სამოქალაქო ომი არის ყველაზე საშინელი მოვლენა, რომელიც შეიძლება ქვეყანასა და ხალხს დაატყდეს თავს. პოლიტიკურ ლექსიკონებში სამოქალაქო ომი ასეა განმარტებული: „ქვეყნის შიგნით სოციალურ და პოლიტიკურ წინააღმდეგობათა გადაწყვეტის ყველაზე მწვავე ფორმა. პოლიტიკური, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური ძალებისა და ჯგუფების შეიარაღებული დაპირისპირება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ხასიათისა და მასშტაბის მოუგვარებელი პრობლემებით. სამოქალაქო ომში ჩართულ მხარეთა უპირველესი მიზანია ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მიზნის მიღწევის ძირითადი საშუალებაა შეიარაღებული ბრძოლა, რომელსაც, როგორც წესი, ახასიათებს სიმწვავე, გაურკვევლობა, მეომარ მხარეთა შემადგენლობის ცვალებადობა. ხშირად სამოქალაქო ომში, რეგულარული შეიარაღებული ფორმირებების გარდა, მონაწილეობენ მოსახლეობის შეიარაღებული ნაწილები.”
ქართველებს, სამწუხაროდ, გვაქვს სამოქალაქო ომის გამოცდილება, მაგრამ პარალელურად იმის გამოცდილებაც გვაქვს, რომ გამოცდილება არ გამოვიყენოთ, ანუ გაკვეთილებიდან დასკვნები არ გამოვიტანოთ.
სამოქალაქო ომის ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია და სოციოლოგია კარგად არის შესწავლილი. ფაქტია, იგი არც მეხია და არც მიწისძვრა, რომ ვინმეს მოულოდნელად დაატყდეს თავს. მას გარკვეული ფაქტორები განაპირობებს და ხელშესახები პროცესები უძღვის. მეცნიერთა განმარტებებში მეორდება სიტყვები – პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ეთნიკური, კონფესიური და სხვა. ეს ყველაფერი ასეა და საკამათო აქ არაფერია, მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო ერთ ფსიქოლოგიურ კატეგორიაზე. მას სიძულვილი ჰქვია. საზოგადოებაში სიძულვილი თუ გამოსჭვივის ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გრძნობა დიდი დოზით ფიგურირებს, უკვე საგანგაშოა. სიძულვილის დოზის მატება ლაკმუსის ქაღალდივითაა. იგი სამოქალაქო დაპირისპირების მომასწავებელია. როგორ უნდა გავზომოთ სიძულვილის დონე? ამისთვის არ არის აუცილებელი სპეციალური ტექნიკური საშუალების გამოგონება, რომელთა გამოყენებითაც მას (ადამიანებში ან საზოგადოებაში) ისევე გავზომავთ, როგორც, ვთქვათ, წნევას, შაქარს, ქოლესტერინს ზომავენ. გამოგონებულია ასეთი აპარატი. ეს არის საინფორმაციო საშუალებები და სოციალური ქსელები. სოციოლოგიაში არსებობს მეთოდი, რომელსაც კონტენტანალიზს უწოდებენ – შიგთავსის (შინაარსის) ანალიზი. დააკვირდით მედიას, შეიხედეთ სოციალურ ქსელებში და ყოველგვარი მეცნიერული კონტენტანალიზის გარეშე, შეუიარაღებელი თვალითაც იხილავთ უკიდურესი სიძულვილის გაუგონარ მასშტაბს, მოუთოკავი ღვარძლისა და ერთმანეთის განადგურების დაუოკებელ სურვილს, რომელიც სიუჟეტების, სტატუსებისა და კომენტარების უმრავლესობიდან ნიაღვარივით მოედინება. აქ არ ვეხები კონკრეტულ პერსონებს, რომლებიც სიძულვილის ამ ორომტრიალის სუბიექტებიც არიან და ობიექტებიც. არ ვეხები იმდენად, რამდენადაც ეს სრულიად არასახარბიელო სოციალურ-ფსიქოლოგიური პანორამაა მთავარი და არა – კონკრეტული ამბები და ვნებები, სადაც ყოველთვის აღმოჩნდება „მართალიც” და „მტყუანიც”, რაც, საბოლოო ჯამში, არაფერს გვაძლევს.
იბადება ლოგიკური შეკითხვა: რამ შეაძულათ ქართველებს ასე სასტიკად ერთმანეთი? რატომ იქცევიან ისინი ასე დაუნდობლად? რა უშრეტი ენერგიით იკვებება ეს ყოვლისმომცველი სიძულვილი?
