წინა კვირას “თეთრი სახლის” ემისართა ორგანიზაციებმა საქართველოში _ ენ-დი-აიმ და აი-რაიმ პოლიტიკური კვლევების საბოლოო ვარიანტი გამოაქვეყნეს. ციფრები, ფაქტობრივად, არ შეცვლილა: 36 პროცენტი მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას”, 14 _ “ნაციონალურ მოძრაობას”, 10 _ “თავისუფალ დემოკრატებს”, 6 _ ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 5-5 პროცენტი _ “გაერთიანებულ დემოკრატებსა” და “პატრიოტთა ალიანსს”.
მოკლედ, პოლიტიკური პრელუდია შედგა _ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვაშინგტონმა წარმატებით შეგვამზადა “დემოკრატიული ცუნამისთვის”, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გველოდება. ზემოაღნიშნული კვლევა ამ პროცესის ერთგვარი სცენარია, უფრო ზუსტად, სცენარის მხოლოდ წვერი, დიდი ნაწილი კი ოკეანის ფსკერზე მოტივტივე აისბერგივითაა ბნელ მორევში ჩამალული. “საქართველო და მსოფლიო” სოციოლოგსა და პოლიტიკურ ანალიტიკოს ვალერიან გორგილაძეს დაუკავშირდა და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარზე ესაუბრა.
_ ბატონო ვალერიან, ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ აი–რაისა და ენ–დი–აის კვლევის შედეგები მავანთა სურვილებს უფრო ასახავს, ვიდრე რეალობას. რის საფუძველზე შეგაქვთ ეჭვი ამ ორგანიზაციების ობიექტურობაში?
_ მე ვარ მოქმედი, ემპირიკოსი სოციოლოგი და უკვე ოცი წელია, კვლევებს ვატარებ. რაც შეეხება აი-რაის კვლევის კონკრეტულ მონაცემებს, მთავარი, რის გამოც ეჭვი მიჩნდება, არის ლეიბორისტების რეიტინგი, ვინაიდან არც ერთი სხვა ალტერნატიული კვლევით ეს არ დასტურდება.
_ რეალურად, მეტი აქვთ ლეიბორისტებს თუ ნაკლები?
_ ლეიბორისტების რეიტინგი არ აღემატება ცდომილების ფარგლებს. საერთოდ, ყველაზე რეპრეზენტატიული კვლევა არის არჩევნები და, თუკი გადავხედავთ ადგილობრივი არჩევნების შედეგებს, ვნახავთ იმ რეალურ მონაცემებს, რომლებიც ჰქონდა ლეიბორისტულ პარტიას ამ არჩევნებზე. ზუსტად ეს დაკვირვება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოცემული კვლევა არც რელევანტურია და არც საიმედო პოლიტიკური პრეფერენციების ნაწილში და პრაქტიკულად საქმე გვაქვს ინფორმაციის, ემპირიული მონაცემების გაყალბებასთან.
_ “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი არ იწვევს ეჭვს?
_ მოდით, კიდევ ერთხელ შევეშვათ კვლევებს, რაკი გვაქვს არჩევნების შედეგები და დავაკვირდეთ “ნაცმოძრაობის” რეიტინგის დინამიკას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათ მიიღეს 850 ათასი ხმა (ყოველ შემთხვევაში, ასე გვეუბნებოდა ცესკო), შემდეგ ერთ წელიწადში კარგავენ 500 ათასზე მეტ ამომრჩეველს და დავით ბაქრაძე იღებს მხოლოდ 330 ათას ხმას. ეს არის ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი, ანუ ვფიქრობ, რომ აქაც, ისევე, როგორც ლეიბორისტების შემთხვევაში, გარკვეული პროცენტები მომატებულია და მონაცემი არ ასახავს რეალურ სურათს…
_ გასაგებია, მაგრამ რას ემსახურება ეს ყველაფერი _ რისთვის დასჭირდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში პოლიტიკური კვლევის შედეგების გაყალბება?
