მამუკა კარტოზია: ქვეყანაში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია… ვცდილობთ, ვიმეგობროთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც მეგობრად არ გვარგია!

    ,,საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსეთთან ჰქონდეს ისეთი სამოკავშირეო ხელშეკრულება, როგორიც ბელარუსს აქვს”

    გამუდმებით სხვის არჩევნებს მივსტირით, ვდარდობთ უცხო ქვეყნის მოსახლეობის არჩევანზე, არადა, ყველა ქვეყნის ხელისუფლება, რომლისაც, ასე ვთქვათ, გვშურს, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით იწყებს პოლიტიკურ მოღვაწეობას. ასეთია უნგრეთის ახალარჩეული მმართველი პეტერ მადიარი და არ მხოლოდ ის…

    მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისტორიკოსი, ანალიტიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:

    _ დაიღალა ქართველი ხალხი მოლოდინით, რომ საქართველოს ბედი სადღაც წყდება, რომ რომელიღაც ქვეყნის არჩევნებს ჩვენი ბედის განსაზღვრა შეუძლია.

    საქართველოს ბედი არც უნგრეთში წყდება და არც ამერიკაში, ჩვენი ბედი საქართველოში ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. ქვეყანაში სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტია…

    უნგრეთის პრემიერმინისტრი ორბანი ნეპოტიზმმა და კორუფციამ დაღუპა. ამ მიზეზებით წააგო მან არჩევნები. ორბანი ამერიკის პრეზიდენტის მეგობარი იყო. მან ბევრჯერ იცვალა ფერიც და გვერდიც, მაგრამ არაფერმა უშველა.

    უნგრეთი რუსეთთან მეგობრობდა და კვლავაც იმეგობრებს, რადგან ნავთობი სჭირდება, მას სხვა გზა არ აქვს, სხვა მხრიდან ნავთობს ვერ მიიღებს…

    ჩვენ სწრაფად გვინდა დავეწიოთ ევროპას, არადა, მხოლოდ 35 წელიწადია, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ჩვენ თავიდანვე სხვისი გავლენის ქვეშ მოვექეცით და ამ გავლენის მსხვერპლნი ვართ დღემდე. სწორედ ამის გამო გვიწერია კონსტიტუციაში, რომ ევროპისკენ უნდა წავიდეთ. საქართველო სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა;  ვცდილობთ, ვიმეგობროთ იმ ქვეყნებთან, რომლებიც მეგობრად არ გვარგია. იმ ორბანს, რომელიც ასე უყვართ საქართველოში, აშშ-მა დაუჭირა მხარი, მაგრამ არჩევნებში დამარცხდა, რადგან ხალხი სხვაგვარად ფიქრობდა. ტრამპი მოთამაშე რომ არის, ყველამ იცის, თანაც ცუდი მოთამაშე. ტრამპმა პოლიტიკაშიც და ომშიც კრახი განიცადა.

    _ რატომ მივსტირით იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი მეზობლები და მეგობრები არ არიან და რატომ არ გვაქვს მეზობელ რუსეთთან ისეთივე ურთიერთობა, როგორიც აქვს, მაგალითად, ბელარუსს, რომლის მოსახლეობაც არაჩვეულებრივად ცხოვრობს?

    _ ბელარუსის ლიდერმა პრაგმატული პოლიტიკა აირჩია, თავისი ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინა და ატომურ ქვეყნად იქცა.

    ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთთან ჰქონდეს ისეთი სამოკავშირეო ხელშეკრულება, როგორიც ბელარუსს აქვს. საქართველოს ყველაზე დიდი საზღვარი რუსეთთან აქვს, მაგრამ რუსები არ გვენდობიან, რადგან სააკაშვილისგან ცუდი გამოცდილება მიიღეს.

    პოლიტიკაში პრაგმატიზმია უმთავრესი. არ მინდა ხელისუფლების წარმომადგენლების ლანძღვა, რადგან თავიანთი გასჭირვებიათ, მაგრამ ვიტყვი, რომ მათ პრაგმატიზმი აკლიათ.

    უკრაინის ომი წელს დასრულდება, სხვანაირად განვითარდება მოვლენები და ჩვენ მიერ რუსეთისკენ იძულებით გადადგმული ნაბიჯები ძალიან დაგვიანებული იქნება…                                  

    _ გვიან იქნებაო, _ ამბობთ, რა შეიძლება დაგვიშავოს რუსეთმა?

    _ გაცილებით მკაცრ პირობებს წამოგვიყენებს, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნების იმედს დაგვიკარგავს, დაგვემუქრება. მართალია, დღესაც არ გვაქვს ტერიტორიების დაბრუნების შანსი, მაგრამ მერე საერთოდ დავკარგავთ…

    _ ეს შეაშინებს საქართველოს ხელისუფლებას და წავა მოლაპარაკებაზე, ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდშიც კი არასდროს ახსენებდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს?..

    _ არ ვიცი, შეიძლება არ შეეშინდეს, მაგრამ მაინც მოუწევთ რუსეთან დალაპარაკება, რადგან ამას ქართველი ხალხი მოითხოვს.

    აფხაზეთის საკითხი მგრძნობიარეა და მასზე საუბარი _ წამგებიანი, რადგან გეგმა არ აქვთ. ხელისუფლებას აქვს ერთი პრინციპი _ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება უკან უნდა წაიღოს, რაც აბსურდია მოლაპარაკების გარეშე.

    აზერბაიჯანი და სომხეთი ჭკვიანური პოლიტიკის განხორციელების შედეგად შეთანხმდნენ, აფხაზეთის საკითხი კი რუსეთის შუამდგომლობით გადაწყდება. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიც, რადგან ყველანაირად რუსეთზე ვართ დამოკიდებულნი, პირველადი მოხმარების პროდუქტები და საგნები რუსეთიდან შემოდის.

    _ რა გვიშლის ხელს ქართველებს, რომ რუსეთს დაველაპარაკოთ? ამ საკითხზე გარკვეული ეჭვი ბევრს აქვს, მაგრამ ხმამაღლა ვერ საუბრობენ და ფაქტებიც არ აქვთ. თქვენ რას ფიქრობთ, რატომ არ ვესაუბრებით რუსეთის ფედერაციას?

    _ საქართველოს ხელისუფლებას ევროპისა და ამერიკის ეშინია, მაგრამ რატომ _ გაუგებარია, რადგან, ფაქტობრივად, ყველა სანქცირებულია, ყველას ქონებას ყადაღა ადევს, ყველას რუსეთუმეს უწოდებენ…

    ვფიქრობ, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩამოყალიბებული არ აქვთ აზრი, რა უნდათ, თუმცა სურთ ხელისუფლებაში დარჩენა და ელოდებიან მსოფლიო გადანაწილების პროცესს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება…

    ომი დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ჩვენ არ დაგვაგვიანდეს და რუსეთის მიერ წამოყენებულ უკიდურეს პირობებზე დათანხმება არ მოგვიწიოს.  თაობები იზრდებიან. მათ აღარც აფხაზეთი ახსოვთ და აღარც სამაჩაბლო, ამიტომ მეშინია, რომ დაკარგულ ტერიტორიებზეც არ თქვან უარი. ვიცი, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს, მაგრამ მაინც მეშინია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენასა და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს!

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here