საბაზრო საზარბაზნე ხორცი

    „საზარბაზნე ხორცი” – უსაშინლესი მეტაფორული გამოთქმაა, რომელშიც წინასწარ წაგებულ ომში გაგზავნილი სასიკვდილოდ განწირული ჯარისკაცები იგულისხმება. ეს გამოთქმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ერთმა განცხადებამ გამახსენა: მე წაგიყვანთ და საქონლის რბილ ხორცს და ღორის ხორცს ნახევარ კილოგრამს გაყიდინებთ ათ ლარადო.  ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც საქართველოში პროდუქტის გაიაფებაში ეჭვი შეიტანა.

     პრემიერმინისტრის  ეს ნათქვამი ე.წ. ოპოზიციამ, რა თქმა უნდა, ხელზე დაიხვია და… წავიდა, თანამედროვე ჟარგონით თუ ვიტყვით, ბულინგი.

    არც კობახიძის მომხრეები სხედან გულხელდაკრეფილი: „სურსათის ფასებზე სპეკულაციები არ წყდება. ბოლო პერიოდში  ეს თემა განხილვის საგანია კონკრეტულ ტელევიზიებსა თუ სოციალურ ქსელებში, – აცხადებენ „იმედის” ჟურნალისტები, რომლებიც  მხოლოდ ზეპირ განცხადებას არ სჯერდებიან და ფაქტებით ამაგრებენ, როგორც პრემიერმინისტრის, ასევე საკუთარ პოზიციასაც, –  „იმედი” დაინტერესდა, ფასებთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებიდან, ასევე, პრემიერმინისტრის ვიდეომიმართვიდან ოთხი თვის შემდეგ, რა ვითარებაა საქართველოსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში ძირითადი პროდუქტების ფასებზე. ჩავატარეთ ექსპერიმენტი – შევადარეთ კონკრეტული პროდუქტის ფასები ყველაზე დიდ და იაფიან ქსელურ მარკეტებში:  ქართულ „ორ ნაბიჯში”, გერმანულ „ალდისა” და ფრანგულ „კარფურში” და დავთვალეთ, რამდენი ლარი დაჯდება ერთი და იმავე  პროდუქტის ყიდვა საქართველოში, გერმანიასა და საფრანგეთში”. ამის შემდეგ გამოაქვეყნეს  ფასები  ქართული და ევროპული მაღაზიებიდან. ევროპულ ფასებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ევროშია ასახული, დაახლოებით სამზე ამრავლებენ  (სავალუტო კონვერტაცია) და აკეთებენ დასკვნას, რომ ევროპაში ფასები მაღალია, საქართველოში კი – დაბალი.

     პრემიერმინისტრი კობახიძე ოთხი თვის წინათ  საწინააღმდეგოს გვიმტკიცებდა. აი, რას გვეუბნებოდა იგი:„საზოგადოება ხშირად გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში  პროდუქტებისფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იმავე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს”.

     ეს განცხადება, როგორც უკვე ვთქვი, ოთხი თვის წინათ გაკეთდა. ოთხი თვის შემდეგ „იმედი” (ანუ ხელისუფლება)  საპირისპიროს გვიმტკიცებს. რა მოხდა? ევროპაში საკვები პროდუქტები ერთბაშად გაძვირდა თუ საქართველოში მოხდა ფასების ნახტომისებური შემცირება? კი, ბატონო, ევროპაში ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისია, რომელსაც შეეძლო საკვები პროდუქტებიც გაეძვირებინა, მაგრამ, ასე ერთბაშად რომ მომატებულიყო ფასები, თავიანთი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ხალხი დღეს ქუჩაში იქნებოდა გამოსული,მაგრამ ასეთი რამ არ შეიმჩნევა. მაშ, რაშია საქმე? იქნებ საქართველოში გაიაფდა  პროდუქტები ნახტომისებურად, ხალხი კი ამას ვერც ხედავს, ვერც ხვდება და ვერც გრძნობს? არა, ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა. აბა, რა ხდება და სად არის ძაღლის თავი დამარხული?

