საქართველოში ყოველწლიურად ვაწარმოებთ 1,5 მლრდ დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, რომელიც ქვეყნის პოტენციალის მხოლოდ 3%-ია

    საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს 800 ათასზე მეტი ადამიანი, ზოგი - ბევრს, ზოგიც - ცოტას, მაგრამ ამ მიწებიდან დამუშავებულია მხოლოდ... 25 %

    არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველო არ იყო სხვაზე დამოკიდებული ქვეყანა და სოფლის მეურნეობის მიმართულება ისე იყო განვითარებული, რომ პროდუქტი არა მხოლოდ  გვყოფნიდა, არამედ ქვეყნის გარეთაც გაგვქონდა – თავისუფლად იყიდებოდა საბჭოთა კავშირის დანარჩენ 14 რესპუბლიკაში.  რაც მთავარია, ის, რასაც ვაწარმოებდით, არ იყო ზღვარი, უფრო მეტის წარმოების  რესურსი გვქონდა. ხშირად უთქვამთ, იქნებ დეტალურად დაწეროთ, ციფრებით გვითხრათ, რა რაოდენობის პროდუქციას ვაწარმოებდით და ახლა რა დღეში ვართო. ჰოდა, აგერ, ბატონებო, შეიძლება ითქვას, ასე დაწვრილებით პირველად დავწერთ იმას, რაც ხდებოდა, რაც ახლა ხდება და… სად ვართ და რა გვჭირს.

    ოფიციალური მონაცემებით, 1988- 89 წლებში, ანუ იმ პერიოდში, როცა უკვე საბჭოთა კავშირის ფუძე შეირყა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოცულობა საქართველოში 18 მლრდ მანეთს შეადგენდა. იმდროინდელი კურსით,  ეს დაახლოებით 30 მლრდ დოლარი იყო, დღეს კი, ინფლაციისა და პროდუქტებზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, სულ ცოტა, 50 მლრდ დოლარი გამოდის. ანუ, საქართველო აწარმოებდა 50 მლრდ დოლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, რომელშიც შედიოდა ყველაფერი – ხილი, ბოსტნეული, რძისა და ხორცის პროდუქტები, კონსერვები, წვენები, მატყლი, ტყავი, აბრეშუმი და ა.შ. იმ ტემპით რომ განგვეგრძო პროგრესი, დღეს  80-100 მლრდ დოლარამდე ვიქნებოდით ასული. ამჟამად რა რეალობაც გვაქვს, კარგად ვხედავთ და ბარემ აქვე ვთქვათ: დღეს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველო ყოველწლიურად აწარმოებს 1,5 მლრდ დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, რომელიც ქვეყნის პოტენციალის მხოლოდ 3%-ია, ანუ, პრაქტიკულად, გაჩერებულები ვართ. საინტერესოა, როგორ მოვახერხეთ, რომ საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგიდან მაჩანჩალების გვერდით აღმოჩნდა და წარმოება არათუ განავითარა, არამედ  გააჩერა.

    დავიწყოთ იმით, რომ ადრე, ანუ საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველაფერი ხდებოდა გეგმური ეკონომიკის მიხედვით, ანუ ყველამ იცოდა, რომ წარმოებულ პროდუქციას გასაღების  ბაზარი გარანტირებულად ექნებოდა და ეს იყო სწორედ ის დანარჩენი 14 რესპუბლიკა, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოსთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ეს 14 რესპუბლიკა და იქ მცხოვრები ადამიანები არსად წასულან და  ბაზარი რეალურად კვლავ არსებობს, იქ ისევ ახსოვთ ქართული პროდუქტების გემო და ხარისხი, მაგრამ ჩვენ აღარაფერს ვაწარმოებთ. რა მოხდა, რამ გამოიწვია ასეთი  დაცემა და გაპარტახება?!

    საბჭოთა კავშირის ნგრევასთან ერთად დაინგრა აწყობილი სისტემა, პირველ რიგში, საწარმოო ურთიერთობები. 1-2 წელიწადს ინერციით  ყველაფერი შენარჩუნდა, თითქოს წარმოება გაგრძელდა, მაგრამ აღარ არსებობდა ვალდებულებები –  არავინ არავის ავალდებულებდა, კონკრეტული რაოდენობის მოსავალი მიეღო, არავინ არავის სთხოვდა პასუხს და იკლო პასუხისმგებლობამ. ჩავარდნილ გეგმაზე ყურს არავის უწევდნენ, არავის ხსნიდნენ სამსახურიდან და შედეგად, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, სრულიად მოვეშვით. ამას დაემატა ისიც, რომ წარმოებული პროდუქციის გასაღებაზე არავინ ზრუნავდა. ჩვენთან  ჩამოყალიბდა აზრი, რომ საქართველოს  მხოლოდ „ბორჯომი“, ჩაი და ციტრუსი შეინახავდა, მაგრამ საქართველოს (განსაკუთრებით გურიის) ჩაის ფაბრიკების საწყობებში  ჩაი ლპებოდა, ობდებოდა, იყრებოდა, იწვებოდა, რადგან არავის ჰქონდა მისი წაღების სურვილი;  ვისაც ჰქონდა, სხვა პრობლემას აწყდებოდა – პერიოდულად რკინიგზის მაგისტრალი იყო  გადაკეტილი რუსეთისთვის ბლოკადის გამოცხადების მიზნით და სწორედ იმ ბლოკადის გამო საქართველო ყოველდღიურად ზარალობდა მილიარდზე მეტს, რუსეთი კი… რუსეთი ამას ვერც გრძნობდა.

