Home რუბრიკები პოლიტიკა ღია წერილი უკრაინელ ხალხს

ღია წერილი უკრაინელ ხალხს

565

უკრაინა დღეს იმავე შეცდომას იმეორებს, რომელიც წლების წინათ საქართველომ დაუშვა. მთავარი პრობლემა, რომელსაც “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას” უწოდებენ, გაცილებით ღრმაა, ვიდრე ამ სიტყვებში ასახული ვითარება. ყოველთვის, როცა საერთაშორისო არენაზე ამ სიტყვებს წარმოთქვამენ, ეს კიდევ ერთხელ არწმუნებს აფხაზებსა და ოსებს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტისა და მისი უცხოელი მეგობრებისთვის სწორედ ტერიტორიაა მთავარი და არა მისი მოსახლეობა.

საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ დღენიადაგ გვიდასტურებენ “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის” აღიარებას და მადლობა ამისთვის, მაგრამ ეს სიტყვიერი მხარდაჭერა არანაირად გვაახლოებს იმასთან, რომ აფხაზებმა და ოსებმა ქართველებთან ერთ სახელმწიფოში მოინდომონ ცხოვრება. ეს გასაგებიცააჩვენ შორის ერთმანეთის დაღვრილი სისხლია, რომლის დავიწყება ძალიან ძნელია.

23 წლის შემდეგ უკრაინაც ამ გზით წავიდა. მეტიც, ისევე, როგორც საქართველოში, იარაღით დააპირეს დაუმორჩილებელი რეგიონების მოთვინიერება. რაც გამოვიდა, ყველა ვხედავთ. ომის თემას ოდნავ მოგვიანებით მივუბრუნდეთ, ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ “უზიარებენ” გამოცდილებას უკრაინის მთავრობას ის პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველომ ცხრაწლიანი ბრძოლის შემდეგ ძლივს მოიშორა ხელისუფლებიდან.

45-მილიონიან ქვეყანაში 4-მილიონიანი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დანიშვნამ აღშფოთება გამოიწვია ქართველ საზოგადოებაში. თქვენი ელჩის განცხადება კი ასეთი იყო: “როცა პოროშენკომ, ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, სააკაშვილი დანიშნა თავის უშტატო მრჩევლად, გაითვალისწინა დიდი გამოცდილება და რეფორმების გატარების უნარი, ჯარის მოდერნიზაცია. უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილება არ არის საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ის არ გახდება დაბრკოლება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, რომლის საფუძველი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და დროით გამოცდილი მეგობრობაა”.

უკრაინაშიც, როგორც სხვა ქვეყნებში, სააკაშვილისრეფორმატორობაიმ უკიდეგანო პიარით არის დამკვიდრებული, რომელიც ღატაკ საქართველოს ასეულობით მილიონი დოლარი დაუჯდა. ვიზიარებ თქვენი ელჩისა და ჩვენი ამჟამინდელი პრეზიდენტის მოსაზრებას საქართველოსა და უკრაინის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შესახებ, მაგრამ ვერ ვეთანხმები მათ ოპტიმიზმს, რომ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების დაწინაურება უკრაინის მთავრობაში ამ ურთიერთობებს არ დააზარალებს. წლების შემდეგ რომ არ გვისაყვედუროთ, თუ რატომ არ გაგაფრთხილეთ, ვეცდები, მოკლედ გადმოგცეთ, რა დაუჯდა საქართველოს სააკაშვილის “რეფორმები”.

*”პოლიციის წარმატებული რეფორმა”: სააკაშვილის მმართველობის 9 წლის განმავლობაში საქართველო ევროპის ჩემპიონი გახდა ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით. პატიმართა რაოდენობა 6 ათასიდან 26 ათასამდე გაიზარდა. პრაქტიკულად არ დარჩენილა არც ერთი ოჯახი, რომელსაც ამა თუ იმ სახით არ შეეხო სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა. სხვადასხვა მონაცემით, სახელმწიფოს რეპრესიულ მანქანაში 250-დან 300 ათასამდე ადამიანმა გაიარა.

