მიხეილ ჟღენტი: საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი უპრინციპო საგარეო პოლიტიკის ტიპური სახეა

    ,,ოცნება” უხერხულ მდგომარეობაშია _ პროდასავლელებიც აკრიტიკებენ და რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლების მომხრეებიც... მორჩით მასხარაობას და მიბაძეთ თქვენს სათაყვანებელ დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ!”

    მიხეილ ჟღენტი
    მიხეილ ჟღენტი

    რამდენიმე დღის წინათ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისული საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლა მოვისმინეთ.

    დეპუტატებმა მინისტრს კითხვები საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ევროკავშირთან ურთიერთობის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სანქციებთის შესახებ დაუსვეს.

    მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ ტყუილია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ” ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. მისი თქმით, საქართველო  პროგრესს განაგრძობს და უკვე ბევრი მიმართულებით უსწრებს სხვა კანდიდატ ქვეყნებს. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგი კი 2024 წელს თვითონ ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებულია ევროკავშირის საბჭოზე და არა საქართველოზე.

    პარლამენტში მისვლამდე კი ქალბატონმა მინისტრმა განაცხადა: ,,როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლასა თუ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ვერ იქნება საუბარი”.  მაკა ბოჭორიშვილს მყისვე უპასუხა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო შეიძლება არამეგობარი ქვეყნების სიაში შეიყვანოს, რასაც, ბუნებრივია, შესაბამისი სანქციებიც მოჰყვება…

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასა და რუსეთთან  საქართველოს ურთიერთობის პრობლემებზე პოლიტიკოსი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

    _ 35 წელიწადზე მეტია, ცრემლმორეული ველით ნათელ მომავალს და გვავიწყდება ერთი რამ _ ,,სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს”,  ანუ, სადაც არ არის შენი ადგილი, იქით ნუ ისწრაფვი! სწორედ ამის არცოდნა გვიშლის ხელს, საკუთარი ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ. შედეგად შენი მდგომარეობა ან სასაცილო ხდება, ან აღიზიანებ მათ, ვინც კუდაბზიკად გთვლის, და პატივისცემას კარგავ. 

    რატომ გავხდით სასაცილოი, რატომ ვერ მოვძებნეთ ჩვენი ადგილი 35 წლის განმავლობაში? ჩვენი სენი არის პროვინციალიზმი, რომელმაც შეჭამა ქვეყანა. სულ ვიღაცის იმედად ვართ _ ორბანი გვიშველის, ტრამპი ჩვენი ბიჭია და ა.შ.

    1992 წლის აპრილში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი  გვესტუმრა. ატყდა ყიჟინა, _ გერმანია გვარჩენსო. რამდენიმე თვეში გენშერი გაათავისუფლეს პოსტიდან და ახლა ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა იზეიმეს,_ საქართველოში რომ ჩამოვიდა, იმიტომ მოხსნესო. ხშირად ეჭვი მეპარება, ვართ კი ადეკვატურები?

    ორბანი ,,ოცნების” მორიგი ძმა, მეგობარი  და იმედი იყო, მაგრამ წააგო ,,ძმამ” და საქართველოს ,,იმედმა” არჩევნები და ერთ დეპუტატს არ უთქვამს, რომ ეს ამბავი ძალიან ეწყინა, მაგრამ ასე მოხდა.

    ყველა გვეიმედება, გარდა იმ მეზობლისა, რომელსაც რეალურად ხელეწიფება ამ ჭაობიდან ჩვენი ამოყვანა.

    ერთხანს იმედი მომეცა, რომ ,,ოცნება”  დეკოლონიზაციის გზას დაადგებოდა, დაიწყებდა რუსეთთან დიალოგს და დასავლეთისგან დისტანცირებას, რომელიც რუსეთის იმედად არის დარჩენილი, ეკონომიკა ბოლომდე რომ არ ჩამოეშალოს…  ,,წითელი ხაზები გვაქვს და ამას არ გადავალთ”, _ განაცხადა ქართული  დიპლომატიის ,,დედამ”  მაკა ბოჭორიშვილმა. ქალბატონო მინისტრო, ის წითელი ხაზი კაბინეტთან არ გაგიტარონ, რომელიც ქალაქის შუაგულში, საბჭოეთის პერიოდში აგებულ შენობაში გაქვთ. მორჩით მასხარაობას და მიბაძეთ თქვენს სათაყვანებელ დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ!