    ვითარების გამოსწორების განწირული ნაბიჯი იყო მიწის რეფორმა, რომელიც ჩატარდა სპონტანურად, მოუმზადებლად და, რაც მთავარია, რისკების გათვლის გარეშე. იყო მოსაზრება, რომ, თუ გლეხს საკუთრებაში ექნებოდა მიწის ნაკვეთი, უკეთესად მოუვლიდა, უფრო მეტ მოსავალს მოიყვანდა და მეტ დოვლათს შექმნიდა. ამ მიდგომამ არ გაამართლა, რადგან ადამიანების უდიდეს ნაწილს შეხვდა ისეთი მცირე მიწა, რომ მასზე მოსავლის მოყვანაზე ფიქრი სისულელე იყო. სავარგულები, რომლებიც ადრე კოლექტივს ეეკუთვნოდა, სახელმწიფოს დარჩა (გლეხებს მხოლოდ 1500 კვ.მ მიწა ჩამოურიგეს, ანუ ჰექტრის მეექვსედზე ნაკლები). სახელმწიფოს აღარ ჰქონდა უნარი (ან არ ეცალა), ამ მიწებისთვის მოევლო და დაიწყო ჩაის პლანტაციების გაჩეხვა, სარწყავი სისტემების მოშლა, მიწიდან სარწყავი მილების ამოღება და ჯართად გაყიდვა, ანუ სისტემა მოიშალა და შემდეგი რამდენიმე წელიწადი, შეიძლება ითქვას,   ათწლეულების განმავლობაში შექმნილის  ნგრევა-განადგურებას მოვანდომეთ; აგურ-აგურ დავშალეთ ფერმები, სათბურები, ადმინისტრაციული შენობებიც კი.

    ყველაფრის მიუხედავად, მოსახლეობას საკვები სჭირდებოდა და, რადგან ადგილობრივი წარმოება აღარ არსებობდა, ნელ-ნელა გადავედით იმპორტზე და ადგილობრივი პროდუქცია  შემოტანილმა ჩაანაცვლა. სახელმწიფო „ჩალიჩობდა“ პურის ფქვილზე, რომელიც უდიდესი პრობლემა იყო, და ნელ-ნელა დაიწყო ზრდა საგარეო ვალმაც, რომელიც ბოლოს კრიტიკულ ნიშნულამდე მივიდა და, სანამ ქვეყანას გაკოტრებულად გამოაცხადებდნენ, გავჩერდით. მაგრამ ეს  არ ნიშნავდა იმას, რომ ჭკუა ვისწავლეთ. პირიქით, უფრო გავზარდეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოტანა და ისეთ მდგომარეობამდე მივედით, რომ უკვე სეზონზეც კი,  როცა ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, რომლითაც ბაზარი სავსე უნდა იყოს და იაფი ღირდეს, სულ რაღაც, 20%-ს თუ მოიცავს, დანარჩენი კი  შემოტანილია. ანუ, საბოლოოდ გავზარმაცდით  და უკვე სეზონური პროდუქტების შემოტანაც დავიწყეთ. ამაში ხელი  მეზობელმა ქვეყნებმა შეგვიწყვეს, რომლებიც მიხვდნენ, რომ გავზარმაცდით და ცალკე ირანმა და ცალკე თურქეთმა  თავიანთი პროდუქტებით ქართული ბაზარი გაავსეს. აგერ, მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, პრაქტიკულად აზრს კარგავს მარწყვის წარმოება იმიტომ, რომ სეზონზეც კი თურქეთს იმდენი და ისეთ ფასად შემოაქვს, ადგილობრივებს მუშაობის სურვილს უკლავსო. ცნობისათვის: თურქეთი მარწყვის მიწოდების მხრივ მსოფლიო ლიდერია. თურქებმა ეს 5-7 წელიწადში მოახერხეს სწორი მიდგომებისა და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების სათანადოდ ხარჯვით. ჩვენთან კი  სად მიდის გამოყოფილი მილიარდები, არც ვიცით და არც არავინ ინტერესდება. არ შეიძლება, ყოველწლიურად მილიარდზე მეტი იხარჯებოდეს სოფლის მეურნეობაში და გამუდმებით უკან-უკან მივდიოდეთ. არც ისაა გაასაკვირი, რომ კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწებიდან 17 მილიარდის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ბანკებშია ჩადებული კრედიტისთვის. რამდენი მოახერხებს საბოლოოდ ამ მიწების დაბრუნებას,  საკითხავია.