ნულოვანი ტოლერანტობისგამოცხადებისა და პოლიციისთვის ხელფეხის გახსნის წყალობით ქუჩაში ლიკვიდირებულია დაახლოებით 120 ადამიანი და ეს მხოლოდ გახმაურებული საქმეებია, როცა მსხვერპლის ოჯახის წევრების დაშინება და გაჩუმება ვერ მოახერხეს. ამავე “წარმატების” განსამტკიცებლად დემონსტრაციულად ტარდებოდა ე. წ. დაპატიმრებები პირდაპირ ეთერში, როდესაც ტელეკამერების ობიექტივში ხდებოდა მძინარე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების, ხშირად მცირეწლოვანი ბავშვების საცვლების ამარა გამოყრა ლოგინებიდან.

*ერთი ტელედაპატიმრება სრულიად კურიოზული იყო, როცაკორუფციასთან ბრძოლისსახელით ქუთაისის საკრებულოდან ბორკილდადებული ადამიანები გამოიყვანეს. საზოგადოება გაკვირვებული დარჩა იმით, რომ დაპატიმრებულებს ეღიმებოდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ადამიანები ორი დღით ადრე დაუკავებიათ, მაგრამ ისევ პიარისთვის მიიყვანეს საკრებულოში, გამოიძახეს ტელეკამერები და ხელმეორედ დააპატიმრეს! კონტროლის პალატის ერთ-ერთი თანამშრომლის ძმა _ ტყუპისცალი შეცდომით დააპატიმრეს, მაგრამ არ დაიბნენ და განუცხადეს, რომ მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლებდნენ, როცა მისი ძმა სამართალდამცველებს ჩაბარდებოდა. სხვა რა არის მძევლის აყვანა?

*”სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულება და ბიუჯეტის მრავალჯერადად გაზრდა”: აშშ-ის კანონმდებლობის გავლენით დაინერგა საპროცესო შეთანხმება, რომელიც გამოიყენებოდა პრაქტიკულად ყველა კატეგორიის დანაშაულზე, ისე, რომ დაზარალებულს საერთოდ აღარ ეკითხებოდნენ, სურდა თუ არა სისხლის სამართლის საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულება. 2010 წელს საპროცესო შეთანხმებების, გირაოსა და ქონების კონფისკაციების წყალობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 86 მილიონ ლარზე მეტი, 2011 წელს _180 მილიონი ლარზე მეტი. სულ, ქონების კონფისკაციით, საპროცესო შეთანხმებებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2004-2011 წლებში ერთ მილიარდ ლარზე მეტი თანხა შევიდა.

საპროცესო გარიგებისთვის თანხის სწრაფად ამოსაღებად პროკურატურა თვითონ უკავშირდებოდა ბანკებს და დაკავებულთა ოჯახის წევრებს აიძულებდა, საცხოვრებელი ბინაც კი ჩაედო კრედიტის მისაღებად. წლების განმავლობაში ამ კრედიტებს პროცენტები ერიცხებოდა და საბოლოოდ ოჯახები ღია ცის ქვეშ რჩებოდნენ. დღეს საქართველოში ასიათასობით ოჯახია ამ მდგომარეობაში.

*”ბიზნესის კეთების სიიოლე”: ეს მხოლოდ სამეწარმეო სუბიექტის ადვილად დარეგისტრირებას გულისხმობდა, ანუ ბიზნესის წამოწყება იოლი იყო, მაგრამ მისი რეალურად განხორციელება _ შეუძლებელი. მანამდე არსებული არაერთი წარმატებული ბიზნესი ხშირად საკანონმდებლო უზრუნველყოფის გზით ან პირდაპირი ძალადობით ან “ნაციონალებთან” დაახლოებულ პირებს გადაეცემოდა, ან სახელმწიფოს. კურიოზულია ფაქტები, როდესაც დაკავებული ან დაპატიმრებული ბიზნესმენები ღამის საათებში ერთსა და იმავე ნოტარიუსთანნებაყოფლობითუფორმებდნენ საკუთარ ქონებას და კომპანიებსდემოკრატიის შუქურისმშენებლებს. სამწუხაროდ, 2003-2012 წლებში დაზარალებულ ბიზნესმენებს, ისევე, როგორც პოლიტიკური ნიშნით დევნილებს, ჯერჯერობით არც საკუთარი ქონება დაბრუნებიათ და არც რაიმე სახის კომპენსაცია მიუღიათ.