_ ამ კვლევაში ბევრი გაურკვევლობაა. მაგალითად, მათ თუ დავუჯერებთ, დღეს მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის, ხოლო 55 პროცენტს საპირისპირო აზრი აქვს. თავისთავად ეს პრერევოლუციური მაჩვენებელია, იმიტომ, რომ, თუ ხელისუფლებას აქვს მხოლოდ 5-პროცენტიანი მხარდაჭერა, ეს უკვე სოციალური აფეთქების წინაპირობაა. ამ დროს იმავე კვლევაში ვხედავთ აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს,_ “ოცნების” რეიტინგი შეადგენს 36 პროცენტს. ამ მონაცემებს შორის ლოგიკური კავშირის მოძებნა გამიჭირდება.
რაც შეეხება შეკითხვას, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული მონაცემები, იმის გათვალისწინებით, რომ იმავე კვლევის თანახმად, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მოსახლეობაში აქვს 80-პროცენტიანი მხარდაჭერა, ისინი გვთავაზობენ შემდეგ პოლიტიკურ კონსტრუქციას: თურმე პროდასავლური კურსის მხარდამჭერები, როგორებიც არიან, პირობითად, პროდასავლელი ნაციონალები , თავისუფალი დემოკრატები და ვაშინტონში ხშირად მოსიარულე შალვა ნათელაშვილის პარტია, რეიტინგულები არიან. აი, ამის წარმოჩენას და ინტერპრეტირებას ემსახურება ეს კვლევები…
_ სოციალური აფეთქება ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, ენ–დი–აისა და აი–რაის კვლევა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებას მხოლოდ 5 პროცენტის მხარდაჭერა აქვს, სწორედ ამ აფეთქების პროვოცირებას ხომ არ ემსახურება?
_ ერთი რამის თქმა შეიძლება: ნაციონალების დღევანდელი სლოგანი არის ის, რომ, რაც უფრო უარესადაა საქმე საქართველოში, მით უკეთესი “ნაციონალური მოძრაობისთვის”. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ნებისმიერი წარუმატებლობა, მაგალითად, სოციალურ–ეკონომიკური ვითარების მკვეთრი გაუარესება, ზრდის მათ შანსებს. რამდენად არის ეს ლოგიკასთან ახლოს, სხვა საკითხია, თუმცა 21 მარტის აქციამ ყველას დაანახვა და მათ შორის “ნაცმოძრაობასაც”, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელმაც, შესაძლოა, ისარგებლოს სოციალური დაძაბულობით.
_ 31 მარტს, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დღეს პარლამენტში, თითქმის ყველა “ნაციონალი” გამოსვლას ამთავრებდა მოწოდებით, რომ პრეზიდენტმა უნდობლობა უნდა გამოუცხადოს მთავრობას და კრიზისული მთავრობის კადრებზე იფიქროს. როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო ეს უმაღლესი მთავარსარდლისთვის ერთგვარი მოკავშირეობის შეთავაზება?
_ რა თქმა უნდა, “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან კარგად ესმის, რომ დამოუკიდებლად არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ შეეცდება კოალიციის შექმნას.
_ ვისთან შეიძლება “ნაცმოძრაობამ” კოალიცია შექმნას?
_ ვისაც გვიწერს აი-რაი, ალბათ, მათ განიხილავენ პოტენციურ პარტნიორებად. ძალიან რთული წარმოსადგენია ალასანია და ლეიბორისტები ერთად, მაგრამ არაფერია გასაკვირი.
_ საინტერესო და უცნაური არის ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ჩვენ არ ვენდობით აი–რაისა და ენ–დი–აის კვლევას, მაგრამ პატივს ვცემთ ამ ორგანიზაციებსო. ეს რიტორიკა ლოგიკურია?