    _ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას მყისვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომლის განცხადებაშიც მუქარის ტონი შეიმჩნეოდა… თუკი უახლოეს პერიოდში არ მივიღებთ გადაწყვეტილებას რუსეთთან დიალოგის დაწყების თაობაზე, რა გვემუქრება, როგორც სახელმწიფოს?

    _ სახელმწიფო ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის? დროშას  სააკაშვილისას ვუწოდებთ, ჰიმნი სააკაშვილისაა, გერბიც _ სააკაშვილის. თუ  ეს არის სახელმწიფო, კი ბატონო, მაშინ დიდი საფრთხე გველის.

    ერთხანს, ალბათ, დიდი სურვილის გამო ვირწმუნე, რომ  გაუნათდათ გონება და რუსეთთან საუბარს დაიწყებდნენ. მით უფრო, სავიზო რეჟიმი გააუქმა რუსეთის მხარემ, საჰაერო მიმოსვლა აღდგა, მაგრამ რამხელა იმედგაცრუება იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლების ვერც ერთი შტოს წარმომადგენელმა ვერ გაბედა, კაცურად ეთქვა მადლობა ვლადიმერ პუტინისათვის, რომელმაც რამდენიმე თვის შემდეგ გაკვირვებით იკითხა, ნუთუ ვერავინ მოიძებნა, მადლობა რომ გადაეხადაო…

    ჩვენ სახელმწიფოებრიობა უკვე აღარ გვქონდა 1992 წელს, როდესაც გადამთიელის ბრძანებით დავიწყეთ ომი აფხაზეთში, 2008 წელს კი დავბომბეთ ცხინვალი. როდესაც ქვეყანას  მართავს სოროსის ფონდი, რომელიც ვერ დავხურეთ, როდესაც კანონები უნდა შეუთანხმო დასავლეთს, როდესაც ელჩები ლამის  დედას გვაგინებენ და უკრაინის დროშა ვერ ჩამოგვიხსნია უნივერსიტეტის ეზოდან, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ხმამაღალი ნათქვამია.  ჩვენ კიდევ მეტი დაშლა-დაქუცმაცება გვემუქრება. ქვეყანას არ დარჩა მეგობარი და გულშემატკივარი. ისე ნუ ვიზამთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს სოხუმსა და ცხინვალში ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხონ.

    1993 წლის სექტემბერში რუსეთის მხარემ შევარდნაძეს სოხუმისა და რკინიგზის გადარჩენის არაერთი ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ ამაოდ. აშშ-ს ნაბრძანები ჰქონდა აფხაზეთის დაკარგვა… როდესაც ძალიან გაგვიჭირდა, შევარდნაძე შეეცადა ბორის ელცინთან დაკავშირებას, მაგრამ მის ზარს ელცინის თანაშემწემაც კი არ უპასუხა.

    როცა გვეძახიან სასაუბროდ, მაშინ უნდა მივიდეთ, თორემ მერე სახვეწარი გვექნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსეთი კავკასიას არ დათმობს და არც არავინ მოიკლავს თავს კავკასიისთვის რუსეთთან ბრძოლაში.

    _ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მომხრე თითქმის მილიონი ადამიანია, ამის იგნორირებას როდემდე შეძლებს საქართველოს ხელისუფლება?

    _ მილიონი ზრდასრული და ადეკვატური ადამიანი უდიდესი ძალაა. 

    ,,ოცნება”  უხერხულ მდგომარეობაშია _ პროდასავლელებიც აკრიტიკებენ და რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის მომხრეებიც.