*”ჯანდაცვის წარმატებული რეფორმა”:

საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების ტოტალური პრივატიზაციის შემდეგ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის ძვირად ღირებული, მრავალათასიანი მომსახურება ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა. ადამიანები ხშირად ნებაყოფლობით ამბობდნენ უარს სამედიცინო მომსახურებაზე, ოჯახს სარჩოსაბადებელი რომ არ გაეყიდა და ღია ცის ქვეშ არ დარჩენილიყო. სახელმწიფომ საერთოდ დაიბანა ხელი საკუთარ ხალხზე და მოქმედებდა პრინციპით – გადარჩება ის, ვინც ძლიერია, სუსტები დაიღუპებიან!

ეს პრინციპი ნებისმიერ სფეროზე ვრცელდებოდა. თქვენი მთავრობის კიდევ ერთი ქართველი მრჩეველი, აწ გარდაცვლილი კახა ბენდუქიძე დაუფარავად ამბობდა: საქართველოში სოფლის მეურნეობა არაა კონკურენტუნარიანი, ამიტომ ფეხზე დავიკიდოთ; თუ გადარჩენა უწერია, თავისით გადარჩეს, თუ არადა, დაიღუპოს, არაა პრობლემასოფელში მცხოვრები მამაკაცები სხვაგან წავიდნენ შავ მუშებად, ქალები კი _ მეძავებად. ეს არაა ჩემი პრობლემამეჩაიეობა და მევენახეობამეღვინეობა საქართველოს ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს, რადგან ეს დარგები საბჭოთა პერიოდში ხელოვნურადგაიბერა”. ჩვენ 700 ათასი გლეხური მეურნეობა გვაქვს. ყველას სესხი მივცეთ? რაც უფრო ცოტა გლეხი გვეყოლება, მით ნაკლები თავის ტკივილი გვექნება”.

*ასეთივე ცინიკურია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებები კორუფციის დამარცხების თაობაზე; შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლებს ოცნებაც კი არ შეეძლოთ ისეთ თანხებზე, რომელთა მითვისებაც სულ მოკლე ხანში სხვადასხვა გზით შეძლო “ვარდების რევოლუციით” ხელისუფლებაში მეორედ მოსულმა შევარდნაძის პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ. ანტიმონოპოლიური და სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელი (მათ შორის, ქვეყანაში იმპორტირებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების მაკონტროლებელი) ორგანოების გაუქმება, რომელიც თითქოს კორუფციის აღმოფხვრით იყო მოტივირებული, სინამდვილეში იმპორტის მონოპოლიზებას ემსახურებოდა, ხოლო არალეგალური თანხები, რომლებიც ბიუჯეტის გვერდის ავლით ნაწილდებოდა, ლეგალურ ზემოგებად იქცა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ეს საკითხი კვლავ აქტუალური ხდება; პროდუქციის ხარისხის კონტროლის გარეშე ევროპულ ბაზარზე ქართული საქონელი ვერ შევა. სააკაშვილისრეფორმებიძალიან ხშირად ასეთ პარადოქსებს ეყრდნობოდა და არა საღ აზრს.

*მოქალაქეეები ბიუჯეტში დღეს გაცილებით მეტს იხდიან სახელმწიფო სერვისების შესაძენად, ვიდრე “რევოლუციამდე”. ყბადაღებული სინათლე (ელქტროენერგია), რომელიცმიშამ მოიტანა”, ასევე არაადეკვატურად ძვირია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. სახელმწიფო მოხელეები საშუალო პენსიაზე 20-ჯერ მეტ ხელფასებს და ამავე რაოდენობის პრემიებს იღებენ.

ის, რაც “ნაციონალებმა” 9 წლის განმავლობაში დააშავეს სააკაშვილის თამადობით, შეუძლებელია, ჩატიო ერთ წერილში _ უნივერსიტეტებიდან ღვაწლმოსილი პროფესორების გაყრა და რევოლუციის მხარდამჭერიკმარასაქტივისტებით გავსება, ელიტური კორუფციის აყვავება, პატიმრების სასტიკი წამება ციხეებში (600-ზე მეტი პატიმარი ერთობ საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა), გამოუძიებელი მკვლელობები, ტოტალური თვალთვალი და მიყურადება და ამის პარალელურად _ წრეგადასული პიარი და ლხინი ჟამიანობის დროს.

