ქართული აისბერგი

    2026 წლის 15 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით წარდგა. დაპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე მის მიერ გაცემულ პასუხებში ბევრი სხვა რამეც იქნებოდა საინტერესო, მაგრამ ჩემი ყურადღება რუსეთზე  ნათქვამმა მიიქცია.

    ჯერ განვმარტავ, რატომ ვამახვილებ ყურადღებას რუსეთზე. საქმე ის არის, რომ ახლა საქართველოსთვის არაფერს აქვს ისეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორიც რუსეთთან ურთიერთობას. მართალია, იმ დროს, როდესაც ჩვენთან ახლოს რამდენიმე გეოგრაფიულ წერტილში ომის ხანძარი გიზგიზებს, საქართველოში მშვიდობაა შენარჩუნებული, მაგრამ საერთო დაძაბულობის დონისა და მასშტაბის გათვალისწინებით ეს სასიამოვნო რეალობა შეიძლება ელვის სისწრაფით შეიცალოს სრულიად საწინააღმდეგო მოცემულობით, თუკი… თუკი სიტუაციას ალღო ვერ ავუღეთ და ჯიუტად განვაგრძეთ გაურკვეველი, ორჭოფული და თვალთმაქცობამდე მისული პოლიტიკა, რომელიც ყველა მიმართულებით გზას გვიკეტავს.

    პოლიტიკაში არსებობს ლავირების ცნება, ლოდინის ანუ იქამდე მოცდის გაგება, სანამ ყველაფერი ნათელი იქნება, მაგრამ არსებობს სიტუაციის გადამწიფებაც, რომელსაც ხშირად „ჩავლილი მატარებლის” მეტაფორით აღნიშნავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ლავირების პოლიტიკა და რეალობა ერთმანეთს ასცდა ანუ შენ ლავირებას ეწევი იმ დროსაც, როდესაც მოვლენები უშენოდ განვითარდა და ახალ გეოპოლიტიკურ რეალობად ჩამოყალიბდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესებში  მონაწილეობა ვერ მიიღე,  პოზიცია ვერ გამოხატე და იქ, სადაც შენი წილი უნდა მიგეღო, ვერ მიიღე.

    საქართველო დღეს უკვე იმყოფება (ან ძალიან ახლოს არის) „გადამწიფებული სიტუაციის”, იგივე „ჩავლილი მატარებლის” ვითარებასთან. სულ მალე ჩვენ არც დასავლეთს დავჭირდებით და არც რუსეთს, ვინაიდან ისინი ჩვენი მონაწილეობის (ჩვენი წვლილის, ჩვენი დახმარების) გარეშე მოაგვარებენ ურთიერთობას ერთმანეთთან. მართლა ბირთვული ომის კატასტროფაში გადაჩეხვა თუ არ უწერია მსოფლიოს, ახალი წესრიგი ასე თუ ისე (ძალის გამოყენებით თუ დიპლომატიის გზით) აუცილებლად ჩამოყალიბდება. იმ ვითარებაში, როდესაც ზესახელმწიფოები ერთმანეთთან შეთანხმდებიან, პატარებსა და სუსტებს, არათუ შექმნილი ვითარების შეცვლის, პროტესტის გამოხატვის საშუალებაც აღარ ექნებათ. ეს, მარტივად რომ ვთქვათ, იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ინტერესს  არც ერთი მხარე არ   გაითვალისწინებს. ჭადრაკის ენით რომ ვთქვათ, პაიკის როლში აღმოვჩნდებით; ეკონომიკის ენით თუ ვილაპარაკებთ, დიდ სატრანზაქციო ოპერაციებში  ხურდა ფულის ფუნქციას შევასრულებთ. ახლა ლოდინის დრო არ არის, რადგან დრო ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. ახლა რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა მიმდინარეობდეს. რა თქმა უნდა, არ ვიცი, ვინ ვისთან და რა დონეზე აწარმოებს ფარულ საუბრებს (თუკი ასეთი რამ არსებობს), მე ვლაპარაკობ ღია, ოფიციალურ დიალოგზე, რომელიც გუშინ ან გუშინწინ იყო დასაწყები, მაგრამ, ასე რაკი არ მოხდა, დღეს ან ხვალ მაინც უნდა გაკეთდეს…

    აი, აქ მივადექით ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც  ვისგან უნდა გავიგოთ, თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრისგან. პარლამენტში მიბრძანებულმა ქალბატონმა ბოჭორიშვილმა კი ეს სიტყვები წარმოთქვა: „რაც შეეხება შეკითხვას ძალის არგამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ საკითხზე საქართველოს პოზიცია არის მკაფიო, თანმიმდევრული და ურყევი. ეს პოზიცია ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის _ გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს”.

