საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხორცი გაძვირდა. ბოლო პერიოდში მხოლოდ ბოლო წლებს არ ვგულისხმობთ – ხორცის ფასი თვიდან თვემდე მატულობს და ამ პროცესის გამჩერებელი არავინ ჩანს. არ გეგონოთ, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემაა – საქონლის ხორცი მსოფლიოში ძვირდება, ამასთანავე, ერთი მეტად უცნაური ტენდენცია შეინიშნება. იმის მიუხედავად, რომ ხორცზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, დიდი ფერმებიც კი (ლაპარაკია ფერმებზე, რომლებსაც ათასობით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ) წარმოებას ამცირებენ. ერთი შეხედვით ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხელოვნური დეფიციტი შეიქმნას და ფასმა მოიმატოს, მაგრამ ნურას უკაცრავად – პრობლემა გაცილებით რთულია და მის აღმოფხვრაზე ჯერჯერობით არავინ ფიქრობს. მოდი, ჯერ გლობალურ პრობლემაზე ვთქვათ და შემდეგ ჩვენი განვიხილოთ.
მეგობარი ნიდერლანდელი ფერმერი გვეუბნება, რომ ევროკავშირი ხორცზე ყოველდღიურად იღებს ახალ რეგულაციებს და საქონლის გაზრდა სულ უფრო ჭირს. აქ საუბარი არ არის პრემიქსსა და სხვა დანამატებზე, აქ საუბარია ბალახზე, რომელიც, თურმე სასურველია, ალპურ ზონაში იზრდებოდეს და ეს „სასურველია“ მალე იქცა სავალდებულოდ. რამდენი ბალახი უნდა მოთიბო მთაში, რამდენი უნდა ჩამოიტანო, რომ ყოველდღურად ამდენ საქონელს აჭამო? შესაბამისად, თუ მკაცრდება რეგულაცია, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის ბაზარზე გატანა ჭირს, რადგან ბალახის გამო შეიძლება ჯარიმა ნახევარ მილიონ ევრომდეც კი ავიდეს. ამას გარდა, მოითხოვენ მუდმივ კონტროლს რძეზე და, მაგალითად, ათი ათას მეწველ ძროხაში ერთს რომ ჰქონდეს მასტიტი (ცურის დაავადება), დიდი ალბათობით, ანალიზის დროს გამოჩნდება და იძულებული ხარ, ათეულობით ტონა რძე ჩამოწერო. როგორ უნდა შეამოწმო ყოველდღიურად ამდენი საქონელი, ეგ ცალკე თემაა, ამიტომ ფერმერები ცდილობენ, მცირე მოცულობაზე იმუშაონ და მოთხოვნის მიუხედავად მასშტაბი აღარ გაზარდონ. შესადარებლად გეტყვით, რომ იმავე ნიდერლანდებიდან ბუღები რომ წამოიყვანო გასაზრდელად (ლაპარაკია 180-დან 250 კგ-მდე საქონელზე), ცოცხალი წონის ფასი ლამის 20 ლარამდე ადის (საქართველოში ადგილობრივ ჯიშზე ცოცხალი წონის ფასი 12-13 ლარია), ამიტომ ევროპიდან საქონლის შემოყვანას აზრი დაეკარგა, დაკეტილია რუსეთის ბაზარი და…
ქართველმა ფერმერებმა საქონლის შემოყვანა ბელარუსიდან დაიწყეს. გვერწმუნეთ, რომ ბელარუსის რესურსი ახლოსაც არ არის იმასთან, რაც რუსეთს ჰქონდა, ამიტომ ეს ბაზარი მალე აღარ იარსებებს, რადგან ამოიწურება. ბელარუსის პრეზიდენტმა საგანგებო განკარგულებაც გამოსცა, ამ სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თანხებიც გამოყო, მაგრამ, საქართველოს გარდა, ბელარუსულ ბაზარს მიაკითხეს სომხეთმა, აზერბაიჯანმა… რუსეთმაც კი, ამიტომ გამორიცხულია, ამ ქვეყანამ ასეთ მოთხოვნას დიდი ხნის განმავლობაში გაუძლოს.
