ენა ერის სახეა, მისი ფორმა და შინაარსია. ენა, პირველ რიგში, კომუნიკაციის საშუალებაა, მაგრამ, ამასთანავე, კულტურული და ესთეტიკური ფენომენია. იგი ეროვნული ქსოვილია, რომლითაც შემოსილია ხალხი, ქვეყანა, სახელმწიფო… ენა ხან საკანცელარიოა, ხან სახალხოა, ხან მწიგნობრულია, ხან თეატრალურია. იგი ხან პროზაა, ხან პოეზიაა, ხან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაა”, ხან შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანია”.
ენას აქვს გრამატიკა, გრამატიკას – კანონები. გრამატიკაში არსებობს ცნებები: თავსართი, ბოლოსართი, ბრუნვის ნიშანი, მრავლობითის ნიშანი, ნაცვალსახელი, ზედსართავი სახელი და სხვ. ყველაფერი ეს, საუკუნეთა განმავლობაში იწრთობოდა და იხვეწებოდა ხალხის გულსა და სულში, ყოველდღიურ ურთიერთობებში, ლხინსა და ჭირში, ომსა და მშვიდობაში. ენის ჩამოყალიბების პარალელურად ყალიბდებოდა მისი ჰარმონია, მისი მუსიკალური ჟღერადობა. როგორც მომღერლისთვის არის აუცილებელი მუსიკალური სმენა, მოლაპარაკეს სჭირდება ლიტერატურული სმენა. როგორც მუსიკალური ნაწარმოები ვერ გუობს ყალბ ნოტს, მეტყველებაც ვერ იტანს გრამატიკულ ხარვეზებს, ხელოვნურად შეკოწიწებულ სიტყვებსა და კონსტრუქციებს…
თითქოს მიღებული და დამკვიდრებულია სუფიქსი„ობას” გამოყენებით ნაწარმოები სიტყვების წერა და თქმა – ხილვადობა, სმენადობა, შობადობა, ცნობადობა და ა.შ. ვერ ვიტყვი, რომ სიტყვათა ასეთი წარმოება, ენის შინაგანი კანონებიდან გამომდინარე, მთლად უხარვეზოა-მეთქი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ფორმა დამკვიდრდა და ახლა მასთან ბრძოლა, ალბათ, აღარაა მიზანშეწონილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ იმთავითვე საეჭვო ფორმას უკიდეგანო მასშტაბი შევძინოთ და ერთგვარ ტრენდად ვაქციოთ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამას წინათ ასეთი წინადადებით „გაგვახარა”: „ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული”. ქალბატონ მინისტრს ამ წინადადებაში ორჯერ გამოყენებული სიტყვა „დაკავშირებადობა” დაკავშირებით რომ შეეცვალა, რამე დაშავდებოდა? თუ გნებავთ, შევამოწმოთ: „ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც ხდება დაკავშირება, არ არის მოწვეული”. სტილისტურად ბოლომდე გამართულად ეს წინადადებაც ვერ გამოიყურება, მაგრამ, რაც ითქვა, იმას ხომ სჯობს?! რაც მთავარია, აზრი გასაგებია. მინისტრის ნათქვამში კი ვერც გაიგებ, რის თქმა სურდა მას, ვინაიდან „დაკავშირებადობის” „გაგებადობა” დაბალია, „დაბალობადობის” „შეგრძნებადობა” კი – მაღალი. ასეთი ქართულით ვისაუბროთ? ეს ხომ ენის შეურაცხყოფაა!