    კი, ბატონო, საერთაშორისო წესებსა და ნორმებს უნდა დავეყრდნოთ, სხვანაირად როგორ იქნება?! აშშ-ს აქვს უფლება (უფრო ზუსტად, თავს აძლევს  უფლებას), რომ საერთაშორისო სამართლის იგნორირებით იმოქმედოს, სადაც მოესურვება და როგორც მოესურვება. გასაგებია, რომ ამგვარი „ფუფუნების” უფლება ჩვენნაირ პატარებსა და უმწეოებზე არ ვრცელდება, მაგრამ საერთაშორისო სამართალი ნუთუ მხოლოდ იმის უფლებას გვიტოვებს, რაც ქალბატონმა ბოჭორიშვილმა ბრძანა? აი, რა გვითხრა მან: „რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს. ქართული მხარე ყოველი რაუნდის ფარგლებში აქტიურად და თანმიმდევრულად მსჯელობს ამ საკითხზე. ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა, რასაც მიჰყვება და ახორციელებს და, ამასთანავე, ყველაფერი კეთდება აღნიშნული საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შესანარჩუნებლად. მერწმუნეთ, ეს არ არის მარტივი გლობალურად მიმდინარე პროცესების ფონზე და მოითხოვს ყოველდღიურ მუშაობას. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის უკანონო ქმედებებზე  საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და რეაგირებისთვის ყოველთვის ხდება არსებული საერთაშორისო მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენება. კონკრეტულად სოხუმის აეროპორტის საკითხზე  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ICAO-ს 2025 წლის 20 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა (№01/4813), რომელშიც აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ფრენები უკანონოა და ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ICAO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ჩართულობით, განაგრძობს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. ზოგადად, თვით ოკუპაცია არის უკანონო ქმედება, საერთაშორისო ნორმების დარღვევა და შესაბამისად ყველაფერი, რაც მის ფარგლებში ხორციელდება, ფასდება უკანონო ქმედებებად და ასეც ხდება ხოლმე. საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება კარგად ჩანს საერთაშორისო სასამართლოების 2021-2025 წლების გადაწყვეტილებებში, ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის შედეგებში, რომლებითაც სამართლებრივად ვამტკიცებთ ჩვენს პოზიციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხების მიმართ. ამ მოცემულობაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე საუბარი ვერ იქნება. ასევე არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხზეც “.

    რა გამოდის? ქალბატონ ბოჭორიშვილს თუ დავუჯერებთ, რუსეთთან დალაპარაკება გამორიცხული ყოფილა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს სადმე, რომელიმე ვიწრო დერეფანში რომ შევხვდეთ, მისალმების უფლებაც არ გვქონია. მაინტერესებს, საერთაშორისო სამართლის რომელ გვერდზე, რომელ მუხლსა და სტატიაში წერია ის ამბავი, რომ, თუნდაც ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის ტერიტორიის ოკუპირების შემთხვევაში, ამ სახელმწიფოებს შორის დიალოგი დუშვებელია, მიუღებელია ან აკრძალულია. ასეთ სტატიას ქალბატონი მინისტრი ვერ მიუთითებს. მაშ, რას ეყრდნობა მისი ეს „ლოგიკა”? არაფერს, აბსოლუტურად არაფერს თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ დასავლეთი გვიკრძალავს რუსეთთან პირდაპირ დიალოგს. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ დიალოგს შეიძლება საერთო ენის გამონახვა მოჰყვეს, ეს კი დასავლეთის ინტერესებში არ შედის.

    დასავლეთს სურს ორი პოზიციის შენარჩუნება:

    1. საქართველოსთვის სამუდამოდ დაკარგული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი;

    2. დაკარგული ტერიტორიების გამო რუსეთთან სამუდამო მტრობაში მყოფი საქართველო.

    დასავლეთისთვის საუკეთესო პოზიციებია, მაგრამ ჩვენ რას გვაძლევს რუსეთთან გაბუტულის პოზაში ყოფნა, თუკი ეს არის გზა არა ტერიტორიული მთლიანობისკენ, არამედ ტერიტორიების სამუდამო დაკარგვისკენ? საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში ამ შეკითხვაზე პასუხის გამცემი კი არა, მისი დამსმელიც  არავინ გვყავს. ეს უდიდესი პრობლემაა. საქართველოს ხელისუფლება ამ თვალსაზრისით არ (ვერ) გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს. აქ ერთხელ კიდევ გავიმეორებ ზემოთ ნათქვამს, რომ ეს მდგომარეობა აისბერგის მხოლოდ იმ ნაწილს ასახავს, რომელიც ჩანს. ჩვენ არაფერი ვიცით აისბერგის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც წყლის ქვეშაა და არ ჩანს, ანუ არ ვიცით,  რა ფარული მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომელიც მხოლოდ შეთანხმების მიღწევის შემდეგ გაცხადდება ოფიციალურ დონეზე. არ გამოვრიცხავ ამგვარი დიალოგის არსებობას. მეტიც, ორივე მხრიდან დაშვებული შეცდომა (ისტორიული დანაშაული) იქნება, თუკი ასეთი მუშაობა არ მიმდინარეობს. აისბერგის ამ ნაწილზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ამგვარი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაშიც ამდენსაც არ ვიტყოდი.

