საქართველოში ორმოცდაათს გადაცილებულ ადამიანებს რომ ჰკითხო, რა ასოციაციას აღძრავს რიცხვები „შვიდასი ათასი” და „სამასი ათასი”, უმრავლესობა გიპასუხებს, ეს დიდ სამამულო ომში წასულთა და ბრძოლის ველზე დარჩენილთა რაოდენობის აღმნიშვნელი საკრალური სიმბოლოებია. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი მოვლენის, დასავლური ფაშიზმის დასამარცხელად საქართველომ უზარმაზარი მსხვერპლი გაიღო. მიდიოდნენ ენთუზიაზმით, მიდიოდნენ ამაყად არა მხოლოდ სამშობლოს, არამედ კაცობრიობის წინაშე წმინდა მოვალეობის მოხდის მიზნით. მიდიოდნენ და… ვეღარ ბრუნდებოდნენ.
ვინ იცის, ვინ მოთვლის, საბჭოეთის უკიდეგანო ტერიტორიაზე სად, რომელი ქალაქის, რომელი სოფლის ან რომელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წერტილის დასაცავად ეცემოდნენ საქართველოს წარგზავნილები. ზოგიერთის სახელი, როგორც გმირობის მაგალითი, მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა, მაგრამ ყველა გმირულად დაცემულის სახელი ვერ შემოინახა ისტორიამ, რადგან ისინი მილიონები იყვნენ. საძმო საფლავებითაა მოფენილი უზარმაზარი ტერიტორიები. იქ გმირები წვანან, უსახელო გმირები. დღემდე გრძელდება მათი მოძიებისა და იდენტიფიცირების სამუშაოები, რადგან, როგორი მისტიკურიც უნდა ჩანდეს, მათ დღემდე ელოდებიან უკვე მარადისობაში გადასული დედები. დედაშვილობა სიცოცხლისა და სიკვდილის კანონებზე მაღლა დგას, იგი თვით დროის ულმობლობას ანგრევს. ცხოვრების კანონების თვალსაზრისით სრულიად უაზრო ჩანს დებულება, რომ დედები გარდაცვალების მერეც ელოდებიან დაღუპულ შვილებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გმირობა სიკვდილზე გამარჯვებას ნიშნავს, ხოლო დედაშვილობა სიცოცხლის გაგრძელების ერთადერთი ღვთაებრივი წესია, ვერც გმირის და ვერც დედის გარდაცვალება დედაშვილობის დასრულების მაუწყებელი ვერ იქნება. ზედმეტ სენტიმენტებში ნუ ჩამითვლით იმ ნათქვამს, რომ შვილის სწრაფვა დედისკენ და დედის უსაზღვრო ლოდინი ომში წასული შვილის დაბრუნებისა ვერ დასრულდება იქ, სადაც მათი ამქვეყნიური სიცოცხლე მთავრდება. „დედის ცრემლების სანაცვლოდ გასველებს ღამის ნაწვიმი, ნაქროლი საქართველოდან ფრთას დაგაბერტყავს არწივი!” (გიორგი ლეონიძე). საქართველოდან ნაქროლი არწივი, რომელიც ფრთას დააბერტყავს გმირის საფლავს, დროით არ არის შემოსაზღვრული. ეს შორეულ და კიდევ უფრო შორეულ მომავალშიც მოხდება, რაც იმისი საწინდარია, რომ არც გმირები კვდებიან და არც მათი დედები. დღეს ფიზიკურად ვერ იქნებიან და არც არიან მათი დედები, მაგრამ შთამომავლობა, შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების სახით, განაგრძობს დედების მიერ დაწყებულ მოლოდინს… ხანდახან ხდება სასწაული და ისინი, საძმო საფლავებში მწოლიარენი, მათი სახელებისა და გვარების ამოცნობით თავიანთ შთამომავლებს უბრუნდებიან, რაც დედასთან დაბრუნებaსთანაა გაიგივებული. ღონისძიების ორგანიზატორებს ამ საღმრთო აქტისთვის ამიტომაც უწოდებიათ ასე: „მე დავბრუნდი, დედა!”
ცნობა მოვიდა, მეზობელ ჩეჩნეთში ახალი საძმო სამარხები გაუხსნიათ, იდენტიფიცირებაც გაუკეთებიათ და ფაშიზმის წინააღმდეგ გმირულად დაცემულ მებრძოლთა შორის ბევრი ქართველიც აღმოუჩენიათ. ცნობას მიპატიჟებაც მოჰყვა, ჩვენს გმირებს – რუსებს, ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებსa და სხვა ეროვნების წარმომადგენელებს პატივი ერთად მივაგოთო. საქართველოდან ვინ წავიდოდა, რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის ვითარებაში (კიდევ კარგი, რომ არ ვიცით, რას, როგორ და რანაირად განიცდიან გარდაცვლილთა სულები. დასავლური ფაშიზმის წინააღმდეგ ერთსულ და ერთხორც გაერთიანებული საბჭოთა ჯარისკაცების სულებმა როგორ უნდა მიიღონ ის ცნობა, რომ რუსეთი და საქართველო ერთმანეთის ისტორიულ მტრებად არიან გამოცხადებულნი, ან როგორ უნდა შეხვდნენ ფაქტს, რომ დღეს ქართველი ჯარისკაცები იმ სამხედრო ალიანსის (ნატოს) დროშას კოცნიან, რომელშიც გერმანიაც შედის? როგორ უნდა გაიაზრონ ის ამბავი, რომ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, რომლის სახელითაც – ЗА РОДИНУ, ЗА СТАЛИНА! – ტანკებს უვარდებოდნენ, გალანძღული და უარყოფილია?!