რას აკეთებს ამ დროს საქართველო?! არც კი ვიცით, საიდან დავიწყოთ. პირველი ის ვთქვათ, რომ უკვე გვახარეს, რეგიონში ხორცი ყველაზე იაფი ჩვენთან ღირსო და შესაბამისი ცხრილიც გამოაქვეყნეს – თურქეთი (მე-17 ადგილი) – 20,01 აშშ დოლარი; სომხეთი (52-ე ადგილი) – 12,28 დოლარი; რუსეთი (65-ე ადგილი) – 10, 90 დოლარი; აზერბაიჯანი (70-ე ადგილი) – 10,53 დოლარი; საქართველო (75-ე ადგილი) – 9,78 აშშ დოლარი. ამჟამინდელი კურსით ეს დაახლოებით 26 ლარია. გულწრფელად თქვით, სად ნახეთ ბოლოს 26 ლარად კარგი ხორცი? თუ სოსისსა და ძეხვს გულისხმობთ, ეგ ხორცი არაა, ეგ არის ქიმიური ნაერთი და ამ პირობებშიც კი, როცა ხორცი თითქოს 26 ლარი ღირს, სოსისსა და ძეხვს 5-7 ლარად შეიძენთ ნახევარ კილოს, რაც იმ მოსაზრებას, რომ მასში ხორცი არ არის, სრულად ამართლებს.
საბჭოთა პერიოდში საქართველოში მეცხოველეობა უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული, ყველა რაიონს ჰქონდა დიდი ფერმა, რომელშიც ხალხი მუშაობდა და ჯამაგირს იღებდა. ახლა კი არ არსებობს მუნიციპალიტეტი, რომელშიც იმ ძველი ფერმების ნანგრევები არ არის და ყურადღებას არავინ აქცევს. რატომ? იმიტომ, რომ საქონელი ძვირია, შენახვა – უფრო ძვირი, რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ დასაკუთრებულ მიწებზე საქონლის საბალახოდ გაშვება აკრძალულია. თითქოს ხმას არავინ იღებს, მაგრამ მერე მოდის ვიღაც, ვინც ამბობს, რომ ეს უკანონოა, რომ სახელმწიფო მიწაზე საქონლის ძოვება არ შეიძლება და ყველაფრის ინტერესი იკარგება. ზოგადად, მეცხოველეობის დარგი წინ წავიდა, ადრე თუ ხბოს გაზრდასა და სასურველ კონდიციამდე მიყვანას 2 წელიწადი სჭირდებოდა, ახლა 3-4 თვეში ასუქებენ, ასე გაზრდილი საქონლის ხორცს გემო არ აქვს, სპეციფიკური სუნი დაჰკრავს, მაგრამ სხვა გზა თითქოს არ არის. სწორედ ამაზე ჩიოდა ის ნიდერლანდელი, არ შეიძლება კონრეტული დანამატების მიცემაო და ჩვენ კი ამ დანამატებით ვჭყიპავთ საქონელს.
ცალკე პრობლემაა საქონლის საზღვარგარეთ ყიდვა და საქართველოში შემოყვანა. თუ საჯიშედ გინდა, გადასახადს არ იხდი (განბაჟების თანხაც უმნიშვნელოა), მაგრამ, თუ დასაკლავად შემოგყავს, მაშინ განბაჟების თანხის გარდა, დღგ-ის 18%-ს გართმევს სახელმწიფო, ამას ემატება სხვადასხვა ხარჯი და აქ შემოყვანილი საქონელი უკვე 20%-ით ძვირია, შესაბამისად, შემომყვანი იაფად ვეღარ გაყიდის. არაერთხელ გვითქვამს, რომ კონკრეტულად სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე შესაბამისი გადასახადებია მისაღები, ბევრი რამ გასაუქმებელია და, რაც მთავარია, საქონლისა თუ ღორის შემომყვანი არ უნდა დაავალდებულო, რომ შემოყვანილი საქონელი აუცილებლად დაკლას, როგორც ეს, მაგალითად, ღორების შემთხვევაში ხდება. თუ ვინმეს ცოცხალი ღორი შემოჰყავს, ვალდებულია, დაკლას; უფლება არ აქვს, ცოცხლად გაყიდოს ან მოაშენოს, რაც აბსურდია. როგორ უნდა განვითარდეს თუნდაც მეღორეობა ჩვენთან, თუ მაიძულებ, რომ ცოცხლად შემოყვანილი ღორი, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 20 დღეში დავკლა?! როგორ უნდა განვითარდეს მეურნეობა, თუ აკრძალულია საჯიშე კერატის ანუ დაუკოდავი ღორის შემოყვანა?! მერე ვსხედვართ და ვჩივით, რომ საქართველოში ნაყიდ ღორის ხორცს გემო არ აქვს. არც ექნება არასდროს, თუ ასე განვაგრძეთ. გლეხი ერთ დედა ღორს რომ უვლის და მერე გოჭებს ყიდის, საქმეს ვერ უშველის.
