2006 წლის 11 ოქტომბერს ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა იტალიის ნაკრებს უმასპინძლა. რა თქმა უნდა, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი პირთამდე გაივსო და, იმის მიუხედავად, რომ ძალთა თანაფარდობა მეტოქის მხარეს იყო, გულშემატკივარს სასწაულის იმედი ჰქონდა. მატჩის 22-ე წუთზე დანიელე დე როსიმ დაახლოებით 35 მეტრიდან გაისროლა და ალალად ვთქვათ, ის ბურთი გიორგი ლომაიას აუცილებლად უნდა აეღო, მაგრამ ვერ შეძლო და მეტოქე დაწინაურდა. მართალია, 3 წუთში გიორგი შაშიაშვილმა ჯანლუიჯი ბუფონს ლამაზი ბურთი გაუტანა და ანგარიში გავათანაბრეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ჯაბა კანკავა გაგვიძევეს და ერთ წუთში ბურთი ჯერ მაურო კამორანეზიმ შეგვიგდო, შემდეგ – სიმონე პეროტამ და საბოლოო ჯამში 1:3 წავაგეთ. ეს ყველაფერი კი იმიტომ გავიხსენეთ, რომ მატჩის შემდეგ გიორგი ლომაიამ თქვა: მოულოდნელად დაარტყა, ბურთს არ ველოდიო. ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა ვეღარ მოითმინა და – „ამის დედა ვატირე, მოედანზე ხარ გასული სათამაშოდ და, ბურთს თუ არ ელოდი, ხინკალს ხომ არ შემოგიტანდნენ გასახდელიდან“-ო…
მოვიდა უხვი ნალექი საქართველოში და რეგიონებს ვინ ჩივის, დედქალაქიც კი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. 70 ათას აბონენტს გაეთიშა ბუნებრივი აირი, დენი, წყალი… ვიღაცამ ისიც დაწერა სოციალურ ქსელში, ნამდვილად ირანი დაბომბესო? ჰოდა, გამოვიდა ერთი პატივცემული გვამი ტელეეთერში და გამოგვიცხადა, ამხელა ნალექს არ ველოდითო. დედაქალაქის გარდა, სერიოზული პრობლემები შეექმნა რეგიონებს – შუქი, წყალი, ბუნებრივი აირი ბევრ სოფელს შეუწყდა (კონკრეტულად წყალზე ქვემოთ მოგახსენებთ ვრცლად). საინტერესო ის არის, რატომ არ ელოდნენ უხვ ნალექს. რა ვიცი, ბავშვობაში გვასწავლიდნენ, მეცხვარემ თქვა: „მარტიც, აპრილიც და ნახევარი მაისიცო“… ანუ, გაზაფხულის ბოლო თვის შუამდე ავდარს ელოდება მეცხვარე, მაგრამ მეცხვარე ჩვენს ბავშვობაში იყო ავტორიტეტი და მშრომელი კაცის ეტალონი, თორემ ახლა ცხვარში წასვლა არავის უნდა და ეს იმის მიუხედავად, რომ ხელფასად 2 ათას ლარსა და მეტს სთავაზობენ. ჰოდა, დაიწყო ფაცაფუცი, გზების ნაჩქარევად გაწმენდა, მაღალმთიან რეგიონებში მეწყერიც ჩამოწვა, გზებიც ჩაიკეტა, ლარსის გამშვებ პუნქტზე სატვირთოების რიგი უსაშველოდ გაიწელა. უფრო გართულდა ვითარება რეგიონებში, რადგან დედაქალაქში მაინც სხვა მდგომარეობაა – ტექნიკა მეტია, შესაძლებლობაც და მუშახელიც, რეგიონებში კი… იქ მთავარია ცენტრალური გზები იყოს თავისუფალი, თორემ, გლეხი შევა თუ გამოვა საკუთარ ეზოში, არავის ადარდებს. ამას გლეხებიც შეჩვეულნი არიან და თვითონაც ცდილობენ გამოსავლის პოვნას. ეს იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც და თავს დიდად არ იწუხებს.