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ფაქტს გამოეხმაურა, სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ფრიდონ ინჯია იყო. დელეგაცია ოთხი კაცის შემადგენლობით (ფრიდონ ინჯია, ვალერი კვარაცხელია, ვასილ დავითაია, ვიქტორ ცაავა) 16 აპრილს ქალაქ გროზნოში ჩავიდა. გაგვიხარდა, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ გროზნოში საქართველოს ვეტერანთა საბჭოს (თავმჯდომარე ალექსანდრე მიქაბერიძე) დელეგაციაც „უკვდავი პოლკის” (თავმჯდომარე გულბაათ რცხილაძე) სახელით იმყოფებოდა. დიდი იყო ჩვენი გაკვირვება, როდესაც ჩეჩნეთში ვიცეპრემიერმა ახმედ დუდაევმა ოფიციალურ დონეზე მიგვიღო, ვინაიდან, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
დელეგაციის წევრები მეორე დღეს (18 აპრილს) ნაურის რაიონში ძმათა სასაფლაოზე პატივის მისაგებად მიგვიწვიეს. დაგვათვალიერებინეს ველი, რომელზეც გააფთრებულ ბრძოლებში ეცემოდნენ გმირები, რომლებიც ჩეჩნეთის ნავთობის ხელში ჩასაგდებად მომდგარ ფაშისტებს საკუთარი სიცოცხლის ფასად გზას უკეტავდნენ. დღეს იქ სოფელია, მისთვის „რუბეჟნოე” უწოდებიათ, – საზღვარი, რომელიც მტერმა ვერ გადმოლახა. სწორედ ამ სოფლის საძმო სასაფლაოზე მრავალი ეროვნების წრმომადგენელთა შორის წვანან ქართველებიც, რომელთათვისაც პატივის მიგების საშუალება ჩვენ მოგვეცა. მათი სახელები და გვარები უკვე ცნობილია და ამოტვიფრულია სასაფლაოზე. კვლავ დიდებული გოგლა მახსენდება: „სად ლპება შენი ქოჩორი, თვალი სად ამოგიღამდა?!”
ჩეჩენმა ხალხმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც დიდ განსაცდელს გაუძლო, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმის გარედან ჩანერგილი ბუნაგი გაანადგურეს და განახლებულ და აყვავებულ რესპუბლიკას ჩაუყარეს საფუძველი. ამას რუს ხალხთან ხელიხელჩაკიდებულებმა მიაღწიეს მამა-შვილი კადიროვების თავგანწირული შრომით, ბრძოლითა და ხელმძღვანელობით.
ჩეჩენი ხალხი საოცარი სიყვარულით ინახავს ფაშიზმთან მებრძოლი გმირების ხსოვნას, მათი ეროვნების თუ სარწმუნოების მიუხედავად. ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ საქართველოს ხელისუფლება არათუ დიდი სამამულო ომის გმირებს არ მიაგებს პატივს, ის სიმბოლიკაც კი აკრძალა, რომლითაც უბრწყინვალესი გამარჯვება იქნა მოპოვებული. შეადარეთ ეს ორი მიდგომა ერთმანეთს და საქართველოში შექმნილი აბსურდული პოლიტიკური და იდეოლოგიური ვითარების დანახვა და გააზრება არ გაგიჭირდებათ.
სამი დღის განმავლობაში ჩეჩნეთის ქალაქებში რუსეთის, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ჰიმნები ჟღერდა. სულის ყველაზე სათუთ სიმებს ეხებოდა ის, რომ ჩეჩნეთის წმინდა ადგილებზე ქართული მართლმადიდებლური მღვდელმსახურება სრულდებოდა და ქართული საგალობლები ისმოდა. ეს მხოლოდ გმირთა მოგონება არ ყოფილა, წარსულიდან მომავალში გადებული ხიდი იყო – მტრობით დანგრეულის სიყვარულით შენებისკენ შემობრუნების მძლავრი იმპულსი. რაც მთავარია, რწმენა იყო იმისა, რომ დასავლურ ბოროტებაზე საბჭოთა ხალხის უბრწყინვალეს გამარჯვებას დავიწყების ხელოვნურ ფერფლს ვერ მიაყრიან, მით უფრო, ვერ გააშავებენ და ვერ დააბინძურებენ. ამ შემთხვევაშიც წინასწარმეტყველებასავით ჟღერს გოგლას ლამაზი სიტყვები: „მზე, გმირის ხმალზე მბრწყინავი, არასდროს დაიბინდება!”
ვალერი კვარაცხელია