არ არის ძნელი წარმოსადგენი, თუ რა განცდა შეიძლება დაეუფლოს ქართველ ადამიანს, როდესაც ამ „ინფორმაციას” წაიკითხავს: „საქართველოს კულტურის მინისტრმა საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის, ვაშინგტონში გამართულ გლობალურ სამიტზე გამოსვლა განსაკუთრებულად შეაფასა და მას ნექსტ ლეველ პერფორმანსი უწოდა. რომ დაიწყო სპიჩი, აუდიენსი ლიტერალი მაინდბლოუნ დარჩა, ანუ ყველა იყო რა ხდება ვაიბი“, – განაცხადა მინისტრმა. მისივე შეფასებით, ,,აღნიშნული გამოსვლა იყო სუპერ აიქონიქ მომენტი, რომელმაც გლობალური ატენშენი მიიპყრო და ფართო გამოხმაურება გამოიწვია, როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ წრეებში. ეს არ იყო უბრალოდ გამოსვლა, ეს იყო ფულ პექიჯი, ისტორია, კულტურა და ცოტა ექსპერიმენტული ვაიბი“, – აღნიშნა მან.

აქ საქმე, შეურაცხყოფასთან კი არა, უკვე ფიზიკურ ძალადობასთან გვაქვს (თავს ვიკავებ ენაზე მომდგარი სიტყვისგან – „გაუპატიურება”), რაც, სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისი არ არის. აქ ენის სიწმინდეზე არ გვიწევს საუბარი. ეს სხვა მასშტაბის მოვლენაა. ეს არის ერთი ენის მიერ მეორის ოკუპაცია, რაც, საბოლოო ჯამში, მთლიანი ეროვნული ცნობიერების ოკუპაციას ნიშნავს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ტერიტორიის ოკუპაცია ძალადობრივი აქტია, ცნობიერების ოკუპაცია კი – ნებაყოფლობითი. მართალია, დასავლეთი ინგლისური ენის გაბატონების აუცილებლობის წინაშე მიზანმიმართულად გვაყენებს, მაგრამ არავინ გვაიძულებს, ქართულ ტექსტებში ინგლისური სიტყვები, გამოთქმები თუ წინადადებები მექანიკურად ჩავტენოთ. ეს მონური ცნობიერების გამოძახილია. მონური ცნობიერება კეკლუცობს იმით, რომ მასში დასავლეთის გავლენა ჭარბობს, რომ მას განათლება ევროპაში ან ამერიკაში აქვს მიღებული, რომ იგი დასავლურად აზროვნებს და, ქართულად როდესაც ლაპარაკობს, ალაგ-ალაგ, ვითომ მისდა უნებურად, ვითომ ავტომატურად, ერთვება ინგლისური ენა. ეს ხელოვნური პროცესია, იგი როლს ირგებს, ცდილობს, დასავლეთის იმ წარმომადგენლად მოგვევლინოს, რომელსაც მხოლოდ აქა-იქ, ფრაგმენტულად შემორჩენია ქართველობა. ეს ფრაგმენტული ქართველობა მისთვის ერთგვარი ქარიზმაა, ქართველებისთვის იმის თქმაა, რომ იგი მხოლოდ ფუძით არის ქართველი, რომელიც დასავლურ კულტურასთან ზიარებამ წარმომავლობაზე აამაღლა. მომავალში იგი საბოლოოდ უარყოფს ყველაფერ მშობლიურს და სრულ მანქურთად მოგვევლინება. ეს ახალი მოვლენა არ არის. ყოფილ კოლონიურ სახელმწიფოებში უღლის გადაგდების შემდეგაც კოლონიზატორთა ენაზე საუბრობენ. გენიალურმა ლევ ტოლსტოიმ დიდებული ტეტრალოგია („ომი და მშვიდობა”) ფრანგული წინადადებით დაიწყო იმის საჩვენებლად, რომ ეპოქაში, რომელსაც აღწერდა, რუსული ეროვნული ცნობიერება საფრანგეთს ჰქონდა ოკუპირებული. ეს ბრწყინვალე ლიტერატურული და მწერლური მიგნება იყო. მწერლური მიგნება კი იყო ბრწყინვალე, მაგრამ ამით სოციოლოგიური სურათის შემზარავობა