ეს მახინჯი რეალობა, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, ხელოვნურად გაღვივებული კერებია სიძულვილისა, რომელიც გარედან არის ინსპირირებული. მიმართულებები ადამიანის უფლებების დაცვისა, რომლითაც თვალებს გვიხვევდნენ, ქვეტექსტების სახით შეიცავდა სიძულვილის გამავრცელებელ ელემენტებს. მაგალითად, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქტივობები, რომელიც თავისთავად მისასალმებელია, სამწუხაროდ, ოჯახის წინააღმდეგ არასწორი თვალსაზრისისა და დამოკიდებულების ფორმირების საფრთხის შემცველია, ქალსა და მამაკაცს შორის ქვეცნობიერი წინააღმდეგობის (სიძულვილისაც კი) გაღვივების საშიშროების შემცველია. ვის მოუტრიალდება ენა იმის სათქმელად, რომ ოჯახური ძალადობის სიმახინჯისგან ადამიანები არ უნდა დავიცვათ, მაგრამ ვერაგობა სწორედ ის არის, დათა თუთაშხიას რომ ათქმევინა: „რამ მოაფიქრებინა ეს?!” სადაც არ მოელი, სადაც შეუძლებელია, მიხვდე, რომ ვერაგობაა, იქ დაგებული ხაფანგია ნამდვილი ხაფანგი. მხოლოდ ეს რომ იყოს, რა გვიჭირდა. რამდენი მხრიდან უტრიალებენ და რამდენი ნიშნით ცდილობენ ქართული ეროვნული ცნობიერების დაშლა-დანაწევრებას. უზარმაზარი თანხებია ამისთვის გამოყოფილი. ამ საკითხის დეტალურ განხილვას, პუბლიცისტური სტატია კი არა, სამეცნიერო მონოგრაფიები ვერ აუვა, მაგრამ ზოგადად თქმა იმისა, რომ საქართველოში სიძულვილის ატმოსფეროს შექმნა თავისთავად არ მომხდარა, სრული კატეგორიულობით არის შესაძლებელი. დასავლეთის სპეცსამსახურებმა ბევრი იმუშავეს იმ მიმართულებით. სიძულვილი თავისთავად არის უაღრესად რთული ადამიანური გრძნობა, მაგრამ გაცილებით რთულია, ადამიანებში არამხოლოდ გააჩინო იგი, არამედ მომართო ისინი ამ უარყოფითი განწყობის შესაბამის ქმედებათა განსახორციელებლად.
უდიდესი ქართველი ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის, „განწყობის თეორიის” მიხედვით, სურვილის შესაბამისი ქცევა ვერ განხორციელდება, თუ ადამიანს არ შეექმნა შესაბამისი განწყობა. ქცევის განხორციელებისთვის შინაგან მზადყოფნას ფსიქოლოგიური განწყობა ეწოდება. ეს მზადყოფნა (ფსიქოლოგიური განწყობა) მხოლოდ მოთხოვნების საფუძველზე ვერ შეიქმნება, აუცილებელია სათანადო სიტუაციაც, სათანადო გარემო პირობებიც. უნდა არსებობდეს ეს ორი აუცილებელი კომპონენტი – ქცევის შინაგანი მოთხოვნილება და მისი განხორციელების შესაფერისი სიტუაცია, რათა ჩამოყალიბდეს ფსიქოლოგიური განწყობა. ამრიგად, ფსიქოლოგიურ განწყობას ვერც მხოლოდ მოთხოვნილება შექმნის და ვერც მხოლოდ სიტუაცია. იმისათვის, რომ განწყობა გაჩნდეს, ეს ორი კომპონენტი უნდა შეიკრას და გამთლიანდეს. დასავლურმა სპეცსამსახურებმა საქართველოში საზოგადოებრივი სიძულვილის შინაგანი მოთხოვნის გასაჩენად მიზანმიმართულად იმუშავეს. რაც შეეხება შესაბამის სიტუაციას, საამისო მექანიზმებიც შექმნილია. პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საინფორმაციო საშუალებები და სოციალური ქსელები აზრობრივი და ვერბალური სამოქალაქო დაპირისპირების შესანიშნავ პირობებს წარმოშობენ, რომელთა არსებობის შემთხვევაში ფიზიკურ (შეიარაღებულ) დაპირისპირებაში სიტუაციის გადაყვანა მხოლოდ ტექნიკის საქმეა.