     საქმე ის არის, რომ ბატონ კობახიძეს თავიდანვე, როდესაც კვების პროდუქტების გაიაფების საკითხი დააყენა, დიდი „იაღლიში” (ეს არც მთლად ლიტერატურული სიტყვა საუკეთესოდ გამოხატავს მდგომარეობას, რომლის აღწერასაც ახლა ვცდილობ) მოუვიდა. „იაღლიშის” არსი იმაში მდგომარეობს, რომ კაპიტალისტურ სისტემაში  ფასებს ბაზარი არეგულირებს და არა  სახელმწიფო. იმ სისტემას, რომელშიც ფასებს სახელმწიფო არეგულირებს, სოციალიზმი ჰქვია. კობახიძემ იცოდა რა, რომ ფასები საქართველოში მართლაც კატასტროფულად მაღალია, ალბათ, იფიქრა, ცოტას შევამცირებ  და ხალხის გულს მოვიგებო, მაგრამ ამ სისტემის პირობებში ფასების შემცირებას, კობახიძე კი არა, სტალინიც (ვინც მუდმივად აიაფებდა პროდუქციას) ვერ შეძლებდა. კობახიძეს განზრახვა კარგი ჰქონდა, მაგრამ მისი განხორციელების ბერკეტი არ გააჩნდა და მოტყუვდა, საკუთარი შესაძლებლობები ვერ გათვალა; ვერც ის გათვალა, რომ ამ ვერაგულ სისტემაში სახელმწიფო და ბიზნესი ერთმანეთთან შერწყმული და შეზრდილია. ხელისუფლებას ბიზნესი კვებავს. დათვალეთ, რამდენი მილიონერია ხელისუფლებაში და ისიც დათვლილი გამოგივათ, რამდენ მაღალჩინოსანს დაურეკეს ან შეხვდნენ (ალბათ) ბიზნესის თავკაცები და  უთხრეს: „ფასებს შევამცირებთ, ოღონდ თქვენი წილიდან!” ახლა დავჯდეთ და ერთად დავთვალოთ, რამდენი მაღალი რანგის ჩინოსანი გვეგულება საქართველოში, რომელიც საკუთარი ჯიბიდან ფულს ხალხის ჯიბის შესავსებად ამოიღებს? მე პატიოსნად ვაცხადებ, რომ ასეთი კაცი (არც ქალი) არ მეგულება, ამიტომ ეს იდეა (პროდუქტის გაიაფებისა) იმთავითვე მკვდრადშობილი იყო. ახლა რა ჰქნას მთავრობამ? ხმაური ატეხილია, ფასების შესამცირებლად  მომუშავე კომისია შექმნილია, პროდუქტს კი ვერ აიაფებს, ფასები ყოველდღიურად მაღლა მიცოცავს. ფასების ზრდა რამდენიმეჯერ აღემატება ხელფასებისა და პენსიების ზრდას ანუ გვაქვს ინფლაცია და ცხოვრების დონის გაუარესება. ეს როგორ ხდება იმ ვითარებაში, როდესაც გვეუბნებიან, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები იზრდება? მარტივი ამბავია: უთანასწორო სისტემის პირობებში რამდენითაც და რამდენჯერაც უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკა, ვერ გაუმჯობესდება განაწილების პრინციპი. უსამართლო განაწილება შთანთქავს და ერთეულთა ჯიბეებში დალექავს იმ პროცენტებს, რომელთა ზრდის შესახებ ამაყად აცხადებს მთავრობა, ხალხის მდგომარეობას კი აუარესებს ამ პროცესის მუდმივი თანმხლები მოვლენა, რომელსაც ინფლაცია ჰქვია. გაჭირვებულ კლასს შემოსავალი არ ეზრდება, მაგრამ პროდუქტებზე ფასები განუწყვეტლივ მატულობს, რაც ოდნავადაც არ აღელვებს გაქსუებულ უმცირესობას, დაქცეულ  უმრავლესობას კი უმძიმეს ტვირთად აწვება. ჰოდა, რა ჰქნას მთავრობამ, რომელმაც თავსატეხი გაიჩინა და სახალხოდ აღიარა, რომ ჩვენთან საკვები პროდუქტების ფასი ევროპულ ფასებს აღემატება, პრობლემის გადაჭრასაც დაგვპირდა, მაგრამ… გაიჭედა.

    როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ საკითხის უკუღმა დატრიალება შეიძლება. უკუღმა დატრიალება იმას ნიშნავს, რომ ოთხი თვის წინათ  თუ ამტკიცებდნენ, ევროპაში უფრო დაბალი ფასებია, ვიდრე საქართველოშიო, ახლა დაიწყეს მტკიცება, რომ პირიქით  არის. არ ამბობენ, იმ დროს ვცრუობდით, როდესაც საწინააღმდეგოს ვამტკიცებდითო. არც იმას ამბობენ, ევროპაში მოიმატა  ფასებმაო; არც იმას, ჩვენთან გაიაფდა პროდუქტებიო. იმას ხომ არ იტყვიან, ახლა ვცრუობთო?! მხოლოდ იმას გაიძახიან, რომ საქართველოსთან შედარებით ევროპაში პროდუქტები უფრო ძვირიაო. ვაჰ! ოთხი თვის წინათ ისე თუ იყო, მას შემდეგ კი არც იქ და არც აქ არაფერი შეცვლილა, ეს დიამეტრუად საწინააღმდეგო სურათი საიდან მივიღეთ? გაჩნდა ასეთი შეკითხვა. ამ  შეკითხვით გაღიზიანებულმა კობახიძემ ნერვები ვერ მოთოკა და ჟურნალისტს ის პასუხი მიახალა, რომელმაც ამდენი აჟიოტაჟი გამოიწვია: „ნახევარ კილოგრამ ხორცს ათ ლარში (უნდა იყოს ათ ლარად – ვ.კ.) გაყიდვინებთ”-ო. ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ეს ნახევარი კილოგრამი რას ნიშნავს? არსად  დგინდება ნახევარი კილოგრამის ფასი.  ყოველთვის  შემოთავაზებულია ან ცალის, ან შეფუთვის, ან კილოგრამის ფასი. რატომ თქვა კობახიძემ ნახევარი კილოგრამი ხორცის ფასი? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ფასი რეალურზე (უფრო სწორად იმაზე, რასაც თვითონ აღწერდა) უფრო ნაკლები გამოჩენილიყო? კილოგრამზე თუ იანგარიშებდა, ოცი ლარი უნდა ეთქვა, რაც რეალურთან შედარებით ორჯერ დაბალია, მაგრამ თავისთავად მაინც მაღალი, ამიტომ იანგარიშა ნახევარ კილოგრამზე (ათი ლარი), რაც ყურს კი ესალბუნება, მაგრამ  სიცრუეა.