    ყველაფრის დანგრევასთან  ერთად  გაუქმდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. ამ მიმართულებით ქვეყანაში კადრების არათუ მწვავე დეფიციტია, არამედ, უბრალოდ, არ გვყავს. არ ტარდება არანაირი კვლევა, არ იძლევიან რჩევებს, ქართველი ფერმერების 95%-ზე მეტს წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება მსოფლიო ბაზარზე, რაზეა მოთხოვნა, რას უნდა ელოდოს სამომავლოდ. არადა, მსოფლიოს მასშტაბით დიდი ფერმები ასიათასობით დოლარს იხდიან, რათა რეალურთან მიახლოებული თუნდაც მომდევნო ექვსი თვის ამინდის პროგნოზი მიიღონ. ჩვენთან კი,  ექვსი თვის ამინდის პროგნოზი კი არა, მომდევნო დღის პროგნოზის გაკეთება ჭირს.  დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს 800 ათასზე მეტი ადამიანი:  ზოგი – ბევრს, ზოგიც – ცოტას, მაგრამ ამ მიწებიდან მხოლოდ… 25%-ია დამუშავებული, დანარჩენი  ან სრულიად მიტოვებულია, ან მიშვებული და მხოლოდ თავისით ამოსული ბალახი ითიბება (არ ხდება კულტივაცია, განაყოფიერება და ა.შ.); ვაწარმოებთ იმავე  პროდუქტებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაგრამ სხვაობა უზარმაზარია და, როგორც თავში ვთქვით, ქვეყნის პოტენციალის ხოლოდ 3%-ს ვიყენებთ. დღეს მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნაა ორგანულ პროდუქტზე, ანუ სოფლის მეეურნეობის ნატურალურ პროდუქტზე, საქართველოს კი აქვს  პოტენციალი, ქვეყნის მასშტაბით მოიყვანოს იმდენი პროდუქტი, რომ  საერთაშორისო ბაზარზე ხმამაღალი სიტყვა თქვას. ნატურალურ პროდუქტზე მიოთხოვნა ისე მაღალია, რომ მის შესაძენად საქართველოშიც კი ჩამოვლენ, მაგრამ…

    მარტივ მაგალითს გეტყვით: ნიდერლანდების ერთ-ერთ რეგიონში აწარმოებდნენ სხვადასხვა ჯიშის ორგანულ კიტრს, ოღონდ მცირე რაოდენობით, რადგან ჯიშები იყო  სხვადასხვა. შემდეგ ფერმერები შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ ერთი ჯიშის კიტრი მოეყვანათ და შედეგი იმავე წელსვე შესანიშნავი იყო – რეგიონმა ევროპულ ბაზარზე მსხვილი მოთამაშის სტატუსი მოიპოვა და თვითონ დაიწყო იმ კონკრეტული ჯიშის კიტრის ფასის გაკონტროლება. რაც მთავარია, ყველამ იცოდა, რამდენს და რა ფასში გაყიდდა. ახლა  დავფიქრდეთ და ვთქვათ: ერთი სახეობის რა პროდუქტს ვაწარმოებთ რომელიმე რეგიონში და რამდენი ფერმერი მოქმედებს შეთანხმებულად? არადა, შეთანხმებას  დიდი ძალა რომ აქვს, ქსელურმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა დაგვანახვეს – შეთანხმდნენ, რა ფასში  გაეყიდათ წამლები და უზარმაზარი თანხა იშოვეს ჩვენი გაყვლეფის ხარჯზე, მაგრამ შეთანხმება არ დაარღვიეს და დიდი მოგებაც მიიღეს, ამიტომ ვამბობთ:  ყველაფერს ორგანიზება, კოორდინაცია სჭირდება და არა ის, პრაქტიკულად, ყველაფრის ასოციაცია რომ გვაქვს (კვერცხის მწარმოებლების, მერძევეების, მეხორცეების, მარცვლეულის, მარწყვის მწარმოებლების, თხილის, კაკლის…) და შეთანხმებულად არავინ მოქმედებს. თუნდაც მეფუტკრეები ავიღოთ, გვაქვს თაფლის მწარმოებელთა ასოციაცია და მასში მეფუტკრეთა 20%-იც  არ არის გაერთიანებული. რატომ? იმიტომ, რომ დარწმუნებულნი არიან, იქ გაერთიანება ხარჯის მეტს არაფერს მოუტანთ. არადა, რომ დასხდნენ, შეთანხმდნენ, ნამუსიანად მოიქცეს ყველა, კარგი შედეგი აუცილებლად იქნება, მაგრამ ნამუსიანად მოქცევას ვერ ვახერხებთ და ბოლოს ყოველთვის აქ ვიჭედებით.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                       

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here