შემოდგომის ნახევარი მიილია და ახლა საზღვრებს გარეთ ხურმას თუ გავიტანთ. დასაბინავებელი მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია, გასაყიდიც – გაყიდულია და იმედია, ზამთარს მომზადებული შევხვდებით. საქსტატი კი ნელ-ნელა გვაწვდის ცნობებს, სად რა გავყიდეთ, სად ვიხეირეთ და რომელი მიმართულება ტოვებს უკეთესის სურვილს.
წლების წინათ ჩემი ნათესავი საქართველოდან რუსეთში ლეღვს ეზიდებოდა. აქ ყიდულობდა ბაზარზე, შემდეგ კილოობით ნაყიდს ცალობით ფუთავდა სპეციალურ ქაღალდში და გზავნიდა რუსეთში. ერთი სათლი (ვედროს რომ ვეძახით დღემდე) დაახლოებით 250-300 დოლარის მოგებას უტოვებდა და ისიც სეზონზე დღეში 10-12 სათლს გზავნიდა. ახლა „ვედროებით“ ლეღვი აღარავის დააქვს, თუმცა მოთხოვნა კვლავ დიდია. საინტერესოა, რას გვეუბნება საქსტატი: თურმე მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში (იანვარში საიდან ლეღვი, არ ვიცით, მაგრამ ასე დათვალეს), საქართველოდან 1,356 მილიონი დოლარის ლეღვი გავიდა, სულ 1 032 ტონა. იმავე საქსტატის ცნობით, ლეღვი მხოლოდ ორ ქვეყანაში გაიყიდა – სომხეთსა და რუსეთში და სასაცილო, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც წილობრივი მაჩვენებელია. თურმე სომხეთში 13 ათას 700 დოლარის ლეღვი გავყიდეთ, დანარჩენი კი რუსეთმა აითვისა, ანუ ლეღვის 99%-ზე მეტი სწორედ რუსეთში გაიგზავნა. როგორც ჩანს სომხეთში ვიღაცამ ისე, პირის გასასველებლად წაიღო, ჩვენ კი ხმაური ავტეხეთ: ქართულ ლეღვს ორი ქვეყანა ყიდულობსო.
სიმართლე გითხრათ, დღემდე ვერ ვხვდებით, რატომ ვცდილობთ რუსული ბაზრის დაკნინებას მაშინ, როცა რეალურად მხოლოდ ეს ბაზარი შეგვრჩა, სადაც პროდუქციას მართლა ვყიდით და „ვედროებით“ არ დაგვაქვს. ესეც არ ვიკმარეთ და ვთქვით, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან რუსეთში 4 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა. ვიღაცებმა ტაში შემოჰკრეს: გაუჭირდა რუსეთს, საქართველოდან გზავნილები მიდისო! არავის უხსენებია, რომ ამ მაჩვენებლით რუსეთი მესამე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილზე საქართველოდან გადარიცხული 7,473 მილიონით თურქეთია, მეორე ადგილი 6,462 მილიონით აზერბაიჯანს უკავია, შემდეგ მოდის რუსეთი 4,074 მილიონი დოლარით, მერე -უკრაინა 2,420 მილიონით, საბერძნეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, იტალია, აშშ, გერმანია... მაგრამ ჩვენ მაინც რუსულ თემას „ვაწვებით“; აქაოდა, გაუჭირდა ჩრდილოელ მეზობელსო.
ჰო, გაუჭირდა, ძალიან გაუჭირდა, რადგან სექტემბერში საქართველოდან რუსეთში 4,074 მილიონი დოლარი გადავრიცხეთ და იმავე სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 344, 4 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, ანუ 86-ჯერ მეტი. საქსტატის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს 23,9%-ით ნაკლებია, ანუ შარშან ამ პერიოდში გაცილებით მეტს რიცხავდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ დავამტკიცეთ, რომ რუსეთს გაუჭირდა და ფულით თურმე აქედან ვეხმარებით. აღმოჩნდა, რომ იქიდან უფრო მეტად გვეხმარებიან, მაგრამ ამას არ ვიმჩნევთ. ისიც ხომ გვიხარია, რუსეთში ბენზინის დეფიციტია, რუსები რიგში დგანან, ლიმიტირებულად აძლევენ საწვავსო. საქართველოში რომ გვიხარია რუსეთში საწვავის დეფიციტი, ცალკე ფენომენია, მერე ის არის გასაკვირი, რუსეთიდან შემოტანილ ბენზინს რომ ვეტანებით, აქაოდა, ყველას სჯობსო. თუ იქ დეფიციტია, ან აქ არ გამოუშვებენ, ან ფასს გაზრდიან, ამაზეც ხომ უნდა დავფიქრდეთ?! მაგრამ ამაზე ფიქრი არ გვჭირდება, სოციალურ ქსელში ბრძოლას გამოვუცხადებთ საწვავის ფასებს და კლავიატურის ლომების მეშვეობით დავამარცხებთ რუსეთს. სწორედ ასეთი მიდგომის შედეგია ის ვითარება, რომელიც დღეს არის შექმნილი. დასავლეთი თავხედურად ცდილობს ჩვენს დამონებას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადასულია ყველა ზღვარს. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაც იკადრა, თავმოყვარე ქვეყნის არც ერთი ლიდერი არ აპატიებდა (არც ჩვენმა აპატია) და ახლა მთელი ევროპა მის გამართლებას ცდილობს, მერე რა, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და იმ ადამიანებს დაუკრა ტაში, რომლებიც 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებდნენ და, უბრალოდ, არ გამოუვიდათ. აბა, გაიხსენეთ ბოლო პერიოდში რუსი პოლიტიკოსების ერთი განცხადება მაინც, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა დააზიანა; გაიხსენეთ ერთი წინადადება მაინც, რომელმაც ერი და ბერი მწყობრიდან გამოიყვანა. ვერ გაიხსენებთ იმიტომ, რომ არ ყოფილა, იმიტომ, რომ რუსეთი არ ცდილობს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით თითოეულ სიტყვას თუ ქმედებას წონის. ჩვენ კი ცალ კარში ვეთამაშებით მეზობლებს; ვცდილობთ, როგორმე მწყობრიდან გამოვიყვანოთ და გვერწმუნეთ, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოახერხებდა ამას, როგრც ეს 2008 წელს მოახერხა. ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტში უთხრეს: ომი თუ გინდა, შენი ქმარ-შვილი გაუშვი ფრონტის წინა ხაზზე და მერე ჩვენ წამოვალთო. ეს ქალბატონ ურსულას ძალიან არ მოეწონა, სხვა თუ არაფერი, 7 შვილი ჰყავს და საომრად ერთიც არ ემეტება თურმე. ჰო, თავისი შვილები არ ემეტება და მთელი საქართველო ემეტება, უკრაინა უკვე გამეტებული ჰყავს და თან მედიდური მზერით გვეუბნება: ჩვენ უნდა დაგვიჯეროთ, რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოთო.
