასავლეთის „მეხუთე კოლონის” წარმომადგენელი) ასე მსჯელობს: „ჩრდილოელ ერთმორწმუნეზე დამყარებულმა გულუბრყვილო ნდობამ ერი პოლიტიკურ კატასტროფამდე და დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვამდე მიიყვანა. გეორგიევსკის ტრაქტატი იყო არა ორი თანასწორი სახელმწიფოს მოკავშირეობა, არამედ მზაკვრული მახე, რომლითაც რუსეთის იმპერიამ კავკასიაში ფეხი მოიკიდა და საქართველო საკუთარ ანექსიურ ზრახვებს მსხვერპლად შეწირა “. აშშ-ის სპეცსამსახურების ტიპური ფრაზეოლოგიაა, რომელიც სპეციალურად ამნაირებისთვის იწერება. სხვათა შორის, ეს ის თემაა, რომელიც მუშაობს, ანუ საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს. იქნებ ასე სჯობდა… იქნებ ისე სჯობდა… ეჭვი, კრიტიკული აზროვნების განუყოფელი ნაწილია. სხვა პოზიცია, ალტერნატიული ვერსია ყოველთვის ახლავს მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებს. ამაზეა ყველაფერი გათვლილი. თეთრის შავად და შავის თეთრად წარმოჩენა ანუ მოვლენათა სასურველი გაფერადება სპეცსამსახურების საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. ამას ვერ გავექცევით. არამზადა პოლიტიკოსებს, გაქექილ პოლიტოლოგებს, სულგაყიდულ ჟურნალისტებსა და ცხრა ჯოხზე გადამხტარ ექსპერტებს რომ თავი დავანებოთ და რომელიღაც უწყინარი მეცნიერის გამოსვლა მოვისმინოთ, აღმოვაჩენთ, რომ, უმრავლეს შემთხვევაში სპეცსამსახურების ლაბორატორიებში შეთხზულ ტექსტებს გვთავაზობენ. ეს გახუნებულპიჯაკიანი და მოდიდან საუკუნის წინათ გადასულ ჰალსტუხიანი პროფესორი აზრზე არ არის, ისე იმეორებს ფრაზებსა და აზრებს, რომლებიც მის ტვინში რაღაც მანქანებით გადანერგეს და „საკუთარ მეცნიერულ აღმოჩენად” შეასაღეს. ყოველივე ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ საკითხს მრავალი წახნაგი აქვს. ბატონ კობახიძის ნათქვამი შეიძლება სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთში რომელიღაც სპეციალური ჯგუფი გეორგიევსკის ახალ ვარიანტზე მუშაობს. სადღაც კულისებში ამ მიმართულებით საუბარი რომ მიმდინარეობდეს, კობახიძე ამ დოკუმენტს არ ახსენებდა. ეს ყველამ იცის, მაგრამ მათ არ სჭირდებათ ის, რაც იციან, მათ ის სჭირდებათ, რასაც პროვოკაციისთვის, არეულობის მოსაწყობად და რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის ესკალაციისთვის გამოიყენებენ.
ისე, რად უნდა ლაპარაკი, რომ რუსეთთან დიალოგიც დასაწყებია, სამოკავშირეო ხელშეკრულებაც მოსამზადებელია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფუძველიც ჩასაყრელია. ეს ჩვენი თაობის გასაკეთებელია. მომავალი თაობები ამ მძიმე თემას ისევე ვერ დაძრავენ, როგორც ჩვენი თაობა ვერ დაძრავს თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების შემოერთების საკითხს. დრო თითქმის ყოველთვის ამგვარი საკითხების გადაწყვეტის საწინააღმდეგოდ მუშაობს.
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ იქვე ერთი საინტერესო განცხადებაც გააკეთა: „თითოეული სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს “.
ორმოცი წელიწადია, ამტკიცებენ, რომ აშშ და ევროპული სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, რომ ისინი ქართველთა ინტერესების დამცველებად გვევლინებიან. სიცრუეა ეს. სიცრუე იქნება ისიც, რომ რუსეთი საქართველოს ინტერესებს დაიცავს ისე, კეთილი ნების გამოსახატავად. არ მოხდება ასე. ჩვენი ორიენტაცია იმას უნდა დაეფუძნოს, სად არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი ამა თუ იმ სახელმწიფოსთან. საქართველოსა და რუსეთს აქვთ ერთობლივი ინტერესები რეგიონში, სადაც ვიმყოფებით. ეს არის ამოსავალი. სანამ საქართველო დასავლეთისკენ იყურება და კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირის აბსურდი უწერია, რუსეთის ინტერესებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება შედის, მაგრამ, როდესაც საქართველო ნატოსა და ევროკავშირზე უარს განაცხადებს, რუსეთის ინტერესებში ერთიანი საქართველო აღმოჩნდება. ეს უბრალო ნათქვამი არ არის, ფორმულაა, რომელიც ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტსა და ვითარებას მოჰყვა. ბატონი ირაკლი კობახიძე იქნებ სწორედ ამ ახალ კონტექსტს გულისხმობდა, როდესაც ასე რევოლუციურ განცხადებას აკეთებდა?!
მის ამ განცხადებას ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები.
ვალერი კვარაცხელია