    რაც შეეხება აისბერგის ხილულ ნაწილს, პირდაპირ ვიტყვი, რომ იგი რუსეთთან დამოკიდებულების ნაწილში ყოვლად უვარგისია. თანამედროვე მსოფლიოში სამი ცოცხალი მაგალითი გვაქვს:

    1. აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებმაც კიდეც იომეს, მაგრამ კიდეც ილაპარაკეს და პრობლემა დაძლიეს;

    2. რუსეთი და უკრაინა, რომლებიც ომის ვითარებაშიც ახერხებენ დიალოგს;

    3. აშშ და ირანი, რომლებიც, ასევე, მომდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად დიალოგის ფორმატს, ასე თუ ისე, ინარჩუნებენ.

    მე  არ შემიძლია წარმოვიდგინო უფრო სულელური პოზიცია, ვიდრე ჩვენს მთავრობაში მიღებული ეს აბსურდია: „რუსეთმა ჯერ განახორციელოს დეოკუპაცია და შემდეგ დაველაპარაკებით”. ჩნდება შეკითხვა: დეოკუპაციის შემდეგ რა თემაზე აპირებენ ლაპარაკს – ბანკეტის ადგილსა და ხარჯებზე? დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ მოხდეს, ამისთვის არის დიალოგი საჭირო. დაკარგული თუ დაგიბრუნეს, მერე გინდ ელაპარაკე და გინდა არა, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, დასავლეთის მიერ ჩვენთვის ნაკარნახები ამ ჯიუტი (უფრო რეგვნული) მიდგომის გამო რუსეთი მისთვის ხელსაყრელ პოზიციას შეცვლის და თავს წამგებიან მდგომარეობაში ჩაიყენებს? ჩვენს „დიდ” პოლიტიკოსებს ამ სცენარის განვითარება, ალბათ, ასე წარმოუდგენიათ: რუსეთი გაწყვეტს ურთიერთობას კავკასიაში ყველაზე საიმედო მოკავშირეებთან, დაარღვევს მათთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, გაიყვანს ამ ტერიტორიებზე განთავსებულ სამხედრო ბაზებს და გვეტყვის: მიბრძანდით, ქართველებო, ეს თქვენი ძირძველი ტერიტორიებია და ღმერთმა ბედნიერებაში მოგახმაროთ! ამგვარი ინფანტილიზმი, პოლიტიკაში კი არა, საბავშვო ბაღშიც წარმოუდგენელია. პოლიტიკაში (სპორტის გარკვეული სახეობების ანალოგიით) დროის გაყვანის ტაქტიკაც არსებობს, მაგრამ ამ ხერხს ის მიმართავს, ვისაც შექმნილი რეალობა ხელს აძლევს, ანუ უკვე მოგებულია. რუსეთი დროის გაყვანას რომ ცდილობდეს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ის პირიქით იქცევა, ჩვენ კი (დამარცხებულ და დაზარალებულ მხარეს) დრო გაგვყავს და, როგორც ჩანს, ვერ ვხვდებით, რომ ეს ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს.

    ერთი სიტყვით, ქართული აისბერგის ზედა ნაწილი სასიკეთოს ვერაფერს გვპირდება, ქვედა ნაწილში კი არ ვიცით, რა პროცესი მიმდინარეობს და რა მდგომარეობაა. შეიძლებოდა გვეფიქრა, დაველოდოთ, საბოლოოდ მაინც ამ გამოუცნობ აისბერგზე ვართ დამოკიდებულნი და, ჯანდაბას, რაც იქნება, იქნებაო, მაგრამ ის ფაქტი, რომ საქმე ქვეყანასა და მომავალს ეხება, მოდუნების უფლებას არ გვაძლევს, ამიტომ ამ ჩვენს მთავრობას ხმამაღლა შევძახოთ: გონებას მოუხმეთ, თორემ ქართველი ხალხი,  თუ აღდგა, იმ აისბერგიანად წაგლეკავთდა მაგ თქვენსთახსირ აკაცუკებსაც, რა თქმა უნდა, ზედ მიგაყოლებთ!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                    

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here