არ ფერმკრთალდება. როდესაც უზარმაზარი რუსეთის ეროვნული ცნობიერების ოკუპაცია შესაძლებელია, პატარა საქართველო ხომ გაცილებით მოწყვლადი იქნება. ასეც არის. უმდიდრესი ქართული ენა შებღალული და პატივაყრილია, მოუვლელი და სარეველამოძალებულია. მე არ მომისმენია, მაგრამ წარმოდგენილი მაქვს, ეს ქალი (კულტურის მინისტრი), ალბათ, რა ქართულ-ინგლისური აღტყინებით ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ როგორ გვართმევდნენ ენის სახელმწიფო სტატუსს რუსები 1978 წელს, როდესაც კონსტიტუციიდან შესაბამისი მუხლის ამოღებას გვაძალებდნენ. ეს ზუსტად ის პერიოდია, ქართული ენის დაცვა წმინდა საქმედ რომ იყო გამოცხადებული. საბჭოთა კავშირში ენას არავის ართმევდნენ. ამ საკითხზე იმდენი ვწერე და ვილაპარაკე, რომ გამეორების ხალისი დავკარგე (ვისაც გაგების სურვილი ჰქონდა, უკვე გაიგო, ვისაც ასეთი სურვილი და შესაძლებლობა არ აქვს, მაინც ვერაფერს გაიგებს). ამაზე საუბარს რუსი მწერლის, კონსტანტინე პაუსტოვსკის, ერთი ცნობილი გამონათქვამით დავასრულებ: „საკუთარ ენასთან ადამიანის დამოკიდებულებით შესაძლებელია, აბსოლუტური სიზუსტით განსაზღვრო არამხოლოდ მისი კულტურის დონე, არამედ სამოქალაქო ღირებულებებიც”.
დღეს ქართული ენა უმძიმეს მდგომარეობაშია. ენის მდგომარეობა, შესაძლებელია, საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას შევადაროთ, რომელიც კიდევ უფრო სავალალოა. სამშობლო ენით იწყება და ენითვე მთავრდება. ბიბლიაში წერია: „დაბლა ჩავიდეთ და ავურიოთ ენა, რომ ვეღარაფერი გააგებინონ ერთმანეთს”. ღმერთმა ენის არევით შეაჩერა ბაბილონის გოდოლის აგება, რომელიც ადამიანური მკრეხელობის გამოვლენად ჩათვალა. ენის მნიშვნელობაზე ღაღადებს ეს ფაქტი. აღარ გაქვს ენა – აღარ გაქვს კომუნიკაცია, აღარ გაქვს შემკრავი სული – აღარ გაქვს ერთიანი სული.
ანალოგიური ვითარებაა პოლიტიკაშიც. სწორი, მართალი პოლიტიკის გარეშე ერი ვერ დაადგება ხსნის გზას. სწორ გზაზე დგომის გარეშე ქვეყანა მუდმივი საფრთხის ქვეშ რჩება. სწორი გზა, პირველ რიგში, უსაფრთხოებას ნიშნავს – ფიზიკურ და იდენტურ უსაფრთხოებას. სად არის ან ერთი ან მეორე?! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორის მძიმე ნათქვამი მახსენდება: „მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა“.
ვალერი კვარაცხელია
P.S.
მთიდან დაგორებული ლოდისთვის ამაჩქარებელ ეფექტს იქონიებს ერევანში კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრა. საქართველოს პრემიერმინისტრის გაცისკროვნებული სახე სრულიადაც არ გამოხატავდა ზელენსკისა და მისი მთავრობის მიერ საქართველოსთვის მრავალჯერ მოყენებული შეურაცხყოფის რამე კვალს. მას ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა, რადგან ზელენსკის მიერ მისთვის გამოწვდილი ხელი იმის დასტურად ჩათვალა, რომ საქართველოს ბედი კვლავ დასავლეთის ხელში რჩება. ზელენსკის უკან ხომ ევროკავშირი და ნატო დგანან, ანუ წინ, უფსკრულისკენ!
ვ. კ.







