ირაკლი დოჭვირი: გულბაათ რცხილაძე, როგორც კი მან რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შექმნა, დააპატიმრეს და ამით გზა გაუხსნეს ძალადობას, რომელიც კახეთში მოხდა

    „საქართველო შეიძლება ნახევრად სუვერენულ ქვეყნად ჩაითვალოს, მაგრამ მთავრობის არასერიოზული ნაბიჯებით, რუსეთის იგნორირებით, რუსოფობიური გამოხდომების შემთხვევების მატებით დიდი შანსი აქვს, ის ნახევარი სუვერენიტეტიც დაკარგოს”

    საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის პრეზიდენტისგან წერილი მიიღო. მას მოჰყვა მიწვევა მინისტერიალზე „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დასწრო. ამ მიწვევას დიდი სიხარულით შეხვდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება…

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს:  „ბატონო პრემიერმინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლის მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის განმავლობაში უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ რა დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში.

    გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს. სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ”.

    პარალელურად, საქართველოს კვლავ თავს ესხმის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი  წარმომადგენელი კაია კალასი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს.

    კაია კალასს  მწვავედ უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა: „ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა _ რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე, და _ არის კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება. ეს არის ძალიან მძიმე დამოკიდებულება, რომელიც შესაბამისად მძიმე შეფასებას იმსახურებს. როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას და უპირისპირდება ქართველ ხალხს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა.

    როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ მხოლოდ ევროპისკენ უნდა ვიაროთ, ჩვენ, გარდა ევროპისა, ყველა მხარეს ვიყურებით, რა უნდა დავარქვათ ამ საქციელს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება სამოქალქო აქტივისტი, ანალიტიკოსი ირაკლი დოჭვირი:

    _ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთხელ ძალიან შეურაცხმყოფელი რამ თქვა თავის კოლეგა პრეზიდენტებსა და სახელმწიფოს მეთაურებზე:  ,,ისინი მეხვეწებიან, რომ უკანალზე ვაკოცნინო”. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმა, მაგრამ მათ შორის, ალბათ, ჩვენი ქვეყნის მმართველებიც არიან. საქართველოს მთავრობა ვითომ დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და ერთი შეხედვით ასეც ჩანს,  მაგრამ ისინი მართლაც მზად არიან, ტრამპს უკანალზე აკოცონ, მაგრამ ტრამპი ამის უფლებას არ აძლევს, ამიტომ წვალობენ, ეს როგორმე მოახერხონ…  მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში, საქართველოს მთავრობის მეთაურისა და პრეზიდენტის  მოწოდებები ურთიერთობის გადატვირთვაზე სწორედ ამას ემსახურება.  

    ჩვენს მთავრობას ტრამპი  გიორგი დანელიას ფილმ „არ იდარდო”-დან დოდო აბაშიძის პერსონაჟი, გენერალი ვამეხ ვახვარი, ჰგონია და უკანალზე კოცნით ფიქრობს ტრამპის გულის მოგებას,  მაგრამ  ტრამპი ვამეხ ვახვარზე უარესია,  ის ქვეყნებისგან არა თანამშრომლობას, არამედ სრულ მორჩილებას მოითხოვს.

    _ პრემიერი კობახიძე ამბობს, რომ კაია კალსი საქართველოს  ტერიტორიების 100 პროცენტს არ ცნობს, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს არ აღიარებს…

    _ თუ აშშ-ის კრიტიკას ვერ ბედავენ, ევროპის კრიტიკას არავინ ერიდება და ეს არის  ევროპელ ლიდერთა დამსახურება, რადგან ისინი,  ფაქტობრივად, უხეში ჩარევით ცდილობენ „ნაცური”  რევანშის მოწყობას.   