    კომუნისტების პერიოდში კილოგრამი (და არა – ნახევარი კგ.) ხორცი (ძროხის) ორი მანეთი და ორმოცდაათი კაპიკი ღირდა. კილოგრამი სულგუნის ფასი ორი მანეთი და ათი კაპიკი  იყო (ბოლო პერიოდის შესახებ მოგახსენებთ, ადრე გაცილებით იაფი ღირდა), მაგრამ  ფასების ასეთი შედარება  მაინც ვერ ასახავს რეალურ სურათს. ეს ფასები იმის გათვალისწინებით უნდა გავიაზროთ, საერთოდ როგორი სოციალური ფონი იყო.  როდესაც ჯანდაცვა მთლიანად უფასო იყო, როდესაც განათლება თავიდან ბოლომდე (ყველა დონეზე) უფასო იყო, როდესაც ბენზინს კაპიკებად ვასხამდით ავტომანქანებში, როდესაც ტრანსპორტში, დასვენებაში თუ გართობაში (რესტორნების ჩათვლით) მხოლოდ სიმბოლურ ფასებს ვიხდიდით, ამ ფონსაც თუ გავითვალისწინებთ და იმასაც გავიხსენებთ, რომ მოსკოვამდე ავიაბილეთი ოცდაჩვიდმეტი მანეთი ღირდა (რის გამოც დღეს ამდენს ქირქილებენ), ასეთ შემთხვევაში სრულიად (თვისებრივად) განსხვავებულ რეალობას ვიღებთ. სოციალური ფონის გათვალისწინება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქართველოს ევროპას  ვადარებთ. იქ ციფრებში გამოხატული საფასო მაჩვენებელი ჩვენსას რომ აღემატება, ეს არ გვაძლევს ცხოვრების დონის შედარების საშუალებას. რამდენია ევროპაში საშუალო ხელფასი, რამდენია პენსია? საკითხს ასე კომპლექსურად თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ იქ გაცილებით იაფია ყველაფერი. დააკვირდით, როგორ გამოიყურება შედარებითი მაჩვენებლები: საქართველო. საშუალო ხელფასი – 2 271 ლარი, პენსია – 495 ლარი; გერმანია.საშუალო ხელფასი – 4 500 ევრო, პენსია – 1500 ევრო;  საფრანგეთი.საშუალო ხელფასი – 3 900 ევრო, პენსია – 1 600 ევრო. ჩვენ ვერც იმ საბჭოთა კავშირის ცხოვრების დონეს შევედრებით, რომელიც საკუთარი ხელით დაგვანგრევინეს,და ვერც იმ ევროპისას, რომელიც იდეალად დაგვისახეს, მაგრამ ახლოსაც არ მიგვაკარეს. ახლა ვიძახოთ, აქ ასეა და იქ ისეაო. ევროპის ცხოვრების დონესთან ჩვენი თუნდაც შედარება  რომ შეიძლებოდეს, ამდენი ქართველი აქედან აიყრებოდა და საცხოვრებლად  ევროპაში წავიდოდა? ისეთივე აბსურდია ეს ყველაფერი, როგორი აბსურდიცაა ნახევარი კილოგრამი ხორცის ფასის კობახიძისეული ისტორია. ჩვენ მოტყუებული და გაბრიყვებული ერი ვართ. ორმოცწლიან ჯოჯოხეთში იმიტომ გვატრიალეს, რომ ბოლოს მთელი ქვეყანა (მთავრობაც და ხალხიც) ნახევარი კილოგრამი ხორცის ფასის დადგენით ამაოდ დავმშვრალვიყავით? ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაკავებული ნახევარი კილოგრამი ხორცის ფასის დადგენით იმ დროს, როდესაც ჩვენივე ხელით გავყავით თავი იმ ყულფში, რამელმაც მთელი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად აქცია – არა სამხედრო, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, საბაზრო საზარბაზნე ხორცად. 

    ვალერი კვარაცხელია.                                                                                                 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here