ისიც გემახსოვრებათ, სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროგრამის პრეზენტაცია რომ გაიმართა, პრემიერმა და მინისტრმა ისაუბრეს, ფურცლებიც გვაჩვენეს, პროგრამა ძალიან კარგია, მთელი ქვეყანა ამოისუნთქავს და, ვისაც სოფლის მეურნეობაში რაიმეს კეთება უნდა, დრო სწორედ ახლააო. ჰოდა, მოვიკითხეთ ეს პროგრამა, პირობები და დეტალები გვაინტერესებდა, მით უმეტეს, განაცხადების მიღება 1 ივნისიდან უნდა დაიწყოსო და გვითხრეს, ჯერ დეტალები ზუსტდება და პროგრამის საბოლოო ვერსია შესაბამის ვებ-გვერდზე მაისის ბოლოს აიტვირთებაო. ანუ, გამოდის, რომ ცალკე ჩვენ მოგვატყუეს და ცალკე პრემიერი. რას ნიშნავს, დეტალები ზუსტდება იმ პროგრამისა, რომლის პრეზენტაციაც უკვე გაიმართა? თუ, უბრალოდ, მონახაზი არსებობდა და დანარჩენზე შემდეგ იფიქრებენ? აი, ასეთი მიდგომა გვაფიქრებინებს, რომ რაღაც ისე არ იქნება, რომ რაღაცას ისევ გვატყუებენ და რეალურად ყველაფერი ისევ ბანკებსა და კონკრეტულ ადამიანებზე იქნება მორგებული და არა მოსახლეობაზე.
აქამდე, ისე მაინც ხდებოდა, რომ სეზონურ ხილს სეზონზე ყიდულობდა მშობელი. ახლა ესეც აღარ არის. მარწყვის სეზონი დაიწყო და მშობელთა უმრავლესობა ვერ ახერხებს მარწყვის ყიდვას. რატომ? იმიტომ, რომ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს, დახლებზე ისევ შემოტანილი მარწყვია და შესაბამისად, ფასიც ისეთი ადევს, ბევრი ვერ აძლევს თავს უფლებას, ბავშვებისთვის საყვარელი კენკრა შეიძინოს. ადრე ამბობდნენ, მოვა დრო და ხორცი ფუფუნების საგანი იქნებაო, რაზეც ბევრს ეცინებოდა და ახლა ეს დრო დადგა. ხორცი მართლა ფუფუნებად იქცა და მალე მას მოსახლეობის დიდი ნაწილი ვეღარ იყიდის, ამიტომ ვამბობთ, რომ სოფლის მეურნეობას ყველა მიმართულებით სჭირდება შველა და არა ისე, ერთ დღეს პრეზენტაციას რომ გავმართავთ, ტაშს დავაკვრევინებთ მიწვეულ ხალხს და მეორე დღეს ვიტყვით, დეტალებია დასაზუსტებელი და პროგრამა განაცხადების მიღებამდე ორიოდე დღით ადრე აიტვირთება შესაბამის ვებგვერდზეო.
ყველა პროგრამას თავისი ბიუჯეტი აქვს, ამასაც ასე ექნება და, სანამ იმ ორ დღეში ვინმე რამეს მოასწრებს, კონკრეტულ ადამიანებს განაცხადიც შეტანილი ექნებათ, თანხმობაც მიღებული და მორიგი მილიარდები ჩაიღვრება იმ შავ ხვრელში, რომელშიც, წლებია, იღვრება.
ბესო ბარბაქაძე