ისე, თქმა, „არ ველოდით“, ბევრ რამეზე შეიძლება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებისმიერ მაღალჩინოსანს შეუძლია თქვას: არ ველოდით, გაზაფხული ასე მალე თუ მოვიდოდა და ამიტომ საგაზაფხულო სამუშაოები არ ჩაგვიტარებია, ახლა კი დაგვიანებულიაო. ჰო, გადახედეთ თქვენ გარშემო სახნავ-სათეს ველებს და დაინახავთ, რომ მათი 90%-ზე მეტი დაუმუშავებელია. მშრალი და გასაწმენდია სარწყავი არხებიც და მელიორაციაც უამინდობაზე ჩივის. მერე რა, რომ ბევრ რეგიონში სარწყავი წყალი უკვე საჭიროა – არ ელოდნენ, ბატონო, და, აბა, როგორ გინდათ?!
რაც შეეხება სასმელ წყალს, იმჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წელს მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის მიხედვით 2025 წლისთვის სრულიად საქართველოს 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა. იმხანად ეს ბრძანება იმდენჯერ გვიჩვენეს და იმდენჯერ გვითხრეს, გეშველებათო, დავიჯერეთ, მაგრამ ახლა ღარიბაშვილი ციხეშია, მისი ბრძანება კი, ალბათ, თაროზე დევს და მტვერი ედება, ხოლო მუნიციპალიტეტების უმრავლესობა (სოფლებზე აღარაფერს ვამბობთ) ისევ უწყლოდ და ისევ გრაფიკით ცხოვრობს. ჰო, 21-ე საუკუნეში, იმ პერიოდში, როცა მსოფლიოს გასაგონად ვყვირით, რომ ჩვენი ეკონომიკა თვიდან თვემდე, სულ ცოტა, 7%-ით იზრდება, მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება და ხშირად ეს გრაფიკიც ირღვევა. აგერ, ირანში ომია, იბომბება და დაბომბილი ქალაქების უმრავლესობა არც უშუქობას უჩივის და არც უგაზობას. უნდა გამოსულიყვნენ ირანელი მაღალჩინოსნები და ეთქვათ, თავდასხმას არ ველოდით და ბოდიშიო?! ჰო, ქვეყანა ომშია და შუქისა და ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა არ აქვს, ჩვენთან კი, თოვლი და წვიმა თუ მოვა, რამდენიმე ათეული ათასი აბონენტი უფლის იმედად რჩება. ამაზე ვინმე აგებს პასუხს? რა თქმა უნდა, არა და ზუსტად ეს დაუსჯელობის სინდრომია ასეთი თავხედობის თავიდათავი.
სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ისინი არც გაზაფხულზე წყალმოვარდნებისთვის არიან მზად, მდინარეების ადიდებას არ ელოდებიან და მერე იტყვიან: უი, არ ვიცოდითო. არადა, ის მდინარეები, რომლებიც დიდ პრობლემას ქმნიან ხოლმე, ახლა გასუფთავებული კალაპოტით უნდა ელოდებოდნენ თოვლის დნობას, მაგრამ… მელიორაცია ავდრის გამო ამას ვერ ახერხებს (როცა დარი იყო, თქვეს, ჯერ ადრეაო), ადგილობრივი თვითმმართველობა კი თავს იკავებს, აქაოდა, რომ არ მოვარდეს მდინარე, ამ ყველაფერს ფულის გაფლანგვაში ჩაგვითვლიან და თანამდებობაზე დარჩენას ვინ ჩივის, ციხეში ჩაგვსვამენო.