    არ არის საქართველო ის ქვეყანა, რომელიც ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს და იცით, რატომ? დღესაც საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციაზე საუბრობს და კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის საგარეო კურსს. თუ ნეიტრალიტეტი გვინდა, ხმამაღლა უნდა ვთქვათ უარი ევროკავშირსა და ნატოზე.  ჩავიდეთ მოსკოვში და დავიწყოთ დიალოგი არა კონკრეტულ საკითხზე, არამედ იმ პროცესებზე, რომლებიც, ბოლო 35 წელია, მიმდინარეობს.

    რუსეთსა და საქართველოს თავიანთი წითელი ხაზები აქვთ. რუსეთი არ გაიწვევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ჩვენ კი ვერ აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას, რადგან არ ვაღიარებთ სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას. მაშინ რა ვქნათ? სამწუხაროდ, დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს.

    რუსეთი იმპერიაა და იმპერიული მოთმინება აქვს. გავა კიდევ 40 წელი და, ვისაც სოხუმი და ცხინვალი ახსოვს, ცოცხლები აღარ იქნებიან, ხოლო თბილისსა და საქართველოს რეგიონებში დაბადებულთათვის ეს ორი მხარე  უცხო იქნება. მერე გინდ აღიარე, გინდა _ არა. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ 1992 წლიდან დღემდე არც ერთ პოლიტიკოსსა და პარტიას პასუხი არ უგია იმ უბედურებაზე, რომელიც ქვეყანას დამართეს. დაუსჯელობის  სინდრომი ახალისებს ყოველი მომდევნო ხელისუფლების უპასუხისმგებლობას. რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკა ან მილიონერების ქონების დაცვის მექანიზმია, ან ცალკალოშიანების გამდიდრების საშუალება.

    ალბათ, კიდევ რაღაც დიდი შოკი გველის, რომელიც გვაიძულებს, რუსეთთან ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან.  მერე ჩვენ არავინ შეგვეკითხება, რა გვსურს, დაგვიდებენ  ტექსტს და მოვაწერთ ხელს; ან  უარესი: მეფე გიორგი ХII-ის წერილის მსგავს უსტარს მივწერთ მოსკოვს, არაფერი გვინდა, ოღონდ  ქვეყანა და ხალხი გადაგვირჩინეო… ვისაც დასავლეთისა და აშშ-ის იმედი აქვს, კარგად გაეცნოს ისტორიას.

    ,,ოცნებას” არც სოხუმი აინტერესებს და არც ცხინვალი. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უპრინციპო საგარეო პოლიტიკის ტიპური წარმომადგენელია. საქართველო ნორმალური ქვეყანა რომ იყოს, ეს ქალი დიდი ხნის წინ უნდა გაეგდოთ. მერე ვსვამთ კითხვას _ რატომ არ ვსაუბრობთ რუსეთთან? ,,ოცნები” წარმომადგენელი ვერ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არც მორალურად შეუძლიათ და არც პოლიტიკურად. მათი სული ევროპაშია და, სამწუხაროდ, ქვეყანასაც უკარგავენ ბოლო შანსს…

    საქართველოს საღად მოაზროვნე მოსახლეობის 70-75% რუსეთთან სტრატეგიული  თანამშრომლობის მომხრეა და ეს არის 2025 წლის მონაცემები.

    ბოლო პერიოდში რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მომხრეთა ასაკი კიდევ უფრო გაახალგაზრდავდა და, რაც დრო გავა, მით მეტი მოქალაქე მოითხოვს რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენას.

    ახლა ვნახოთ, რა მდგომარეობაშია თვითონ რუსეთი, რომელთანაც ვაჭრობს ,,ოცნება”. აშშ-ის მიერ ირანში წამოწყებულმა ავანტიურამ რუსეთის ბიუჯეტის ზრდა გამოიწვია. დასავლეთს  მძიმე ენერგეტიკული პრობლემები აქვს და სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე.

    უკრაინაში ვხედავთ რუსეთის სრულმასშტაბიან  შეტევას ფრონტის მთელ ხაზზუ. აშშ-მა რუსეთს მოუხსნა სანქციები… ამ ქვეყნის წარმატებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასე რომ, იფიქროს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ, სად და ვისთან სჯობს უსაფრხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here