*2008 წლის სამარცხვინო ავანტიურა: ცხინვალისკენ დაძრული ავტობუსები ტრიბუნებითა და ათასობით დროშით იყო სავსე, ისე დარწმუნებული იყო “დიადი სტრატეგი” ელვისებური გამარჯვების მოპოვებაში. დღენახევარში წაგებულ ომს სააკაშვილმა რუსთაველის პროსპექტზე კონცერტით უპასუხა. რა ზღაპრებსაც უნდა ყვებოდეს დღეს სხვადასხვა ტელეეთერებში, მან, მაინც ჰალსტუხის ღეჭვითა და გორში თვითმფრინავის ხმაზე დამფრთხალმა, მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა ხალხს თავი.

სააკაშვილის რჩევებით აპირებთ უკრაინის “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”? მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი მან ბრძოლის ველზე დატოვა ისევე, როგორც დახოცილი მეომრები. ახლა თქვენ გპირდებათ, რომ მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს გადმოაცემინებს დასავლეთს. გჯერათ, რომ საკააშვილი თქვენს სამშობლოს უკეთესს დამართებს, ვიდრე ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც იყო? ნუ იტყვით წლების შემდეგ, რომ არ გაფრთხილებდით!

თქვენთან უკვე დაიწყო ტელედაპატიმრებები. საოპერაციოდან ქირურგის ტელეკამერების წინაშე გამოყვანა და დაკავება მხოლოდ ჟურნალია, კინო მერე და მერე იქნება!

ახლახან კიევში, ცენტრალური ბანკის შენობის წინ, მიტინგის დარბევის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელად თქვენმა შს მინისტრმა საკუთარი მოადგილე ეკა ზღულაძე დანიშნა. საქართველოში მინისტრის მოადგილედ მისი მუშაობისას, 2011 წლის 26 მაისს, პოლიციამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მიტინგი, ასეულობით ადამიანი დააპატიმრა, ცემა და აწამა, ხოლო ორი გარდაცვლილის ცხედარი მაღაზიის სახურავზე შემოაწყო და ურცხვად ამტკიცებდა, რომ ხელფეხშეკრულებმა სახურავზე ასვლა მოახერხეს, იქ კი დენმა დაარტყათ და დაიღუპნენ!

სისასტიკე მხოლოდ მოიმატებს, “მაიდნის” მსგავსის მოწყობის საშუალებას არ მოგცემენ, ოღონდ ამას “წარმატებულ რეფორმას” დაარქმევენ და მერე არ გვისაყვედუროთ, რომ არ გაფრთხილებდით!

არც ის დაიჯეროთ, რომ ჩვენი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნა პოროშენკომ მოიფიქრა – მასაც და სააკაშვილსაც ერთი პატრონი ჰყავთ და, უკრაინაში საშინელებას რომ დაატრიალებენ, ამასაც ისევე “ვერ დაინახავენ”, როგორც 10 წლის განმავლობაში საქართველოში ვერ ხედავდნენ.

იცოდეთ, ისინი ფუნთუშების დარიგებით, სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერით, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სახელით მოჰყავთ, მაგრამ, როცა ყველაფერს საკუთარი თვალით დაინახავთ, აღმოაჩენთ, რომ მათი მოშორება უკიდურესად ძნელია. ისინი ვერც საქართველომ მოიშორა ბოლომდეამერიკელების მხარდაჭერით საპარლამენტო მანდატების 40% შეინარჩუნეს და ახლა უკრაინა მათთვის მხოლოდ პლაცდარმია საქართველოს ხელისუფლებაში რევანშით დასაბრუნებლად!

პოლიტიკანები, რომელთათვისაც საკუთარი მოქალაქეების სისხლი არაფერს ნიშნავს, უკრაინელების სისხლზე არ იდარდებენ. ისინი გულწრფელად მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებები მხოლოდ მათ აქვთ, დანარჩენები მათი პოლიტიკური ინტერესების განხორციელების ინსტრუმენტს წარმოადგენენ. მათი პოლიტიკური ინტერესი კი ახლოსაც არ არის არც ქართველი, არც უკრაინელი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებთან. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და საქართველოს დღესაც არ აქვს ჭრილობები მოშუშებული. ნუ გაიმეორებთ ჩვენს შეცდომებს და ნუ გვისაყვედურებთ, რომ არ გაფრთხილებდით!

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. თარგმნეთ ეს წერილები და გაუგზავნეთ,უკრაინელ ხალხს.მადლობა ავტორს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here