_ ქართველ პოლიტიკოსებს, დიდი ხანია, რაღაც კოლონიური ლოიალურობის სენი სჭირთ. ეს არახალია. რაც შეეხება პატივისცემას, ენ–დი–აი და აი–რაი, მართლაც არიან ავტორიტეტული ორგანიზაციები, მაგრამ არც ერთ სხვა ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში ევროპაში, ისინი არ ატარებენ კვლევებს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: თუ ჩვენ ნორმალური ქვეყანა ვართ, უცხოური ორგანიზაცია არ უნდა გვიდგენდეს პოლიტიკურ დღის წესრიგს. აქ უნდა იყოს ქართული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა…
_ დღე ისე არ გავა, სააკშვილმა სტატუსი არ გამოაქვეყნოს სოციალურ ქსელში, _ იმაზე მალე დავბრუნდები, ვიდრე ზოგიერთს ჰგონიათო. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების სათავეში დაბრუნების რა პერსპექტივა აქვს “ნაცმოძრაობას” და პირადად სააკაშვილს?
_ მიხეილ სააკაშვილს აქვს რეალური შესაძლებლობა, მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, ოღონდ არა საქართველოში, არამედ უკრაინაში. სავსებით შესაძლებელია, სააკაშვილი ვიხილოთ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე, ვინაიდან მას ამისთვის აქვს მთავარი _ დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკური წრეების მხარდაჭერა.
_ ეს თუ მოხდება, გამოდის, უკრაინის პრემიერმინისტრი იქნება საქართველოს მიერ ძებნილი? რა ურთიერთობა ექნება ორ სახელმწიფოს იმ პირობებში, როცა ერთ–ერთის პრემიერმინისტრის ვიზიტი მეორე ქვეყანაში აეროპორტშივე მისი დაკავებით დასრულდება?
_ დღეს ვხედავთ, რომ უკრაინის პროკურატურა ქართული მართლმსაჯულების სრულ იგნორირებას ახდენს; ის, ფაქტობრივად, არ ცნობს და უკანონოდ მიიჩნევს ჩვენი პროკურატურის მოთხოვნას. ცხადია, ეს შეიძლება სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს, მაგრამ, თუკი შიგაუკრაინული და გარე ძალების კონსენსუსის შედეგად გადაწყდება სააკაშვილისა და მისი გუნდის მოყვანა უკრაინის სათავეში, არ მგონია, ეს გარემოება სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს. ისე, ჩვენ უკვე ვხედავთ მის პოლიტიკურ კალიგრაფიას ამ ქვეყნის მმართველობაში (მთავრობის წევრების დაკავებები მთავრობის სხდომებზე პირდაპირ ეთერში, ეს აშკარად მისი ხელწერაა). ანუ, სააკაშვილი ახლა გავლენას იძლიერებს უკრაინაში და ცდილობს, დაიქვემდებაროს პოლიტიკური ელიტა, რომ მთლიანად აკონტროლოს და მართოს პროცესები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც შეიცავს სერიოზულ საფრთხეებს, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლებას დღეს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი, რომ ჩაერიოს და თუნდაც მინიმალური კორექტივები შეიტანოს ამ პროცესში.
ესაუბრა ჯაბა ჟვანია
P.S. ენ–დი–აისა და აი–რაის ფალსიფიცირებულ კვლევებზე საპარლამენტო უმრავლესობის კომენტარები ცხადყოფს, რომ ივანიშვილის მკვდრადშობილი ხელისუფლება არა მხოლოდ უუნაროა, არამედ ვაშინგტონის ემისრებს ერთ ადგილასაც უძვრება და სირაქლემას პოზაში მყოფი ფეხებზე იკიდებს, რა უბედურებას შეიძლება ამზადებდნენ ეს ვაიორგანიზაციები მსგავსი კვლევებით, ამაზე პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსების ობიექტური შეფასება, ალბათ, ასეთი იქნებოდა _ კლასიკური კონფორმიზმი. მკურნალობა კი, ჩემი მოკრძალებული აზრით, თერაპიული მეთოდებით შედეგს ვერ გამოიღებდა და ქირურგიული ჩარევა, თანაც სასწრაფო, აუცილებელი იქნებოდა.