პოლიტიკასთან ერთად ბაზარსაც გადავხედოთ. რეალურად, რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უპირობოდ იღებს ყველა ქართულ პროდუქტს და, თვითონ თუ რამეს გვაწვდის, გაცილებით ხარისხიანს, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები და ჩინეთი. ამის მიუხედავად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ეკონომიკური ძაფიც გავწყვიტოთ. არა, ოპოზიცია ასე რომ იქცევა, გასაგებია, მათ კარგად იციან, რომ რუსული ბაზრიდან გათიშვა საქართველოს ეკონომიკას ჩამოშლის და დასავლეთიც ამ გზას ადგას. გასაკვირი ის არის, ხელისუფლების წარმომადგენლები რომ არ ცდილობენ ამ ყველაფერზე ხმამაღლა საუბარს. თუ ვამტკიცებთ, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ვართ, მაშინ იმის გამბედაობაც უნდა გვეყოს, რომ ვაღიაროთ ის, რაც ხდება, და რუსეთთან ერთი-ერთზე საუბარი შევძლოთ. ჰო, მოვიდა დრო, რომ ყოველგვარი შუამავლების გარეშე, ერთ მაგიდას მივუსხდეთ და ჯერ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ვიმსჯელოთ, შემდეგ კი იმაზე საუბრის დროც მოვა, რაზეც საქართველოს მთელი მოსახლეობა ოცნებობს. აუცილებლად წამოვა რუსეთი ამ თემაზე სასაუბროდ, თუ პირისპირ მოვახერხებთ დიალოგს, გამოსავალსაც ერთობლივად აუცილებლად ვიპოვით. სხვა გზა, უბრალოდ, არც ჩვენ გვაქვს და არც რუსეთს. ჰო, არც რუსეთს, რადგან ისიც მიხვდა, რომ ერთადერთი მოკავშირე რეგიონში, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ადეკვატურად ფიქრობს და მოქმედებს დასავლეთის მიმართ, სწორედ საქართველოა. ამიტომ ვამტკიცებთ, რომ რუსულ მხარეს ჩვენთან საუბრის სურვილიც ექნება და გარკვეულ დათმობებზე წასასვლელადაც იქნება მზად, რადგან, დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, შეუძლებელია სხვაგვარად მოხდეს. ამის მიხვედრას არც ექსპერტობა უნდა და არც ფილოსოფიის დოქტორობა, ყველაფერი ხელისგულზე დევს და ახლა, უბრალოდ სწორი დრო და სწორი განცხადებაა შესარჩევი, რათა ყინული დაიძრას.
მანამდე კი რუსულ ბაზარზე გავყიდით იმას, რასაც ადრეც ვყიდდით, იმასაც, რისი წარმოებაც ევროპელების მოთხოვნით დავიწყეთ (მაგალითად, მოცვი) და შემდეგ ხელი აგვიკრეს, თქვენი მოცვი არ გვინდაო, და მთლიანი პროდუქცია რუსეთმა შთანთქა. ერთი ეგაა, ამ ყველაფრის აღიარებას უნდა მივეჩვიოთ და მხოლოდ ფურცელზე კი არ უნდა დავწეროთ და შემდეგ სოციალურ ქსელში განვათავსოთ იმის იმედით, რომ ცოტა ადამიანი ნახავს, არამედ იმავე ევროპასა და ამერიკას თვალებზე ავაფაროთ და ვუთხრათ, რომ ეს არის რეალობა.
სხვაგვარად გავა ისევ წლები, ადრე თუ გვიან შეიცვლება ხელისუფლება, საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, ცვლილების შემდეგ სათავეში აღარ იქნებიან დასავლეთთან მკვახედ მოლაპარაკე სუბიექტები, ისევ ენას მოვუჩლექთ, ისევ დავემონებით და მათ ერთ დაძახილზე ისევ შევაკლავთ ჩვენს ბიჭებს არაფრისმომცემ ბრძოლაში. ჰო, ჩვენთვის არაფრისმომცემ ბრძლაში, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვქონია არც ერთი ომი, რომელთა შემდეგაც ტერიტორიები არ დაგვეკარგოს. დროა, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ. ბოლოს და ბოლოს, რამდენჯერ უნდა ავფეთქდეთ ერთსა და იმავე ნაღმზე და მერამდენედ უნდა ვახეიროთ დასავლეთი ჩვენი მოქალაქეების სიკვდილის ხარჯზე?!
ლევან გაბაშვილი