    ჩვენ უკრაინას ვაფრთხილებდით, სანამ რუსეთი ომს დაუწყებდა, რომ არ გაევლო ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა და 2008 წლის ომთან მივიდა,  მაგრამ  ახლა ჩვენ  გავდივართ იმ გზას, რომელიც უკრაინამ გაიარა და არ არის გამორიცხული, უკრაინის სცენარი საქართველოშიც ვიხილოთ.  საქართველო იანუკოვიჩის უკრაინას ემსგავსება.  საქართველოში ოპოზიცია დასავლეთიდან მართულენი არიან, დასავლური პროპაგანდით ადამიანების ტვინების ყოველდღიური დაბომბვის შედეგად ხალხში რუსოფობიური განწყობა მაქსიმალურ ნიშნულს აღწევს…

    _ გულბაათ რცხილაძე რუსოფობიის წინააღმდეგ მონიტორინგის საბჭოს შექმნის გამო დააპატიმრეს და ჯაშუშობა დასწამეს, სულ რაღაც თვე-ნახევარში კი ქართველმა კაცმა სლავ ქალს მუშტი დაარტყა.

    ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთშიც…

    _ ქუჩაში მსვლელობები  და შეძახილები „რუსეთს რა? _ დედის …”   „რუსები _ ღორები…” ჩვეულებრივ ამბად იქცა. მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ იკმარეს და თელავის სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას  მაყრიონის წარმომადგენლები, რომლებიც, როგოც ჩანს, იდეოლოგიურად ძალიან მოწამლულნი არიან, ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსულად მოლაპარაკე ახალგაზრდა ქალს. ქართველი მამაკაცის სულიერი დაცემის ეს შემზარავი ფაქტი არათუ დაგმეს ლიბერალებმა, არამედ მათი აღტკინება გამიწვია, რადგან დიდი ჭინთვებისა და ტკივილის შემდგომ დაებადათ ახალი ეროვნული გმირი _ რუს ქალებთან მებრძოლი არაკაცი ჭიღლაძე.     

    რუსოფობია საქართველოში რეალურად ფაშიზმად  ჩამოყალიბდა, დარჩა მათ მხოლოდ ერთი ატრიბუტი, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა და ტერორის კიდევ უფრო გაძლიერება, განსხვავებული აზრის ტერორისტული მეთოდებით ჩახშობა, რომელსაც ხელისუფლების გარეშე მთლად წარმატებით ვერ ახორციელებენ. საქართველოს მთავრობა იანუკოვიჩის მთავრობას ჰგავს.  იანუკოვიჩის კლანი მხოლოდ ფულის  შოვნაზე იყო გადასული და ჯეროვნად ვერ აფასებდა მოვლენებს.  

    იანუკოვიჩს ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ანუ იმისთვის, რომ ფაშიზმი არ დაეშვა, სითამამე და ვაჟაცობა არ ეყო. როცა გამბედაობა არასაკმარისი გაქვს და თან ხალხთან გაწყვეტილია კავშირი, კატასტროფა ახლოს არის. იანუკოვიჩი სპეცრაზმ „ბერკუტის” ამარა დარჩა რუსოფობი ფაშისტების პირისპირ და თავს გაქცევით უშველა.  ვერავინ იტყვის, რომ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და პრემიერი ნიკოლაი აზაროვი დასავლეთის აგენტები იყვნენ და ნებით დათმეს ხელისუფლება.  ვერც მე ვიტყვი, რომ კობახიძე დასავლეთის აგენტია და ხელს უწყობს ლიბერალების რევანშს, მაგრამ საქმით ასე გამოდის.  

    გულბაათ რცხილაძე, როგორც კი რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შექმნა, დააპატიმრეს და ამით გზა გაუხსნეს ძალადობას, რომელიც კახეთში მოხდა, ეს კი პირდაპირ მთავრობის წინააღმდეგ მიმართული აქტია.  ამას არც მალავენ ახალი ..ეროვნული გმირის მომხრეები. ანუ,  მთავრობა ნელ-ნელა იჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის. მას არ რჩება მომხრე, რომელიც წინ აღუდგება რევანშს, ის მხოლოდ საკუთარი თავის ამარა რჩება დასავლეთის მიერ გაწვრთნილ-დაფინანსებულ  მოწინააღმდეგესთან შესარკინებლად.  

    ამ წინააღმდეგობების გამო საქართველო შეიძლება ნახევრად სუვერენულ ქვეყნად ჩაითვალოს, მაგრამ მთავრობის არასერიოზული ნაბიჯებით,  რუსეთის იგნორირებით,  რუსოფობიური გამოხდომების შემთხვევების მატებით დიდი შანსი აქვს, ის ნახევარი სუვერენიტეტიც დაკარგოს…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here