სამოქალაქო დაპირისპირება ჯერჯერობით შეიარაღებულ დონეზე არ გვაქვს, მაგრამ ვერბალურ დონეზე ნამდვილი ომი მძვინვარებს. არა მხოლოდ დაპირისპირებული მხარეები ებრძვიან ერთმანეთს, ერთ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პოზიციაზე მდგომებიც კი (ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი პარტიის წევრებიც) ისე გაშმაგებულნი ეკვეთებიან-ხოლმე ერთმანეთს, რომ ადვილი მისახვედრია, პარტიაც ფეხებზე ჰკიდიათ და ქვეყანაც (ერთიც და მეორეც მხოლოდ ასპარეზად სჭირდებათ). მათთვის მთავარი პირადი ინტერესები და საკუთარი ვნებებია, ამიტომაც არის, რომ ერთმანეთს, მხარდამჭერად და თანამებრძოლად კი არა, კონკურენტად და მოწინააღმდეგედ აღიქვამენ. სადღაც ტროლებისა და ბოტების (დაქირავებული მლანძღველების) მთელი ქარხნები აქვთ ჩამოყალიბებული ინტერნეტსივრცეში თავდასხმების მოსაწყობად. ქუჩებში დაძრწიან „პატრიოტები”, რომლებიც ხან სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხან ფიზიკური აგრესიით ესხმიან თავს და სასტიკად უსწორდებიან მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან განიდევნა კულტურული პაექრობა, ჯანსაღი პოლემიკა, მისი ადგილი კი უშვერი სიტყვებით ერთმანეთის ლანძღვამ და მუშტი-კრივმა დაიკავა. ასე გაბატონდა შური, სიხარბე და გაუტანლობა. სიძულვილის ოკეანეში ჩიძირა პატარა საქართველო. ქვეყნის მხსნელისა და ერის მამის მანტიას ირგებს, ყოველი თუ არა, თითქმის ყოველი მეორე. ამპარტავნება და ქედმაღლობა მომრავლდა ძლიერ. „სიამაყე თავისებური სიძულვილია ყველასი, გარდა საკუთარი თავისა”, – გვმოღვრავდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი თეოფრასტე შორეულ წარსულში.
დღევანდელმა ქართველებმა ავტორიტეტები უარყვეს. თავაღერილი იდიოტები არამხოლოდ თანამედროვე ავტორიტეტებს ეპყრობიან უდიერად, საკაცობრიო ავტორიტეტებიც სძულთ. ბრიტანელი ფილოსოფოსი და მწერალი ტომას კარლეილი ამბობდა: „არ არსებობს უფრო დიდი დასტური ადამიანის არარაობისა, ვიდრე სიძულვილი დიდი ადამიანების მიმართ.” თითქოს ამ მოვლენას ეხმიანებოდა ფრანგი მწერალი გუსტავ ფლობერი, როდესაც ამბობდა: „ყოველგვარი წარმატების მიმართ სიძულვილით განმაწყობს გააზრება იმისა, თუ რა ფასად მიიღწევა იგი.” საკაცობრიო მნიშვნელობის წარმატებისთვის რომ მიეღწიათ, რა შრომა აქვთ გაწეული და რა მასშტაბის მსხვერპლი აქვთ გაღებული დიდ ადამიანებს, აქ კი ვიღაც არარაობას შეუძლია, უდიერად მოიხსენიოს რომელიმე ზეგენიოსი.
ფილოსოფიასა და ლიტერატურაში მრავალი თვალსაზრისით არის განხილული სიძულვილი, როგორც ფსიქოლოგიური და სოციალური კატეგორია. ესპანელი მწერალი და ფილოსოფოსი ბალთაზარ გრასიანი მორალესი ამბობდა: „ჭეშმარიტი სიძულვილის ღირსია დიდი ჭკუა, რომელიც მდაბალი მიზნებისთვის გამოიყენება.”
ფრანგი მწერალი ფრანსუა დე ლაროშფუკო თითქოს თავს იმშვიდებდა: „სიძულვილის მხოლოდ მას ეშინია, ვინც მას იმსახურებს.”
სხვა ცნობილი ფრანგი მწერალი და დიპლომატი ფრანსუა შატობრიანი კი აშკარად ცინიკოსობდა: „სიძულვილი ხელმომჭირნედ უნდა ხარჯო, რადგან დიდია რაოდენობა მათი, ვინც მას იმსახურებს.”
პოლონელი პოეტი და სატირიკოსი სტანისლავ ეჟი ლეცი საშინელ რამეს ამბობდა: „ერთი ჯვრისგან ორი სახრჩობელას გაკეთება შეიძლებოდა, სიძულვილით ჩაიქირქილა სპეციალისტმა.”
ამგვარ გონებამახვილურ გამონათქვამთა შორის ყველაზე საურადღებო ბრიტანელი მწერლისა და სასულიერო პირის,ჩარლზ კოლტონის,ნათქვამი მგონია: „რაც უფრო ეცემა ეროვნული ზნეობა, მით უფრო სძულთ ღარიბები და ეთაყვანებიან მდიდრებს.” ასე მგონია, დღევანდელ საქართველოზეა ნათქვამი; დღევანდელ საქართველოზე, რომელიც სიტყვიერ სამოქალაქო ომში ისე უკანმოუხედავად გადაიჩეხა, რომ ნამდვილი სამოქალაქოც არ უნდა გაგვიკვირდეს, განგებამ, ღმერთმა თუ არ გადაგვარჩინა.
ვალერი კვარაცხელია