ზემოთ ღარიბაშვილის მიერ დაპირებული 24-საათიანი წყალმომარაგება ვახსენეთ. გავარკვიეთ, რომ ამ დაპირების ასრულებას დაახლოებით 2 მილიარდი ლარი სჭირდება, ეს თანხა კი ბიუჯეტს არ აქვს. წესითა და რიგით, რეაბილიტაციის დიდი ნაწილი „ჯი ვი პი“-მ უნდა შეასრულოს, მაგრამ ეს კომპანია თავს არ იწუხებს, რაც აქვს, იმითაც ბედნიერი და კმაყოფილია, დამატებითი თანხების დახარჯვას არ აპირებს, რადგან დანახარჯის ამოღებას წლები დასჭირდება. ახლა კი იყოს ასე, ამორტიზებული, მიგდებული, არც ხალხი იღებს ხმას და არც ხელისუფლება სთხოვს პასუხს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება, როცა გრაფიკით მიწოდებული წყალი ზაფხულის ცხელ დღეებში 2-3 დღით არ მოდის ხოლმე? მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის – იმავე „ჯი ვი პი“-ს წარმომადგენლები კარდაკარ დადიან და, თუ ნახეს, ვინმეს ჭა უდგას ეზოში, აიძულებენ, მრიცხველი დააყენოს. რატომ? თურმე იმიტომ, რომ, რაც მიწის ქვემოთაა, ის წიაღისეულია და სახელმწიფოს ეკუთვნის. ჰო, სახელმწიფოს, მაგრამ არა კერძო კომპანიას და ვინ ეკთხება „ჯი ვი პი“-ს, ჭაზე მრიცხველი მექნება თუ არა?! არც ამაზე აკეთებს ვინმე განმარტებას და. რაც მთავარია, მოსახლეობაც მიეჩვია და ვეღარ თუ აღარ აპროტესტებს. ჰო, სამწუხარო რეალობაა, რომ ამას მივეჩვიეთ და, თუ დააკვირდებით, ფასების მომატებაც მოსახლეობამ ქუჩაში კი არ გააპროტესტა, არამედ ხელისუფლება შეწუხდა და თვითონ გადაწყვიტა კომისიის შექმნა. გავბედავთ და ვიტყვით, რომ ამ კომისიას ფინალში გასვლა არ გაუჭირდება, მაგრამ დაპირების შესრულება იქნება ურთულესი. ზუსტად ისე, როგორც ეს წამლების გაიაფებისას გაკეთდა და საბოლოოდ ყველაფერი ძველ რელსებზე დაბრუნდა. არადა, ითქვა, რომ არასრულ ერთ წელიწადში მოსახლეობამ გაიაფებულ მედიკამენტებზე ლამის 100 მილიონი ლარი დაზოგა. ამჟამად ეს თანხა ისევ ფარმაცევტთა ჯიბეში მიდის.
აპრილი შორს არ არის, შედეგსაც დაველოდებით, მაგრამ ახლა თოვლის დნობა დაიწყება და ძალიან არ გვინდა, რომ გამოვიდეს რომელიმე მაღალჩინოსანი და თქვას, არ ველოდით, მდინარე რომ ადიდდებოდაო. რაც მთავარია, მეტი ყურადღება რეგიონებს სჭირდება. იმ რეგიონებს, რომლებშიც ასე თუ ისე კიდევ შემორჩენილია მოსახლეობა და გაქცევაზე არ უჭირავს თვალი. გასაქცევად კი ხალხი ან დედაქალაქს ირჩევს, ან ევროპას. დედაქალაქი კი ისე გაფართოვდა, ითქვა, 20 წელიწადში მცხეთასა და რუსთავს შეიერთებსო. არ არის ეს მოსაზრება სიმართლისგან შორს და, რაც მთავარია, არ არის ნორმალური, რომ დედაქალაქი სიგრძე-სიგანეში რეზინივით იწელება და ეს ხდება მხოლოდ იმის გამო და იმის ხარჯზე, რომ რეგიონები ცარიელდება. ბოლოს იქამდე მივალთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ორი მესამედი თბილისში მოიყრის თავს და ეს არა მხოლოდ საავტომობილო კოლაფსს შექმნის, არამედ რეგიონებს ეკონომიკურად გააჩანაგებს.
ლევან გაბაშვილი







